საზოგადოება

რისთვის ამზადებდა გარდაცვალებამდე ზურაბ რთველიაშვილი საყვარელ ქალს და რა დაიწერა სხეულზე ცოლმა მისი სიკვდილის შემდეგ

№34

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 30.08, 2021 წელი

ზურა რთველიაშვილი
დაკოპირებულია

არსებობს გრძნობა, რომელიც უცებ გატყდება თავს და მას ვერანაირი ძალა და გარემოება ვერ გართმევს. სწორედ, ასეთი სიყვარული აკავშირებდა ნინა ამირეჯიბს მის მეუღლესთან, ზურაბ რთველიაშვილთან. როგორც თავად ამბობს, ზურა ფიზიკურად არ არის მის გვერდით, სიკვდილმა წაართვა მისი თავი, თუმცა ვერ დააშორა და მის თანადგომას, დახმარებას, გვერდით დგომას და სიყვარულს, ყოველ წამს გრძნობს.

– ნინა, სად ნახეთ პირველად ზურა და ერთი ნახვით მოვიდა ის ემოცია, რაც შემდეგ გაკავშირებდათ?

– პირველად მე და ზურა ერთმანეთს 2017 წლის 24 ოქტომბერს შევხვდით პრეზენტაციაზე. ზუსტად მახსოვს ეს თარიღი, არასდროს დამავიწყდება – 9 წლის შემდეგ პირველად ჩამოდიოდა საქართველოში და მწერალთა სახლში მისი პოეზიის საღამო იმართებოდა. ამ პერიოდში უკვე მეგობრები ვიყავით სოციალურ ქსელში. მერე ხშირად ამბობდა, რომ ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. მაშინ, როცა მწერალთა სახლის კარი შევაღე და მის პერფორმანსზე ამოვყავი თავი, ისეთი მედიდური იდგა, პოეზიის ღმერთივით დიდებული, მომნუსხველი ჩემკენ მომართული ჯადოქრული მზერით, უკვე ვიცოდი, რომ ამ უცნაური გრძნობისგან, რომელიც იმ წამს დამეუფლა, თავს ვეღარასდროს დავაღწევდი. დავიბენი, წიგნი გავუწოდე ავტოგრაფისთვის, ინსტინქტურად დამიწერა – „ნინ, მიყვარხარ ძალიან!” ისე დავიბენი, ცოტა ხანში მწერალთა სახლიდან გამოვიქეცი და სანამ საქართველოში იყო, ყველანაირად ვეცადე, რომ აღარ მენახა. ეს რაღაცნაირად, საბედისწერო დღე იყო, თითქოს რაღაც ძალიან ძლიერის მეშინოდა, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რისი.

– რამდენ ხანს იყავით ერთად და რას ნიშნავდა ის დრო თქვენთვის, თუ ნანობთ რამეს?

– მთლიანობაში, ხუთ წლამდე ვიყავით ერთად. თუ რამეს ვნანობ ახლა იმ სამ წელს, სანამ საბოლოოდ ერთად დავიწყებდით ყოველდღიურ ცხოვრებას. არ ვიცი, რას ველოდი. იმდენად არარეალური და ზღაპრული მეგონა ეს სიყვარული, თითქოს მეშინოდა ყოველდღიურობას რუტინა არ შემოეტანა ჩვენს ცხოვრებაში. სამი წელი ხან ის ჩამოდიოდა, ხან სხვადასხვა ქვეყნებში ვახერხებდით გადაკვეთას. მაშინ ფარულად ვხვდებოდით ერთმანეთს, ბევრი მიზეზის გამო... ზურასთან გატარებული ყოველი წამი ვულკანის ამოფრქვევას ჰგავდა, იმდენად მონუსხული ვიყავი მისი ნატურით, მეგონა, რომ ჭკუიდან შევიშლებოდი. თითქოს სხვებისთვის სალაპარაკოდ არ მემეტებოდა, ყველა ფარული წამი მხოლოდ ჩვენ ორისთვის მინდოდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე მძაფრი მომენტები მხოლოდ ზურასთან კავშირშია. ამ ემოციურ მომენტებზე მნიშვნელოვანი არც არაფერი ყოფილა ცხოვრებაში და ვერც ვერაფერი იქნება.

– სანამ გარდაიცვლებოდა, წინათგრძნობა ან სიზმრები ხომ არ გქონდათ მასზე და ახლა თუ გესიზმრებათ?

– წინათგრძნობა მქონდა. ახლა რომ ვფიქრობ, ის შეხვედრაც, შეყვარების შიშთან ერთად, რაღაც ძალიან დიდი და საშიში გრძნობა იყო. მახსოვს, ბოლო წელს ყოველ ღამით მეღვიძებოდა და მის სუნთქვას ვითვლიდი, როცა ვრწმუნდებოდი, ყველაფერი რიგზე იყო, მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებდი მშვიდად დაძინებას. ეს მისი სუნთქვა გახდა ზუსტად ის, რასაც ყოველ წამს ვითვლიდი მისი სიცოცხლის უკანასკნელი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მასთან არასდროს მილაპარაკია ჩემს შიშებზე. ამაზე თვითონ მელაპარაკებოდა ძალიან ბევრს, თითქოს მამზადებდა, მიხსნიდა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ვერაფერი დაგვაშორებდა, სიკვდილიც კი. სიცილით დამყურებდა და მიმტკიცებდა, რომ ეს სიყვარული უკვდავი იყო. თუ რამის მეშინოდა ამ სამყაროში მხოლოდ მისი დაკარგვის, მაშინ, მისი ჩემ გვერდით ყოფნაზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. გარდაცვალების შემდეგ, როცა პირველად დამესიზმრა, მითხრა, დღეს ჩვენი თავიდან დაქორწინების დღეაო. მისი საყვარელი კაბის ჩაცმა მთხოვა. როცა გამეღვიძა ჩვენს მეგობრებს დავურეკე, მოსვლა ვთხოვე და ხელზე მისი წიგნის სათაური ,,პოეზიის დიქტატურა” დავიწერე, იმ წიგნის, რომლის პრეზენტაციაზეც შევხვდით პირველად. ეს დღე რაღაცნაირ მარადიულ ჯვრისწერას ჰგავდა თითქოს და მაშინ ძალიან მჯეროდა, რომ ზურაც ჩემ გვერდით იყო.

– საფლავზე ხშირად მიდიხართ?

– საფლავზე არ ავდივარ. სულ მეუბნებოდა, რომ თუ ოდესმე რამე დაემართებოდა, მისი ჩემგან წასვლა, მხოლოდ ფიზიკურად დაშორება იქნებოდა. რომ არასდროს აღმექვა გარდაცვლილად და არც მის საფლავზე მევლო.

– მის რაიმე ნივთს ხომ არ ატარებთ, როგორც თილისმას?

– რასაც ვატარებ მოუხსნელად ეს ქორწინების ბეჭედია და ტატუ, რომელიც სამუდამოდ ჩემს თილისმად იქცა.

– ნინა, მისი გარდაცვალების მერე რაიმე მისტიკური ხომ არ მომხდარა სახლში და თუ გრძნობთ მის არსებობას?

– ყოველთვის ვგრძნობ. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, ისევ მისგან ვიღებ პასუხს – ან იმ მომენტისთვის ყველაზე საჭირო ადამიანებს მიგზავნის, ან რაღაც ხდება ისეთი, რაც მაგრძნობინებს, რომ ეს ყველაფერი მისგან არის. რა თქმა უნდა, ეს შემდეგ მოვიდა. აქამდე კი იყო ძალიან მძიმე პერიოდი, თავიდან სასოწარკვეთისა და რწმენის დაკარგვის მეტი, არაფერი განმიცდია, მაგრამ ამ მდგომარეობიდან თითქოს ისევ მან ამომიყვანა. თანდათან მასთან საუბარიც ვისწავლე, იმდენად კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, რომ ზუსტად ვიცოდი, როდის რას მიპასუხებდა. როცა ძალიან მიჭირს, მუდმივად ჩნდება ვიღაც, ვინც თითქოს მისი პირით მესაუბრება და ასეთ დროს ვხვდები, რომ ჩემთან არის.

– როგორ ფიქრობთ, ამ გადასახედიდან, რამდენად გაგიმართლათ ზურას რომ შეხვდით და მასთან გაატარეთ ცხოვრების მცირე, თუმცა გარკვეული და მნიშვნელოვანი ეტაპი?

– თუ ცხოვრებაში რამეში გამიმართლა ის არის, რომ ზურამ აღმომაჩინა, შემიყვარა და მთლიანად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. ახლა რომ არჩევანის თავისუფლება მქონოდა და შანსი, ამ ყველაფერს ავცდენოდი, დაუფიქრებლად, აუცილებლად ისევ ამ ტკივილიან გზას გავივლიდი, მიუხედავად ყველაფრისა. ზურასთან ცხოვრება ნამდვილად იყო პატივი და გამიმართლა. იყო ყველაზე განსაკუთრებული პოეტის მუზა, აღმერთებდე და გაღმერთებდეს, გყავდეს მისგან ყველაზე სანუკვარი შვილი, რომელიც გაძლევს სიცოცხლის უნარს, ეს ისაა, რის გამოც ღირს სიცოცხლე. არასდროს დამავიწყდება ზურას ბედნიერი თვალები, როცა გიორგი დაიბადა და ვალდებული ვარ, ჩვენს შვილს, მხოლოდ დადებითი ემოციები ვაჩუქო. ზურა არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა თანამედროვე ქართულ კულტურაში, რომ ბუნებრივია, მისი გავლენა ჩემს ცხოვრებაში წარუშლელია. ის იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც უდიდესს რესურსს დებდა ჩემს განვითარებაში, თუ რაიმე მნიშვნელოვანს გავაკეთებ ოდესმე ცხოვრებაში, ეს ნამდვილად მისი დამსახურება იქნება და იმ გამოცდილების, რომელიც მასთან ყოფნით შევიძინე. ახლა, თითქოს თავიდან ვიბადები, ახალ სამყაროში, სადაც ზურა ჩემი საუკეთესო მეგობარია და მაიძულებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, კარგად ვიყო. ის კი, რაც იყო, იყო ყველაზე მშვენიერი. ათი სიცოცხლით რომ მეცხოვრა და კიდევ ათი ვიცხოვრო, მსგავს დიდებულს ვერასდროს მივუახლოვდები, რა დიდებულებაც ამ სიყვარულს ჰქონდა ჩვენს ერთიანობაში. სისუსტის უფლება არ მაქვს, ყველაზე მეტად ამას არ მპატიობდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი