გულახდილი საუბრები

ქმრის ყოფილ ცოლთან უფრო კარგი დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე მეუღლესთან

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.04, 2021 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

ანდრია რომ გავიცანი, ორივეს პირველი ოჯახი დანგრეული გვქონდა. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველ ცოლთან, მე კი ჩემი ყოფილი მეუღლისგან – ქალ-ვაჟი. არ ვფიქრობდით დაოჯახებას, უბრალოდ, ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა.

ხოლო, როცა შეუღლება გადავწყვიტეთ, ზუსტად ვიცოდით, რა ნაბიჯსაც ვდგამდით. მიუხედავად ამისა, ჩვენს ურთიერთობაში მაინც მოხდა გაუცხოვება. დაოჯახების შემდეგ, თითქოს, სულ სხვა ადამიანად იქცა, ხასიათებიც შეეცვალა და ქცევებიც. მე უკვე იმ ასაკში ვარ, ვიტან მის ასეთ ხასიათს. ასაკით პატარა რომ ვიყო, ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი და გავშორდებოდი. თუმცა, მეოჯახეა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. თან, არც მექალთანეა. უბრალოდ, ასეთია – ცოტა უხეში და ხისტი ურთიერთობაში. ჩემი შვილები დედაჩემთან ცხოვრობენ. უკვე დიდები არიან და დამოუკიდებლად ახერხებენ ყველაფერს.

ჩემს მეუღლეს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს მათთან და ხშირად ვსტუმრობთ. მის ქალიშვილთანაც კარგი დამოკიდებულება მაქვს, ხშირად მოდის ჩვენთან და რჩება. დედამისი უცხოეთშია და რაღაცნაირად მეცოდება ეს ბავშვი. თითქოს მშობლის სითბო აკლია და ვცდილობ, მაქსიმალურად გავანებივრო. ხან საჩუქრებს ვახვედრებ, ხან მის საყვარელ კერძებს და ხანაც ორივე ერთად ვაცხობთ ტკბილეულს. არაჩვეულებრივი ბავშვია. თავიდან დედამისი ჩემ მიმართ ცუდად იყო განწყობილი და ბუნებრივიცაა. თუმცა, რასაც შვილი უყვება, ალბათ, მიხვდა როგორი ვარ და ახლა არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს. ხშირად მიგზავნის საჩუქრებს და ინტერნეტით მელაპარაკება კიდეც.

გასაყოფი რა გვაქვს? ცოლად რომ გავყევი მის ქმარს, ის უკვე დაშორებული იყო, მის შვილს ზედ ვაკვდები, არც ქონება-ცხოვრებაზე მაქვს პრეტენზია და რატომ უნდა იყოს ჩემზე ცხირაბზეკილი? ერთხელ გავეხუმრე: შენი ყოფილი ქმარი მაბრაზებს-მეთქი და ბევრი იცინა. მითხრა: მე რომ მაბრაზებდა, იმიტომაც დაგითმეო. ამას წინათ ჩემს ქმარს პრობლემა შეექმნა. ბუღალტრულ და ფინანსურ საბუთებში შეცდომის გამო საკმაო თანხა დააკლდა. ბანკიდან გამოტანა უნდოდა და ამაზე რომ ვსაუბრობდით, მის შვილს გაუგია. ალბათ, დედამისს უთხრა და მეორე დღესვე დაგვირეკა: მე მაქვს გადანახული თანხა, არ მეჩქარება მისი დაბრუნება, როცა გექნებათ დამიბრუნეთ, ბინის საყიდლად ვაგროვებ და ხვალვე გამოგიგზავნითო. აი, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს? მართლა კარგი ადამიანია და მიკვრის ხოლმე, რის გამო დაშორდა ჩემი ქმარი, რის გამო თქვა ასეთ მზრუნველ ცოლზე უარი. სხვათა შორის, ყოფილ ცოლზე საუბარი არ უყვარს. მის შვილსაც უკრძალავს ხოლმე დედამისზე ლაპარაკს.

თავიდან რომ გაიგო, მასთან კარგი ურთიერთობა დავამყარე, ცოტა გაბრაზდა და მითხრა: მისგან თავი შორს დაიჭირეო. მაგრამ მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, კარგის მეტი არაფერი მახსოვს, არც გასაყოფი გვაქვს რამე და რის გამო უნდა ვიყო ცუდ დამოკიდებულებაში. მისი შვილი ძალიან შემიყვარდა, ვცდილობ, ბავშვმა ჩემში დედინაცვალი კი არა, უფროსი მეგობარი დაინახოს და ასეცაა. მოკლედ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საყვარელი მამაკაცის ყოფილ ცოლთან ასეთი ურთიერთობა მექნებოდა და რომ ამბობენ, ცხოვრებაში ის ხდება, რასაც არ ელიო, ზუსტად ეს დამემართა. ნამდვილად დიდი იმედი მაქვს იმ ადამიანის. ქმარზე მეტად ის მკითხულობს, რამე ხომ არ გინდა, გამოგიგზავნი, მითხარი, არ მოგერიდოსო. ახლახან დაბადების დღე მქონდა და ასი დოლარი და პარფიუმერია გამომიგზავნა. მისმა შვილმა რომ მომიტანა – ეს დედიკოს საჩუქარიაო, კინაღამ გადავირიე სიხარულით.

არც კი ვიცი, მისგან ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე. რომ ჩამოვა, აუცილებლად ვთხოვ, გვესტუმროს, თუნდაც ჩემი ქმარი წინააღმდეგი იყოს. არადა, როგორც ვიცი, სიგიჟემდე უყვარდა მისი ქმარი და იმდენად აწყენინა, გარკვეული პერიოდი მისი დანახვაც არ უნდოდა. დავრწმუნდი, რომ მთავარია ადამიანობა და თუ ბუნებით კეთილი ხარ, დროთა განმავლობაში ადრინდელი წყენაც კი გავიწყდება, თუნდაც, უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანისგან.

ეკა, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი