გულახდილი საუბრები

ქმართან წლებია, აღარ ვცხოვრობ, განქორწინებას ვთხოვ და არ მთანხმდება

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.04

დედის აღსარება
დაკოპირებულია

სიყვარულით გავთხოვდი. თუმცა, როგორც ამბობენ, წლებთან ერთად სიყვარულიც გახუნდა და ქმარი სულ სხვანაირად დავინახე.

სითბოთი და სიყვარულის ახსნით არ გამოირჩეოდა, თუმცა, არც უხეში იყო. უბრალოდ, მისი გადმოსახედიდან, ოჯახურ მოვალეობას ასრულებდა, შვილებს არაფერს აკლებდა და ცოლს რომ ცოტა რომანტიზმი, ცოტა სითბო და განებივრება უნდა, ამაზე არ ფიქრობდა. ნამდვილად არ მოვითხოვდი მისგან ყოველდღე რესტორანში დაპატიჟებას და სახლში ვარდების თიგულებით მოსვლას. უბრალოდ, მინდოდა, მეც საყვარელ ქალად მეგრძნო თავი და არა მოსამსახურე ცოლად. ერთი სიტყვით, თანაცხოვრებიდან ცხრა წელში გავშორდი. ჩემი სახლი მაქვს და შვილებთან ერთად იქ გადავედი საცხოვრებლად. იმდენად ქმარს არ გაუპროტესტებია და მოუწყვია სკანდალები, როგორც დედამთილმა. რა არ იკადრა, მთელი მისი სანათესავო დაგეშა და ერთად მლანძღავდნენ და მაგინებდნენ. რასაკვირველია, ქმარს შვილების ნახვის უფლებაც ჰქონდა და ჩვენთან მოსვლისაც. დარჩა კიდეც რამდენიმეჯერ და არ გამიპროტესტებია. მერე მივხვდი, შვილები რაც იზრდებოდნენ, მით მეტი სჭირდებოდათ და გადავწყვიტე, სამუშაოდ უცხოეთში წავსულიყავი. რა თქმა უნდა, ქმრისთვის არ მიკითხავს, მასთან აღარ ვცხოვრობდი და ვალდებული არ ვიყავი, რამე ამეხსნა და მისთვის თანხმობა მეთხოვა. თვითმფრინავის ბილეთები რომ დავიჭირე ხელში, მერე დავაყენე ფაქტის წინაშე. მაშინ კი გაბრაზდა. არ ეგონა, თუ მის გარეშე ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მოკლედ, ბავშვები დედაჩემს დავუტოვე და გავემგზავრე. საშინელი დღეები გადავიტანე, ბავშვები მენატრებოდნენ, სულ ინტერნეტში ვიყავი, რომ დამენახა, რას ჭამდნენ, როგორ იძინებდნენ, რას აკეთებდნენ... რამდენიმეჯერ, ჩემმა ქმარმაც მომწერა და ვუპასუხე. ქმარს ვუწოდებდი, თორემ, ყოფილი ქმარი იყო. მაინც პატივს ვცემდი, როგორც ჩემი შვილების მამას და არც ის დღეები დამვიწყებია, როცა მის გვერდით ბედნიერი ვიყავი, ქორწილამდე შეყვარებულობის პერიოდში და დაქორწინებიდან ერთი წელი. უკვე, შვიდი წელია, უცხოეთში ვარ. ვმუშაობ და რასაც ვშოულობ ჩემს შვილებს ვუგზავნი, არაფერს ვაკლებ. ერთი წლის წინ გავიცანი ერთი თბილისელი მამაკაცი, ცოლს გაშორებულია, ჩემსავით უცხოეთშია წამოსული და აქ მუშაობს. ძალიან დავახლოვდით და მივხვდით, ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ ვართ. უკვე ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება. თუმცა, მანამდე ქმართან მინდა განქორწინება. ეს კაცი, განქორწინებულია და თავად მთხოვა, ქმარს ოფიციალურად გავეყარო. ჩემს ქმარს რომ მივწერე, ხელი გავაწეროთ-მეთქი, გადაირია. მითხრა: სანამ ცოცხალი ვარ და შენი შვილების მამა მქვია, ჩემთან ხელს ვერ გააწერ, რომ მოვკვდები, მერე იქნები თავისუფალიო. არადა, ხომ მაქვს უფლება, ავაწყო პირადი ცხოვრება? ხომ მინდა, გვერდით ადამიანი, ვინც იზრუნებს ჩემზე და უბრალოდ, როგორც ქალს, თავს ისე მაგრძნობინებს. თან, უცხოეთში გადაკარგული ადამიანისთვის ძალიან ძნელია მარტო ყოფნა. არაოფიციალურად კი არ მინდა მასთან ცხოვრება, თავადაც ურჩევნია, ოფიციალური ცოლ-ქმარი გვერქვას. ამის უფლებას კი ჩემი ქმარი არ გვაძლევს. ბავშვებმა და დედაჩემმა არ იციან ეს ამბავი. მინდა, თავად ვუთხრა და შესაბამის დროს ვეძებ. თან, მეშინია, ჩემმა ქმარმა არ დამასწროს და ისინი ჩემ წინააღმდეგ არ აამხედროს. ფაქტია, მასთან დამბრუნებელი აღარ ვარ და არც ამ ადამიანის დაკარგვას ვაპირებ. დაველოდები, თუ დამთანხმდება განქორწინებაზე, ხომ კარგი, თუ არა და, რას ვიზამ, არაოფიციალურად ავიწყობ ჩემს პირადს. თან, არაფრის დამალვას არ ვაპირებ. თავისუფალ ქალად მივიჩნევ თავს და უფლება მაქვს, ბედნიერი ვიყო!

ნანუკა, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი