გულახდილი საუბრები

ჩემმა ძმამ პირადი ცხოვრება დამინგრია

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.12, 2020 წელი

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

„თბილისელებს“ მკითხველი პირადი ცხოვრების დეტალზებზე გულახდილად ესაუბრება.

საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ. განსაკუთრებით კი ჩემი უფროსი ძმა მექცეოდა უსამართლოდ. არსად მიშვებდა, სულ უკან დამდევდა, ოჯახის წევრებს აფრთხილებდა: ყურადღება მიაქციეთ, არსად წავიდეს, აკონტროლეთ ამის ყოველი ნაბიჯი და მითხარით სად მიდის და მოდისო. არადა, არც ბევრი დაქალ-ძმაკაცი მყოლია და გარეთ სიარულიც დიდად არ მიყვარდა. სულ სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. თუ დაქალთან წასვლა მინდოდა, ამასაც მიშლიდნენ: აქ მოვიდეს ის შენი დაქალი, შენ რატომ უნდა იტანტალოო. მოკლედ, გამწარებული მქონდა ცხოვრება. სტუდენტი რომ გავხდი, ცოტა ამოვისუნთქე. ლექციებზე დავდიოდი და კურსელებთან ერთდაც ვსეირნობდი.

სწორედ, უნივერსიტეტში გავიცანი ბიჭი, რომელიც შემიყვარდა, მაგრამ ამას სახლში როგორ ვიტყოდი. მასაც, სულ რამოდენიმეჯერ შევხვდი მალულად და ჩემმა ძმამ რომ იეჭვა, ჩემი კონტროლი გააასმაგა, დავკარი ფეხი და ცოლად გავყევი. არც კი ვიცოდი, რა ოჯახში შევდიოდი და ასე ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯით, უარეს ყოფაში ამოვყავი თავი. დედ-მამა კი გაბრაზდა, მაგრამ მალევე შემირიგდა, ჩემი ძმა კი მთელი ერთი წელი არ მელაპარაკებოდა. რომ მეგონა, საყვარელი ადამიანი გამანებივრებდა, უარესი ეჭვიანი აღმოჩნდა. დედამთილ-მამამთილი კი იმდენად აუტანელი, რომ მივხვდი; მათ გვერდით დიდხანს ვერ გავძლებდი ცხოვრებას.

მოკლედ, როგორც კი შვილი გამიჩნდა, მშობლებს მოვუყევი ყველაფერი, ვემუდარე, ვეხვეწე, ავუხსენი სიტუაცია, რომ ცუდად მექცეოდნენ, ჩემი ქმარიც ისე მეპყრობა, მისი სიყვარულიც კი გამინელდა-მეთქი, და ვთხოვე, სახლში დავებრუნებინე. ეს ამბავი რომ უთხრეს ჩემებმა, ჩემი ძმა პირველად მაშინ მოვარდა და იმის მაგივრად, რომ დავეცვი, პირიქით, მე მომდგა: ამის მეშინოდა, არ მინდოდა, ქარაფშუტული ნაბიჯი გადაგედგა და ახლა ბრძანდებოდე და აიტანე ეს ყველაფერი, არც კი იფიქრო გაშორებაზე და უკან მობრუნებაზეო. მასთან შეკამათებას და რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დეიდას დავურკე და ავუხსენი სიტუაცია. გაუთხოვარია, მარტო ცხოვრობს, შვილივით ვუყვარვარ. გამიგო, მოვიდა, მომკიდა ხელი და ბავშვთან ერთად თავის სახლში წამიყვანა.

არც კი ვიცი, ამ სიკეთეს როგორ გადავუხდი. თავს გვევლება მე და ჩემს შვილს, ცივ ნიავს არ გვაკარებს. თუმცა, ჩემი ქმარი და მისი სანათესაო არ გვაცლიან მშვიდად ყოფნის საშუალებას. თითქმის ყოველ ორ დღეში მოვარდება ჩემი ქმარი, გინებითა და ჩხუბით გვიკლებს, ათას სისაძაგლეს გვეუბნება. დეიდაჩემს ისიც კი აკადრა: ესეც შენსავით ბოზი გინდა, გახდეს. შენ ხომ იცვალე მამაკაცები და დარჩი მარტო და ახლა ამის ჯერიაო. კინაღამ გადავედი ჭკუიდან. არადა, დეიდაჩემი გაწონასწორებული ქალია და პასუხიც კი არ გაუცია. ცალკე ჩემი ძმა გვიშლის ნერვებს. მოდის და კატეგორიულად მთხოვს, შევურიგდე ქმარს. მოკლედ, არ მაცდიან, ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა, ანუ მშვიდად. იმას ხომ არ ვითხოვ, გავთხოვდე ან საყვარელი გავიჩინო. სწორედ, ჩემი ძმის დამსახურებაა, ადრეულ ასაკში გაუაზრებლად რომ გავთხოვდი, ავირიე ცხოვრება და ახლა რომ ამ დღეში ვარ. თუმცა, ამას როდი აღიარებს.

სულ შიშით ვიყურები კარისკენ, ვინ შემოვარდება და ატეხავს ყვირილს. დავიღალე ასე ცხოვრებით. დეიდაჩემსაც ავურიე მშვიდი ყოფა. თუმცა, არ ვაპირებ არც ქმრის ოჯახში დავრუნებას და არც ჩემი ძმის სიტყვაზე თავის დაქნევას. ცოტას დავმშვიდდები, დავლაგდები და გავაგრძელებ ისე ცხოვრებას, როგორც მე მინდა. რომ არა დეიდა, ალბათ, ქუჩაში მომიწევდა ყოფნა. ისეთ ქმართან, დედამთილ-მამათილთან და ძმასთან ცხოვრებას ისევ ქუჩაში ვიყო, მირჩევნია. მთავარია, ამ სიტუაციამ ბავშვზე არ იმოქმედოს და ფსიქიკა არ დაუნგრიოს, თორემ მე გავუძლებ.
ნინი, 23 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი