გულახდილი საუბრები

ჩემმა ქმარმა მაშინ მიღალატა, როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.01, 2022 წელი

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

საკმაოდ რთული ცხოვრება მქონდა, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, ყველაფერი დალაგდა. სულ ვამბობდი: ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია, თვალი არ მეცეს-მეთქი. თვალის ცემისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქმრის ღალატის მსხვერპლი კი გავხდი. ოჯახი სიყვარულით შევქმენით.

თხუთმეტი წელია, ერთად ვცხოვრობთ, სამი შვილი გვყავს და ახლა, როცა ბინაც ვიყიდეთ, საცხოვრებლად ცალკე გადავედით და თავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდით, ჩემს ქმარს ეშმაკი შეუჩნდა. არ ვიცი, რა მოხდა, რის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ფაქტია, იმ ქალის გამო ყველაფერზე წამსვლელია. ბოლო პერიოდში გვიან ბრუნდებოდა სახლში, იმიზეზებდა, ბევრი საქმე მაქვს, ბიზნესს შენ თუ არ მიხედე, სხვაზე მიბარებული ზარალის მეტს არაფერს მოგიტანსო. მეც ვიჯერებდი. თან, არაფერს გვაკლებდა. არც კი დამიშვია გონებაში, რომ შეეძლო, სხვა ქალთან ყოფილიყო. არც გადამოწმებები დამიწყია და არც ეჭვიანობა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ბოლო დროს, საგრძნობლად შეეცვალა ხასიათი. ბავშვებისთვის ზედმეტი სიტყვა რომ არ უთქვამს, უბრაზდებოდა, უმნიშვნელო რამეზე შენიშვნებს აძლევდა. ზაფხულშიც, საქმე მოიმიზეზა და მარტო გაგვიშვა დასასვენებლად. ეს პირველად მოხდა, თუმცა, არც ამ დროს გამჩენია ეჭვი. მოკლედ, ასაკით უფროსი ქალი გადაეკიდა. როგორც გავიგე, საკმაოდ ბევრ ფულსაც ახარჯებდა და ფუფუნებაში ჰყავდა. რატომ დაკარგავდა? გიჟი ხომ არ იყო? ჰოდა, გადაწყვიტა, ოჯახს დაეშორებინა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე. ისე მოხდა, რომ სატელეფონო საუბარს მოვუსმინე. ტელეფონმა რომ დარეკა, სამზარეულოში ვსადილობდით. ჩემმა ქმარმა ნომერს რომ დახედა დაიბნა, აფაცურდა, დაავლო ხელი ტელეფონს და აივანზე გავიდა სალაპარაკოდ. არასოდეს რომ არ გამიკონტროლებია, მაშინ მომინდა, გამეგო ვის ელაპარაკებოდა – აივნის ფანჯრის ფარდის უკან დავდექი და ჩემი ყურით მოვისმინე ყველაფერი. ისეთ დღეში ჩავვარდი, მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. ამის გამო ჩხუბი მოგვივიდა, ყველაფერი აღიარა, დამალვას აზრი არ ჰქონდა. არ ვიცი, რა გაუკეთა იმ ქალმა, რომ ასე ჭკუიდან გადავიდა. რაღაც პერიოდი არ ველაპარაკებოდი, ზედაც არ ვუყურებდი. მერე, ცოტა მოლბა, შერიგება სცადა და ბოლოს, რომ ვიფიქრე, ალბათ, ჭკუაზე მოვიდა-მეთქი, განქორწინება მთხოვა. მითხრა: თავადაც ხედავ, რომ ასე აღარ შეიძლება ცხოვრება, ერთად ვეღარ ვიქნებით, არაფერს მოგაკლებთ, ოღონდ ხელი გავაწეროთო. რასაკვირველია, უარზე ვარ და ამის გამოც კარგი ქოქოლა დავაყარე: სადაც გინდა, წადი, ოღონდ განქორწინებას ვერ ეღირსები, შვილები კი უნდა არჩინო-მეთქი. უკვე თვეებია, იმ ქალთან ცხოვრობს და როგორც გავიგე, ბიზნესშიც საკმაოდ ცუდად აქვს საქმე. ზუსტად ვიცი, ფინანსურად რომ გაუჭირდეს, ის ქალბატონი, სახლიდან გამოაგდებს და ისევ მე მომადგება. მართალია, დიდი დარტყმა მივიღე და როცა ვფიქრობდი ბედნიერი ახლა ვარ-მეთქი, მაშინ დამატყდა თავს ეს ამბავი, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ. არ მინდა, ბავშვებმა ინერვიულონ და არც შეურაცხყოფას ვიმჩნევ და არც ტკივილს. კვირაში ერთხელ რეკავს და მოდის შვილებთან. რომ ვუყურებ, ნამდვილად არ არის კარგად – ამას, ვერ გამომაპარებს. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რის გამო დაანგრია ოჯახი, რის გამო მიგვატოვა და ვიღაც ქალს შეეკედლა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მომავალში რა იქნება, თუმცა, მჯერა, ის ქალი რომ მოიხალისებს, მერე გამოაპანღურებს და ოჯახში შერცხვენილი დაბრუნდება. ვერც იმას ვხვდები, ხელის გაწერა რად უნდა. ხომ არ ვუშლი, წასულია და იქ ცხოვრობს, გაოფიციალურება რაღა საჭიროა? ეტყობა, იმ ქალბატონს ამის ბიზნესსაქმიანობაზე აქვს გათვლილი რაღაც მაქინაცია. ალბათ, უნდა ხელში ჩაიგდოს და მერე, უფრო მშვიდად იცხოვრებს. მე ამის საშუალებას არ მივცემ. არასოდეს გავაწერ ხელს კაცთან, რომელსაც სიყვარულით გავყევი, რომლისგანაც სამი შვილი მყავს და რომლის გამოც ბევრი რამ დავთმე და მოვითმინე.

სოფო, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი