გულახდილი საუბრები

რა არ იციან ქალებმა და რის ტყვეობაში არიან ისინი მთელი ცხოვრება

№20

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 28.05, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

„ჩაგვინერგეს, რომ მეორე სქესის გარეშე ბედნიერება არ არსებობს“ – ამბობს ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა.

რას ნიშნავს ქალისთვის ბედნიერად ყოფნა? ქალის მიერ მოწყობილ სამყაროში კაცს შეუძლია, ბედნიერად ყოფნა უნდოდეს ან არ უნდოდეს, რადგან მისთვის ბედნიერება ყველგან ნებადართულია. ამ სამყაროში ლეგიტიმურია კაცის სწრაფვა კარგად ყოფნისკენ, რადგან მას ქალთან შედარებით ნაკლები აკრძალვა აქვს, უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება, თუ, რა თქმა უნდა, ფეხს უწყობს პატრიარქატის კანონებს და საყოველთაო ნორმებს არ უპირისპირდება.

ქალისათვის ბედნიერება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. კაცისათვის კი ბედნიერება არჩევანია. მას შეუძლია, თავი კომფორტულად იგრძნოს – ბოჰემა, არამყარი ურთიერთობები, მარტოობა, შემოქმედებითი წიაღსვლები... ამისთვის არავინ გაკიცხავს. ქალს, სწორედაც რომ, უნდა და ნატრობს, იყოს ბედნიერი. რა არის ქალისათვის ეს ბედნიერება? ხშირ შემთხვევაში – ისევ მამაკაცი, რომელიც მისი მეორე ნახევარი გახდება და მას გააბედნიერებს, დაიცავს გარე სამყაროსგან, აუმაღლებს თვითშეფასებას, რომელსაც ქალს, ასევე, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ართმევს.

სოფო (37 წლის): ქალების უმეტესობა მუდმივ სტრესს განიცდის, ძირითადად, დაბალი თვითშეფასების, ზოგჯერ კი საკუთარი გარეგნობის გამო, რადგან საზოგადოება მათგან გარეგნულ სილამაზეს მოითხოვს და მოელის.

– საზოგადოება თუ მამაკაცები...

– მართალი ხართ, მამაკაცებზე ვსაუბრობ. ეს სამყარო, ხომ, ორად არის გახლეჩილი და ამ ორ ნახევარს შორის გამუდმებული, უთანასწორო ბრძოლაა. ჯერჯერობით ისევ მამაკაცების სასარგებლოდაა ყველაფერი. მოდი, ვიყოთ რეალისტები – გოგონები ბავშვობიდანვე ხვდებიან, რომ სილამაზე მათ ცხოვრებას გაუიოლებს. სხვები მათ მიმართ დადებითად განეწყობიან, არ დასცინიან, უფრო მეტადაც უყვართ მასწავლებლებს, მეზობლებს, მეგობრებს... უყვარდებათ ბიჭებს, შეუძლიათ გათხოვდნენ, იყვნენ ბედნიერები. მარტო ეს რომ იყოს, რაღა გვიჭვირდა. დაფიქრდით და მიხვდებით, რეალურად რა მდგომარეობაშია ქალი. ის ვერ აძლევს თავს უფლებას, საზოგადოების წინაშე ულამაზო გამოჩნდეს. დამატებით, ქალის ქცევა მისი გარეგნობის შესაფერისიც უნდა იყოს. თუ ქალს პრინციპული ხასიათი აქვს და აზრს თავისუფლად გამოხატავს, თუ მისი ქცევა და შეხედულებები მის „ქალურ“ გარეგნობასთან „შეუსაბამობაში“ მოდის, ესეც შეიძლება, სტრესის მომტანი გახდეს. ამიტომ ქალს მუდმივად უხდება ლავირება, როლების ცვლა, საკუთარი თავის სხვადასხვა სიტუაციებზე მორგება. რაღაც ამბავი მინდა, გავიხსენო: ერთხელ ერთ ჩემს მეგობარ გოგოსთან ვიყავი სტუმრად. 19 ან 20 წლის ვიქნებოდი. მეგობრის მამამ ძალიან კარგად მიმიღო, კომპლიმენტები არ დაიშურა, მაგრამ, როცა სუფრაზე რაღაც საკითხის შესახებ აზრი გამოვთქვი, ისეთი, რაც, მისი აზრით, ქალს არ შეეფერებოდა ან ქალს არ უნდა სცოდნოდა, ჩემ გასაგონად გამოაცხადა, რომ ზოგი ქალი ლაპარაკით გარეგნობას აფუჭებს და ჯობია, ხმა საერთოდ არ ამოიღოსო. ძალიან მწარედ ჩამრჩა გულში ეს სიტყვები. დღეს უკვე ვისურვებდი, რომ დედაჩემს ცოტა სხვანაირად გავეზარდე, თუნდაც იმისთვის, რომ შემძლებოდა, ასეთ შემთხვევებში, უბრალოდ, ავმდგარიყავი და წავსულიყავი ან ხმა ამომეღო, რაღაც მეთქვა, მეპასუხა. მაგრამ მაშინ ხმის ამოღება ვერ შევძელი.

– ახლა იცით, თავი როგორ უნდა დაიცვათ?

– ახლა ვსწავლობ. მკაცრი დედა მყავდა. სწორედ, დედა წყვეტდა ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს. რომ არასდროს მქონია საშუალება, თავად მიმეღო გადაწყვეტილებები. გათხოვებამდეც არ მქონია დამოუკიდებლობა და ამის ბრალია, რომ სულ სხვები ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში, ანუ, ისეთი ცხოვრება არ მქონია, როგორიც თავად მსურდა. ვცხოვრობდი უსიყვარულოდ. დეპრესიებიც მქონდა და თავის მოკვლაზეც მიფიქრია.

– ეს არაბედნიერი ცხოვრებით იყო გამოწვეული?

– რა თქმა უნდა. ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ქალის უმთავრეს ღირსებად სილამაზე რჩება. ქალებს დასცინიან იმის გამო, რომ ისინი პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, იმისათვის, რომ იპრანჭებიან, აცვიათ მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელი, იყენებენ მაკიაჟს... თან, ეს ყველაფერი მოსწონთ. ქალებს ზოგჯერ ჭარბი წონის გამო დასცინიან, ზოგჯერ -– სიგამხდრის გამო. კაცებს ამდენ მოთხოვნებს ვინ უყენებს? რამდენჯერ მოგისმენიათ – „ლამაზია, მაგრამ შტერი“, „ლამაზია, მაგრამ ბედნიერი არაა“, „ისეთი ლამაზიც არაა, როგორც ირევიან“... აუტანელზე აუტანელია, მთელი ცხოვრება გესმოდეს შენი სახისა და სხეულის ქება, ქება იმისა, რაც წარმავალია, რასაც წლები ცვლის, რაც შენ ხარ, მაგრამ არ ხარ, რაც შენია, მაგრამ რასაც წლები წაიღებს... თან, იმის ფონზე, როცა არ შეგიძლია, ისე იცხოვრო, როგორც გინდა, რადგან შენს ცხოვრებაში ერევიან.

ჩვენ, ქალებს, კარგად გვასწავლეს, როგორ ვიყოთ მეორე სქესის განუყოფელი ნაწილი, დანამატი, მხოლოდ მათი ნეკნი. დაგვაჯერეს, ჩაგვინერგეს, რომ მეორე სქესის გარეშე ბედნიერება არ არსებობს. გვასწავლეს, რომ სილამაზე ამ ბედნიერებისკენ სწრაფვის გზაზე ბილეთია, გვასწავლეს, რომ უნდა შეგვაფასონ და ჩვენც მუდამ და ყოველთვის ვდგავართ წრეში, ხალხით გარშემორტყმულ წრეში. ისინი აფასებენ ჩვენს გარეგნობას, ქცევას, ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს, ჩვენს უნარებს, ჩვენს ცხოვრებას. ამ ყველაფრის ფონზე ვერ იქნები ბედნიერი და უკვე აღარც გინდა, ასეთი ბედნიერება.

– მაგრამ ბედნიერი ქალებიც არსებობენ.

– ალბათ, არსებობენ. ბედნიერების შეგრძნება ხომ სხვადასხვაა. თუმცა, იმ ქვეყანაში, სადაც ხშირად გოგოს დაბადება არ უხარიათ, სადაც განრისხებული ქმრები ცოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ. მეეჭვება, ბედნიერება მარტივად მიიღწეოდეს. აუტანელია არაბედნიერად ცხოვრების განცდა. განცდა იმისა, რომ შენი ბედი სხვების ხელშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი