გულახდილი საუბრები

არის თუ არა წარმატებული ქალი, რომელსაც პირადი ურთიერთობები არა აქვს

№8

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.03

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. მით უფრო, როცა ამ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს. თავიდან ყველაფერი სწორედ სიყვარულით იწყება. მერე კი ეს გრძნობა ნელ-ნელა ნელდება და ზოგჯერ ქრება კიდეც. ერთ დროს ბედნიერი წყვილი კი ერთმანეთისთვის მტრად გადაიქცევა. არსებობს კი რაიმე რეცეპტი, თუნდაც, სპეციალისტის მიერ მოწოდებული, რომელიც ჩვენი ბედნიერი ცხოვრების გარანტია იქნება?!

ეთუნა (43 წლის): პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. კარგა ხანია, ჩემი ასაკი 40 წელს გადასცდა. მყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ახლა ნორვეგიაში ცხოვრობს. ის, რაც ასეთ გამოცდილსა და სტაჟიან ფსიქოლოგს შემემთხვა, ბევრს გააკვირვებს, მაგრამ ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო და მეც სხვებისთვის აღმოვჩნდი კარგი ფსიქოლოგი, საკუთარ თავთან კი დავიბენი..

ოჯახი უსიყვარულოდ შევქმენი, მეგონა, შემიყვარდებოდა ჩემი შვილის მამა. 10 წლის შემდეგ სევდით, მაგრამ მაინც უმტკივნეულოდ გავშორდით.

– არც მიჯაჭვულობა გქონიათ?

– მიჯაჭვულობამ გამაჩერა მასთან 10 წელი. მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი და ეს ჩემში ქალურ საწყისს კლავდა. ბევრი ვიშრომე საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად და რომ შვილისთვის არაფერი დამეკლო. მალე ჩემი ქალიშვილი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, მესამე კურსიდან სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გავუშვი და შემომითვალა: დედა, რა ვქნა, ვიცი, რომ გულს გატკენ, მაგრამ ნორვეგიელი ბიჭი შემიყვარდა და ამ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი. ხომ მირჩევდი, სიყვარულით უნდა შექმნა ოჯახიო. ვეღარაფერი ვუთხარი. მერე გაჩნდნენ შვილიშვილები, ჩემი სიძე თბილი ადამიანი გამოდგა და ცხოვრებაც ჩვეული დინებით წავიდა.

– და თქვენს ცხოვრებაშიც საყვარელი ადამიანი.

– არა. არ მიმართლებდა ურთიერთობებში. ჩემი კაბინეტი მქონდა და როცა სხვებს ვუტარებდი ფსიქოსეანსებს, ეს მეც მშველოდა. ვფიქრობდი, ადამიანებს რამდენი რამ აწუხებთ, ზოგს ნარკომანი შვილი ჰყავს, ზოგს – ლოთი ქმარი, ზოგი ვალებშია ჩავარდნილი და უბინაოდ დარჩენილმა აღარ იცის, რა ქნას, ზოგსაც მოურჩენელი სენი სჭირს და უნდა, ფსიქოლოგის დახმარებით როგორმე ავადმყოფობას გაუმკლავდეს-მეთქი. ამ ყველაფერთან ჩემი მარტოობა იმდენად უმნიშვნელო მეჩვენებოდა, რომ ზოგჯერ მრცხვენოდა კიდეც. ერთი წლის წინ კი მაინც მოხდა ის, რასაც უკვე აღარ ველოდებოდი. მეგობართან სტუმრობისას გავიცანი მამაკაცი. მას ოჯახი ჰქონდა, იყო სანაქებო მეუღლე და მამა, ერთ-ერთ სამშენებლო ფირმას ხელმძღვანელობდა. მასთან ხანმოკლე ურთიერთობითაც კი თავი უბედნიერეს ქალად ვიგრძენი. კარგად ვაცნობიერებდი, რომ მის მშვიდ და საათივით აწყობილ ცხოვრებაში ბზარი შევიტანე. გულის კუნჭულში ცოტათი კი მიხაროდა, რომ ჩემთან შეუღლებაზე ფიქრობდა, მაგრამ ძნელია, სხვის უბედურებაზე შენი ბედნიერება ააგო. ამიტომ ორივემ დროს მივანდეთ ჩვენი ურთიერთობა.

ერთხელ ერთმა ქალბატონმა შემომჩივლა, ოჯახი მენგრევა და არ ვიცი, როგორ გადავარჩინოო. საერთოდ, პაციენტს უფლება აქვს, არ გაამხილოს თავისი ვინაობა, მაგრამ მე ჩემს „დავთარში“ რაღაც სახელით მაინც უნდა დავაფიქსირო და მისი ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჩავწერო. ეკონომისტი ვარ, ქმარი ინჟინერია, გვყავს ორი სტუდენტი შვილი და ბეწვზე ჰკიდია ჩვენი ურთიერთობაო. დავიწყეთ სეანსები. ეს ქალი მიყვებოდა იმ ადრეულ წლებზე, როცა მას და მის ქმარს ერთმანეთი უყვარდათ: თბილი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს გვერდში ვედექით და პრობლემებს იოლად ვაგვარებდით. ამ ბოლო ხანს ქმარი ძალიან შეიცვალა და გავიგე, რომ საყვარელი გაუჩენიაო.

– თქვენ ხომ არ იყავით ის საყვარელი?

– თავიდან ვერც კი გავაცნობიერე. მხოლოდ ვუსმენდი. ჩემი ქმარი იმდენად წესიერი ადამიანია, ოჯახის მიტოვებას ვერ ახერხებს, არადა, ის ქალიც უყვარს და იტანჯებაო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცეო. წამიერად კი გამიელვა, მსგავსი რამ ხომ ჩემ გამოც ხდება და ნეტავ, მისი ცოლი რომ მოვიდეს, როგორ დახმარებას გავუწევ-მეთქი. მაგრამ პირადული მაშინვე დავივიწყე და ვუთხარი, – გარკვეული პერიოდის მერე კაცი ეჩვევა იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და ერთფეროვნება ბეზრდება. მისთვის აუცილებელი ხდება ახალი შეგრძნებები და ურთიერთობები-მეთქი. რაც მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ, უფრო მეტად დაგშორდებათ მეუღლე, ამიტომ ეცადეთ, სხვანაირად შემოაბრუნოთ ოჯახისკენ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. სთხოვეთ, რომ ხშირად განმარტოვდეთ და გაიხსენოთ შეყვარებულობის პერიოდი. ინახულეთ საერთო მეგობრები და ერთად იმხიარულეთ. მამაკაცი ბავშვივითაა, ვინც უფრო მიეფერება, ვისთანაც კარგად იგრძნობს თავს, იმასთან მოისურვებს ყოფნას. თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. რამდენიმე სეანსის მერე მითხრა: თქვენმა რჩევებმა შედეგი გამოიღო, აშკარად ვგრძნობ, რომ ქმარი ოჯახისკენ შემობრუნდაო.

– და თქვენ?

– ჩემი საყვარელი მამაკაცი ამ დროს უცხოეთში იყო წასული თავის საქმეებზე. იქიდან ჩამოსულმა საჩუქრები მომიტანა და მითხრა, ძველებურად ვეღარ შევხვდებით, ბევრი საქმე მაქვსო. არაფერი მითქვამს. თუმცა უკვე რაღაცამ დამაეჭვა. როცა ჩემი პაციენტი კვლავ მესტუმრა, ვთხოვე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ეჩვენებინა. კიო, - მაშინვე დამეთანხმა, მაგრამ სეანსებზე მოსული ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას. არ მანახებდა. დავიწყე ჩემი საყვარლის სოციალური ქსელის შესწავლა და ვნახე კიდეც: ჩემი პაციენტი ღიმილით შემომყურებდა, ქმარ-შვილთან ძალიან ბედნიერი და გალაღებული ჩანდა. თვალთ დამიბნელდა. როცა ისევ მეწვია. ვეღარ შევძელი თამაში და ვუთხარი: ვიცი, ვინც ხარ და რად გინდა თვალთმაქცობა-მეთქი. მიპასუხა: მე მხოლოდ ვინაობა არ გაგიმხილე, დანარჩენი, რასაც ამ ხნის განმავლობაში გიამბობდი, სიმართლეაო. გული მომიკვდა. მას ხომ არაერთხელ დასდენია ცრემლი ჩემ გამო. მივხვდი, რომ სხვის ქმართან ურთიერთობა უნდა შემეწყვიტა. დავიბარე ჩემი საყვარელი და ვუთხარი: აღარ მინდა შენთან ყოფნა, უნდა დავშორდეთ-მეთქი. ის აღარ გამიმხელია, მისი ცოლი ჩემთან სეანსებზე რომ დადიოდა. მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა, რადგან შენ გინდა, ასე იყოსო... ვიგრძენი, გაუხარდა კიდეც. არაფერს ვნანობ. ძალიან გამიჭირდა მისი დაკარგვა, მაგრამ როგორც ფსიქოლოგს, მიხარია, რომ კიდევ ერთი ოჯახის გადარჩენა შევძელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი