საზოგადოება

როგორ გახდა გიორგი სევერსკი საფრანგეთში ძალიან პოპულარული და რამდენჯერ გადაურჩა ის ავიაკატასტროფას

№21

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 31.05, 2023 წელი

გიორგი სევერსკი
დაკოპირებულია

გიორგი ნიკოლოზის ძე სევერსკი (გედევანიშვილი), რუსეთში ცნობილი, როგორც პროკოფიევ-სევერსკი, 1895 წლის 4 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მისი წინაპრები თავადები გახლდნენ და სამხედრო საქმეს ემსახურებოდნენ. გიორგის ბაბუა, გიორგი პროკოფიევი, პოლკოვნიკი იყო და საინჟინრო ჯარებში მსახურობდა. მამის გზის გაგრძელებას აპირებდა მისი ვაჟიც, მაგრამ ნიკოლოზ პროკოფიევი იმდენად გაიტაცა მუსიკამ, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და ამ გზას გაყვა, თან ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ის გახდა ცნობილი მომღერალი, რეჟისორი და თეატრის მფლობელი პეტერბურგში. მისი სასცენო სახელია სევერსკი. თუმცა გავიდა წლები და ნიკოლოზი ავიაციამ გაიტაცა. მან ეს საქმე კარგად შეისწავლა და პირველი მსოფლიო ომის დროს, პორუჩიკის ჩინით, გატჩინის საფრენოსნო ოფიცერთა სკოლაში ინსტრუქტორად მსახურობდა.

ნიკოლოზ სევერსკიმ 1893 წელს, თბილისში გასტროლით ყოფნის დროს, გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი ვერა პრესმანი. ისინი დაქორწინდნენ და მათი ორივე ვაჟი – ალექსანდრე და გიორგი – თბილისში დაიბადა.

გიორგიმ სამხედრო კარიერა აირჩია და კადეტთა პირველი კორპუსი და პავლეს სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გატჩინის სამხედრო აეროდრომზე სწავლობდა თვითმფრინავის მართვას. ომის დასაწყისში ბრძოლაში პოდპორუჩიკის წოდებით ჩაერთო, მაგრამ მალე ისევ ავიაციაში დაბრუნდა. 1915 წლის ივლისში მისი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო გიორგის ორივე ფეხის რთული მოტეხილობა ჰქონდა, თუმცა პროცესებს არ გამოთიშვია, გამოჯანმრთელების შემდეგ ის ზურგში დატოვეს ავიაინსტრუქტორად.

შემდეგი წლის ივლისში მან პორუჩიკის წოდებით დაამთავრა სევასტოპოლის ავიაციის სკოლა და კვლავ მოქმედ არმიას დაუბრუნდა. ბრძოლებში თავი ისახელა, როგორც უმაღლესი პილოტაჟის საუკეთესო მცოდნემ და ბრწყინვალე მფრინავ-გამანადგურებელმა. იგი კაპიტნის რანგში მეთაურობდა გამანადგურებელთა მე-6 საავიაციო რაზმს.

გიორგიმ 1917 წლის რევოლუცია არ მიიღო. ის წითლების წინააღმდეგ გენერალ დენიკინის არმიის რიგებში იბრძოდა. როცა თეთრების არმიის მდგომარეობა უიმედო გახდა, გიორგიმ და პილოტების ერთმა ჯგუფმა თვითმფრინავები საქართველოს სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, იმისთვის, რომ ბოლშევიკებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

გიორგი ემიგრაციაში მამასთან ერთად წავიდა. ჯერ თურქეთში, კონსტანტინეპოლში იყო და იქ ავტომექანიკოსად მუშაობდა. 1923 წელს კი საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ. გიორგიმ ჯერ ტაქსის მძღოლის ადგილი იშოვა, შემდეგ კი მამას მიბაძა და როგორც შანსონიემ, რესტორნებში დაიწყო გამოსვლები.

გიორგის მამისგან მემკვიდრეობით სასიამოვნო ტემბრის ხმა გამოჰყვა. ისიც არაჩვეულებრივად ასრულებდა ძველ რუსულ რომანსებს. ზოგჯერ მამა-შვილი ერთადაც გამოდიოდა. მალე მან დასავლური სიმღერების შესრულებაც დაიწყო და ძალიან პოპულარული გახდა.

„ჟორჟ სევერსკის“ პარიზის საუკეთესო კლუბები და რესტორნები ეპატიჟებოდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ სიმღერა „ქარავანი“. მან რამდენიმე მუსიკალური ნომერი გრამფირფიტაზეც ჩაწერა.

საფრანგეთში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ გიორგის ისევ მიეცა ფრენის საშუალება. მან პატარა, საკუთარი თვითმფრინავით რამდენჯერმე ლა-მანშიც გადალახა, ინგლისში ჩავიდა და კაზინო-რესტორან „ხუნგარიაში“ კონცერტიც ჩაატარა.

ერთ-ერთი ფრენის დროს მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. მას სპორტულ ჟურნალთან კონტრაქტი ჰქონდა დადებული, ფოტოგრაფს ახლო ხედით უნდა გადაეღო თვითმფრინავიდან ველორბოლის ამსახველი ფოტოები. ერთ-ერთი გაფრენის დროს პირინეებში, თვითმფრინავი ძალიან დაბლა მიფრინავდა და მთას შეეჯახა. გიორგიმ მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა.

ნიკოლოზ პროკოფიევ-სევერსკის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე სევერსკი ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იგი ცნობილი გამომგონებელი და ავიაკონსტრუქტორი გახდა. მისი დაარსებულია კორპორაცია შევერსკყ Seversky Aircraft Corporation, სადაც ალექსანდრე თავად იყო პრეზიდენტი, მთავარი ინჟინერი, დიზაინერი და გამომცდელი პილოტი.

ალექსანდრე სევერსკის ცხოვრების გზა შთამბეჭდავია – მფრინავი, გამომგონებელი, თვითმფრინავის დიზაინერი და სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო გამოყენების გამოჩენილი თეორეტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო საჰაერო ძალების ერთ-ერთი დამაარსებელი.

1950 წელს გიორგი სევერსკი, მეუღლესთან, რენე სევერსკაიასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და ძმის ფირმა „რიპაბლიკ ავიეიშენში“ ექსპერტად დაიწყო მუშაობა. ის მონაწილეობდა ახალი სამხედრო თვითმფრინავების შექმნაში. პარალელურად საკონცერტო მოღვაწეობასაც აგრძელებდა და მალე იქაც პოპულარული გახდა. 1951 წელს დადგა მამის, ნიკოლოზ სევერსკის ოპერეტა „ბოშური სიმღერები სახეებში“, სადაც მთავარი როლი თავად შეასრულა. გარდა ამისა, „ჟორჟ სევერსკის“ სახელით ჩაწერა ალბომები გრამფირფიტების ცნობილ ფირმებში.

ემიგრაციაში მყოფი გიორგი სევერსკი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობებში.

გიორგის ცხოვრების ბოლო წლებში გული აწუხებდა და ელექტროკარდიოსტიმულატორით ცოცხლობდა. გარდაიცვალა გულის შეტევით 1972 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: http://kraeved-gatchina.de; http://voldrozd.narod.ru; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი