საზოგადოება

როგორ დაიცვა ილიკო სუხიშვილმა ნიკო ფიროსმანაშვილი ბულინგისგან

№19

ავტორი: ეკა პატარაია 20:00 17.05, 2021 წელი

ილიკო სუხიშვილი
დაკოპირებულია

დიდი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი წიგნში – „მოგონებები“, ცოცხალი ენით გვიხატავს „სუხიშვილების“ დაბადებას, ქართული ხალხური ცეკვის მოდერნიზაციას, საბჭოთა ცენზურის გავლენას კულტურაზე, შეხვედრებს ცნობილ პოლიტიკოსებთან და ხელოვანებთან...

...1928 წელს, თბილისში ავღანეთის მეფე და დედოფალი ჩამოსულან. საქართველოს საბჭოთა მთავრობას სტუმრების პატივსაცემად დარბაზობა და მეჯლისი გაუმართავს. ილიკო სუხიშვილი ფილმ „ელისოს“ გადასაღები მოედნიდან წაუყვანიათ – სტუმრებისთვის დუდუკების თანხლებით „ქართული“ უნდა ეცეკვა.

„მეჯლისზე მისულმა ვნახე, რომ იქ უკვე გახურებული ქეიფი იყო. ქართული მეჯლისი მაშინ არ ჰგავდა დიპლომატიურ დარბაზობას. მივხვდი, ზედმეტად აკადემიური ან ნაღდი ხალხური ცეკვა აქ ნაკლებად ივარგებდა. ამიტომ, „მთიულურის“ მოტივებზე აგებული და ჩემებური ილეთებით გამდიდრებული ქორეოგრაფიული ნომერი შევასრულე. ეს იყო ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე გადატანის პირველი ცდა“.

ეს იდეა ძალზედ მოსწონებიათ ილიკოსა და ნინოს (რამიშვილი) და ამის შემდეგ მრავალი ქორეოგრაფიული ნომერი შეუსრულებიათ ხალხურ ცეკვაზე დაყრდნობით.

ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული კულტურის წიაღში იღვწოდნენ და ქმნიდნენ უკვდავ ღირებულებებს. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეს ქართულ ხალხურ ცეკვას და იმპროვიზებული ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე:

„მეც და მოისეევიც ახალ ქორეოგრაფიულ ენას ვეძებდით, მაგრამ საცეკვაო ხელოვნებაში ჩვენთვის მთავარი იყო, არის და დარჩება ეროვნული ნიადაგი. ჩვენთან ერთად ამ პრინციპს ნინოც იზიარებდა“.

1942 წელს თბილისში შექმნილა ჯაზორკესტრი, რომელთან ერთადაც ილიკო და ნინო ასრულებდნენ გაქართულებულ ლათინო-ამერიკულ ცეკვებს.

„მე და ნინო ჯაზორკესტრთან ერთად გამოვდიოდით ესტრადაზე და ვასრულებდით „ქართულ ტანგოს“ და „ქართულ რუმბას“, რომელიც დადგა გამოჩენილმა ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა“... „მაგრამ მე არ მასვენებდა საქართველოში ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის შექმნის იდეა. ეს აზრი იმ დღიდან მქონდა, რაც 1935 წელს ლონდონში მსოფლიო ფესტივალზე ყოფნისას ძალიან ბევრი ანსამბლი ვნახე – რუმინეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და სხვა. მაშინ ვიფიქრე, თუკი ამ სახელმწიფოებს თავიანთი ეროვნული ცეკვის ანსამბლები ჰყავთ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია, იგივე გავაკეთოთ, როდესაც ასეთი მდიდარი ქორეოგრაფიული ფოლკლორი გვაქვს. უკვე ცხადად ვხედავდი ხალხური ცეკვებიდან ამოზრდილი, დახვეწილი ქორეოგრაფიული ნახაზის მქონე მინიატურებს, ცალკეულ ილეთებს და მომავალი პროგრამის მთავარ კონტურებს“

. ქართული ცეკვების მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ, მაესტროს მიერ არის შექმნილი. განსაკუთრებით საინტერესოა „სამაიას“ შექმნის ისტორია. მოგონებების ამ ნაწილში ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა დიდი შრომა და სიყვარულია ჩადებული ლეგენდარული ანსამბლის რეპერტუარის შექმნაში.

„მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ რამდენიმე ცეკვა თავიდან უნდა შეგვექმნა. ეს ცეკვები გახლდათ: „მხედრული“, „ყარაჩოხელი“, „ჯეირანი“, „ხაბარდა“, „ლელო“, მასობრივი ფარიკაობა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ორი წყვილი ცეკვავდა, ჩვენთან კი 10 წყვილს უნდა შეესრულებინა. ამ ცეკვებს საქართველოში არც ცეკვავდნენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით, საკუთარი ფანტაზიით ვქმნიდით ახალ ქორეოგრაფიულ სურათებს. მახსოვს, პროგრამაში რაიმე ქალთა ცეკვის შეტანა გახდა საჭირო, რათა მამაკაცებს კონცერტის დროს კოსტიუმების გამოცვლა მოესწროთ. ბევრი ვიფიქრე და სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკები გამახსენდა. მე, ნინო და სოლიკო ვირსალაძე დილაადრიან მატარებელში ჩავსხედით და მცხეთაში გავემგზავრეთ. სვეტიცხოველში რომ შევედით და ფრესკებს დავუკვირდით, ვნახეთ, რომ ერთგან სამი ერთად მდგარი ქალია გამოსახული. მერე გამახსენდა დავიწყებული ცეკვის სახელწოდება – „სამაია“, რომელიც ივანე ჯავახიშვილს აქვს ნახსენები, თუმცა როგორ ცეკვავდნენ, კაცმა არ იცოდა. ვიფიქრე, იმ ფრესკების მიხედვით გამეკეთებინა პატარა ქორეოგრაფიული მინიატურა... თბილისში დავბრუნდით და იმავე დღეს ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაზე „აბესალომ და ეთერიდან“, სულ რაღაც ნახევარ საათში დავდგი ჩონჩხი. 2-3 დღეში ცეკვა უკვე მზად იყო“.

მოგონებები 1962 წლის ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს აღწერით მთავრდება:

„ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ჩვენი ანსამბლის თავგადასავალში, კაცმა ყველაფერი შეიძლება, დაინახოს: აღმაფრენაც და იმედგაცრუებაც, კატორღული შრომაც და ლხინიც... მაგრამ ჩემთვის და ნინოსთვის ყოველთვის მთავარი თვითონ ცეკვა იყო. ცეკვა კი სხვა არაფერია, თუ არა მუსიკის რიტმში მოძრაობის თანდაყოლილი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს“.

1952 წლის შემოდგომაზე ილიკომ და ნინომ მოულოდნელად გაიგეს, რომ ანსამბლის დაშლასა და სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევას აპირებენ. იმ დროს ანსამბლი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო, არა მარტო საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ უცხოეთშიც.

„ილიკომ გადაწყვიტა, ანსამბლი პარტიული ნომენკლატურის თვალიდან სასწრაფოდ მოეცილებინა და რესპუბლიკიდან დაუყოვნებლივ გაეყვანა. ამისთვის სადგურში ორი ვაგონი იქირავა და ისიც მოახერხა, რომ პირველივე მატარებლისთვის მიებათ. ილიკოს ანსამბლი მიჰყავდა იქ, სადაც შესაძლებელი იყო სახელმწიფო სტატუსისა და ძველი საქმიანი კავშირების გამოყენება, კონცერტის ჩატარება და, ავად თუ კარგად, არსებობა.“ – იხსენებდა ნინო რამიშვილი.

***

...10 წლის ილიკო სუხიშვილი ქუჩაში მისეირნობდა, როცა მან შენიშნა ნასვამი კაცი, რომელიც მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა დახეული ჩექმითა და ქურთუკით. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია.

შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში ხშირად უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ „შამილის“ ცეკვას ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილო–კავკასიელთა ლეგენდის – შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა. ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა. დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკო (ნიკალა) ფიროსმანაშვილი იყო…

***

იგი 9 წლიდან მუშაობდა და გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად არაფერს თაკილობდა. მოცეკვავე ხშირად იგონებდა, რომ ცეკვა მას სულ თან სდევდა – ცხადშიც და სიზმარშიც, სკოლის კიბეებზეც კი ფეხის წვერებით ადიოდა. ხშირად თვითონ იგონებდა ილეთებს და 10 წლიდან ცეკვა მისი შემოსავლის წყაროდ იქცა.

მაშინდელ გორკის ბაღში მდებარე კაზინოში ილიკო სუხიშვილი ქართულ და უცხოურ ცეკვებს ასრულებდა. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ნინო რამიშვილს შეხვდა. მათი ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო. მარია პერინის სტუდიაში მისული ილიკოს პირველი მეწყვილე ნინო რამიშვილი იყო. მან აღშფოთებით განაცხადა, რომ კლასიკური ბალეტის მოცეკვავესთან ქართულს არ იცეკვებდა. ნინო რამიშვილმა ეს ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. გაბუტულები მარია პერინიმ შეარიგა და ცეკვა ქართულიც ერთად შეასრულეს. საყვარელი საქმის სიყვარულმა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი სამუდამოდ დააკავშირა.

რამიშვილების ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი დაქორწინდნენ და ერთობლივი ძალებით შეუდგნენ საყვარელი საქმის კეთებას. ნინო რამიშვილი ბალეტის მოცეკვავე იყო, ილიკო სუხიშვილი კი ქართულ ცეკვებს დგამდა და ცეკვავდა, მათმა ერთობლივმა მუშაობამ კი ქართულ ცეკვაში ახალი მიმდინარეობა ჩამოაყალიბა – ქართული ცეკვა ახალი ილეთებითა და მანერებით გამდიდრდა.

ილიკო სუხიშვილის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ინგლისში გამართულ ხალხური ცეკვის მსოფლიო ფესტივალს, სადაც „მთიულურის“ სოლო ნომრის ცეკვისთვის გრანპრი მოიპოვა. ილიკო სუხიშვილი ინგლისის დედოფალმა ოქროს მედლით დააჯილდოვა. ილიკომ დედოფალს ხელზე აკოცა. ეს ამბავი კრემლშიც შეიტყვეს და უკან დაბრუნებული დელეგაცია სტალინმა მიიღო, რომელმაც ილიკოს ეს ამბავი ღიმილით გაახსენა – მათ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, ილიკო სუხიშვილი სტალინს ძია სოსოს ეძახდა. ნინო რამიშვილი მათ ურთიერთობას ასე იხსენებდა:

„როცა ნახეს, სტალინი ასე ექცეოდა ილიკოს, პარტკომმა ბრძანა, ეს კომკავშირელია და არაფერს აკეთებსო. სტალინმა კი უპასუხა, ამან ასე იცეკვოს და კომკავშირში სხვა იმუშავებსო.“

ილიკო სუხიშვილმა ანსამბლის ჩამოყალიბება ომის გამო ვერ შეძლო. ის ომში არ წასულა, ამ წლებში ნინოსთან ერთად ჯარისკაცებისთვის ცეკვავდა. თანამოაზრეები უმალ შემოიკრიბა, მაგრამ წლების განმავლობაში ანსამბლის სტატუსი ვერ მოიპოვა – არც სარეპეტიციო ჰქონდა, არც კოსტიუმები, არც ინსტრუმენტები, მაგრამ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და სჯეროდა, რომ მისი დროც დადგებოდა. ვარლამ შადურის კაბინეტში ილიკო სუხიშვილმა თვითონ იცეკვა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის პარტიები, თან მუსიკალურ აკომპანემენტსაც თვითონ აკეთებდა და თითოეული ცეკვის ისტორიასაც თავად hყვებოდა (წყარო: „არტინფო“).

1945 წელს 11 ივნისს ანსამბლმა სადებიუტო კონცერტი გამართა, 2 წლის შემდეგ კი უცხოეთში პირველი კონცერტი ჩაატარა. მას შემდეგ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლი ისევ მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, სრული ანშლაგებით ატარებს კონცერტებს და ათასობით მაყურებელს კვლავაც აღაფრთოვანებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი