გულახდილი საუბრები

დედაჩემის გამო ბიჭები ჩემთან სერიოზულ ურთიერთობას თავს არიდებენ

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.08, 2022 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

დედა და მამა ერთმანეთს რომ დაშორდნენ, წლინახევრის ვიყავი. უკვე ოცდასამი წლის ვარ და ფაქტობრივად, მამას არ ვიცნობ, რადგან სულ რამდენიმეჯერ მყავს ნანახი. უცხოეთში ცხოვრობს, ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ და-ძმა საერთოდ არ მინახავს.

დედა ყურადღებას არ მაკლებდა, მისი მხრიდან ბებია-ბაბუაც თან მყვებოდნენ, მაგრამ რაც გავიზარდე, მივხვდი, მხოლოდ ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა არაფერს ცვლის. დედას იმის გამო ვერ გავამტყუნებ, რომ საყვარელი ჰყავს, მაგრამ მისმა ბოლოდროინდელმა საქციელებმა, მეც დამაზარალა. გარკვეული პერიოდი სტაბილურად ჰყავდა ერთი კაცი, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან და რჩებოდა კიდეც. მერე იკამათეს, წავიდა და აღარ გამოჩნდა. დედამ ინერვიულა, სულ ტიროდა, განიცდიდა და ერთ დღესაც გამომიცხადა: შვილო, არცერთი კაცი არ ღირს სანერვიულოდ, სანამ ხარ, უნდა იცხოვრო და არა იცოცხლო, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, არაფერს მოვიკლებ და კაცების გამო ცრემლების ღვრას არ დავიწყებო. ვიფიქრე, ჭკუაზე მოვიდა-მეთქი და უარესი გააკეთა: ვინც ინტერნეტში მოსწერდა, ყველას პასუხობდა, ხვდებოდა და სახლში მოჰყავდა. არაერთხელ შევსწრებივარ მის უმსგავსო ქცევას. ვცდილობდი, როცა ვინმეს მოიყვანდა, მე მოვრიდებოდი და სახლიდან გავსულიყავი. სამეზობლო ააჭორავა – კიბეზე რომ ავდიოდი, ჩემი ყურით გავიგონე მეზობლის ხმა: რა კარგი გოგოა ეს და დედამისი იმდენს იზამს, სანამ ამასაც გზას არ ააცდენს, რა ვერ გაძღა ამდენი ნაირ-ნაირი კაცებითო. გული საშინლად მეტკინა. გადავწყვიტე, დედასთან სერიოზულად მელაპარაკა, მაგრამ თავი ამარიდა. როცა სტაბილურად ერთ კაცთან დადიოდა, მაშინ მეც პატარა ვიყავი და უბნის ბიჭებთან პრობლემა არ მქონია, მაგრამ რაც პარტნიორებს იცვლის, იმის მერე, მეც ვიგრძენი მათგან რაღაცნაირი მზერები და დამცინავ-ირონიული საუბარი. სხვათა შორის, ერთი უბნელი ბიჭი მომწონდა, არც ის იყო გულგრილი და ვხვდებოდით ხოლმე და ვსეირნობდით. არასოდეს უკადრებია ჩემთვის რაიმე უხამსი, მაგრამ ბოლოს რომ შევხვდი, მითხრა: ბინა ვიქირავე, ავიდეთ და დავრჩეთ ღამეო. არ მითქვამს არაფერი, მაგრამ ისეთი გაოგნებული სახით შევხედე, მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი და გააგრძელა საუბარი: რა მოხდა, ოცდამეერთე საუკუნეა, არც მე ვარ ბავშვი და არც შენ. ძალიან მომწონხარ, შენც იმავეს გრძნობ ჩემ მიმართ და თუ ერთად დავწვებით, ამით რა დაშავდება, ბოლოს და ბოლოს, დედაშენს შეხედე, ქალი ისე ცხოვრობს, როგორც „უსწორდებაო“. ისე მეწყინა და მეტკინა ეს სიტყვები, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი. ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ, დავემშვიდობე და სახლში წავედი. უბნელი ბიჭებისგან მსგავს შეთავაზებას თითქმის ყოველდღე ვიღებ. ქუჩაში რომ გავივლი, ისეთი სიტყვები მესმის, მრცხვენია. ამასწინათ მეზობლის ქალებს ჩავუარე და ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: რაც დედაა, ის შვილია, არადა, რა ლამაზი გოგოა და ასეთი რძალი რომ შემომივიდეს სახლში, ხომ თავი მოვიკალი, ღმერთმა დამიფაროსო. ნამდვილად არ მინდა, ასე ჭორაობდნენ ჩემზე და ვინმეს საყვარელი მერქვას. არც დედაზე მსიამოვნებს მსგავსი სიტყვების გაგონება, მაგრამ მას თავისი ცხოვრება აქვს, ლამაზი ქალია და მის საქმეში არ ვერევი. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ყველას ჰგონია, რადგან დედას საყვარლები ჰყავს, მეც ასე უნდა მყავდეს. ერთი პერიოდი ვიფიქრე, ბებია-ბაბუასთან სოფელში საცხოვრებლად გადავსულიყავი, მაგრამ მალევე წამოვედი, ვერ გავჩერდი. იქაც ჩააღწია დედას საქციელზე ჭორებმა და იქაც ალმაცერად დამიწყეს ყურება. დაქალიც კი არ მყავს, რომ გული გადავუშალო, ყველა ნელ-ნელა ჩამომცილდა. იმედია, ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც არა დედის, არამედ ჩემი ხასიათისა და ქცევის გამო შემიყვარებს, დამაფასებს და გულს არ მატკენს. დედა კი, მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს. მისგან ერთი დაყვირებაც არ მახსოვს, ცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ცდილობდა და ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო მომცეს და გამიკეთოს. არ მიბრუნდება ენა, მასზე ცუდი ვთქვა, მაგრამ თავისი საყვარლების გამო ნამდვილად მიფუჭებს სახელს. არცერთი ბიჭი არ მიყურებს სერიოზულად, ოჯახის შესაქმნელად და ცოლად მოყვანის მიზნით. ყველას გასართობად ვუნდივარ.

ნია, 23 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი