საზოგადოება

როგორ გამოიხსნა აფხაზმა ბერმა გიორგი გურგულია ბოროტი ძალის ზემოქმედებისგან და რა სასწაული იხილა მან საკუთარი თვალით

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 14.06, 2022 წელი

გიორგი გურგულია
დაკოპირებულია

გიორგი გურგულიას ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა ისეთი რამ, რისი ახსნა და გაგება ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთები ხდება და ადამიანის სიცოცხლე მოულოდნელობებით არის სავსე.

გიორგი გურგულია: ძალიან ახალგაზრდა 18-19 წლის ვიყავი. გოგომ, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა, ჯვარი მაჩუქა. არეული ურთიერთობა გვქონდა, კამათიც, მაგრამ ვერ ვეშვებოდი, თავს ვერ ვანებებდი. მისი ნაჩუქარი ჯვარი სულ გაშავდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მერე ბანაობის დროს გაწყდა და დაბლა დავარდა. მორწმუნე ოჯახიდან ვიყავი, ჯადოს არსებობის შესახებ გაგონილი მქონდა, მაგრამ არც ამისთვის მიმიქცევია დიდი ყურადღება, არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, ამ გოგოს ჩემთვის რამე მსგავსი გაეკეთებინა. აფხაზეთში ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც სასწაულმოქმედ დედაოსთან იზრდებოდა. წარსულიდან იხსენებდა ხოლმე, ზამთარში ვიყინებოდით და ამ დედაომ გვითხრა, ნუ გეშინიათო. ლოცვა დაიწყო და უცებ, ღამე ქარი ამოვარდა, მუხის ხე მოგლიჯა და პირდაპირ მონასტრის ეზოში ჩამოვარდაო. ეს კაცი მოხვდა ჩემს ოჯახში და მითხრა, ლოცვას წაგიკითხავო. ჯვარი დამადო თუ არა, მთქნარება დავიწყე, თითქოს სული ამომდიოდა. მანამდე მსგავსი არაფერი მიგრძნია. ძალიან ბევრი ოფლი მომდიოდა. ბებიამ სამი პირსახოცი მომიტანა და მამშრალებდა, სამივე დასველდა. არ ვიცი ამდენი სითხე სად მქონდა. ლოცვის შემდეგ დიდი შვება ვიგრძენი, მაგრამ ბერმა გვითხრა, ეს ერთი ლოცვით არ გამოვა, სამჯერ მაინც უნდა მოხვიდე ჩემთანო. მივედი და მასთან ხალხმრავლობა დამხვდა, თურმე ბევრი ადამიანი დადიოდა. ლოცვა რომ დაიწყო, ჩემთან ერთად ძალიან ბევრმა დაიწყო მთქნარება. მაშინ მივხვდი, რომ მარტო მე არ მჭირდა ასეთი რამ. მესამე ლოცვა რომ წამიკითხა, მითხრა, საკმარისიაო. მართლაც, გარეთ რომ გამოვედი სამყარო სულ სხვანაირი დავინახე – ფოთლები, მზე, ყვავილები... ბავშვობაში რომ სიხარულსა და სილამაზეს განსაკუთრებულად აღიქვამ, იგივე შეგრძნებები დამიბრუნდა. მანამდე იმასაც ვერ ვგრძნობდი დღე იყო თუ ღამე, დაბრმავებული ვიყავი, გონება დაბინდული მქონდა. ამ გოგოსთან ურთიერთობაც დასრულდა.

– ასეთი რთულად ასახსნელი ამბავი სხვა დროსაც გადაგხდენიათ თავს?

– დალაი ლამასთან იყო ნამყოფი კაცი, რომელმაც ტელეფონით მომიხსნა თავის ტკივილი. არ ვიცი, რაღაც განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. თავი ამტკივდა სასწაულად და მეგობარი მეუბნება, ერთ კაცს დაგაკავშირებ ტელეფონით და დაგეხმარებაო. დამალაპარაკა და ის ადამიანი მეუბნება, თვალები დახუჭეო. ასეც მოვიქეცი და უცებ სამკუთხედივით გამოსახულება გამომესახა და თავის ტკივილი გაქრა. არ ვიცი, რა გააკეთა, მაგრამ ძალიან დამეხმარა. ერთ მოხუც ქალს პატარა ბიჭი ჰყავდა შეყვარებული, მათ ოჯახში მოვხვდით მეგობრები და რაღაცებს აკეთებდა, მგონი, ჯადოებს და მაშინ გავაცნობიერე, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვას რაღაც ისეთი გაუკეთონ, რომ გონება ისე დაუბინდონ, მათ ვერ შეამჩნიონ, ვინ ჰყავთ გვერდით.

– უფლის არსებობის ყოველთვის გწამდათ?

– მთელი ოჯახი ძალიან ეკლესიურები ვიყავით. ჩემს დიდ ბებიას პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე შვილს ეძახდა, საგალობლებს უწერდა. ქაშუეთის გვერდზე ცხოვრობდა და მეც იქ გავიზარდე. ამან ჩემზე, ჩემს რწმენაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენს ოჯახში აფხაზი ბერი რომ მოხვდა, ამასაც თავის დანიშნულება ჰქონდა, უბრალოდ, არაფერი ხდება. მაგრამ მერე არის რაღაც ასაკი, როცა ადამიანი ცოტა ირევა. თეატრალურის წლები ბოჰემურ ცხოვრებას უკავშირდება და იმ მომენტში რწმენაში ნაკლებად ხარ ძლიერი, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ამ ბერის წყალობით, სასწაულის მომსწრე გავხდი. ადრე არ მჯეროდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ როგორც არსებობს კეთილი ლოცვები, ისე არსებობს ბოროტიც და კეთილის მსახურებასთან ერთად, ბოროტის მსახურებაც არსებობს. ჯადოც რეალურია და მისი გამკეთებელი ადამიანებიც არსებობენ. სხვათა შორის, ვიღაც გოგოები მეუბნებოდნენ ჩემს მესამე ცოლზე, ჯადო გაგიკეთაო. თითქოს იმ ქალთან უნახავთ, ვინც ჯადოებს აკეთებს. ეტყობა, ქალები ერთობიან ამით, არ ვიცი ან რად უნდათ გვერდით გამოტვინებული ადამიანი, რომელიც ვერ აზროვნებს. ჩემსა და ჩემი მესამე მეუღლის შემთხვევაში ამ ნათქვამს, არ ჰქონდა რეალური საფუძველი, მაგრამ ვინც ეს მითხრა, ის თვითონ მართლა აკეთებდა ჯადოს. თუ ადამიანი მორწმუნე და ეკლესიური ხარ, ჯადოც ვერ მოგკიდებს ხელს ძლიერად.

– სასწაული თუ მომხდარა თქვენს თავს?

– ძალიან ბევრჯერ გადავრჩენილვარ სიკვდილს. შეიძლება, ყველანაირად მოვმკვდარიყავი, მაგრამ უფალი მიფარავს. ალბათ, არსებობს რაღაც მისიები, რომელიც ადამიანს აკისრია და სანამ მათ არ შეასრულებ, მანამდე უფალი გიფარავს. ისეთ ავარიებში მოვყოლილვარ, არაფრით არ უნდა გადავრჩენილიყავი. ასეთ მომენტში დრო ჩერდება, კარი გამიღია, მანქანიდან გადმოვსულვარ, თითქოს ავარია კი არა, არაფერი მომხდარა. გაზიც ამიფეთქდა სახლში, 15 მეტრის სიმაღლიდანაც გადმოვვარდნილვარ და რამდენიმე კლინიკური სიკვდილიც გამომივლია. სიმთვრალე, არაფხიზელი მდგომარეობები, ოკეანეში ისეთ ტალღებში შევედი, რომ არა ზებუნებრივი ძალები, იქიდან ცოცხალი ვერაფრით გამოვიდოდი, მაგრამ დღეს აქ ვარ.

– კლინიკური სიკვდილიდან რამე დაიმახსოვრა თქვენმა გონებამ?

– ზოგი მიცვალებულს ხედავს – ჩემს მეგობრებს ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა. მე მივედი ადგილზე, სადაც სინათლესა და სიბნელეს შორის გადიოდა გზა და სინათლისკენ მქონდა სწრაფვა, მაგრამ ვიგრძენი, რომ უნდა მეთქვა რაღაც, რის გამოც მინდოდა სიცოცხლე. ვინმე კი არ მეკითხებოდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამი მიზეზი უნდა ჩამომეთვალა. მაშინ მყავდა ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ასევე, შვილი და მქონდა ჩემი საქმე, ეს სამი მიზეზი რომ ვთქვი, ჩემი გათიშული გონება და სხეული გადარჩა. სრულ სიბნელეში ვიყავი და სასწაული სისწრაფით წავედი სინათლისკენ, რომელიც მანამდე წერტილად მეჩვენებოდა. რომ გამოვფხიზლდი, ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ. ტყვიას, დანას ბავშვობიდან ბევრჯერ ვარ გადარჩენილი.

– შეგრძნებები წინასწარ გკარნახობთ ხოლმე, რა შეიძლება მოხდეს?

– ეს ყოველთვის მქონდა. სადღაც წასვლა რომ არ მინდოდა, მთელი გულით ვგრძნობდი, რომ არ უნდა წავსულიყავი და მაინც წავედი, ძალიან ცუდად დასრულებულა. წეღან რომ სიმაღლიდან გადმოვარდნა ვახსენე, იქაც ასე მოხდა. გადაღება გვქონდა და ცხოვრებაში პირველად, ძალიან არ მინდოდა გადაღებაზე წასვლა. ვიმალებოდი, ტელეფონი გამოვრთე, წესით, ჩემთვის ვერ უნდა მოეგნოთ. მთელი გულით ვგრძნობდი, რომ იქ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და წავედი და დავიმალე. გოგოებმა მიპოვეს და გადაღებაზე აღმოვჩნდი. წმიდა გიორგის ხატს ვატარებდი და აღმოვაჩინე, რომ სახლში დამრჩენია. იმდენად არ მინდოდა გადაღება, რომ ვუთხარი, რადგან წინა გადაღებაზე მეკეთა ხატი და ახლა თან არ მაქვს, იქნებ გადავდოთ-მეთქი. არაო, მითხრეს, რაღაც დამიმზადეს იმავე ფორმის და კადრისთვის ის გამიკეთეს. ამინდი გაფუჭდა, მერე სმა დავიწყეთ, ოთახი ჩაიკეტა და გასაღები არ ჰქონდათ. რადგან ჯგუფის წევრები დასველდნენ, ვთქვი: ფანჯრიდან ავძვრები და კარს შიგნიდან გავაღებ-მეთქი. რომ ავდიოდი, მილი, რომელსაც ვეჭიდებოდი, მოწყდა და 15 მეტრი ვიფრინე. დღესაც მახსოვს შეგრძნება – როგორ არ მინდოდა იმ დღეს იქ წასვლა. უნდა დააკვირდე საკუთარ შეგრძნებებს. ადამიანის შინაგანი სამყარო იმაზე მეტს გეუბნება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვცდილობ, საკუთარ შეგრძნებებს დავუჯერო, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ვიღაცას უარს ვერ ეუბნები და ხიფათით მთავრდება.

– ბევრი მეგობარი გყავთ გარდაცვლილი. გიგრძნიათ მათი გარდაცვალების შემდეგ, მათთან კავშირი?

– კავშირი კი არა, სულის შეხება მიგრძნია. ამას არავის ვუყვები ხოლმე, რადგან თუ ადამიანს თვითონ არ განუცდია, რთული დასაჯერებელია. ორჯერ მქონდა ასეთი შეგრძნება – ადამიანი რომ თავზე გეფერება, ზუსტად ეს ვიგრძენი. ჩემი მეგობარი იყო კობა კლდიაშვილი. ჯერ ის გარდაიცვალა და ძალიან მალე მისი მამა დაიღუპა. ღამე იყო, ვიძინებდი და ეს კაცი გამახსენდა. ძალიან მიყვარდა და მასზე ვფიქრობდი. ადამიანმა ხელი რომ გადაისვა საკუთარ თავზე, უცებ ზუსტად ეს ვიგრძენი. ძალიან ცხადად ვიგრძენი, რომ ადამიანი თავზე მეფერებოდა. თავიდან შემეშინდა, ოთახში მარტო ვიყავი. მერე ჩემი ბავშვობის მეგობარი ზურა ამაშუკელი გარდაიცვალა და მეგობრები ვუთენებდით ღამეს, დედამისი ლოცულობდა. თავთან ვედექი, მეორე დღეს დაკრძალვა იყო. იცით, ეს რა დროს ხდება? როცა შენში ამ ადამიანის მიმართ დიდი სიყვარულის გრძნობა იღვრება. ვფიქრობდი, როგორ მიყვარდა ზურა და უცებ იგივე – ვიღაც თავზე მეფერება. ძმაკაცებთანაც არ მითქვამს არაფერი, ძნელად დასაჯერებელია. ვინმეს რომ უთხრა, სული მეფერებაო, ან გიჟად ჩაგთვლის ან თუ არ იტყვის, იფიქრებს მაინც, რომ იტყუები. ფაქტია, სული არსებობს, ეს ენერგიაა, რომელსაც გარდაცვალების დროს სხეული კარგავს და რამდენიმე გრამი აკლდება. სული სიცოცხლის ენერგიაა, რომელიც სიკვდილის დროს სხეულს ტოვებს და სივრცეში გადის. მე ჩემი ვერსია მაქვს სამოთხის შესახებ. ჩვენ სამგანზომილებიან სივრცეში ვცხოვრობთ. სამ-ოთხე-ანუ სამიდან ოთხგანზომილებიან სივრცეში გადასვლა. აქ, დედამიწაზე ადამიანს აქვს დრო, სივრცე და მატერია, ანუ სხეული. მოძრაობისას, იქიდან გამომდინარე, რომ მასა გაგაჩნია, შენი გადაადგილების დრო შეზღუდულია. სინათლის სისწრაფით ვერ იმოძრავებ, რადგან ენერგია არ ხარ. როცა იმქვეყნად გადადიხარ, სხეულს კარგავ და ენერგია ხდები, ამიტომ შეგიძლია შეუზღუდავი სისწრაფით მოძრაობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი