გულახდილი საუბრები

მამამთილის დამოკიდებულება რომ არა, ახლა განათხოვარის სახელი მექნებოდა

№27

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.07, 2022 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

სიყვარულით გავთხოვდი და მინდოდა, თბილი, მშვიდი ოჯახი მქონოდა, ქმარიც მთელი ცხოვრება სიგიჟემდე მყვარებოდა და მისი ყოველი დანახვისას ის ემოცია შემეგრძნო, როგორიც მისი პირველი დანახვისას. ასეც იყო, სანამ მისი უღირსი საქციელის შესახებ არ გავიგე. გეფიცებით, სხვას რომ მოეყოლა და ჩემი თვალით არ მენახა, არც კი დავიჯერებდი. 

არადა, მთელი ხუთი წელი ისე ვიცხოვრეთ, მისგან თბილი სიტყვებისა და სიყვარულის მეტი არაფერი მიგრძნია. მერე, თანდათან, თითქოს გაცივდა, ხასიათი შეიცვალა და ოჯახშიც გვიან მოდიოდა. მიზეზს რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდა: სამსახურში ძალიან ვიღლები, ბავშვების ხმაურისა და ტირილის მოსმენის თავი აღარ მაქვს, მეგობრებთან მირჩევნია წყნარ გარემოში ყოფნაო. არ სვამდა და არც რაიმე ისეთი შემინიშნავს, რომ ეჭვი გამჩენოდა. რასაც მეუბნებოდა, მჯეროდა. დედამთილ-მამამთილიც საკუთარი შვილივით მექცეოდნენ, მეხმარებოდნენ, ბავშვებს უვლიდნენ, მეუბნებოდნენ: კაცია, შვილო, გადაღლილია, რთული სამუშაო აქვს და ზედმეტი კითხვებით ნუ შეაწუხებ, ალბათ, სამსახურში პრობლემები აქვს და ჩვენ არ გვეუბნება. დალაგდება სიტუაცია, მოვა ხასიათზე და მერე მოგიყვება ყველაფერს, შენ არ ინერვიულოო. მეც ვიჯერებდი. თან, მათთან იმდენად კარგი დამოკიდებულება მქონდა, სიმართლე გითხრათ, ქმრის ასეთ საქციელს ტრაგედიად არ აღვიქვამდი. მჯეროდა, სამსახურში ჰქონდა პრობლემები და ამის გამო გაცივდა. ერთ დღესაც სახლში ძალიან განერვიულებული მოვიდა. არც უჭამია, ძალიან დაღლილი ვარ, ვიბანავებ და დავიძინებო თქვა და აბაზანაში შევიდა. ტელეფონი გამუდმებით რეკავდა. ზარი ჩაწეული ჰქონდა, მაგრამ დარეკვისას ანათებდა. დავხედე და სახელი რეზი იწერებოდა. რასაკვირველია, არ ავიღე. ვიფიქრე, რომ გამოვა, ვეტყვი, რომ რეზი ურეკავდა და გადაურეკავს-მეთქი. ზარები რომ შეწყდა, ესემესი მოვიდა, დავხედე და რეზისგან იყო. არ ვიცი რატომ, ალბათ, გულმა მიგრძნო, არასოდეს რომ არ მიქნია, ავიღე ტელეფონი, ესემესი გავხსენი და წავიკითხე. ცივმა ოფლმა დამასხა, მოწყვეტილი დავეშვი სავარძელში. გოგონა, რომლის სახელიც რეზით ჰყავდა შეყვანილი, წერდა: „საყვარელო, მაპატიე, ჩვენი სიყვარულის ხათრით. არ მინდოდა შენი წყენინება, არასოდეს აღარ მოვიქცევი ასე, გპირდები. მიყვარხარ“. მამამთილმა რომ დამინახა, ფერი არ მედო სახეზე, მომვარდა გიჟივით: შვილო, ცუდად ხომ არ ხარ, რა მოგივიდა, რა წაიკითხე ასეთი, ვინმე ხომ არ გარდაიცვალა, ამოიღე ხმაო. მე კი, გაშეშებული ვიჯექი და ვგრძნობდი, გული ნელ-ნელა როგორ მიმდიოდა. ამასობაში დედამთილიც შემოვარდა ოთახში, დამიწყო ყურის ბიბილოების დაზელვა, მამამთილი წყალს მოარბენინებდა და ვაჟბატონიც გამოვიდა აბაზანიდან. გაკვირვებულმა იკითხა: რა ხდება, რა სჭირს ჩემს ცოლს, რომ მოვედი მშვენივრად იყოო. გავუწოდე ტელეფონი და ვუთხარი: მორჩა! აღარასოდეს დამიძახო ცოლი, არც შვილებს განახვებ და საერთოდ, გავქრები შენი ცხოვრებიდან-მეთქი. დედმთილ-მამამთილი მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. სხვათა შორის, მამამთილმა გამომართვა ტელეფონი, წაიკითხა მონაწერი და ისეთი სიტყვებით გალანძღა საკუთარი შვილი, არ მოველოდი: ღორო, გაუმაძღარო, უღირსო, უმადურო... ეს გოგო ამის ღირსია? დღე და ღამე ოჯახზე ფიქრობს, შვილებს გიზრდის, ჩვენ გვერდით გვიდგას, თვალებში გვიყურებს და როგორ გაცვალე ვიღაც გომბიოზე, ეს როგორ იკადრეო. მართლა ვაპირებდი სახლიდან წასვლას, მაგრამ მამამთილმა მთხოვა: არ წახვიდე, შვილო. თუ რამეა, ამას გავაგდებთ, ჩათვალე, შენ და შვილიშვილებს თუ ვერ დაგინახავთ, მე და ჩემი ცოლი მოვკვდებით. ვიღაც ბოზის გამო ნუ დაანგრევ ოჯახს. ჩემი შვილი ვნებებს აჰყვა, აცანცარდა და მიხვდება, რაც დააშავა, შენ თუ გვერდით არ ეყოლები, ესეც დაიღუპება, ჩვენი ხათრით აპატიეო. დაახლოებით, ერთი კვირა არ გამოჩენილა ჩემი ქმარი სახლში. ბიძაშვილთან რჩებოდა, ის მირეკავდა და მეუბნებოდა: საშინლად განიცდის. მომიყვა, რაც მოხდა და გეხვეწები, ამ ერთი შეცდომის გამო ნუ დაანგრევ ოჯახსო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე კვირას შვებულება აიღო ვაჟბატონმა და ქალაქგარეთ სასტუმრო დაჯავშნა. ბავშვები დედამთილ-მამამთილმა დაიტოვეს და ჩვენ იქ წავედით. იმ გარემოში მართლა სხვანაირი იყო, თითქმის ისეთი, პირველი გაცნობის დღეებში რომ მახსოვს. ამიხსნა, რომ შეცდა, ვნებებს აჰყვა. მერე ის გოგო სხვა კაცთან ნახა და საშინლად ნანობდა, საერთოდ რომ გაეკარა. მეც ვაპატიე. თუმცა, მისი სიტყვების გამო კი არა, ჩემი მამამთილის გამო, რომელმაც საკუთარი შვილი უარყო და მართლა კაცურად დამიდგა გვერდით. მას შემდეგ წლები გავიდა. ბავშვებიც გაიზარდნენ, მეც მუშაობა დავიწყე, დედამთილ-მამამთილი ყველაფერში გვეხმარებიან და არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. ვერც კი წარმომიდგენია, მათ გარეშე, განათხოვრის სტატუსით როგორ შევძლებდი ცხოვრებას. ამიტომაა, შეცდომა ყველას მოსდის და თუ ის უპატიებელი არაა, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ და მომავალი არ დაინგრიოთ.

ნატა, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი