საზოგადოება

როგორი იყო ულამაზესი თამარ რევიას რთული ცხოვრების ისტორია, ვისი მშვენიერებითაც ქართველი მწერლები აღტაცებული იყვნენ

№36

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 13.09, 2022 წელი

თამარ რევია
დაკოპირებულია

თამარ რევიას ცხოვრების შესახებ ემიგრანტულ ჟურნალ „თავისუფლების ტრიბუნაში“ ლუბა აბდუშელის მიერ ხელმოწერილი ნეკროლოგიდან ვიგებთ. „სილამაზის სხივთა ფრქვევა/თავს გვევლება ვით სიზმარი,/ სიკეთის და სიყვარულის/ თვით ჩვენება ჩვენთან არის”, – წერდა გიორგი ყიფიანი თამარისადმი მიძღვნილ ლექსში. ლუბა აბდუშელი აღნიშნავდა თამარის მხიარული ხასიათისა და სიკეთის შესახებ, რომელიც შერწყმული იყო ულამაზეს გარეგნობასთან: „თამარი იყო შესანიშნავი ემბლემა სიყვარულისა, სიკეთისა და სილამაზისა. ჩვენ, ყველა, როგორც ფუტკარი თაფლის, მის გარშემო ვტრიალებდით. ჩვენ ის გვიზიდავდა მისი იუმორით, მისი სიკეთით, მისი მომხიბვლელობით, თავისი განუმეორებელი ხუმრობით ის ჩვენ გვართობდა, გვახალისებდა, დუხჭირ ცხოვრებას გვიმსუბუქებდა... ჩვენს სახელგანთქმულ მწერალსა და მოაზროვნეს, გრიგოლ რობაქიძეს თამარი რომ პირველად უნახავს ბერლინის ერთ ქართულ შეკრებილობაში, აღტაცებით წამოუძახია: „აი, ჩემი მეგი“.

თამარის შესახებ ვიგებთ, მისი მეუღლის, შოთა ბერეჟიანის მოგონებებშიც: „თამარი პირველად ვნახე ბერლინში 1942 წელს დათა კავსაძის მიერ ლეგიონერებისგან შექმნილი გუნდის კონცერტზე. მაშინვე შევამჩნიე ეს ულამაზესი ქალი. ვიკითხე. მითხრეს, მადამ ტიცი არისო. აბა, რას მივხვდებოდი, რომ გამოველაპარაკე, თვითონ მიცნო. თბილისში ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. თამარის პირველი ქმარი მანჯგალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. რაღაც დანაშაულისათვის 32 კაცთან ერთად გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თამარი გადასახლებას რომ გადაერჩინა, მისმა ძმამ, ლევან რევიამ, ენუქიძეს სთხოვა დახმარება. აბელმა ურჩია, სასწრაფოდ უცხოელზე გაეთხოვებინათ. მართლაც, ერთ ახალგაზრდა გერმანელ სამხედრო ინჟინერს, კარლ ტიცს გააყოლეს, რომელიც საქართველოში მუშაობდა. ამ დროს ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, ყველა გერმანელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, თორემ დაკარგავს მოქალაქეობასო. ტიციც წავიდა გერმანიაში და ცოლიც თან წაიყვანა. მე რომ შევხვდი თამარს, მაშინ ქმართან გართულებული ჰქონდა ურთიერთობა. კარლი სმოლენსკთან ავარიაში მოხვდა და დასახიჩრებული იყო. ორი შვილი ჰყავდათ – კარლი და ვივიანი. ამ დროს გამოვიდა ბრძანება, რომ ვინც ომში იმყოფებოდა, იმ გერმანელთა ცოლებს უნდა ემუშავათ. თამარმა ქართულ შტაბში, გიორგი მაღალაშვილის სოციალურ განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. ამ დროს ქმარი გაეყარა და ბავშვებიც წაართვა, სტალინი ქართველია და მაგის ბრალია ომიც და ჩემი ხეიბრობაცო”.

1944 წლის ივნისში, მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ, როცა რუსების შეტევა დაიწყო, დასავლეთს პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილი ქართველები მიაწყდნენ. საჭირო იყო მათთვის საცხოვრებლის მოძიება. ქართულმა შტაბმა ავსტრიაში ბავშვებისა და ავადმყოფი ტყვეებისათვის ბანაკის მოწყობა გადაწყვიტა. თამარ რევიას ნაცნობები ჰყავდა ავსტრიაში, სადაც სააგარაკოდ დადიოდა, ამიტომაც ბანაკისათვის ადგილის გამოძებნა მას მიანდეს. თამარს დამხმარედ შოთა ბერეჟიანიც გააყოლეს. სოფელ მიტერზინში ორი სკოლა გაათავისუფლეს და იქ ახალი ქართული სათვისტომო შეიქმნა, რომელშიც მალე მთელი მეურნეობა მოეწყო. ბანაკს თამარი „მადამ ტიცის“ სახელით განაგებდა. მისი ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებდა: „პირდაპირ საოცარი იყო ამ ქალის ენერგია, იმ გაჭირვების ჟამს სად შოულობდა დეფიციტურ წამლებს, ჩვილ ბავშვთა საკვებს ან ტანსაცმელს. ყველა პრობლემას აგვარებდა და ყველას ეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, თამარ რევიამ მაშინ ბევრ ჩვენგანს შეუნარჩუნა სიცოცხლე”.

1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. შეიქმნა საშიშროება, რომ ავსტრიას რუსები დაიკავებდნენ. ამიტომ დიმიტრი შალიკაშვილმა ბანაკის მცხოვრებთა ნაწილი იტალიაში გადაიყვანა. ამასობაში ომიც დამთავრდა. ტყვეებისა და ლტოლვილთა ნაწილი მიტერზინის ბანაკში დარჩა. რუსეთის სარდლობამ ორი ქართველი ოფიცერი გამოგზავნა. მათ ტყვეების ნაწილი სამშობლოში წაიყვანეს და შემდეგ ციმბირსა და შუა აზიაში გადაასახლეს. თამარიც აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ შოთამ გადააფიქრებინა. 9 მაისს მიტერზინი ამერიკულმა ნაწილმა დაიკავა. 1945 წლის იალტის ხელშეკრულებით, ყველა იქ უნდა წასულიყო, საიდანაც იყო ჩამოსული. შოთა პარიზში უნდა დაბრუნებულიყო, თამარი – ბერლინში. იქ კი უკვე რუსები იყვნენ. მიტერზინის ყოფილი მერის რჩევით, თამარმა და შოთამ 15 სექტემბერს ჯვარი ფიქციურად დაიწერეს და საფრანგეთში გაემგზავრნენ. მცირე დანაზოგს დაამატეს თამარის სამკაულების გაყიდვით მიღებული საფასური და პარიზში დუქანი იყიდეს. ამასობაში თამარს და შოთას ერთმანეთი შეუყვარდათ და უკვე ნამდვილად დაქორწინდნენ. დუქანი ექვსი წელი ჰქონდათ, შემდეგ – რესტორანი „ფრანკო-ჟორჟიენი“. რესტორანი გაკოტრდა, რადგან ქართველებს ხშირად ნისიად ემსახურებოდნენ და გაყიდეს. შოთა კარგა ხანს უმუშევარი იყო. თამარმა შვილები მოძებნა და ამერიკიდან ახალგათხოვილი ქალიშვილი ჩამოიყვანა. ლევილში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. გაჭირვების გამო მიწა ჰქონდათ აღებული და კიტრი მოჰყავდათ. შემდეგ გაუმართლათ და შოთამ მუშაობა დაიწყო ჯერ „ალჟირის ღვინოების“ წარმომადგენლობაში, 1954 წელს კი – „რიპოლის“ საღებავების ქარხანაში.

მატერიალურად რომ მომაგრდნენ, არპაჟონსა და ლევილთან ახლოს, ლინასში დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც ლატარიაში მოგებული 600 ათასი ფრანკის წყალობით დაამთავრეს.

ბერეჟიანების სტუმართმოყვარე სახლი ყველას იზიდავდა. მათ სტუმრობდა გრიგოლ რობაქიძეც, თამარს „მეგი-მედეას“ უწოდებდა და თავის წიგნებს უგზავნიდა. მან თამარის ქალიშვილი, ვივიანი მონათლა, გოგონასაც „მედეა“ უწოდა.

თამარ რევიას მშვენიერება არაერთისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორმა, მიხეილ ქავთარაძემ მას პოემა – „ჩვენი დროის მედეას” – უძღვნა. „მისმა ეშხმა დამძლია და პოეტად მაქცია, თორემ ლექსი აკლია? პოეზია აცვია”, – ეს სტრიქონები თამარ რევიას გიორგი ყიფიანმა უძღვნა. მას ლექსებს უძღვნიდნენ უცხოელებიც.

38 წელი იყვნენ ერთად შოთა ბერეჟიანი და თამარ რევია. მშვენიერი აღნაგობა, ახალგაზრდული იერი და ხალისიანი ბუნება მან სამოცდაათი წლის ასაკშიც შეინარჩუნა. 1982 წელს თამარმა ოპერაცია გაიკეთა. თითქოს მომჯობინდა კიდეც, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დაეცა და მალე გარდაიცვალა. ქართულმა სათვისტომომ გულით დაიტირა „მშვენიერი თამარი“ და რობაქიძის „მეგი“, რომელიც ლევილის ქართულ სასაფლაოზე დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: დაუშვილი რუსუდან. თამარ რევია - „მადამ ტიცი“ და გრიგოლ რობაქიძის „მეგი“ // პრაიმტაიმი; აბდუშელი ლუბა. თამარა ბერეჟიანის გამოსათხოვარი // თავისუფლების ტრიბუნა; ჟღენტი მელიტონ. მოგონება თამარ ბერეჟიანზე // გუშაგი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი