გულახდილი საუბრები

მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, ყოფილი მერე დავაფასე

№37

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.09, 2021 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ბუნებით მეოჯახე ადამიანი ვარ და თან, ერთგულიც. არასოდეს მიღალატია საყვარელი ქალისთვის. არც პატარა ასაკში დავოჯახდი – 28 წლის ვიყავი და გააზრებული მქონდა ოჯახური თანაცხოვრება.

ცოლი სიყვარულით შევირთე და მთელი სამი წელი ისე ვიცხოვრეთ, კამათიც კი არ მოგვსვლია. უბრალოდ, შვილი არ გვიჩნდებოდა და დედაჩემი სულ ამაზე ბუზღუნებდა. გადაკრულად იწყებდა საუბარს, ჩემს ცოლს სახეზე ემჩნეოდა წყენა, დგებოდა და ოთახიდან გადიოდა. ნამდვილად არ მქონდა ის განცდა, რომ მამა ვერ გავხდებოდი. ექიმთანაც ვიყავით და ორივეს რიგზე გვქონდა ყველაფერი. ყველა ექიმი ერთსა და იმავეს ამბობდა: ჯანმრთელები ხართ, შეგუების პერიოდი გაქვთ, ღმერთის ნებაა და აუცილებლად გეყოლებათო. მოკლედ, ერთ დღესაც, ჩემმა ცოლმა შეუსწრო დედაჩემს ტელეფონზე რომ ესაუბრებოდა ნათესავს: ეს უშვილო ქალი რად მინდა, დროზე გაშორდეს, მოსცილდეს ჩემს ოჯახს, მეც მინდა დროულად გავხდე ბებია. გაიძახიან გვეყოლება, გვეყოლებაო და როდისღა? ნეტავ, აუშარდებოდეს ჩემი შვილი და ეს ბერწი ამ სახლიდან წაეთრეოდესო. ცრემლიანი რომ დამხვდა სახლში მისულს, ზუსტად ვიცოდი, ბავშვის თემა იქნებოდა, თუმცა, თუ ასე მწარედ ატკენდა დედაჩემი გულს ჩემს საყვარელ ქალს, ამას როგორ წარმოვიდგენდი. იმ დღიდან, ნათიას გული აუცრუვდა, ხან დედამისთან რჩებოდა, ხან გვიან მოდიოდა სახლში. საბოლოოდ, გადაწყვიტა, გამშორებოდა და მითხრა: აღარ შემიძლია ამდენის გაძლება, იქ, სადაც ვერ მიტანენ, ვერ გავჩერდები, მაპატიეო. ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ არ დაიშალა და დედამისთან წავიდა. მეც გავბრაზდი, რომ მიმატოვა და არც მითხოვია დაბრუნდი-მეთქი. მერე გავიგე, თურმე, ორსულად ყოფილა, რომ მიდიოდა, თავადაც არ იცოდა და მერე, რომ აღარ მოვიკითხე, აღარ მითხრა. რომ ვნახე, უკვე ორი თვის იყო და თვალები უბრწყინავდა. მითხრა: არასოდეს დაგიშლი ამ ბავშვის ნახვას, თუმცა, დედაშენთან არ დავბრუნდებიო. ერთი სიტყვით, ალბათ, ღმერთის ნება არ იყო ჩვენი ერთად ყოფნა და საერთო შვილის დაბადება. ნათიას ვირუსი შეხვდა, ადრიანად იმშობიარა და ბავშვი დაიღუპა. მას მერე კიდევ უფრო შემიძულა და საერთოდ ამიკრძალა შეხვედრა. ხუთი წლის მერე, მეორე ცოლი მოვიყვანე. ზუსტად ისეთი, დედაჩემს რომ უნდოდა. შვილებიც მეყოლა, მაგრამ ოჯახში სიმშვიდე ვერ დავამკვიდრე. გამუდმებით ვჩხუბობთ, ვერ ვუგებთ ერთმანეთს. რაც წლები გადის, ნათია მენატრება. მახსენდება მის გვერდით გატარებული მშვიდი და სიყვარულით სავსე ყოველი წამი. ის სულ სხვანაირად ზრუნავდა ჩემზე, ოჯახზე და სხვანაირადაც ვუყვარდი. დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გავუშვი, არ ვიბრძოლე და ჩვენი ურთიერთობა დედაჩემს, საკუთარ ამბიციას და თავმოყვარეობას გადავაყოლე. თან, გარდაცვლილ შვილზეც მეფიქრება. ნათია რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო, იქნებ შევძლებდი მის დაცვას და გადავარჩენდი. ძალიან ვნანობ პირველ ცოლთან განშორებას და ხანდახან ისე მენატრება მასთან ჩახუტება და საუბარი, მინდა დავურეკო, შეხვედრა ვთხოვო, მაგრამ მრცხვენია. ვიცი, გაბრაზება არ გაუვლიდა, თავმოყვარეა და არ მინდა მისგან ცივი სიტყვები მოვისმინო. კიდევ ვამბობ, არასოდეს მიღალატია არცერთი ცოლისთვის, მაგრამ ნათიასთან გატარებულ, თუნდაც ერთ ღამეზე ვოცნებობ. რაც წლები მემატება, სინანული და მონატრებაც იმატებს, მაგრამ ვიცი, ვეღარაფერს შევცვლი. ისიც გავაუბედურე და დავტოვე მარტო და მეც, უბედური ვარ ქალთან, ვისთანაც ცხოვრება მიწევს. მართალია, ცოლი მყავს, მაგრამ ნათია მთელი ცხოვრება ჩუმად და მოუნელებლად მეყვარება.

ნიკა, 47 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი