საზოგადოება

როგორ გამდიდრდა იაკობ მანსვეტაშვილი და რა გზით ეხმარებოდა ის სამშობლოსა და თანამემამულეებს

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 27.03

იაკობ მანსვეტაშვილი
დაკოპირებულია

იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი 1855 წელს თბილისის მაზრის სოფელ ნორიოში დაიბადა. მამა მღვდელი ჰყავდა, დედა – მღვდლის შვილი. 1863 წელს მშობლებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გ.იოსელიანი და სხვები. სემინარიის დამთავრების შემდეგ ის პეტერბურგში გაემგზავრა და სწავლა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მისი ლექტორები იყვნენ: მენდელეევი, ბუტლეროვი, ვაგნერი, სეჩენოვი...

იაკობ მანსვეტაშვილი გატაცებული იყო რუსი დემოკრატი მწერლებისა და ევროპელი უტოპისტების იდეებით. პეტერბურგში მყოფ ქართველებს საკუთარი წრე ჰქონდათ. იკრიბებოდნენ ვასო მაჩაბლის ბინაში. მთავარი, რის შესახებაც ამ თავყრილობებზე საუბრობდნენ, სამშობლოს მომავალი ბედი იყო. ამ საღამოებს ხშირად ესწრებოდნენ აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე.

1885 წელს იაკობ მანსვეტაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ილია ჭავჭავაძის „ივერიის“ თანამშრომელი. იაკობ მანსვეტაშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. „ივერიის“ გარდა იბეჭდებოდა სხვა ჟურნალ-გაზეთებშიც. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ვაჟა-ფშაველასთან.

ის იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში წიგნის პირველი მაღაზია.

იაკობი იყო ქველმოქმედი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საგამომცემლო საქმიანობას. ქართული წიგნების გამავრცელებელ საზოგადოებას მან საკუთარი სტამბა დაუთმო. თავისი ხარჯით გამოსცა აკაკის თხზულებათა ორტომეული და ზაქარია ჭიჭინაძის წიგნები, რომლებიც აჭარაში უფასოდ ვრცელდებოდა. თანხა გაიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ჩამოსასვენებლად.

იაკობ მანსვეტაშვილი მუშაობდა თბილისის საადგილმამულო ბანკში. მოგვიანებით, ის ბაქოში გადავიდა და იმავე ბანკის იქაურ ფილიალს ჩაუდგა სათავეში. ბაქოში საცხოვრებლად იაკობმა შეიძინა მამული, რომელშიც ნავთობის საბადო აღმოჩნდა. მალე ის დიდი ნავთობმწარმოებელი გახდა და გამდიდრდა, რაც მას დაეხმარა მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გაძლიერება-გაღრმავებაში.

1909 წელს დააფუძნა წერა-კითხვის საზოგადოების ბაქოს განყოფილება. 1912 წელს საკუთარი ხარჯით ააშენა სახლი, რომელშიც მოეწყო სკოლა და ქართული თეატრი. ეს სახლი იქცა ბაქოში მცხოვრებ ქართველთა სავანედ.

იაკობ მანსვეტაშვილის მეუღლე, ნინო გვარამაძე, სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. იაკობი მეუღლის გარეშე არასოდეს მიდიოდა საქმიან მოგზაურობაში. წელიწადში რამდენიმეჯერ ხან გერმანიაში იყვნენ, ხან საფრანგეთში, ხან პეტერბურგში. მათი ვაჟი, ბორისი, პეტერბურგში დაიბადა.

პირველი მსოფლიო ომის დროს იაკობი, ოჯახით, საცხოვრებლად საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში გადავიდა. მათი სახლი აქაც თავშესაფარი გახდა ქართველი სტუდენტებისთვის, ხელოვანი ხალხისთვის და საზოგადო მოღვაწეთათვის. ქართველების სტუმრობა ყველაზე მეტად პატარა ბორისს უხაროდა. ნიჭიერ ბიჭუნას მამის ბევრი თვისება დაჰყვა, მის მსგავსად მოწესრიგებული იყო, ენებს გასაოცარი სისწრაფით სწავლობდა. ლაპარაკობდა ქართულად, რუსულად და ფრანგულად. მშობლები მას ხშირად უკითხავდნენ ქართულ ლექსებს, ზღაპრებსა და მოთხრობებს.

1917 წლის შემოდგომაზე ცოლ-ქმარი საქმიან შეხვედრაზე პეტერბურგში გაემგზავრა. მოგზაურობის გადადება არ შეიძლებოდა. იაკობი იმ დროისთვის მდიდარი მენავთობე იყო, უძრავ ქონებას ფლობდა აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთსა და ევროპაში. ყველაფერს პატრონობა სჭირდებოდა.

პეტროგრადში ჩასულ მანსვეტაშვილებს გარკვეული საკითხების მოგვარება გაუჭირდათ, მერე, როცა მიხვდნენ, საქმეებს ვეღარ მოერეოდნენ, უკვე გვიან იყო, ქალაქიდან გასასვლელი გზები გადაიკეტა და ქვეყნის დატოვების ყველა გზა უშედეგო აღმოჩნდა. თავიდან ყველგან და ყველასთან შვილზე საუბრობდნენ, რუსეთში რჩებოდნენ, რადგან საფრანგეთში გამგზავრება აქედან უფრო შესაძლებლად ეჩვენებოდათ. პირველი რამდენიმე თვე ინტენსიურად წერდნენ შვილის აღმზრდელს, მოახერხეს, რომ მინდობილობით ქალს შესაძლებლობა ჰქონოდა, მათი კაპიტალი საჭიროებისამებრ მოეხმარა. ამით ცოტა დამშვიდდნენ, რადგან ის მაინც იცოდნენ, რომ ბორისს არაფერი აკლდა. მალე ქაოსი ახალმა წესრიგმა შეცვალა. საკუთარ სიმდიდრესა და ევროპულ ბანკებში გადანახულ ფულზე ხმამაღლა საუბარი საშიში გახდა. გადიამ, უსაფრთხოებისთვის, მათთან შეთანხმებით, ბორისი საკუთარ გვარზე გადაიყვანა.

ყოფილი ნავთობმრეწველის ევროპელი მემკვიდრის შესახებ საბჭოთა კავშირში არავის უნდა სცოდნოდა. ბიჭი მშობლებს წერილებს და ფოტოებს უგზავნიდა, ჩამოსვლასაც ჰპირდებოდა, მაგრამ მათ იცოდნენ, ევროპიდან დაბრუნებულ შვილებს აქ რა ბედი ელოდათ და ამიტომ ბარათებზე პასუხს აღარ სცემდნენ. შვილი მშობლებზე განაწყენდა, რადგან მათი საქციელის ახსნა არ შეეძლო და თავს მიტოვებულად გრძნობდა.

როცა საფრანგეთში დაბრუნების იმედი დაკარგეს, ნინო და იაკობი საქართველოში დაბრუნდნენ. ნიციდან წამოსვლის შემდეგ, უკვე, 11 წელი იყო გასული. ნინომ ისევ მასწავლებლობა დაიწყო. იაკობს მწერალთა კავშირში გამოუჩნდა მისია. მისი კარგი ლიტერატურული გემოვნების წყალობით, მწერლები ახალ რამეს დაწერდნენ თუ არა, აზრის საკითხავად მასთან მიჰქონდათ.

მშობლებმა შვილთან კავშირი სამუდამოდ დაკარგეს. მათ არ იცოდნენ, რომ უდედმამოდ გაზრდილი ბორის ვადიმოვი ქალაქ ნიცის ბანკის მმართველი გახდა და, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრაციაში წავიდა.

იაკობ მანსვეტაშვილი 1944 წელს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია. ნინო გვარამაძე 96 წლისა გარდაიცვალა ისე, რომ შვილამდე ხმის მიწვდენა ვერ შეძლო.

გამოყენებული მასალების წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/; ჩილაჩავა ეკა. იაკობ მანსვეტაშვილის ცხოვრება და შემოქმედება; გვიმრაძე მიხა. დაკარგული იმედის თავშესაფარი : [იაკობ მანსვეტაშვილის ოჯახის ისტორია]; .nplg.gov.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი