საზოგადოება

როგორ „ჩასცხო ზურგში დანა“ გიორგი დეკანოზიშვილმა რუსეთის იმპერიას და რისთვის გამოუყო მას იაპონიის მთავრობამ დიდი თანხა

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 04.05, 2021 წელი

გიორგი დეკანოზიშვილი
დაკოპირებულია

გიორგი დეკანოზიშვილს მისი თანამებრძოლები მოიხსენიებენ, როგორც პატრიოტსა და საქართველოსთვის თავგადადებულ პიროვნებას, რომელიც მზად იყო, ყველაფერი გაეღო ქვეყნისთვის – ამ სულისკვეთებით განვლო მან მთელი თავისი ცხოვრება, რომელიც სამწუხაროდ, არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

გიორგი 1868 წელს მახაჩყალაში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამის სურვილის მიუხედავად, გიორგიმ არ ისურვა სამხედრო კარიერა და პეტერბურგის სამთამადნო ინსტიტუტი დაამთავრა. ახალგაზრდა ინჟინერი სტუდენტობიდანვე ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში. ის დაუკავშირდა რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს და მათთან ერთად „საქართველოს გათავისუფლების ლიგა“ ჩამოაყალიბა. პოლიტიკური აქტივობა, რომელიც გიორგიმ 1890 წლიდან დაიწყო, რუსულ ჟანდარმერიას არ გამოჰპარვია. მათ მიერ შექმნილი საიდუმლო კავშირი ჩავარდა, ახალგაზრდები კი დააპატიმრეს, თუმცა მცირე სასჯელი აკმარეს.

გიორგი დეკანოზიშვილი საქართველოში დაბრუნდა და საზოგადოებრივ საქმიანობას შეუდგა. 1892 წელს ქართლში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა და მოსახლეობა დიდი საფრთხის წინაშე იდგა. დეკანოზიშვილმა შეადგინა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი უვლიდნენ ყველასგან მიტოვებულ ავადმყოფებს, ხალხს ასწავლიდნენ, როგორ დაეძლიათ მომაკვდინებელი სენი. სხვების ზრუნვის პროცესში გიორგიც დაავადდა, მაგრამ დროული მკურნალობით ამ დაავადებას თავი დააღწია.

მალე მის ცხოვრებაში ახალი საქმე გამოჩნდა – ჭიათურის მარგანეცის მრეწველმა ბესარიონ ღოღობერიძემ ახალგაზრდა სამთო ინჟინერი სამუშაოდ მიიწვია. ნოვატორმა სამთოელმა წარმოებაში ახლებური მეთოდების დანერგვა დაიწყო. ამასთან ერთად, ის აქტიურად ჩაერთო ჭიათურის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ადგილობრივებისთვის დაწყებითი სკოლის გახსნაც მოახერხა.

ჭიათურის მარგანეცზე დიდი მოთხოვნა იყო მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საჭირო გახდა კონკურენტი ქვეყნებისა და მათი მარაგების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. „შავი ქვის მრეწველთა საბჭომ“ ეს მისია გიორგი დეკანოზიშვილს მიანდო.

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ გარშემო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ბირთვი იკრიბება. გიორგი დეკანოზიშვილი ამ პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახლდათ. პარტიულმა საქმიანობამ თავისუფალი გაზეთის გამოცემა მოითხოვა, რაც მეფის რუსეთის მკაცრი ცენზურის პირობებში შეუძლებელი იყო. საზღვარგარეთ გაზეთის გამოცემას კი თანხების მოძიება სჭირდებოდა. ამ საქმის ორგანიზება გიორგი დეკანოზიშვილმა საკუთარ თავზე აიღო და შესანიშნავადაც განახორციელა.

გიორგიმ შეაგროვა 7 ათასი მანეთი და 1903 წელს არჩილ ჯორჯაძე, რომელიც გაზეთის რედაქტორი გახლდათ, ორგანიზატორი გიორგი დეკანოზიშვილი და ასოთამწყობი მიშა კიკნაძე პარიზში გაემგზავრნენ. პარიზში გიორგიმ კავშირი გააბა „ახალგაზრდა ოსმალთა პარტიასთან“, რომლის წევრებმაც საკუთარ სტამბაში ერთი კუთხე დაუთმეს. გიორგიმ ჩამოასხმევინა „პარიზულის“ სახელით ცნობილი ქართული შრიფტი და დაიწყო აქტიური მუშაობა. იბეჭდებოდა გაზეთი „საქართველო“ და მისი ფრანგული დამატება „ლა ჟეორჟი“, რომლის მომზადებაშიც გიორგის მეუღლე – ჰენრიეტა ფრენუა ეხმარებოდა.

გიორგი ზრუნავდა თანხის მოძიებაზე, გაზეთების არალეგალურად საქართველოში გავრცელებაზე, იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის დასამზადებლად საჭირო მასალის საქართველოში გაგზავნაზე.

გიორგი დეკანოზიშვილს რუსეთის იმპერია საშიშ მტრად მიიჩნევდა, რომელმაც იმპერიას „ზურგიდან ჩასცა მახვილი“. ეს მახვილი ქართველი პატრიოტების მიერ 1905 წელს საქართველოში იარაღის შემოტანას უკავშირდებოდა, რომელიც გიორგი დეკანოზიშვილმა იაპონიის მთავრობის ფულით შეიძინა.

იაპონიას რუსეთის იმპერიასთან მიმართებაში თავისი მიზნები ჰქონდა. იაპონიის ხელისუფლება ცდილობდა, მოკავშირეები მოეძებნა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხებში. იაპონელების დახმარებით პარიზში მოეწყო კონფერენცია, რომელსაც რვა პოლიტიკური პარტია ესწრებოდა, მათ შორის ქართველი სოციალ–ფედერალისტები – გიორგი დეკანოზიშვილი და ალექსანდრე გაბუნია. გადაწყდა, რუსეთის იმპერიის მასშტაბით მოეწყოთ ერთიანი შეიარაღებული აჯანყება თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ.

იაპონიის მთავრობას უნდა დაეფინანსებინა რევოლუციონერებისა და პატრიოტების შეიარაღება. ამ მიზნით გამოიყო 1 000 000 იენი, რაც მაშინ დიდი ფული იყო. გიორგი დეკანოზიშვილს საქართველოს პატრიოტების შესაიარაღებლად 125 000 იენი გამოეყო. მალე დეკანოზიშვილმა რამდენიმე ადამიანთან ერთად შეიძინა იარაღი, რომლის პირველი პარტია გემ „ჯონ გრაფტონის“ მეშვეობით ბალტიის ზღვაში გავიდა, იარაღის მცირე ნაწილი ფინელებმა მიიღეს, ნაწილი გემის დაზიანების გამო დაიკარგა, ნაწილი იარაღისა რუსეთის სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. მეორე გემი „გარსია“ კი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა.

ასეთ დროს გიორგი დეკანოზიშვილმა ყველა ზომა მიიღო საიდუმლოს შენახვისთვის. მოახერხა შეესყიდა – 8 000 თოფი და მილიონზე მეტი ვაზნა. იაკობ ზუბალაშვილის დაფინანსებით შეიძინა გემი „სირიუსი“. დაიქირავა კაპიტანი ეკიპაჟით, რომლებმაც არ იცოდნენ, რა გადაჰქონდათ. რუსეთის „ოხრანკამ“ ვერ მოახერხა გაეგო, რა გზით და რომელი გემით წავიდოდა იარაღი იმპერიაში. ნოემბრის თვეში „სირიუსი“ ფოთს მოადგა. გადმოტვირთვა გაძნელდა, გემს არ დახვდა საჭირო რაოდენობის ნავი, ამიტომ იარაღის ნაწილი ზღვაში ჩაყარეს, ნაწილი რუს ჯარისკაცებს ჩაუვარდა ხელში. ადგილზე მოხდა შეტაკებაც. იარაღის გარკვეული ნაწილი მოსახლეობამ დაიტაცა. გიორგი დეკანოზიშვილის მიერ შესანიშნავად დაგეგმილი საქმე საქართველოში არცთუ კარგად დააგვირგვინეს, თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რაც დამპყრობლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გიორგი დეკანოზიშვილი ემიგრაციაში წავიდა და ავადმყოფობის გამო აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. იგი გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში.

გიორგის ძალიან უნდოდა საქართველოში დაკრძალულიყო და თვითონვე შეიმუშავა გეგმა იმისთვის, თუ როგორ ჩამოესვენებინათ მისი ცხედარი სამშობლოში კონსპირაციულად. მისმა ახლობლებმა მისი გეგმა სისრულეში მოიყვანეს და 1910 წელს გიორგი დეკანოზიშვილი საფრანგეთიდან მალულად ჩამოასვენეს. სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებული მამულიშვილი კუკიის სასაფლაოზე ისე დაკრძალეს, რომ ამის შესახებ მისმა მეგობრებმაც კი მოგვიანებით გაიგეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ჟურნალი „ისტორიანი“, „საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი