გულახდილი საუბრები

განათხოვარმა რძალმა ოჯახური იდილია და სიმშვიდე დამირღვია

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.04, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

ჩემმა ქმარმა და მე ისე გავზარდეთ ორი ვაჟიშვილი, ჩვენი სახლიდან ხმამაღალი სიტყვა არ გასულა.

არასოდეს მახსოვს მათგან რაიმე პრობლემა – არც ქუჩაში მდგარან, არც სწავლაში ჩამორჩენილან, უმაღლესიც დაამთავრეს და სამსახურიც დაიწყეს. უფროსმა ვაჟმა ცოლი რომ მოიყვანა, დიდი ქორწილი გადავუხადეთ და ახალდაქორწინებული წყვილი ჩემი მშობლების ნაჩუქარ ბინაში ცალკე გავუშვით საცხოვრებლად. უმცროსი შვილი კი ჩვენთან დავიტოვეთ. უფროსის ცოლი მართლა კარგი გოგო შეგვხვდა, თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. სასაყვედურო არაფერი მაქვს. თუმცა, მეორე შვილის ცოლისგან ისე ვარ გამწარებული, იძულებული გამხადა ავი დედამთილის იმიჯი მომერგო. განათხოვარი მოიყვანა ცოლად.

თავიდან, რომ გავიგეთ განათხოვარი გოგო უყვარდა, მე და ჩემი ქმარი წინააღმდეგი ვიყავით. შვილთან კამათიც კი მოგვივიდა, მაგრამ სახლში რომ მოგვაყენა, რაღას ვიზამდით, გავჩუმდით და პირში წყალი ჩავიგუბეთ. თან, მისი მშობლები რომ გავიცანით, ცოტა გულზე მომეშვა. მართლა კარგი ხალხია. ვიფიქრეთ, მერე არ გვითხრას, პირველ რძალს თუ ჩააცვით თეთრი საქორწილო კაბა, მე რა დაგიშავეთო, ამიტომ დიდი ქორწილიც გადავიხადეთ და ულამაზესი კაბაც ჩამოვატანინეთ უცხოეთიდან. ერთი სიტყვით, მისთვის არაფერი დაგვიკლია. თუმცა, თავიდანვე გამოავლინა ხასიათები – ჯერ მაზლისცოლი აითვალწუნა, მერე – მე. სულ პირველ რძალზე მეწუწუნებოდა, მეჭორავებოდა, ქილიკობდა. არ მსიამოვნებდა, დელიკატურად ვაძლევდი შენიშვნას და როგორც შემეძლო, პირველ რძალს ვიცავდი. ეტყობა, ეს ვერ აიტანა და მერე, მეც გადმომწვდა.

ჩემმა შვილმა რომ მითხრა, დედა ჩემი ცოლი სამსახურიდან დაბრუნებულს სულ მოწყენილი რატომ მხვდება, რამეს ხომ არ ეუბნები ან ცუდად ხომ არ ექცევიო, იქ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. როგორც მერე გაირკვა, თურმე, მასაც ცალკე სურდა ცხოვრება. არადა, ამ დროში ადვილი ხომ არ არის ბინის ყიდვა? მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ ხმა არ ამომაღებინა და მკაცრად არ ველაპარაკე. არ მინდოდა, ცუდი დედამთილის სახელი მქონოდა, შვილივით მივიღე, მაგრამ იმდენი მიჩიჩხინა, სანამ თავი არ გამალანძღინა. იმის მიუხედავად, რომ განათხოვარი მივიღეთ სახლში და თვალი დავხუჭერთ მის წარსულზე, მაინც გრძელი ენა აქვს. ქმარს „ქოქავს“, გაყიდონ შენმა მშობლებმა ბინა და ცალ-ცალკე ვიყიდოთო. რომ ვეუბნები, ფული არ გვეყოფა და ჩვენ ქუჩაში ხომ არ დავრჩებით-მეთქი, არ ესმის. სამოთახიანი ბინა, რამდენად უნდა გავყიდო, რომ მასაც ვუყიდო და მე და ჩემს ქმარსაც მოგვივიდეს პატარა ფართი. გვინდოდა, უმცროსი შვილი ჩვენთან დარჩენილიყო და ამიტომ გავუშვით უფროსი ცალკე. მარტო ყოფნა არ მინდა, მაგრამ არც ასეთ რძალთან შემიძლია ცხოვრება. გამუდმებით უკმაყოფილოა. რაც შემიძლია, ვუკეთებ, თან ვყვები ოჯახს და მეტი რა გავაკეთო.

ამას წინათ ჩემმა შვილმა ისიც კი გამიბედა და მითხრა, შვილს ჯერ ვერ გავაჩენთ, ჩემს ცოლს უნდა, სანამ ცხოვრებას არ ავიწყობთ, მანამდე თავი შევიკავოთო. რაღა ცხოვრების აწყობა უნდა, არ ვიცი, სახლიც აქვს, არც მატერიალურად გვიჭირს და მის ნება-სურვილზე დაპარპაშებს. ახლა ვხვდები, რის გამოც გაშორდა პირველ ქმარს. ალბათ, იქაც ასე დაიწყო „ბრძნული“ აზრების გადმოფრქვევა და არ აპატიეს. ვნანობ, ნეტავ პირველი შვილი და მისი ცოლი დამეტოვებინა ჩემთან, ესენი კი იქ გამეშვა. მაგრამ, პირველი ის დაოჯახდა და თან, თავიდანვე ასე გვქონდა განსაზღვრული. ორივე რძლისთვის ერთნაირად ვყიდულობ და პირველი სულ მადლობებს მიხდის, იხდენს და აცვია. ეს კი, ცალყბად მეუბნება მადლობას და მის ტანზე ჩაცმული ჩემი ნაყიდი ჯერ არაფერი მინახავს. საქორწინო ბეჭედიც კი, რომელიც ჩვენ ვაჩუქეთ, გადაადნო და სხვანაირი გაიკეთა. ის არ მომწონდა და როგორიც მე მინდოდა, ისეთი გავაკეთებინეო. ვერაფერი მოვაწონე.

ვგრძნობ, დღითიდღე იძაბება სიტუაცია და ოჯახში იდილია და სიმშვიდე ირღვევა. არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, თითქოს რახან განათხოვარი იყო, ამის გამო მაქვს პრეტენზია. ვაღიარებ, არ მინდოდა, მაგრამ მერე ხომ მივიღე და გავჩუმდი? ჩემმა მეგობრის შვილმაც მოიყვანა განათხოვარი ცოლად, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა, თავმდაბალი და საყვარელი. ეს კი, ისეთი უხეში და პრეტენზიულია, მის გვერდით ცხოვრებას როგორ შევძლებ, ნამდვილად არ ვიცი.

ნანა, 53 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი