საზოგადოება

ყველაფერი ჰარამხანებზე უძველესი დროიდან დღემდე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 14:12 23.04

ჰარამხანა
დაკოპირებულია

ჰარამხანების შესახებ ფაქტები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრეა ცნობილი. ჰარამხანები მთელს მსოფლიოში არსებობდა ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, სპარსეთში, ძველ ჩინეთში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. არსებობს ისტორიული ინფორმაცია ტიბეტის ჰარამხანებზე, კორეის, იაპონიის, დიდი მოგოლებისა და რაჯასტანის მაჰარაჯების ჰარამხანებზე, ქხმერის იმპერიის, ასურეთის, ბაბილონის, ინკებისა და აცტეკების ჰარამხანებზე.

სოლომონ მეფესაც ჰყავდა „... 60 დედოფალი და 80 ხარჭა და უამრავი ქალიშვილი. ჩინგის ყაენს (1155-1227 წლები), მონღოლური იმპერიის დიდ ყაენს, 7 ათასი ხარჭა ჰყავდა.

ჰარამხანები იყო რუსეთშიც. დიდ მთავარს, ვლადიმირ სვიატოსლავიჩს (რუსეთის ქრისტიანობის ნათლისმიმღები) 800 ხარჭა ჰყავდა (მემატიანე ნესტორი – 1110 წელი). შემონახულია საკმაო ცნობები, რომ სხვა რუს მმართველებსაც ჰქონდათ ჰარამხანები და ისინი საიდუმლოდ არსებობდნენ მეთვრამეტე საუკუნემდეც კი, სანამ პეტრე პირველმა ბოლო არ მოუღო ამ ჩვეულებას.

ჰარამხანა არაბულიდან თარგმანში აკრძალული, წმიდა ადგილია. მაჰმადიანურ ქვეყნებში ჰარამხანა საბოლოოდ აბასიდების ხალიფების (750-1258 წლები) მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა და შემდეგი ჰარამხანების მოდელად იქცა ისლამისტი მბრძანებლებისთვის.

დასაბამიდან მრავალცოლიანობა, ხოლო შემდეგ ჰარამხანების წარმოშობა ნაკარნახევი იყო აუცილებლობით. მომთაბარე ხალხები მაჰმადიანობის მიღებამდე გამუდმებულ ომს აწარმოებდნენ და მამაკაცების დეფიციტს განიცდიდნენ. ეს კი საფრთხეს უქმნიდა გვარის გაგრძელებას. როგორმე რომ ეარსებათ და განვითარებულიყვნენ მრავალცოლიანობა იქნა მიღებული.

ძველ არაბებში გოგოს დაბადება უბედურებად მიიჩნეოდა და ხშირად ახალდაბადებულებს უდაბნოში აგდებდნენ, მხურვალე ქვიშაში ფლავდნენ. მაჰმადიანთა წინასწარმეტყველმა აკრძალა ეს ჩვეულება და მანვე შეზღუდა ცოლების რაოდენობა ოთხამდე. მანამდე განუსაზღვრელი რაოდენობის ცოლის ყოლა იყო მიღებული. ოთხი ცოლიდან თითოეულს თანაბარი უფლება ჰქონდა, ქმარი ერთნაირად უნდა მოქცეოდა თითოეულს, იკრძალებოდა ერთი ცოლის განდიდება სხვებზე.

ამასთანავე ისლამურ საზოგადოებაში ქალმა ადრინდელზე მეტი უფლება მოიპოვა. ქალს განქორწინებაც კი შეეძლო მოეთხოვა, თუკი იმას დაამტკიცებდა, რომ ქმარი ცუდად ეპყრობოდა. მაგრამ ხარჭების ყოლა არანაირი კანონით არ იზღუდებოდა. მხოლოდ მამაკაცის შესაძლებლობით – შეენახათ, ერჩინათ მონები.

თანდათანობით ჰარამხანამ ფუფუნებასა და სექსუალურ აღგზნებაში ჩაკეტილმა, თავისი ფანტასტიკური გამოსახულება შეიძინა, რომელსაც სისასტიკისა და განსაცდელის „გემო დაჰკრავდა“.

აღმოსავლეთის ჰარამხანას მკაფიო იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა. სოციალური პირამიდის ქვევით ძირში იმყოფებოდნენ ჯარიები – ოდალისკები (მონა, მსახური ქალები), შემდეგ მოდიოდნენ სულთნის ფავორიტები – გიუზდე და ბოლოს მისი ცოლები – კადინი. ჰარამხანას მეთაურობდა ხელმწიფის დედა – ვალიდე სულთანი. ქალიშვილები, დები და მემკვიდრეები (შაჰზადე) არ განეკუთვნებოდნენ ჰარამხანის სტრუქტურას, მაგრამ ისინიც მის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, სადაც საკმაოდ მრავალი ოთახი, სხვადასხვა სათავსო, ეზოები და ბაღები იყო. შემდგომში ეს სტრუქტურა უცვლელად დარჩა აღმოსავლურ ჰარამხანებში. ყველაზე ცნობილ და მრავალრიცხოვან ჰარამხანათა შორის ერთ-ერთი ოსმანთა იმპერიაში ხუთი საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

ყურანის თანახმად, მაჰმადიანებს არ შეიძლება, მონებად ჰყავდეთ აყვანილი მაჰმადიანები. ამიტომ ჰარამხანები, როგორც წესი, უცხოელებისგან შედგებიან. მონები, რომლებიც არამაჰმადიანთა მიწებიდან მიჰყავდათ, აუცილებლად გადაჰყავდათ ისლამზე.

თავდაპირველად ჰარამხანის ფორმირება მარტოოდენ მონებით ხდებოდა, ხოლო ცოლებად მხოლოდ მეზობლად მდებარე ქრისტიანული სახელმწიფოების მმართველთა მემკვიდრეები მოჰყადათ. თუმცა, მოგვიანებით, ბაიაზიდ მეორის მმართველობის პერიოდში, ეს შეიცვალა და სულთნები საერთოდ აღარ იზღუდავდნენ თავს ქორწინებითი კავშირებით, ხოლო შვილებს მათ მონები უჩენდნენ.

ქალის მდგომარეობა ტრადიციულ ჰარამხანაში დამოკიდებული იყო მმართველთან მისი სიახლოვის ხარისხზე. თუ ის ყურადღებით არ სარგებლობდა, მაშინ, როგორც წესი, უბადრუკად ცხოვრობდა, დამცირებას და დაცინვას იტანდა. მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. თუ ხარჭა პატრონს უყვარდა და მას ვაჟიშვილს უჩენდა, მისი სტატუსი სწრაფად მაღლდებოდა მთავარი ცოლის დონემდე, რაც ყოველგვარ ტკბობასა და საჩუქრებს ნიშნავდა – ძვირფასეულობითა და უძრავი ქონების ჩათვლით (ბინით).

ცოლებსა და ხარჭებს სულთნისთვის ყოველთვის მისი დედა არჩევდა – ეს უცილობელი წესი იყო. ჰარამხანაში მოხვედრა ძალზე უბრალოდ შეიძლებოდა – ამისთვის საჭირო იყო, ქალი ახალგაზრდა ყოფილიყო, ლამაზი და ქალწული, მაგრამ ჰარამხანაში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, ქალიშვილს შეიძლება, ვერც ეხილა თავისი „ქმარი“, არათუ მისთვის მემკვიდრე ეჩუქებინა.

ჰარამხანაში არსებობდა განსაკუთრებული წესებიც, რომელთა დარღვევა არ შეიძლებოდა.

ყურანის კანონების მიხედვით, ნებადართულია ოთხი ცოლის ყოლა, მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებით: ქმარი ვალდებულია, უზრუნველყოს თავისი ცოლები თანაბარი ხარისხით და ერთნაირად (განურჩევლად) მიაქციოს მათ ყურადღება.

გარდა ამისა, სულთანს თავისი ცოლების მიმართ ზოგიერთი ვალდებულება ეკისრებოდა: ღამე, პარასკევიდან შაბათზე, ის ვალდებული იყო თავის ერთ-ერთ კანონიერ მეუღლესთან გაეტარებინა. ზედიზედ გამოტოვებული სამი პარასკევი სასამართლოს საბაბი ხდებოდა – ცოლებს შეეძლოთ, ეჩივლათ თავიანთ მბრძანებელზე, რომ ის მამაკაცურ ვალდებულებებს არაფრად აგდებდა.

ლოგინში ქმარი ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა ქალი. მიიჩნეოდა, რომ დაუკმაყოფილებელმა ქალმა შეიძლება დაკმაყოფილება გვერდზე ეძებოს, რაც უკვე ცოდვაა, რაზეც მას „უხეირო“ ქმარმა უბიძგა. იგივე ვალდებულება ჰქონდა ცოლსაც ქმრის მიმართ.

მბრძანებელი შეიძლება, ახალ ქალიშვილთან გართობილიყო, ხოლო მათ, რომლებიც „თვალებში ეჩხირებოდა“, სიკვდილით დაესაჯა.

გარდა ახალგაზრდა ხარჭებისა და ცოლების მბრძანებლის სახლის საქალებო ნახევარში მისი ყველა ნათესავი ქალი ცხოვრობდა. ასევე ბინადრობდნენ დამრიგებლები, მსახურები, საჭურისები, რომლებიც მიჩენილი იყვნენ დაცვისა და დახმარებისთვის. ჰარამხანაში ყველას თავისი ვალდებულებების მკაფიოდ გამოყოფილი სივრცე ჰქონდა ჩაბარებული, ჰარამხანის მობინადრეები სხვადასხვაგვარ სამუშაოს ასრულებდნენ – ბუღალტერიით დაწყებული და ტანსაცმლის რეცხვით დამთავრებული. ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი ათეულობით, ხშირად კი ასეულობით ქალის გაკონტროლება უბრალო ამოცანას არ წარმოადგენდა. ასე რომ, უმკაცრესი კანონების დადგენა მოუხდათ.

ჰარამხანაში ქალიშვილებს ეკრძალებოდათ სიცილი. მონა-ქალები ვალდებული იყვნენ, მაქსიმალურად წყნარად ყოფილიყვნენ და თავი მოკრძალებულად დაეჭირათ. ხმამაღალი საუბარი, ხმამაღალი სიცილი ან ქვითინი მკაცრად ისჯებოდა.

ქალიშვილებს მკაცრად ექცეოდნენ და მათგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდნენ. ის, ვინც ეურჩებოდა და არ ემორჩილებოდა საჭურისს ან კალიფს (კალიფი – მცირე ხნით უფლებამოსილი ზედამხედველი), მკაცრი სასჯელი ელოდა.

ჰარამხანის მობინადრე ქალიშვილებს ამოწმებდნენ ტემპერამენტზე, მაგალითად, მტკივნეული პროცედურის დახმარებით, შაქრის ვაჟინით ეპილაციაზე თუ ქალიშვილი წამოიყვირებდა, ესე იგი, ტემპერამენტიანი საყვარელი იქნებოდა. ასევე, თითოეულ ქალიშვილს ამოწმებდნენ, ხომ არ ხვრინავდა ძილში.

კანონი კრძალავს როგორც კაცისთვის, ასევე, ქალისთვის ერთმანეთის წინაშე გაშიშვლებას კისრიდან მოყოლებული ქვევით. როდესაც ხარჭა სულთნის საწოლ ოთახში ხვდებოდა, ის შესასვლელიდან მბრძანებლის საწოლამდე ხოხვით მიდიოდა – ფეხზე მდგომს საწოლთან მისვლა ეკრძალებოდა. სულთანი მას უკვე სარეცელზე მწოლიარე ელოდებოდა. ისინი ერთმანეთის პირისპირ მთლიანად არ შიშვლდებოდნენ.

ყველა დროებაში უღირსად მიიჩნეოდა მამაკაცი, მით უმეტეს, სულთანი, თუ ქალს დაუკმაყოფილებელს დატოვებდა ან პირდაპირ სექსს შეუდგებოდა წინასწარი მოფერების გარეშე.

ხარჭები 19 წლის ასაკში უკვე საკმაოდ მომწიფებულად მიიჩნეოდნენ და მათდამი სულთანს ინტერესი უქრებოდა. 19 წელს მიღწეულ მონა ქალებს ძველ სასახლეში გზავნიდნენ, სადაც ისინი ელოდებოდნენ დღეს, როცა რომელიმე ფაშა გადაწყვეტდა რომელიმეს ცოლად შერთვას.

თუ სულთანი 9 წლის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვებდა ხარჭას, მას სრული უფლება ჰქონდა, თხოვნით მიემართა ჰარემიდან წასვლის შესახებ. სულთანი ასეთ ქალებს კარგ თანხას აძლევდა და ათხოვებდა კიდეც.

სულთნის გარდაცვალების შემთხვევაში, ყველას ძველ სასახლეში უშვებდნენ. მათ, რომლებსაც შვილი არ გააჩნდათ – ათხოვებდნენ; ვისაც შვილი ჰყავდა, მათაც შეეძლოთ დაქორწინება, ოღონდ მაშინ, როცა მათი ქალიშვილი 9-12 წლის გახდებოდა; ვისაც ვაჟიშვილი ჰყავდა, მას გათხოვება ეკრძალებოდა.

ცოლები, როგორც წესი, სიმკაცრისა და სისასტიკის ქვეშ ჰყავდათ. განქორწინების შემთხვევაში ბავშვები მამასთან რჩებოდნენ და დედას არ ჰქონდა მათი ნახვის უფლება. ღალატისთვის ქალს სიკვდილით სჯიდნენ, ქმრისთვის წინააღმდეგობის გაწევა განქორწინებით მთავრდებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჰარამხანაში მონები იღებდნენ განათლებას, უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველაფრით, მუშაობდნენ და ხელფასსაც კი იღებდნენ. მთლიანობაში ჰარამხანა იყო არაფორმალური სახელმწიფო ორგანო და ხარჭების განათლების ცენტრი. ქალებს ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ეტიკეტს, გადასცემდნენ საუბრის წარმართვის მეცნიერებას. სულთნის ცოლების შემონახული წერილები ცხადყოფენ მათ მაღალ განათლებულობას. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ფონდებს ხელმძღვანელობდა, ზოგი კი მეჩეთებისა და მედრესეების მშენებლობის წარმართველიც კი იყო. ჰარამხანის ბინადართ შეეძლოთ მბრძანებლებისთვის რჩევის მიცემა შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ჰარამხანაში ცალკეულ გავლენიან კასტას წარმოადგენდნენ საჭურისები (ევნუხები), რომლებსაც განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ მინიჭებული. ძირითადში, ესენი იყვნენ შავკანიანი მონები. ისინი ყველაზე ჯანმრთელად და გამძლეებად მიიჩნეოდნენ. საჭურისები სამ კატეგორიად იყვნენ დაყოფილი სანდალები, სპადონები და ტლიბიები. სანდალებს ყველაფერს (სასქესოს) ძირფესივიანად აცლიდნენ – მოშარდვაც კი სპეციალური მილით უწევდათ, სპადონებს სათესლე ჯირკვლები ჰქონდათ ამოგლეჯილი, ხოლო ტლიბიებს – გამოკვერილი (დაბეგვილი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი