საზოგადოება

რატომ ჩააწვინა ლევან თედიაშვილმა ამერიკელი სტუმარი სასტუმროს ნომრის აბაზანაში და ჩაუსხა ბოცებით ღვინო

№12

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 26.03

ლევან თედიაშვილი
დაკოპირებულია

ერთხელ, რჩეულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიისას, სცენაზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ლევან თედიაშვილს უხმეს. მიკროფონთან მისული ბეჭდაუდები ფალავანი დარბაზს მიუბრუნდა:

– ხომ გაიგონეთ, ხალხო, ქართული სპორტის ლეგენდა ლევან თედიაშვილიო!

პაუზა...

– მართლა ვარ, ხალხო, ლეგენდა?! დარბაზიდან ერთხმად – დიახ, დიახ!

– ჰოდა, თქვე დალოცვილებო, რას მერჩოდით ამ ლეგენდა-კაცს! დიღომში ჭიდაობის სასახლე მოვაწყვე, შეჯიბრებებს ვმართავდი, მედალოსნებს ფულადი პრიზებით ვაჯილდოვებდი. თქვენ კი აიღეთ და ეს დარბაზი წამართვით, ძიუდოს გადაეცით და ოლიმპიური ჩემპიონის - შოთა ჩოჩიშვილის სახელი მიაკუთვნეთ. რას მერჩოდით, თუკი ლეგენდა ვარ?!

უხერხული სიჩუმე დარბაზში.

– ახლა მეუბნებიან, ძიუდოისტებს ჩამოვართმევთ, მოჭიდავეებს გადავცემთ და ისევ შენს სახელს მივაკუთნებთო. ჩოჩიშვილი ჩემი ნათლული იყო, ხალხო, ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძარში მოვნათლე. რამდენიმე წლის წინ ჩემს ნათლულს მიაქარვინეს, ახლა მე უნდა მიმაქარვინოთ?!. დარბაზი უხერხულად შეიშმუშნა, მერე ერთხმად იქუხა ტაშმა...

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა

...მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჭიდაობა სოფელში ისწავლა, ნახერხმოყრილ სარბიელზე. 14 წლის იყო, საგარეჯოელმა მწვრთნელმა ვალერიან მეკოკიშვილმა რომ მიაქცია ყურადღება და ლევანიც მასთან ჭიდაობის სექციაში ჩაეწერა. კაკაბეთში ერთ-ერთი შეჯიბრებისას არსენ მეკოკიშვილმა ვახტანგ ბალავაძეს უთხრა, ერთი იმ ბალღის ორთაბრძოლებს დააკვირდიო. „ჭიდაობის პროფესორიც“ დააკვირდა, მოეწონა და ნიჭიერი ყმაწვილი თბილისში წამოიყვანა, თავისთან დააბინავა და საერთაშორისო სარბიელზე გზის გაკვალვაშიც დაეხმარა. შეგირდმაც არ დააღალატა ოსტატი – რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოიგო ახალგაზრდებში. და მაინც, პირველი დიდი სერიოზული გამოცდა 1971 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩააბარა – ერთი ამოსუნთქვით სძლია ყველა მეტოქეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. იმავე წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა მეხუთე სპარტაკიადის ფინალში სახელოვან მახაჩყალელ ფალავანს, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ იური შახმურადოვს შეხვდა. მაშინდელი „სოვეტსკი სპორტი“ წერდა: მსოფლიოში მოჭიდავე არ მოიძებნება, შახმურადოვს ხალიჩაზე ბეჭი დაადებინოსო. „შახის“ მუდმივი მეტოქე გურამ საღარაძე გახლდათ, ჩვენი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი. დიდი სარბიელიდან მისი წასვლის შემდეგ ჩრდილოკავკასიელმა იფიქრა, მეშველაო, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო: სპარტაკიადის ფინალში მის პირისპირ დადგა 23 წლის საგარეჯოელი ჭაბუკი, რომელიც მეტოქეს თვალებში უყურებდა და იღიმოდა.

სახელოვანი მწვრთნელი გურამ თიკანაძე იგონებს: „როცა მსაჯებმა თედიაშვილი და შახმურადოვი ხალიჩაზე გამოიძახეს, ლევანის სეკუნდანტობა მე ვიკისრე. დავარიგე – ტემპში იჭიდავე, თამამად შეუტიე, მეტოქის იერიშს არ დაელოდო-მეთქი. თავიდან ინიციატივა ხელთ იგდო და ორი ქულაც მალევე აართვა. ახლა მოპოვებულის შენარჩუნება იყო საჭირო, ამიტომ შესვენებისას შევაქე და ვუთხარი – კარგია, ისევ მაგ ტემპში განაგრძე და, რაც მთავარია, ღიმილი არ დაგავიწყდეს-მეთქი”. მაგ ღიმილმა მოუღო ბოლო შახმურადოვს. საერთოდაც, საერთაშორისო სარბიელზე გამართული 600-ზე მეტი ორთაბრძოლიდან, ლევან თედიაშვილს არცერთი პაექრობისას სახიდან ღიმილი არ წაშლია.

მასთან ჭიდაობა შეუძლებელია

1972 წელს იაპონიის პროფკავშირთა სასპორტო ასოციაციამ ქართველ ძიუდოისტებთან ერთად ამხანაგური შეხვედრებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც მიიწვია. სახელოვანმა ძიუდოისტმა შოთა ჩოჩიშვილმა მხარი იტკინა. ტატამზე გასვლა ვერ შეძლო. მწვრთნელებმა ლევანს სთხოვეს დახმარება. ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზები მეზობლად იყო. ხალიჩაზე ორთაბრძოლას რომ მორჩებოდა, ტატამისკენ გარბოდა...

ერთ დღეში 10 შეხვედრა მოიგო. ქომაგებთან ერთად მეტოქეებიც დიდად აფასებდნენ ლევან თედიაშვილის ტალანტს. 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გერმანელმა ჰორსტ შტოტმაისტერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: მე, ფაქტობრივად, მსოფლიოში უძლიერესი მოჭიდავე ვარ, თუ, რა თქმა უნდა, ლევან თედიაშვილს არ მივიღებთ მხედველობაში, ვინაიდან მასთან ჭიდაობა, ჩემი აზრით, შეუძლებელია”. ალემანმა ქართველ ფალავანთან შვიდიდან ექვსი ორთაბრძოლა წააგო, მათ შორის სამჯერ – მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში. ორივენი თავიდან 82 კილოგრამში გამოდიოდნენ. 1971-1972 წლებში ჰორსტი ჯერ სოფიაში დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მერე მიუნხენის ოლიმპიადაზე წააგო ქართველთან. ლევანმა 90-კილოგრამიან წონით კატეგორიაში რომ გადაინაცვლა, გერმანელმაც მოიმატა წონაში და მინსკში მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი პაექრობა ისევ თედიაშვილთან დათმო.

ლოთი პეტერსონი და კახური ღვინის აბაზანები

ერთხელ ჯონ პეტერსონი თბილისის საერთაშორისო ტურნირს ეწვია. ამერიკის გუნდი სასტუმრო „თბილისში“ დაბინავდა. ლევანმა ჯონი კახეთში წაიყვანა. მამამ შვილი და მისი ამერიკელი მეგობარი მარანში შეიყვანა, ქვევრს თავი მოხადა. ღვინის სურნელი მოედო იქაურობას. ჯონმა გასინჯა ქარვისფერი სითხე. მოეწონა. ლევანმა შესთავაზა, ამერიკულად დავლიოთ, ვითომ წვენს ვწრუპავთო: გრძელი რეზინის შლანგი შუაზე გაჭრა, თითო ბოლო ქვევრში ჩაუშვა, მეორეთი კი ღვინის სმა დაიწყეს. გვარიანად გამოთვრნენ. მეორე დილით ლევანმა სასტუმროში მიაკითხა ამერიკელს. ჯონი საწოლზე იწვა პირსახოცით თავწაკრული. ხმას არ იღებდა. ქართველმა ფალავანმა ბოცებით ღვინო აიტანა ნომერში, აბაზანაში ჩაასხა და სტუმარს უთხრა, ადე, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანოო. ჩააწვინა აბაზანაში. ეტყობა, ღვინის სურნელმა იმოქმედა, ჯონი 10 წუთის შემდეგ ჩიტივით იყო. ეს რა კარგი რამე გცოდნიათო, უთხრა ლევანს გამოცოცხლებულმა პეტერსონმა.

საიდუმლო სცენარი

1976 წლის 31 ივლისს მონრეალის ოლიმპიურ ხალიჩაზე 90-კილოგრამიან წონით კატეგორიაში ბოლო ოლიმპიური ოქროს მედლის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ერთმანეთის პირისპირ მიუნხენის თამაშების ჩემპიონები – ლევან თედიაშვილი და ამერიკელი ბენ პეტერსონი იდგნენ. ოთხი წლის წინ ისინი მიუნხენში სხვადასხვა წონით კატეგორიაში ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურებზე. თურმე, ჯონიმ, რომელსაც მონრეალში ოლიმპიური ჩემპიონობა მოეპოვებინა და ძმას სეკუნდანტობდა, ბენს უთხრა – „ტედის“ შენი შემოწმება გადაუწყვეტიაო... „ერჩივნა, თავის წონაში დარჩენილიყო, ჩემთან ვერაფერს გახდება”, – იმედიანად იყო მიუნხენის გმირი.

„ამერიკელები მონრეალში თავს მასპინძლებად გრძნობდნენ, - იგონებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი ლევანი, – ვიცოდი, არბიტრები ოლიმპიადის ბოლო დღეს ამერიკელის მხარეს იქნებოდნენ, ამიტომაც ფინალის წინ საიდუმლო სცენარი შევიმუშავე – მსაჯები უნდა დამერწმუნებინა, რომ ბენი მათ დაუხმარებლადაც მომიგებდა. მართლაც, პირველი ქულა ავიღე თუ არა, ვცდილობდი, არ მეჭიდავა. არბიტრებმა გაფრთხილება მომცეს და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. პირველი პერიოდი ფრედ – 2:2 დამთავრდა. საბჭოთა დელეგაციის წევრები შეშფოთებული მიყურებდნენ, მათ ხომ ჩემი საიდუმლო გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ”. მეორე პერიოდი თედიაშვილმა 6:4 მოიგო. მესამეში, სანამ მწვრთნელები და ბენი აზრზე მოვიდოდნენ, ქართველმა ფალავანმა ხუთი ქულა აართვა ამერიკელს და 11:5 გაიმარჯვა. ამერიკელები გაოგნებული უყურებდნენ უკვე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. მეორე დღეს „მონრეალ სტარის“ კორესპონდენტი წერდა: „ტედი“ თანამედროვე სპორტსმენის ეტალონია. იგი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი და სრულყოფილი, ამიტომაც აღიარეს მონრეალის ოლიმპიური ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ”.

ნამდვილი ვაჟკაცები

...1987 წელს სახელოვანმა კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ტყის ძმებზე ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენების მიწვევა გადაწყვიტა. დასაყოლიებლად კაკაბეთში ჩააკითხა ლევან თედიაშვილს – 6 000 მანეთს მოგცემო ჰონორარს. იმ დროისთვის ეს ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8 000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს: ა, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო. ომარ ფხაკაძეც არ იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩაერია და... მოგვიანებით გიორგი შენგელაია იტყვის, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო.

ერთბაშად ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი

მოჭიდავეთა 1973 წლის მსოფლიო პირველობას ირანის დედაქალაქი მასპინძლობდა. ლევანმა თეირანში, „ფარახის“ სტადიონის ხალიჩაზე ისეთი ამბავი ჩაიდინა, რომ ქვეყანა აალაპარაკა: ჯერ იყო და ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში ამ წონაში ოლიმპიურ ჩემპიონს ბენ პეტერსონს მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაეუფლა, მერე კი... მერე მოხდა ის, რომ სამბისტთა ნაკრების წევრი გენადი რუხლიადევი ავად გახდა. მწვრთნელები საგონებელში ჩაცვივდნენ. სამბისტებისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, თანაც, მოგეხსენებათ, სამბო რუსების გამოგონილი ჭიდაობაა და, ცხადია, უეჭველი მოგება უნდოდათ. საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელმა არკადი ლენცმა ვახტანგ ბალავაძე განზე გაიხმო და ჰკითხა: მართალია, რომ ლევან თედიაშვილი ჭაბუკობისას სამბოსაც ჭიდაობდაო? ჭიდაობდა და ეგრეო? 1966 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და საკავშირო პირველობის პრიზიორიც გახდაო! გაიხარა ლენცმა, – მოდი, რუხლიადევის ნაცვლად ლევანი ვაჭიდაოთო! კი ბატონოო, – ვახტანგმა, – ოღონდ ლევანსაც ჰკითხეთო. ლევანი თანაგუნდელებთან ერთად უკვე „ჩემოდანზე იჯდა“, არხეინად იყო, იმ ჩემოდანში მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი ედო, ჯიბეში კი – თვითმფრინავის ბილეთი. მიადგნენ ახლა მას: ხვალ უნდა იჭიდავოო! სადაო?! – გაუკვირდა ლევანს. „ფარახის“ სტადიონზეო. რას ამბობთ, კაცო, აკი ვიჭიდავეო?! კიდევ უნდა იჭიდავოო. რა იყო, ხო არ გააპროტესტესო? არაო, ახლა სამბო უნდა იჭიდავო, კაცი ავად გაგვიხდა შენს წონაშიო… მერე სამბოსი მე რა ვიციო? ქართული ხო იცი და სამბოც ეგ არიო! – სიტყვა ჩააგდო ვახტანგმა. კარგი, რაც არი, არიო! – გაიცინა ლევანმა. მერე აღიარა: „ეგრე იოლად არ უნდა დავთანხმებულიყავი, ღამით თვალი ვერ მოვხუჭე, რამდენი ხანია, სამბო აღარ მეჭიდავა, აღარც წესები მახსოვდა კარგად და არც მტკივნეული ფანდების კონტრილეთები. შევფიქრიანდი – ემანდ ხელი არავინ მომტეხოს-მეთქი, მაგრამ რაღას ვიზამდი, სიტყვა სიტყვაა. რო აღარ დამეძინა, გენო გიორგაძე გავაღვიძე, „მუხაჩი“ – მსუბუქი წონის სამბისტი, ადე, ბიჯო, მტკივნეულის კონტრილეთები მასწავლე-მეთქი. რომელი საათიაო? ჯერ ორია-მეთქი. იმან საფეთქელთან საჩვენებლი თითი დაიტრიალა: კაცო, მსოფლიო ჩემპიონატზე გადიხარ და ჭიდაობას ახლა სწავლობო?! ადე, ვერან, ადე-მეთქი! – და გავედით დარბაზში. დილის ხუთ საათამდე ვივარჯიშეთ.“ სამბისტები საშინლად ღელავდნენ, დაძაბულები ჭიდაობდნენ, ყოველი ქულის დაკარგვას ტრაგედიად მიიჩნევდნენ და ლევანი რომ არა, საშვილიშვილოდ ჩაფლავდებოდნენ. ის გაუთავებლად ლაზღანდარობდა, ბიჭებს 35 ანეკდოტს უყვებოდა, აცინებდა, ამხიარულებდა და ამით დაძაბულობასაც თანდათანობით უხსნიდა. სხვათა შორის, გენო გიორგაძე მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაში ლევანმა ამერიკელი მეტოქე ილეთზე დაიჭირა, შებოჭა და მსაჯის სასტვენს დაელოდა. 20 წამი უნდა ჰყოლოდა შებოჭილი, მაგრამ ლევანის ხასიათის კაცისთვის ეს 20 წამი მთელი საუკუნე იყო – დრო რომ რამენაირად გაეყვანა: ჯერ თავის სეკუნდანტს ჩაუკრა თვალი, მერე ამერიკელისას და ბოლოს ვახტანგ ბალავაძესაც გაუღიმა ეშმაკურად. ამის შემხედვარე მაყურებლებმა ხარხარი მორთეს და სანამ ის შეხვედრა არ დამთავრდა, მუცლები სულ ხელით ეჭირათ. გასახდელში ვახტანგმა მოწაფე მკაცრად დატუქსა: რა დროს ციგნობაა, ბიჭო, მედალი გვჭირდებაო! ლევანმა ბოლომდე „იციგნა“, მაგრამ ოქროს მედალი მაინც ჩამოიკიდა გულზე. ასე გახდა ლევან თედიაშვილი ერთბაშად ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი