გულახდილი საუბრები

დედაჩემის ახირებების გამო გაუთხოვარი და რძლის მოსამსახურე გავხდი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.02, 2023 წელი

სინანული
დაკოპირებულია

საკმაოდ მკაცრი დედა მყავდა. ყოველთვის იმას მაძალებდა, რაც თავად სურდა და ჩემს მოსაზრებებს არასოდეს ითვალისწინებდა. არ მინდოდა მუსიკაზე სიარული, ცეკვა მსურდა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, მუსიკალური ათწლედი დავამთავრე და სახლში, სარკის წინ ვცეკვავდი, რომ ჩემი სურვილი მომეკლა და არა ცეკვის სტუდიაში. სკოლა რომ დავამთავრე, ოცნებად მქონდა, იურისტი გამოვსულიყავი და მშობლებს რომ ვუთხარი, იურიდიულზე უნდა შევიტანო საბუთები-მეთქი, მამას გაუხარდა, მაგრამ იქაც დედა გამოხტა: არავითარ შემთხვევაში, არანაირი იურიდიული, ეკონომიურ ფაკულტეტზე უნდა შეიტანო საბუთები და იქ უნდა ისწავლო, ეს საკითხი არ ექვემდებარება განხილვასო.

მამა თბილი და ბუნჩულა კაცი იყო და დედას არასოდეს ეკამათებოდა. მართალია, უნდოდა ჩემი დაცვა, სცადა კიდეც, მაგრამ არ გამოუვიდა. ასე რომ, პროფესიაც დედის შერჩეული მაქვს და არც არასოდეს გამომიყენებია. თუ ვინმე ბიჭს მოვეწონებოდი, თავს იგიჟებდა, არ არის ჩვენი ოჯახის და შენი შესაფერისიო. ჩემს ძმას კი არაფერს უშლიდა, არც მის პროფესიის არჩევაში ჩარეულა და არც პირად ცხოვრებაში. ისე დაამთავრა „გეპეი“ და ისე მოიყვანა ცოლი, დედაჩემისთვის არც არაფერი უკითხავს. კი გაიგიჟა თავი დედაჩემმა ოჯახისთვის შეუფერებელ რძალზე, მაგრამ ფიზიკურად მოეწონა და ბედს შეეგუა. მამას კი შვილივით უყვარდა რძალი და სულ მეუბნებოდა: როგორ მეშინია, შვილო, რძალთანაც არ დაიწყოს დედაშენმა მოთხოვნების წაყენება და არ გააქციოსო. სხვათა შორის, ჩემი ძმა ჭკვიანურად მოიქცა – მეორე სართულზე დასახლდა, შესასვლელიც ცალკე გაუკეთა და ფაქტობრივად, ოჯახის წევრებთან შეხება არ ჰქონდა. მან კი იხმარა ჭკუა და შეინარჩუნა ოჯახი, მაგრამ მე დავრჩი გაუთხოვარი. დედაჩემის თანხმობის გარეშე გათხოვებას ვერ გავბედავდი, ვინც სახლში მივიყვანე და გავაცანი, ყველა დამიწუნა და კი დამტოვა ჩემი რძლის მონად. სხვათა შორის, ერთი ბიჭი მიყვარდა, სახლში არ ვამხელდი და ვფიქრობდი, როგორ მომეგვარებინა გათხოვების ამბავი ისე, რომ დედა მშვიდად შეხვედროდა. მაგრამ, იმ პერიოდში მამაჩემი გახდა ცუდად, ოპერაცია დასჭირდა, გაურთულდა და ჩემი მოსავლელი გახდა. დედას მარტო არ შეეძლო ამხელა კაცის ლოგინიდან წამოყენება, მისი მოვლა, სახლის საქმეების კეთება და იძულებული გავხდი, სახლში გამოვკეტილიყავი. მამა რომ გარდაიცვალა, მერე დედა გრძნობდა თავს შეუძლოდ, უჭირდა მარტოს სახლში დარჩენა და მის გვერდით მომიწია ყოფნა. ის ბიჭი მე რატომ დამელოდებოდა? ისედაც ისიც და მეც უკვე ასაკში ვიყავით. ჰოდა, ცოლი მოიყვანა. ახლა, როცა აღარც შვილი მეყოლება და აღარც გათხოვების სურვილი მაქვს, მხოლოდ სინანულით ვცხოვრობ. დედაც ლოგინადაა ჩავარდნილი და მას ვჭირდები. რძალი კვირაში ერთხელ თუ შემოაღებს კარს და ისიც თუ რამის კითხვა უნდა. დილიდან საღამომდე სამსახურშია და იძულებული ვარ ძმიშვილებსაც მე მივხედო. ამხელა ოჯახი და ავადმყოფი დედა, მე შემრჩა მოსავლელად და რომელ პირად ცხოვრებაზე უნდა ვიფიქრო? ერთხელ მამიდაჩემმა მითხრა: შვილო, დედაშენი ცას არ გამოეკიდება, შენი რძალი კი, ხომ ხედავ, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოგიხმაროს. ძმისშვილებსაც მალე თავისი ცხოვრება ექნებათ. საკუთარ თავს მიხედე, ოჯახი შექმენი. ისეთ კაცს გაჰყევი, რომელიც ასაკშია, ქვრივია, ან ცოლს გაშორებული, ან უცოლო, სიყვარულზე ნუ იფიქრებ. დამიჯერე, ბედნიერი იქნებიო. გამეცინა. რომელ სიყვარულზე ნაცოლევზე და ქვრივზეა საუბარი? მერე, ლოგინად ჩავარდნილი დედაჩემი ვის დავუტოვო? დავაშავე, რომ თავის დროზე დავუჯერე. ბევრჯერ მქონდა შანსი, კარგ ბიჭს გავყოლოდი ცოლად და არ გავყევი, დედის სიტყვაზე გავიარე და ახლა გვიანია სინანული. ახლა სხვა გზა აღარ დამრჩენია. დროს უკან ვერ დავაბრუნებ, გათხოვებაც დაგვიანებულია, ალბათ, ეს იყო ჩემი ბედი.

ნანა, 54 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი