გულახდილი საუბრები

ოჯახიდან დედამთილმა გამომაგდო, მაგრამ მამამთილის პანაშვიდზე მაინც მივედი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.07, 2022 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

გავთხოვდი და ახალ ოჯახში შესვლის დღიდან დედამთილი ჯინში ჩამიდგა. არ ვიცი, რას მერჩოდა, რა უნდოდა ან რა არ მოსწონდა, მაგრამ მიზანში ამომიღო და ყოველი დღე გამიმწარა. ჯერ კიდევ პატარძალი ვიყავი, ოთახში შევუსწარი, თავის დას რომ ეუბნებოდა: 

ეს ვინ მომითრია ჩემმა შვილმა, რას ჰგავს, რა ჩვენი ოჯახის შესაფერისია. ამისიანები გაიძახიან, წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი, ტვინი გადმოსდის თავიდანო. ნეტავ, რა ჯანდაბად მინდა ამის ტვინი, ჩემს მაღალ, აშხვართულ ბიჭს, ეს დაგვაჯული შეეფერებაო? ისე მეწყინა, გული ჩამწყდა. მართალია, ჩემი ქმარი მაღალი იყო, მაგრამ არც მე ვარ დაბალი. საშუალო სიმაღლის გოგოდ ვითვლები. არც ხელწამოსაკრავი ოჯახიდან ვარ. მსგავსი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. გადამაყოლა თუ რამე მიყიდა და მომცა. ყველას ეუბნებოდა: ჩემს რძალს ჩავაცვი და დავახურე, ოქრო მისდღემჩი რომ არ კეთებია, ჩავსვი ბაჯაღლოებშიო. ტანსაცმელიც მქონდა ჩემი და ფეხსაცმელიც, ოქრო კი არ მეკეთა, რადგან არ მიყვარს და მისი ხათრით გავიკეთე. დაუნახავი არ ვარ, მადლობასაც ვეუბნებოდი და მიხაროდა კიდეც მისგან საჩუქრის მიღება, მაგრამ ჩემი გული მაინც ვერ დაინახა.

ერთ დილას, ჩემი ქმარი და მამამთილი სამსახურში რომ წავიდნენ, გამოვიპრანჭე და დედამთილს ვუთხარი: ჩემებთან წავალ, სანამ კაცები სამსახურიდან დაბრუნდებიან, იმ დროს მეც მოვალ-მეთქი. გამომხედა და არაფერი მითხრა. მოკლედ, იცოდა, რომ სახლიდან გავდიოდი. მართლა წავედი, მაგრამ ქუჩაში თავბრუ დამეხვა, ცოტა ხნით სკვერში ჩამოვჯექი და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. რომ მივედი, დედამთილი არ დამხვდა. არ უთქვამს, თუ მიდიოდა. მოკლედ, ჩემს ოთახში წამოვწექი. დაახლოებით ორ საათში, კარის გაღების ხმა გავიგე. დედამთილი მობრძანდა თავის დაქალთან ერთად. დასხდნენ და დაიწყეს ლაპარაკი. სახლში არ ვეგონეთ და ყველაფერი დაფქვეს. ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ არჩევდნენ მკითხავის ნათქვამის დეტალებს: რა კარგი ვქენით, რომ წავედით, ხომ ხედავ, რაები გველაპარაკა, მალე წაეთრევა ქალბატონი ამ სახლიდან. მოწყდეს და მოშორდეს თავიდან, არც მაგისი შვილი მინდა და არც მაგისი დანახვაო. არადა, ორი თვის ორსული ვიყავი. წამოვხტი, შევვარდი მისაღებში და კარგად გამოვლანძღე. ისე გავნერვიულდი, მუცლის ტკივილი დამეწყო. იცოცხლე, შეეშინდათ, ეგრევე დაურეკეს ჩემს ქმარს. სამწუხაროდ, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო – ნერვიულობაზე მუცელი მომეშალა. ჩემმა ქმარმა ძალიან ინერვიულა, მაწყნარებდა, მაგრამ მე არ ვჩერდებოდი, გამუდმებით დედამისს ვლანძღავდი. იქ არაფერი უთქვამს და ვერც ჩემმა დედამთილმა გაბედა მობრძანება. მამამთილი კი თან გადამყვა. მართლა საოცარი კაცი იყო, მასზე ცუდს არასოდეს ვიტყვი. ერთი სიტყვით, სახლში დაბრუნებულმა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და ყოველ გავლა-გამოვლაზე მე და ჩემს დედამთილს სულ ჩხუბი გვქონდა. ბოლოს ისეთი სიტყვები მაკადრა, მამამთილს რომ არ დავეჭირე, შუაზე გავგლეჯდი. შევარდა ჩემს ოთახში, ჩაყარა ჩემი ნივთები ჩემოდანში და კართან დადო: მიბრძანდი და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმაო. რასაკვირველია, იქ აღარც გავჩერდებოდი. მამამთილი მეხვეწა და დარჩენაზე რომ ვერ დამითანხმა, ბოლოს თავად წამიყვანა ჩემებთან. მთელი გზა მემუდარებოდა, მთხოვდა: შვილო, დამშვიდდი და დაბრუნდი, მე შენ გვერდით ვიქნები, ხომ ხედავ, ჩემს შვილსაც უყვარხარ და ჩემი ცოლის ენებს ნუ აჰყვებიო. ამ ნერვიულობაზე, ზუსტად ერთ კვირაში, ჩემს მამამთილს ინსულტი მოუვიდა. საავადმყოფოში არ მივსულვარ, სახლში რომ გამოწერეს, ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი: ნახვა მინდა და მოვალ-მეთქი. მითხრა: დედაჩემი მამას ამბავთან შენ გადანაშაულებს, რომ დაგინახავს, ყვირილს დაიწყებს და ავადმყოფზე უარესად იმოქმედებს, გთხოვ, ჯერ არ მოხვიდეო. გავბრაზდი და ვუპასუხე: ჰოდა, საერთოდ აღარ დავადგამ ფეხს, გყავდეს დედაშენი, არ გაბედო და ცოლი აღარ დამიძახო-მეთქი. ორ კვირაში კი საცოდავი ჩემი მამამთილი დაიღუპა. გულმა არ მომითმინა, ვიყიდე ყვავილები და პანაშვიდზე მივედი. დედამთილმა რომ დამინახა, უნდოდა, სკამიდან წამომხტარიყო, მაგრამ თავისმა დამ დაიჭირა. ტირილით კი დაატირა: შენი სიკვდილის მიზეზი მოვიდაო. იმ დღის მერე არც ჩემი დედამთილი მინახავს და არც იმ სახლში მივსულვარ. ჩემს ქმარს ნაქირავებ ბინაში ისე ვხვდები, არავინ იცის. ჯერ არ გვინდა, გაიგონ, რომ ისევ ერთად ვართ. ჩემი დედამთილის ისტერიკის ნერვები არ მაქვს. მთავარია, ჩემი ქმარი ხვდება, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

ლიკუნა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი