გულახდილი საუბრები

რა არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველოში ოჯახები ინგრევა

№11

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.03, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როცა წყვილს ერთმანეთის მიმართ ინტერესი აქვს, მათ ღალატიც კი გადაულახავთ. განქორწინებების რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია – ბოლო 5 წელიწადში საქართველოში განქორწინების ორმოცდაათი ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და ამის გარდა შესაძლოა, ათასობით დანგრეული ოჯახი იყოს, რომლის აღრიცხვაც ოფიციალურ ქორწინებაში არყოფნის გამო არ ხდება.

რა შეიძლება იყოს გახშირებული განქორწინებების მიზეზი და ძირითადად, რა ანგრევს ოჯახს?!

მარიკა (39 წლის): ამბობენ, რომ განქორწინებების რიცხვი ორჯერ გაიზარდა. მე რასაც ვუყურებ, გაცილებით მეტი ქორწინება მთავრდება განქორწინებით. ეს ძალიან ცუდია, ეს მოქმედებს ადამიანებზე. ან შეიძლება, ვცდები, მაგრამ ბედნიერი ოჯახების რიცხვი რომ იკლებს, ფაქტია, შესაბამისად, იმატებს მარტოხელა და დასტრესილ ადამიანთა რაოდენობა.

– ამის მიზეზი ძალიან ბევრია და უმთავრესი კი ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით...

– დიახ.. ოჯახის დანგრევის მთავარ მიზეზად ფსიქოლოგები ადამიანური ურთიერთობების გაუფასურებას და წინა პლანზე მატერიალური საკითხების წამოწევას ასახელებენ. ოჯახებში ურთიერთობის პრობლემაა და ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა. მაგალითად, ჩემი შემთხვევა ავიღოთ. ანუ, ჩემი და ჩემი ქმრის: გოგო და ბიჭი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, კარგი მეგობრები იყვნენ, შემდეგ ჩააბარეს უნივერსიტეტში და ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, უნივერსიტეტის დასრულებამდე იყვნენ მეგობრები. შემდეგ მოუწიათ სხვადასხვა სამსახურში მუშაობა და ეს ურთიერთობა სივრცის თვალსაზრისით განცალკევდა. მათ იგრძნეს გარკვეული მონატრება, სიახლოვის მეტი სურვილი გაუჩნდათ და ამიტომ ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინეს... და აქედან დაიწყო სულ სხვა ცხოვრება. ოჯახური ურთიერთობები სულ სხვა ტიპის ურთიერთობებია, რასაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ. შემდეგ ჩნდება კონფლიქტებიც. არ ვიცოდით ერთმანეთთან დალაპარაკება – როგორ გამოგვეხატა ჩვენი განცდა. მაგალითად, სისტემატურად ვეუბნებოდი – რატომ აგვიანებ და სად ხარ?! ჩემი ქმარი კი ისეთ სამსახურში იყო, რომელიც არასამუშაო საათებშიც მოითხოვდა მის იქ ყოფნას. როცა ვურეკავდი, ბრაზდებოდა.

– როდესაც საქმეში ჩართული ხარ და ყოველ წუთში გირეკავენ, თავისთავად ცხადია, ეს დისკომფორტს გიქმნის.

– ეს კი ვიცოდი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ამიტომაც მსაყვედურობდა, ხშირ-ხშირად მირეკავო. მე კი მაინც არ ვიშლიდი ჩემსას: რატომ დაგაგვიანდა, დღესაც დაგაგვიანდება? არ აპირებ სახლში მოსვლას? ამ დროს სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემს ქმარს წყნარად ეთქვა – ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად არისო და მეც გულზე მომეშვებოდა. ქმარს შეუძლია, ჩიხი გააღრმაოს ან პირიქით. ამ ყველაფრის მაგალითზე გეუბნებით, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. ქვეტექსტი ინტონაციაში, წინადადების წყობაში დევს. ჩვენ არ ვიცით ლაპარაკი, ადამიანებს შინაგანი განწყობილებით ვესაუბრებით და ისინი ვერ ხვდებიან, რეალურად რას ვითხოვთ მათგან.

– ზოგიერთი ფსიქოლოგის თქმით კი, ოჯახის დანგრევის ძირითადი საფუძველი ადრეული ქორწინებაა.

– მგონი, ასაკს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს ვიტყვი ამაზე. წლების შემდეგ წყვილი ერთმანეთის მიმართ ინტერესს კარგავს, შემდეგ კი ქრება ერთმანეთის პატივისცემაც. ჩემი აზრით, ოჯახის დანგრევის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ წყვილი არ არის მზად თანაცხოვრებისთვის, ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ოჯახის პასუხისმგებლობის ასაღებად. უჭირთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა და ერთმანეთის პატივისცემა. შემდეგ ერთვება მატერიალური თუ არამატერიული პრობლემები. როდესაც ერთმანეთის მიმართ ინტერესი იკარგება, ეს ყველაფერი აისახება ურთიერთობაზე და ნებისმიერი საბაბი, თუნდაც სახლში პროდუქტების არმიტანა ან არდალაგება შეიძლება, გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი. როდესაც წყვილს აქვს ერთმანეთის მიმართ ინტერესი და ოჯახის გადარჩენის სურვილი, ყველანაირი პრობლემა გადაულახავთ, მათ შორის, ღალატიც კი.

– საქართველოში ოჯახის დანგრევის ერთ-ერთ ფაქტორად არასწორ არჩევანსაც ასახელებენ.

– განქორწინებები, ალბათ, ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ რიგში, წყვილს შორის გაუგებრობაა – მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმით და არც ცდილობენ, რომ გაუგონ და რომელიმე მხარე დათმობაზე წავიდეს. პიროვნულადაც არ ვიცნობთ ერთმანეთს ისე, როგორც საჭიროა, არც გვაქვს ამის დრო, ყველა ჩვენი რუტინული ცხოვრებით ვართ დაკავებული. საქმეებზე ვართ გადართულები და ურთიერთობისთვის, სიღრმისეული, ჭეშმარიტი კონტაქტისთვის დრო არ გვრჩება. დიახ, არასწორი არჩევანიც პრობლემაა. როცა ოჯახის შექმნის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს. მეუღლეებს შორის ინტერესების, ხასიათების, ჩვევების შეუსაბამობა არის განქორწინების ხშირი ფაქტორი. ბავშვებს კი სჭირდებათ ჯანსაღი გარემო და სიტუაცია. კონფლიქტები ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბავშვების ფსიქიკაზე. ყველაზე კარგი იქნება, რომ ერთმანეთი ქორწინებამდე გაიცნოთ კარგად და გაარკვიოთ, რამდენად გამოდგებით ერთმანეთის ცხოვრების მეგზურად სიცოცხლის ბოლომდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი