საზოგადოება

რით იქნება მეგი ქავთარაძის რობოტი წინამორბედებისგან განსხვავებული და შეიცავს თუ არა მისი შექმნა ადამიანებისთვის საფრთხეს

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 21.06, 2022 წელი

მეგი ქავთარაძე
დაკოპირებულია

მეგი ქავთარაძე ქართველი ანტრეპრენერია ამერიკაში, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მარტოობის პრობლემით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

მეგი ქავთარაძე: ბავშვობაში ერთი ჩვევა მქონდა – სათამაშოები, რომელსაც ჩემთვის ყიდულობდნენ, აუცილებლად უნდა დამეშალა და თავიდან ამეწყო. არ ვაფუჭებდი, მხოლოდ ვშლიდი და ვაწყობდი, რადგან მაინტერესებდა, რა იყო შიგნით. ეს მოგვიანებით ტექნოლოგიებისადმი ინტერესში გადაიზარდა. ვფიქრობდი, რომ ტექნოლოგიები მომავლის თემა იყო, მაგრამ ცოტა შემაშინა იმ ფაქტმა, რომ ეს სფერო, ძირითადად, მამაკაცებზე იყო ორიენტირებული. ამიტომ გადავწყვიტე, მეტი ყურადღება ჩემი მეორე ინტერესისთვის – საერთაშორისო ურთიერთობებისთვის დამეთმო. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ინტერდისციპლინარული კვლევების ფარგლებში, შემეძლო, ტექნოლოგიები დღის წესრიგიდან არ გამომერიცხა. საბედნიეროდ, დღეს ინტერნეტი ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს და ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებას დამოუკიდებლად შევუდექი.

– თქვენი ამერიკაში გადასვლა რას უკავშირდებოდა?

– მაგისტრატურის პირველი კურსის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კვლევითი საქმიანობის დრო იყო. 2019 წელს ჩემი კვლევა „ჰარვარდის“ უნივერსიტეტის ერთ-ერთ კონფერენციაზე გავგზავნე და მოწვევა მივიღე, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ამ მოწვევით ჩამოვედი ამერიკაში და კვლევა „ჰარვარდში“ დავიცავი, რაც ჩემთვის ემოციებთან იყო დაკავშირებული, რადგან ამდენი გამოცდილი პროფესორის გვერდით ყველაზე პატარა ვიყავი და შეიძლებოდა, ჩემი გამოსვლა კონკურენტუნარიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ძალიან საინტერესო ფიდბექები და ინფორმაციული ცვლები მივიღე. მივხვდი, რომ შემეძლო იმ იდეის განხორციელება, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით მქონდა. ჩემს იდეაზე მუშაობა პანდემიის დროს ნიუ-იორკში დავიწყე. ერთ-ერთ ნაცნობთან ხშირად მქონდა საუბარი მის შესახებ და ერთხელაც, მან „ფორბსის“ ღონისძიებიდან მოწვევა გამომიგზავნა. იქ მისულმა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ სპიკერი ვიყავი. ივენთს ჯეკ დორსი ესწრებოდა, რომელიც იმ დროს „ტვიტერის“ გენერალური დირექტორი იყო. ვისაუბრე ინფორმაციული ტექნოლოგიების როლზე სახელმწიფოთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების განვითარებაში. ჩემთვის იქ გამოსვლა ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, თუმცა დიდი მოწონება დაიმსახურა. პირადად შევხვდი დამსწრეებს და მათმა შეფასებებმა მოტივაცია მომცა, დამეწყო მუშაობა ჩემს იდეებზე, რომელიც აუცილებლად მოიტანდა სასიკეთო ცვლილებებს. მალე კოვიდი დაიწყო და ძალიან სტრესული გარემო შექმნა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში. ხალხი ჩაკეტილი იყო, სოციალური კომუნიკაციები – გართულებული, რამაც ძალიან ბევრი მენტალური დაავადება გამოიწვია. ყოველ მეორე ადამიანს ჰქონდა მარტოობის პრობლემა. ადამიანური კომუნიკაციის ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ თუ მას რაღაცებს მივახმართ მენტალურ პრობლემებს თავიდან ავირიდებთ. მე ამ დროს სახლში „ამაზონ ალექსა“ მქონდა და მის სხვადასხვა შესაძლებლობებს ვამუშავებდი. მოგეხსენებათ, „ალექსა“ ტექნოლოგიებით შექმნილი ვირტუალური ასისტენტია, რომელსაც განვითარებული აქვს ხმოვანი სისტემა და ადამიანის საუბარზე რეაგირებს, შეუძლია პასუხის გაცემა და მარტივი საასისტენტო ფუნქციების შესრულება, რის საშუალებასაც ხელოვნური ინტელექტი აძლევს. შეგიძლია, „ამაზონ ალექსას“ გარკვეული უნარ-ჩვევები დააშენო და განავითარო. ამაზე ვმუშაობდი და მივხვდი, თუ კი მას ადამიანის სახეს მივცემდით, მასთან კომუნიკაცია ბევრად მარტივი იქნებოდა. შეიძლებოდა, ბევრად უფრო ჭკვიანი, მარტივად საკომუნიკაციო გამხდარიყო და თუ ფიზიკურ შესაძლებლობებსაც დავუმატებდით, შევძლებდით ადამიანებისთვის შეგვექმნა დამატებითი ხელსაწყო სოციალური იზოლაციისა და მარტოობის პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველი ხუთი ადამიანიდან სამი ოთხი თავს ქრონიკულად მარტო გრძნობს. მარტოობის პრობლემა, მენტალურ პრობლემებად იქცევა, რასაც შეუძლია, გამოიწვიოს გულის დაავადებები, ადრეული სიკვდილი და სხვა. რობოტი ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მისი ნაკლებობის დროს, მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

ამ იდეაზე საუბარი ბევრ ადამიანთან დავიწყე. ნაწილი მეუბნებოდა, რომ ძალიან რთული განსახორციელებელი იქნებოდა. სხვები მეუბნებოდნენ, რომ ძალიან მაგარი იდეა იყო. მესამე კატეგორია კი ამბობდა, რომ რობოტი ძალიან მაგარი, მაგრამ საშიშია. ხომ შეიძლება, ტერმინატორად გადაიქცეს და ჩვენი მტერი გახდეს, რამე დაგვიშავოსო? ანუ მოხდეს ის, რითაც ფილმებიდან ვართ შთაგონებული.

ერთ-ერთ კონფერენციაზე მეგობარი შევიძინე – ჯეისონ ჯორდანი, მას ამ მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის მოიხიბლა ჩემი იდეით და შემომიერთდა. შემდეგ ლელა მირცხულავას დავუკავშირდი, ის გახლავთ პროფესორი, რომელიც ასწავლიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ბერკლიში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასაც ძალიან მოეწონა ეს იდეა და საკუთარ სტუდენტთან – ერეკლე შიშნიაშვილთან დამაკავშირა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე „ჰუავეიში“ მუშაობდა. დავუკავშირდი ასევე ჩემს კიდევ ერთ მეგობარს, რომელიც აქტიურია მარკეტინგული მიმართულებით და ამჟამად „ტესლაში“ მუშაობს. ასე შეიკრა ჩვენი გუნდი საერთო ხედვებით და დავიწყეთ სიღრმისეული კვლევა. 2021 წლის შემოდგომაზე დავაფუძნეთ კომპანია Destiny Robotics და აქტიურ საქმიანობას შევუდექით.

– რადგან მოდელად „ალექსა“ აიღეთ, ასე გკითხავთ – რა უპირატესობები ექნება მასთან მიმართებაში თქვენს რობოტს?

– „ამაზონ ალექსა“ ნამდვილად არაჩვეულებრივი პროდუქტია, მაგრამ ჩემი აზრით, რადგან მას ყუთის ფორმა აქვს – არ აქვს თვალები, არ არის განსხეულებული და მასთან სიღრმისეულ ინტერაქციას ვერ შეძლებ, ადამიანს უფრო მარტივად ბეზრდება. ის ემოციურ დანაკლისებს ვერ შეგივსებს, ვერც ფიზიკურად დაგეხმარება. ჩვენი რობოტი იქნება ადამიანური ფორმის, ექნება სახე, რაც ადამიანთან სიღრმისეული ინტერაქციისთვის მნიშვნელოვანია, შეასრულებს ყველა დამღლელ, რუტინულ საქმიანობას და ის იქნება პირველი ზრდასრული რობოტი, რომელიც დაინერგება სახლში გამოყენებისთვის.

რომ დავკონკრეტდეთ, „ამაზონ ალექსას“ ფსიქოლოგიური თერაპიის ჩატარება რომ სთხოვო, ხარისხიან მედიტაციას ვერ ჩაგიტარებს, რადგან ის ვერ გიყურებს თვალებში და ნდობის ფაქტორი გამორიცხულია. ჩვენს რობოტს უყურებ, მასთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში ხარ და მეტად ენდობი. თუ „ამაზონ ალექსას“ ეტყვი, რომ წყალი მოგიტანოს, ის ამას ვერ შეძლებს, ჩვენი რობოტი ფიზიკურადაც დაგეხმარება.

„ამაზონ ალექსამ“ შეიძლება, მოხუც ადამიანს გაახსენოს, რომ დალიოს წამალი, ჩვენმა რობოტმა კი შესაძლოა, თვითონ მიუტანოს ადამიანს წამალი დასალევად.

თუ ადამიანი ცუდად გახდება, რობოტი შეძლებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. „ამაზონ ალექსასაც“ შეუძლია დარეკოს სასწრაფოში, მაგრამ რობოტს აქვს შესაძლებლობა, ადამიანზე დაკვირვების შედეგად, აღიქვას მისი მდგომარეობა და მიხვდეს, საჭიროებს თუ არა იგი სასწრაფო დახმარებას, იაზრებს თუ არა ადამიანი ამას თავად. საჭიროების შემთხვევაში რობოტი თვითონ შესთავაზებს შესაბამის დახმარებას ადამიანს, მისგან ნებართვის მიღების შემთხვევაში კი გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას. არ ვამბობთ, რომ რობოტი ყოვლისშემძლე იქნება, მაგრამ მისი შესაძლებლობები ცალკეული ადამიანების საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება. ანუ, სპეციფიკური საჭიროებების შემთხვევაში, მის საბაზისო შესაძლებლობებს დამატებითი უნარები დაემატება.

ჩვენი გათვლებით, მისი მასობრივი წარმოება 2023 წლის ბოლოს 2024 წლის დასაწყისში უნდა გახდეს შესაძლებელი.

– განვიხილოთ საშიშროებებიც – დაგვაკარგვინებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს და რამდენად შესაძლებელია, რობოტი იქცეს გამანადგურებლად?

– რობოტები ნამდვილად ჩაანაცვლებენ ადამიანის სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ცუდი არ არის. ისინი ადამიანის საშიშ, დამღლელ, რუტინულ სამუშაო ადგილებს ჩაანაცვლებენ, რაც გამოიწვევს ადამიანების მაქსიმალურ მობილიზებას ინტელექტუალურ სფეროებზე. რაც შეეხება ფილმების მიერ დანერგილ, რობოტისგან მოსალოდნელ საშიშროებას, ილონ მასკიც ამბობს, ხელოვნურ ინტელექტზე საშიში არაფერი არსებობსო. ეს ასეა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი საშიში ხდება მაშინ, როდესაც სრულიად ავტონომიურია და უკვე იცის თვითგანვითარება ადამიანის ჩარევის გარეშე. დღევანდელი რობოტები, რომ რაიმე კუთხით საშიშები გახდნენ, ეს ფიზიკურად გამორიცხულია. ხელოვნური ინტელექტი, ბევრი წლის შემდეგ რომ გახდეს საშიში, ეს შესაძლებელია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს საშიშროება გააზრებულია და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, მის უსაფრთხოებაზეც მუშაობენ. იქნება ყველა ტიპის საფრთხის ბლოკირების მექანიზმი და შესაბამისად, საფრთხე არც მომავალში გველოდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი