გულახდილი საუბრები

არაჩვეულებრივ მამაკაცს შევხვდი, მაგრამ მესამედ გათხოვების მეშინია

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.03

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

ადრეულ ასაკში გავთხოვდი. რასაკვირველია, რამდენიმე თვეში გავაანალიზე, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვიყავი, მხოლოდ სიმპათია მქონდა იმ ბიჭის მიმართ და არა სიყვარული. ვხვდებოდი, აღარ მინდოდა მასთან, მაგრამ მშობლებისთვის ამის თქმის მეშინოდა.

ორი წელი ვიტანჯე, შვილიც არ მეყოლა და გავშორდი. მიუხედავად ყველაფრისა, იმხელა სტრესი მივიღე, ახლაც მზარავს, ჩემი იმდროინდელი ემოცია და განცდა რომ მახსენდება. რამდენიმე წელი დამდევდა ჩემი მეუღლე, მთხოვდა შემირიგდიო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. ბოლოს თავი დამანება და ცოლი მოიყვანა. მე მუშაობა დავიწყე, საზოგადოებაში გავედი, ცოტა გადავიხალისე ცხოვრება და ისევ შევხვდი ბიჭს, რომელსაც შევუყვარდი. მეც არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი. მასთან შეხვედრები რომ დავიწყე, მშობლებისთვის არ დამიმალავს. ისინი კი პანიკობდნენ: განათხოვარი გოგო ხარ, არ მოგატყუოს, ეგ ბიჭი შენი ცოლად მომყვანი არ არის და კიდევ ერთი ტკივილი უნდა გადაიტანო, დაანებე თავიო. იმდენი ქნეს, ბოლოს ჩუმად მიწევდა მისი ნახვა და რომ გაიგო, ჩემი მშობლების პოზიცია, მომკიდა ხელი და თავის სახლში მიმიყვანა. მშობლებს დაუმალა განათხოვარი რომ ვიყავი და მეც მკაცრად გამაფრთხილა: ცოტა აზიატი დედ-მამა მყავს, ჯერ იყოს ასე, როგორც არის, კარგად გაგიცნონ, შეგეჩვიონ, შეუყვარდები და მერე რომ ვეტყვი, განათხოვარიაო, მძაფრი რეაქცია არ ექნებათ და ყველაფერი დალაგდებაო. აქაც მოვტყუვდი. მთელი სამი თვე ვმალავდით ჩემს განათხოვრობას და შემთხვევით გაიგეს ჭორიკანა ნათესავისგან. რომ არ ველოდი, ისეთი ამბავი ატყდა, არ გვინდოდა ჩვენი დედისერთა ბიჭისთვის სხვისი კაცის გამონაცვალი გოგოო. ორსულად რომ დავრჩი, ვიფიქრე, ახლა მაინც დამშვიდდებიან–მეთქი, მაგრამ უარესებს სჩადიოდნენ. მე და ჩემი ქმარი იძულებული გავხდით, ბინა გვექირავებინა და, რომ არ მენერვიულა, იქ გადავსულიყავით. იქაც მომწვდნენ. ერთი სიტყვით, როგორც იქნა, ვიმშობიარე და ბავშვის მოვლაში, რომ მომხმარებოდნენ, ცოტა ხნით ჩემს მშობლებთან გადავედი. არ ვიცი, რა მოხდა, ჩემი ქმარი ისე შეიცვალა, ვერ ვცნობდი. თავიდან სულ ჩვენ გვერდით იყო, მერე დაიწყო ღამით თავის მშობლებთან დარჩენა და ბოლოს, დღეები ისე გადიოდა, არც კი გვკითხულობდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, ურთიერთობა გაგვიფუჭდა, ვიკამათეთ და რომ გაიჯახუნა კარი და წავიდა, უკან აღარც მოუხედავს. ბავშვსაც კი არ კითხულობდა. სამი წლის მერე გაახსენდა, რომ მამაა და ბაღში მიაკითხა. მერე სასეირნოდაც მიჰყავდა, ბებია-ბაბუაც გააცნო, მაგრამ მე არ მიკარებდა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ახსნა რომ ვთხოვე, მიპასუხა: თავი დამანებე, შენ გამო ჩემებს დავუპირისპირდი. მივხვდი, შეცდომა დავუშვი. ახლა კი არ მინდა სხვის კარდაკარ სიარული, მე მაქვს ჩემი სახლი და მაცადე მშვიდად ცხოვრებაო. მერე, მანაც ცოლი მოიყვანა, თუმცა ბავშვთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ორჯერ განათხოვარი და მარტოხელა დედის სახელი რომ დამერქვა, ჩემები ამაზე სულ გადაირივნენ. ბავშვს ვუვლიდი, ვმუშაობდი და ვცდილობდი, მეგობრებთანაც აქტიური ურთიერთობა მქონოდა. სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილი თანაკლასელი ბიჭი შემეხმიანა. კლასელების შეკრებას გაუკეთა ორგანიზება და ერთ-ერთი კლასელის ბინაში შევიკრიბეთ. იქ გავიცანი ჩემი ყოფილი თანაკლასელის ბიძაშვილი, რომელიც მომეწონა. ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ სიმპათია გაუჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მამაკაცთან სიახლოვემ სხვა ემოცია შემოიტანა ჩემში. მას მერე ერთი წელი გავიდა და ისევ ჩუმად ვხვდებით. ცოლთან გაშორებულია და ყოფილთან მასაც ერთი შვილი ჰყავს. მეხვეწება: ხომ ხედავ, უერთმანეთოდ რომ აღარ შეგვიძლია და დავიწყოთ ერთად ცხოვრება, შევქმნათ ოჯახიო. მოვიტყუები, რომ ვთქვა, არ მინდა მასთან ცხოვრება-მეთქი, მაგრამ მეშინია. ქმრებთან განშორების მერე, ორჯერ ისეთი საშინელი რამ გადავიტანე, აღარ მინდა იგივე დამემართოს. არადა, შიშის გამო როგორ ვთქვა უარი მამაკაცზე, რომელიც ჩემი ოცნების ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცი როდემდე დავმალავთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის გვერდით ნამდვილ ქალად ვგრძნობ თავს და იდეალური ქმარი იქნება.

მარი, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი