გულახდილი საუბრები

ქმარი შვილების ნახვას მიშლის

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.07, 2021 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

არ მიმაჩნია, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ქმრის გვერდით ჯოჯოხეთურ ცხოვრებას, საყვარელ მამაკაცთან მშვიდად ცხოვრება ვამჯობინე.

მართალია, შვილები მყავს და ბევრი ქალი მეტყვის, მათ გამო უნდა მოგეთმინაო; მაგრამ რა? ცემა, შეურაცხყოფა და მუდმივად სტრესულ გარემოში ყოფნა? ვფიქრობ, შანსი, რომელიც უკეთესი ცხოვრების პირობებს მპირდებოდა, არ უნდა დამეკარგა. გარდა იმისა, რომ დედა ვარ, ქალიც ვარ! ცხოვრებაში ერთხელ მოვედი და მინდა, მეც ვიგემო ჩემი წილი ბედნიერება.

რაიონიდან ჩამოსული დედაქალაქში უსიყვარულოდ გავთხოვდი, არ მყვარებია ის ადამიანი, ვისაც ცოლად გავყევი. უბრალოდ, ქალაქში ცხოვრება და მშვიდი ოჯახი მინდოდა. ვიფიქრე, სიყვარული დროთა განმავლობაში მოვიდოდა. თავიდანაც ვამჩნევდი, რომ კარგი ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ ცოლობაზე მაინც დავთანხმდი. სამი შვილიც გავუჩინე. თუმცა, არც შეიცვალა და არც არანაირ დათმობაზე წავიდა. მუდმივად სახლში გამოკეტილს მისი კაპრიზები უნდა მეთმინა, მის ყოველ ახირებას თავჩაღუნული დავთანხმებოდი. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ოჯახი ინგრევა, მით უმეტეს, თუ ბავშვებიც გყავს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა.

მოკლედ, შემთხვევით გავიცანი მამაკაცი, რომელმაც ჩემ მიმართ სიმპათია არ დამალა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გათხოვილი ვიყავი და სამი შვილის დედა, ყურადღებას არ მაკლებდა, ხშირად მწერდა შეტყობინებებს, სახლთან მხვდებოდა... მოკლედ, დავიწყე მასთან შეხვედრები და როცა ურთიერთობა გავარკვიეთ, მისი აზრი გავიგე და მივხვდი, რამდენს ნიშნავდა ეს ადამიანი ჩემთვის, გადავწყვიტე ქმრისგან წამოვსულიყავი. თბილისში სახლი არ მქონდა და ამიტომ, პირდაპირ მასთან გადავედი საცხოვრებლად, ისე, რომ ქმრისთვის არაფერი მითქვამს. ვიფიქრე, რამდენიმე დღეში ბავშვებსაც წამოვიყვანდი. ქმარს იმ საღამოსვე დავურეკე და ვუთხარი: მე აღარ მინდა შენთან ცხოვრება, არ გიშლი შვილებთან ურთიერთობას, მაგრამ დავიღალე-მეთქი... საშინელი რეაქცია ჰქონდა. გიჟივით მირეკავდა, მაგრამ ყურმილს არ ვიღებდი, ზუსტად ვიცოდი, რასაც მაკადრებდა.

მეორე დღეს, დილითვე მივწერე: ბავშვების წასაყვანად მოვალ და მათ ტანსაცმელს და ნივთებსაც წამოვიღებ, მერე კი განქორწინებაზე დავილაპარაკოთ-მეთქი. მომწერა: არ დაგინახო ბავშვებთან მოსული, არც განქორწინებას ეღირსები და სადაც გნახავ შუაზე გაგგლეჯ, ამას გპირდებიო. შემეშინდა, ვიცოდი, გამკეთებელი იყო. ვიფიქრე, გავიდეს ცოტა დრო და მერე ბავშვებს წამოვიყვან-მეთქი, მაგრამ მათი ნახვა დღემდე ვერ მოვახერხე. შორიდან ვადევნებ თვალს, როგორ დაჰყავს ჩემს დედამთილს სკოლაში, ბაღში, სკვერში – სასეირნოდ და სათამაშოდ. მოკლედ, არც განქორწინებაზე მთანხმდება და ბავშვებთან მიახლოებასაც მიშლის.

მინდა, სასამართლოში შევიტანო სარჩელი, მაგრამ ჩემი საყვარელი მამაკაცი მეუბნება: ცოტა ხანი კიდევ დაიცადე, თავად ბავშვები შეეხვეწებიან შენს ნახვასო. თუმცა, გავიგე, მათ უთხრეს, თითქოს მოვკვდი. მათაც დაიჯერეს და ყველას ეუბნებიან: ჩვენი დედიკო ზეცაში გაფრინდაო. გული მიკვდება, ვგიჟდები, ისე მენატრებიან. კიდევ ვამბობ, ყველაფერი რაც ხდება, ჩემი ქმრის ბრალია. რომ არა მისი უაზრო ხასიათი, დღეს, ჩემი შვილების გვერდით ვიქნებოდი. ცხოვრება დამინგრია და დღემდე შიშით ვცხოვრობ, სადმე არ გადამეყაროს და სიცოცხლეს არ გამომასალმოს. ნათესავებმაც მომიძულეს და ოჯახის წევრებმაც. მხოლოდ საყვარელი მამაკაცის იმედად დავრჩი. მისგან კი ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებებს ვისმენ და ისევ დროის იმედი მაქვს – იქნებ დრო რომ გავა, სიტუაცია დალაგდეს, შვილებმაც მიმიღონ ცოცხალი, ქმარიც მიხვდეს თავის დანაშაულს, ნათესავებიც და მშვიდად ცხოვრების უფლება მომცენ.

ნანიკო, 33 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი