გულახდილი საუბრები

დედამთილებმა ორი ოჯახი დამინგრიეს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.06, 2021 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ორჯერ გავთხოვდი და ორივე ოჯახი დედამთილების ენის გამო დამენგრა.

არადა, ქმრებთან არანაირი პრობლემა არ მქონია, გარდა იმისა, რომ დედას ვერაფერს ეუბნებოდნენ.

როცა სასიყვარულო ურთიერთობას ვიწყებდი, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მშვიდად და სტაბილურად ვითარდებოდა მოვლენები, ბოლოს კი, ისეთ დარტყმებს ვიღებდი, საბოლოოდ ვნადგურდებოდი. სანამ ჩემს პირველ ქმარს ცოლად გავყვებოდი, მის დედ-მამას პირადად არ ვიცნობდი, თუმცა დაუსწრებლად გარკვეული ინფორმაცია მქონდა.

არ დამავიწყდება, პირველად რომ ერთად გვნახეს, დედამისმა თავის ქმარს გადაულაპარაკა: აბა, შეხედე, ეს გოგო ჩვენს ბიჭს შეეფერება? მხრებამდეც ვერ სწვდება, სარივით გამხდარია, ეს რა ოჯახში შემოსაშვებიაო. თან, ამას ისე ამბობდა, მეც რომ გამეგო. გავიგე კიდეც, თუმცა ისე მიყვარდა მათი შვილი, მაინც გავყევი ცოლად. ახლა კი ვნანობ, მაშინ ტვინი არ მქონდა, ამ სიტყვების მერე, მათ ოჯახში როგორ შევდგი ფეხი-მეთქი, მაგრამ, ხომ იცით; სიყვარული ბრმაა და მეც ისე დამაბრმავა, შედეგი დღემდე მომყვება.

სულ რამდენიმე თვე გავუძელი ჩემი დედამთილის მწარე ენას და ოჯახი დავანგრიე. ვთხოვდი ჩემს ქმარს, წამყოლოდა და ბებიაჩემის ბინაში ცალკე გვეცხოვრა, მაგრამ უარი მითხრა. აი, მეორედ რომ გავთხოვდი, მერე დამირეკა და ნანობდა. მეუბნებოდა: რაც შენ წახვედი, ჩემი ყველა დღე გაუფერულდა, ვერ გადაგიყვარე, მაინც ჩემს გულში ხარო.

მეორედ კი ისე გავთხოვდი, დედამთილიც რომ თანახმა იყო ჩემს რძლობაზე, თუმცა, ჩემი განათხოვრობა არ იცოდა. თავიდან მშვიდად დავიწყეთ თანაცხოვრება, ბავშვიც გაჩნდა, თან მყვებოდა მეც და ჩემს შვილსაც, მაგრამ, რომ გაიგო, განათხოვარი ვიყავი, იქ აირია სიტუაცია. ისეთი სიტყვებით მომიხსენიებდა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, გავიგონე, ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა: ამის ღირსი ვიყავი? ნუთუ განათხოვარი და სხვისი ნათრევი რომ არ მოეყვანა ჩემს შვილს, პატიოსანი გოგოები დაილიაო...

არ მოვერიდე, პირდაპირ დავადექი თავზე და ყურმილი რომ დაკიდა, ვუთხარი: ქალბატონო ლამარა, დიახ, განათხოვარი ვარ, მაგრამ არა ბოზი და ნათრევი-მეთქი. ახლაც თვალწინ მიდგას მისი სახე. აილეწა, გაწითლდა და დამიწყო ყვირილი: იმის მაგივრად, ენა ჩაიგდო, რა დღეში ხარ? გაუხმეს ჩემს შვილს თავი, შენ რომ შემოგათრია აქო. ამის მერე მის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი. მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და ბიძაჩემთან წავედი, დედაჩემისა და მამაჩემის ლაპარაკის მოსმენის თავი არ მქონდა, ვიცოდი, დამიწყებდნენ: შენთან როგორ ყველა მტყუანია, ქალმა მიგიღო და რეები იკადრეო.

არადა, რომ გავთხოვდი, თავად სთხოვა დედაჩემმა ჩემს ქმარს, ჯერ არ უთხრა დედაშენს ამის განათხოვრობა, არ შეეცვალოს შთაბეჭილება, ჯერ კარგად გაიცნოს და მერე შეაპარეთო. მეც დავუჯერე. არადა, ჯობდა, თავიდანვე სცოდნოდა და თუ ისიც პირველი დედამთილივით აიფოფრებოდა და გადმოაგდებდა ენას, თავს მეორედ მაინც აღარ დავიღუპავდი. მოკლედ, ფაქტია, ორივე ოჯახი დედმთილების გამო დამენგრა და დავრჩი მარტოხელა დედის სტატუსით, მცირეწლოვან შვილთან ერთად. ჩემი ქმრები კი, რომ მეგონა ნამდვილი ვაჟკაცები, დამოუკიდებლები და ჩემ მიმართ სიყვარულით გაგიჟებულები იყვნენ, ჩვეულებრივი დედიკოს ბიჭები აღმოჩნდნენ. დღესაც ორივე უცოლოდ დადის და ზუსტად ვიცი, ნანობენ, რაც ჩემს წინაშე უსამართლობა ჩაიდინეს – დედიკოებისგან ვერ დამიცვეს.

ნინი, 26 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი