გულახდილი საუბრები

რა ასაკში არის საქართველოში ქალი ყველაზე მეტად წნეხის ქვეშ

№37

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.09, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ასაკი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხანია, აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ჩვენს დროში წარმატების მიღწევა და კარგი გარეგნობა აღარაა დამოკიდებული პასპორტში დაწერილ ციფრებზე. გულს კი სიყვარული მაშინაც სწყურია, თუ მასზე წინა ურთიერთობების ჭრილობაა შერჩენილი. ახალი ცხოვრების დაწყებასაც არავინ გაურბის, თუმცა, 30 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალები სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ ურთიერთობას პირად ცხოვრებაში შემოჭრის გარეშე. მათ, უბრალოდ, არ სჭირდებათ ქმარი. მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოება არ სწყალობს ასეთ ქალბატონებს. მაინც ცდილობს მოახვიოს თავზე ის სტერეოტიპები, რომლებიც დიდი ხანია, გაუმართლებელია.

ნატალია (36 წლის): ჩვენ, ქართველი ქალები, მუდმივად საზოგადოების წნეხის ქვეშ ვართ. განსაკუთრებით, როდესაც 30 წელს აღწევ. ისინი გეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინდე და ასეთ ადრეულ ასაკში ცხოვრება ბოლომდე აწყობილი უნდა გქონდეს. ჩემი მშობლებისგან ზეწოლა არასდროს მიგრძნია. თუმცა, საზოგადოება... ის ძალიან მსტრესავდა.

– საზოგადოების მხრიდან სტრესი როგორ გამოიხატა?

– ნებისმიერი გასათხოვარი ქალი გეტყვით ამას – დაუსრულებელი შეკითხვებით: „რატომ არ თხოვდები“, „ისევ გაუთხოვარი ხარ“, „რა დაგემართა, რომ არ გათხოვდი“, „საშენო აღარავინ გამოჩნდა“... ისე მეშლებოდა ნერვები, რომ ვცოფდებოდი. მინდოდა, მთელი ხმით მეყვირა – შემეშვით! რა გინდათ ჩემგან! რატომ თავს არ დამანებებთ! მერე მივხვდი, რომ არ აქვს აზრი ამ დაშტამპულ, აზროვნებაშეზღუდულ ადამიანებს აუხსნა რამე. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა არის ის, რომელიც საკუთარ თავთან გვაქვს. ჩვენ მაშინაც ძლიერები ვართ, როდესაც მარტო ვრჩებით. ამის გაცნობიერება საჭიროა, რადგან საზოგადოება ყოველთვის იმას გეუბნება, რომ თუ მისნარი არ იქნები და დადგენილ წესებს არ მიჰყვები, შენ მისაღები არ ხარ. მაგრამ, ჩემთვის მიუღებელია იყო ქორწინებაში და იყო უბედური.

– საზოგადოების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელიც ვერ გათხოვდება, უბედურია.

– გეთანხმებით. ზუსტად ასე ფიქრობს უმრავლესობა. „ვერ გათხოვდი? შე საწყალო!“ ვერ ვხვდები, რატომ ჰგონიათ, რომ თუ მამაკაცს არ მოვუარე, ისე ბედნიერი ვერ ვიქნები. ეს ქალები ხომ ზუსტად ასე ცხოვრობენ და საკუთარი თავი ბედნიერი ჰგონიათ. ან ვინ დამიდგინა მე გათხოვების ასაკი. ვისი რა საქმეა, რამდენი წლის გავთხოვდები ან საერთოდ გავთხოვდები თუ არა. ბევრ ფორუმზე იპოვით ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ქალთა მოსაზრებებს შუა ხნის ასაკში დაქორწინებასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ეს კარგს არაფერს მოიტანს. თუმცა, არსებობს უამრავი ქალბატონი, რომლებმაც, მაგალითად, მხოლოდ სამოცი წლის შემდეგ იპოვეს ოჯახური ბედნიერება და სიმყუდროვე. ერთ ქალბატონს ვიცნობ, რომელიც ამტკიცებს, რომ ხნიერ ასაკში ქალს ქმარი არ სჭირდება. თან, ამ მოსაზრებას აქტიურად ავრცელებს კიდეც. მოკლედ, საზოგადოებრივი წნეხი უფრო ადეკვატურად მოაზროვნე ქალებს გვაწუხებს. თორემ, მაზოხისტი ქალები რომ ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, იმათთვის ნორმაა. 36 წლის ვარ. ერთხელ უკვე გავთხოვდი, ქმარს გავშორდი და თავად გავზარდე ორი შვილი ისე, რომ მათთვის არაფერი მომიკლია. ჩემს თანატოლთან სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეგრძნო თავი ცოლად და ამჯერად მაინც განმეცადა ეს ყბადაღებული ოჯახური ბედნიერება. მე თვითკმაყოფილი და თავდაჯერებული ქალი ვარ, ჩემი ქმარიც ასეთივეა. თუმცა, მაინც სტანდარტული ქმარია. შეგნებულ ასაკშიც კი არ იღლის თავს სახლის საქმეებით: ნივთებს ყრის, არ მეხმარება დალაგებაში, ჩემგან კი ითხოვს მასზე ზრუნვას, ჯანსაღი საკვების მომზადებას. საცხოვრებლად მასთან გადავედი, ჩემი სახლი გავაქირავე, ამიტომ თავს სახლის უფროსად მიიჩნევს, მე კი მის შეხედულებებს უნდა მოვერგო. აი, რა ხდება, როცა გათხოვილი ხარ ქართველ, სტერეოტიპების მონა ქალის მიერ გაზრდილ მამაკაცზე. მამაკაცს ასაკი არ ცვლის, ზოგჯერ ისევ განქორწინებაზე ვფიქრობ. ცხოვრებაში ხომ ბევრი არაფერი შეიცვალა, უბრალოდ, მომემატა ყოველდღიური საქმე, საზრუნავი და წყენა. პაემნები და საღამოს თბილი სატელეფონო საუბრები უფრო მეტად მომწონდა. ამას არ სჯობს, ვიყო თავისუფალი და ბედნიერი? მგონი, გათხოვილ ქალებს შურთ გასათხოვრების და იმიტომ ცდილობენ, ისინიც იმ წნეხის ქვეშ მოაქციონ, რომლის სიმძიმესაც თავად განიცდიან.

– თქვენი აზრით, ყველა ურთიერთობა ასეთია! ვიღაცები, ხომ, ერთად ცხოვრებას 25 წლის განმავლობაში ახერხებენ და 40 წლის შემდეგაც კი სრული იდილია აქვთ.

– მთავარია ფსიქოლოგიურად იყოთ მზად ოჯახური ურთიერთობისთვის. ასევე, აუცილებელია ერთმანეთთან საუბარიც, ოცნებებისა და უკმაყოფილებების გაზიარება, წყენა რომ არ დაგროვდეს. მე ასე ვფიქრობ და მოვუწოდებ ყველას, იცხოვრონ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის და სხვების დასანახავად. რადგან ვისთვის რა არის ბედნიერება, ეს არავინ იცის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი