გულახდილი საუბრები

ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რაც ქორწინებასა და ოჯახს ანგრევს

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.08, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ოჯახში ბავშვის დაბადება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. თუმცა, შესაძლოა, ის ცოლ-ქმრის ურთიერთობისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს. ბევრი წყვილი სწორედ ამ პერიოდში იწყებს კამათს და ერთმანეთის გრძნობებში დაეჭვებას. სპეციალისტები გამოკვეთენ იმ შეცდომებს, რომლებიც ამ რთულ და მნიშვნელოვან დროს არ უნდა დაუშვათ. თუმცა სათანადო ცოდნის არქონის გამო როგორც ქალების, ისე მამაკაცების უმრავლესობისთვის, მხოლოდ საკუთარ თავზე გადატანილი რეალობა იქცევა ხოლმე გაკვეთილად.

ნინიკო (31 წლის): ჩემი ამბავი, ალბათ, დიდად არ განსხვავდება სხვა ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალების ცხოვრებისგან. ასეთები კი ძალიან ბევრნი ვართ. არავინ გვასწავლის და არავინ გვიხსნის, რა გველოდება ოჯახში. როცა შეყვარებული ხარ და ბედნიერებისგან ბრწყინავ, მაშინ უნდა აგიხსნას ვინმემ, ამ მდგომარეობას მერე რა მოჰყვება. ჩვენს კულტურაში ჯერ კიდევ მიჩნეულია, რომ ბავშვის მოვლა-პატრონობა, განვითარება, დამშვიდება, მკურნალობა, გამოკვება, პირველ რიგში, დედის საზრუნავია. მამა კი მეორეხარისხოვან როლს ირგებს ხოლმე და ეს ტვირთი მთლიანად ქალს აწვება. თუ რამე ცუდად მიდის, პასუხისმგებლობას დედას აკისრებენ. გსმენიათ, ალბათ, ქალს უამრავი დამთრგუნველი ფრაზით ამკობენ. მაგალითად, ბავშვი თუ ტირის, დედას საყვედურობენ ამის გამოც კი, ქალი მთლიანადაა გადართული შვილის საჭიროებებზე და ქმრის ინტერესებს აღარ, უფრო, ვეღარ ითვალისწინებს. არავინ ფიქრობს იმაზე, როგორ სტრესს ვუძლებთ ქალები, როცა ასეთ სიტუაციაში მარტონი ვართ.

– ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ ერთი მშობლის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს.

– რა თქმა უნდა. ეს ურთიერთობაში ბზარს აჩენს. ეს ჩემი ახირება კი არ არის, სტატისტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტადაა მამა ბავშვის აღზრდაში ჩართული, მით უფრო თბილი ურთიერთობა აქვს ცოლთანაც.. რად უნდა მტკიცება იმას, რომ ბავშვს დაბადებიდან ორივე მშობელი სჭირდება და მასზე ზრუნვა, მოვლა და განვითარება ორივეს პასუხისმგებლობაა. ვერ გაიგეს ქართველმა კაცებმა, რომ მამობა არაა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა. ბევრ ოჯახში, მათ შორის თანამედროვე, პროგრესულ და ახალგაზრდა ოჯახშიც კი, მამა თავს სუპერგმირად თვლის, თუ ბავშვს პამპერსს კვირაში ერთხელ გამოუცვლის. როდის გავიგებთ, რომ ბავშვის აღზრდაში აქტიურად მონაწილე მამებს ძეგლები არ უნდა დაუდგან. ეს ნორმალური და ჩვეულებრივი ამბავია.

პირველი კონფლიქტი ჩემსა და ქმარს შორის მაშინ მოხდა, როცა მითხრა: მადლობელი უნდა იყო, რომ ღამით ბავშვის გამო ვდგები, მამების უმეტესობა ასე არ იქცევაო. ვურჩიე, მეორეჯერ მსგავსი რამ აღარ ეთქვა – შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ამ ყველაფერზე მაღლა ხარ და ყოველ ჯერზე, როცა ღამით დგები, უკანალზე უნდა გაკოცო. სხვათა შორის, ეს შენი ბავშვიც არის-მეთქი, – ასე ვუპასუხე და ატყდა ამბავი. უმადური და დაუნახავი ხარო. მე სამსახურში ვიღლებიო.

– „ჩვენი მამა სამსახურში ძალიან იღლება, ამიტომ ხელი არ შევუშალოთ“ – საკმაოდ გავრცელებული ოჯახური დევიზია ახალგაზრდა მშობლებს შორის.

– დიახ და ეს გასასამართლებელ ფრაზასავით ჟღერს, თითქოსდა, საუბარია დაჩაგრულ, უსუსურ პატარაზე და არა ზრდასრულ ადამიანზე, ვისთვისაც დაღლილობა ცხოვრების ნორმა უნდა იყოს. ვფიქრობ, მამებს, რომლებიც „არა, ეს ნორმალურია“ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, ასეთის წაკითხვა ეუხერხულება კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს.

ასე რომ, ქალბატონებო, შეწყვიტეთ იმ მამების ქება, რომლებიც ღამით დგებიან, ასეირნებენ, აბანავებენ, კვებავენ, მათთან თამაშობენ და ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც დედები. ძუძუთი კვების გარდა, რაც ბავშვის მოვლასა და ზრუნვას ეხება, დანარჩენი, ყველაფერი ორივეს ეხება. „ყოჩაღ, როგორ ეხმარება“ – აი, ეს ფრაზა უბრალოდ სირცხვილია.

– მეორე უკიდურესობა, რომელსაც ზოგჯერ ქალები აწყდებიან, დედობის როლის ისე მორგებაა, რომ მის გარდა ცხოვრებაში ინტერესის სფეროს ვეღარ ხედავენ.

– დიახ. ეს უკიდურესობაც არის. მთლიანად ბავშვზე რომ არიან გადართულნი. ამ დროს კი ქმარი ფიქრობს, რომ ყურადღება აკლია და საკუთარ თავში უკმაყოფილებას იგროვებს. აპროტესტებს ცოლთან ემოციური კავშირის დაკარგვას. იწყება კამათი და გაუცხოება, რომლის აღმოფხვრაც შემდეგში ძალიან ძნელია. ქალებო, ნუ გადააქცევთ თქვენს ცხოვრებას მხოლოდ ბავშვის ირგვლივ მოძრავ სამყაროდ, დრო საყვარელ ადამიანებსაც დაუთმეთ, გამოხატეთ სითბო და სიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახურ ბედნიერებას ვერ შეინარჩუნებთ. უფრო ხშირად უთხარით ერთმანეთს „მიყვარხარ!”, „გმადლობთ”, „მაინტერესებს, რა გჭირს”, „როგორ შემიძლია მხარი დაგიჭირო?”... ამ სტრატეგიას მეცნიერულად დადასტურებული ბონუსიც აქვს: ემოციური სიახლოვე, პარტნიორისადმი ნდობა და მხარდაჭერა. აუცილებელია, შეთანხმდეთ, ოჯახში ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი, ვინ რას გააკეთებს, რა ნაწილზე იზრუნებს. თუ ამაზე წინასწარვე შეთანხმდებით, გადაჭარბებული მოლოდინები აღარ გექნებათ და ეს დამატებით კონფლიქტს აღარ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ცხოვრება გაუთვალისწინებელი მოვლენებითაა სავსე და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმეთ, თუმცა მაინც ჯობს, რაღაცები წინასწარ გაარკვიოთ და მოვალეობებიც გადაინაწილოთ.

– როგორ უყურებთ იმას, როცა დამხმარე ძალად მეუღლის, ან თქვენი მშობლები გამოდიან?

– რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მშობლებს სასარგებლო რჩევები, გამოცდილება სჭირდებათ, რომელთა გაზიარებაც უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მაგრამ ეს უნდა იყოს რჩევა და არა კრიტიკა, წყვილის საქმეში გამუდმებით ჩარევა და მითითება, როგორ უნდა გახდე კარგი მშობელი. თავად შეგიძლიათ ისაუბროთ, გაარკვიოთ, რა ჯობს თქვენი ოჯახისთვის და საერთო შეთანხმებას მიაღწიოთ. თქვენზე უკეთ პრობლემის შესახებ ხომ არავინ იცის.

– მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მშობლობის როლთან შეგუება ორივე ადამიანისათვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანია.

– რა თქმა უნდა. თავდასხმის ნაცვლად, ერთმანეთს მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ, ვუთხრათ, რომ მის გვერდით ვართ და ერთად ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ. ამით თბილ და ჰარმონიულ ურთიერთობასაც შეუნარჩუნებთ და დროსაც სწორად გადაანაწილებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი