საზოგადოება

რატომ არის აუცილებელი, რომ ბავშვმა დაუშვას შეცდომები მასში სინდისის გასაღვიძებლად

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 14.09, 2022 წელი

პაატა ამონაშვილი
დაკოპირებულია

სამხრეთის მზისა ან იქნებ სხვა მიზეზთა გამოც ქართველები მოჭარბებული ემოციურობით ვხასიათდებით, იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, ისტერიულობის ჩვენებური ნორმა ჩრდილოეთელებისთვის პათოლოგიადაა მიჩნეული. შესაბამისად, ან ძალიან გვიყვარს, ან ძალიან გვძულს. ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ როგორ ანგრევს ნეგატიური აზრები და ემოციები ადამიანის ჯანმრთელობასაც, ფსიქიკასაც და გარემოსაც, რომელშიც ვცხოვრობთ.

– მინდა, ვისაუბროთ სიძულვილზე, როგორც ადამიანის შემაფერხებელსა და დამანგრეველ ემოციაზე.

– ფსიქოლოგიის ერთი ოქროს წესია, რომ, როგორც გინდა, ადამიანები მოგექცნენ, ისევე მოექეცი მათ შენ. შესაძლებელია ამის საწინააღმდეგო ფორმულირებაც, თუ არ გინდა, რომ ადამიანები მოგექცნენ ცუდად, ნუ მოექცევი მათ ცუდად. ფსიქოლოგიის ამ კანონს, სამწუხაროდ, არ გვასწავლიან არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში, არც ოჯახებში. იშვიათად თუ შეგვხვდება მასწავლებელი, რომელიც ამ წესის ღრმა არსს გაგვაცნობიერებინებს. რას ნიშნავს ეს წესი? თუ ვინმეს მოვექეცი სიძულვილით და ამ დროს არ მინდა, რომ სიძულვილით მომექცნენ მე, ამით ვარღვევ ბუნების წესს და, შესაბამისად, პასუხად მივიღებ ნეგატივს, ან ავადმყოფობის სახით, ცუდ შემთხვევაში, ან მეც ცუდად მომექცევიან. ამ წესის გაუთვალისწინებლობას მივყავართ იქამდე, რომ სხვა ადამიანებს ვექცევით ისე, როგორც არ გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ და, რა თქმა უნდა, ამით შევდივართ ფსიქოლოგიურ ლაბირინთში, უარყოფითი გაგებით, საიდანაც გამოსვლა გვიჭირს.

– ადამიანებს ჰგონიათ, რომ, თუ ვინმე მათ, მათი აზრით, ცუდად მოექცა, თავად უნდა გადაუხადონ სამაგიერო.

– ჩვენი მრწამსის მეორე მცნება ძალიან მარტივადაა ჩამოყალიბებული, სულ ორიოდე სიტყვით: არ განსაჯო! მოდი, სხვებს კი ნუ ვასწავლით, მიჰყვნენ ამ მცნებას, არამედ თავად ვისწავლოთ. ძალიან ღრმა მცნებაა და, სხვათა შორის, ფსიქოლოგიური კანონიცაა. ამიტომ არ განსაჯო, ყველას ჰყავს თავისი განმსჯელი, ის არ არის ადამიანი, უფრო მაღალი სულიერი არსებაა და მას დავუტოვოთ განსჯის უფლება. თუმცა ეს ძალიან რთულად შესათვისებელი წესია, იმისდა მიუხედავად, რომ თითქოს ვაღიარებთ ამ მცნებას, მაგრამ, აი, თავში ჩამარტყა და როგორ არ უნდა განვსაჯო?! მეტიც, მეც უნდა ჩავარტყა თავში. სწორედ აქ იწყება ყველანაირი პრობლემების სათავე და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური და ემოციური, არამედ, ასევე, ჯანმრთელობისა და ბედისწერის პრობლემებიც ამასთანაა დაკავშირებული.

– მე ვცდილობ, არ განვსაჯო, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია, ვაიძულებ თავს, ანუ არ რის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს?

– მუშაობას არანაირი აზრი არ ექნება, თუ არ არის ძლიერი სურვილი, რომ მინდა, მივაღწიო, ვთქვათ, არგანსჯის მდგომარეობას, რომ არავის გავუკეთო ის, რაც მე არ მინდა, რომ გამიკეთონ. თუ სხვათა შორის მინდა ხანდახან და ხანდახან მავიწყდება, მაშინ ვარჯიში შედეგს არ გამოიღებს. ქართულ ფსიქოლოგიაზე გავიზარდეთ და უზნაძე გვყავს უდიდეს ფსიქოლოგად, რომელმაც ძალიან ბევრი სიბრძნე დაუტოვა მემკვიდრეებს. ერთ-ერთი სიბრძნეა ის, რომ ჩემი განწყობა, თუ როგორ განვეწყობი დღის განმავლობაში მოვლენებზე, ძალიან ბევრს შეცვლის. მოდი, ვცადოთ, შევიქმნათ არგანსჯის განწყობა. ამისთვის საჭიროა, ხანდახან განვმარტოვდეთ, დავფიქრდეთ, წარმოვიდგინოთ სიტუაციები, რომლებშიც მოვხვდებით და ჩემი ძლიერი სურვილი, რომ სხვას არ გავუკეთო ის, რაც გამიკეთა, წარმომადგენინებს, როგორც მოვიქცეოდი სხვადასხვა სიტუაციაში; რა იქნებოდა უკეთესი რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე. აი, ასეთი ყოველდღიური ვარჯიში, დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს მომავალში. ოღონდ ამას სჭირდება ვარჯიში, იმიტომ რომ ჩვენ ნასწავლი გვაქვს, ვიყოთ ავები. ანეკდოტია, ლეკვმა დედას უთხრა, სიავე მასწავლეო, ბრძენმა დედა ძაღლმა კი უპასუხა, მე ერთგულებას გასწავლი, სიავეს კი ადამიანები გასწავლიანო. ჩვენ ბავშვობიდან ვსწავლობთ სიავეს, როდესაც სიავის გარემოში დავიბადეთ. თუ გაღიზიანებული მშობლები გვყავს, თუ გარშემო ნეგატიური ემოციების ტალღები გვეხეთქება, ცხადია, ამას დედის რძესავით ვითვისებთ და ამიტომ ძალიან ძნელი ჩამოსაშორებელია და ბევრი ვარჯიში სჭირდება. ზოგს დიდხანს დასჭირდება, ზოგს – არც ისე, უცებ გამოუვა, მაგრამ მცდელობაც ძალიან დიდი მიღწევაა.

– მაგრამ ჩვენთან არ შეიმჩნევა არათუ ამგვარი ვარჯიშის სურვილი, არამედ, პირიქით, წახალისებულია აგრესია და ნეგატიური დამოკიდებულება. რატომ წახალისდა ერთმანეთის შეურაცხყოფა და აგრესიულობა დადებით ტენდენციად იქცა?

– ამდენი რომ ვიცოდე, მეც გამიხარდებოდა. ერთმა მშობელმა, მამამ მითხრა ამას წინათ, თქვენი ჰუმანური პედაგოგიკა გაუგებარია ჩემთვის; მე ჩემს შვილს ვასწავლი, რომ შეხვალ კლასში, სანამ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს და ჩაგარტყამს, დაასწარი, შენ მიაყენე შეურაცხყოფა და ჩაარტყი, ამის შემდეგ ვერაფერს გაგიბედავენო. როდესაც მთელი საზოგადოება ამ მიზნითაა განმსჭვალული, არაფერი გამოვა. ბრძენ ადამიანებს ასეთი აზრიც აქვთ, თუ მოსწავლე არ მოდის და არ გთხოვს, მასწავლეო, არ უნდა გაეკიდო და სწავლება არ უნდა დაუწყოო. ამიტომაა სურვილის გაჩენა პირველი ნაპერწკალი, რომელმაც შეიძლება, კარგი ჰორიზონტები გაგვიხსნას და მწვერვალებისკენ გზა დაგვანახვოს, მაგრამ ამ გზაზე სიარული ძნელია.

– მამის ნათქვამი მოწმობს, დამკვიდრებულია განწყობა, რომ აუცილებლად მოგაყენებენ შეურაცხყოფას და დაგჩაგრავენ.

– დიახ, რომ ვიღაც აუცილებლად მოგაყენებს შეურაცხყოფას, რომ სამყარო ბოროტადაა განწყობილი შენ მიმართ, ამიტომ შენც ბოროტულად განეწყვე სამყაროსადმი და მაშინ შეიძლება, ნაკლები სიბოროტე მიიღო. მაჰათმა განდის გამონათქვამია, რომ განხორციელდეს პრინციპი, თვალი თვალის წილ, მსოფლიო ერთ დღეში დაბრმავდება, ერთმანეთს თვალებს დასთხრიან ადამიანებიო. შინაგანი სწრაფვის გარეშე, სამწუხაროდ, ადამიანი ვერ შეიცვლება.

– და ვის აქვს წამყვანი როლი: ოჯახს, სოციუმს, სკოლას, სახელმწიფოს? არის რაღაცები, რასაც ასწავლი ბავშვს სახლში, მაგრამ გარემო მაინც იმსგავსებს მას, ანუ გჯობნის.

– რა თქმა უნდა, მარტო მშობლები არ ვართ ჩვენი შვილების აღმზრდელები და არც მხოლოდ ბებია-პაპები, ბიძები და დეიდა-მამიდები. დღევანდელ სამყაროში ჩვენი შვილების აღმზრდელები არიან მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები, შემდეგ უკვე – ბლოგერები და სხვა. ჩვენი შვილები უყურებენ და ამაზე იზრდებიან. ანუ ეს კონტენრი ნებისმიერ პლანშეტსა და კომპიუტეში აღმზრდელობით ფუნქციასაც ასრულებს. იქ კი ძალიან ბევრი აგრესია, ნეგატიური სურათ-ხატები, უშვერი სიტყვებია და ბავშვებს თუ ამასთან მიუშვებ, ისიც გაზრდის მას. თუ დილიდან საღამომდე ტელევიზორს ჩართავ და იქ ბავშვი ტრიალებს, რა თქმა უნდა, აღიზრდება იმ ნეგატივიდან, თუ ნეგატიურ არხებს რთავ.

– ჯანმრთელობაზე ნეგატიური აზრებისა და ნეგატიური გარემოს გავლენას ბევრი არ იჯერებს, ამიტომ განვმარტოთ, თუ შეიძლება.

– არ მინდა, ვინმე შევაშინო, უბრალოდ, არსებობს ფაქტები, ეს მეცნიერებაა და ფიზიოლოგია, რომ ემოცია იწვევს ამა თუ იმ ჯირყვლებში ამა თუ იმ ნივთიერების გამოყოფას. მაგალითად, ცნობილია, რომ, როდესაც დედას შვილი გაუჩნდება, მის ჯირყვლებში მთელი რიგი სითხეები გამოიყოფა, მათ სიყვარულის სითხეებსაც უწოდებენ. ასევე, შიში იწვევს სხვა, მეორე ჯგუფის სითხეების გამოყოფას, ასევეა აგრესიაც, ზიზღიც. ყველა ემოციას მოჰყვება ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქცია და ეს არ არის დაიჯერე-არ დაიჯერე, დამტკიცებული ექსპერიმენტებია და, თუ აგრესიული ვარ, ცხადია, გამომეყოფა მთელი რიგი ნივთიერებები, რომლებიც დადებითად არ მოქმედებს ჩემს სხეულზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ცოტა ხნით თუ ვარ აგრესიული, შეიძლება, გადავრჩე. მტერი რომ თავს დამესხას, ერთსაათიანმა აგრესიამ შეიძლება, გადამარჩინოს, მაგრამ თვეებისა და წლების განმავლობაში თუ აგრესიული დავდივარ, ცხადია, ჩემს ორგანიზმში გამოყოფილი ნივთიერებები დააზიანებს ჯანმრთელობას. სიყვარული კი, პირიქით, ისეთი ემოციაა, რომელიც კურნავს ბევრ ავადმყოფობას და აგვარებს ურთიერთობის პრობლემებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ ვლაპარაკობთ უპირობო სიყვარულზე და არა სიყვარულზე, რომელსაც წინაპირობები აქვს: თუ კარგს გამიკეთებ, შეგიყვარებ, თუ ცუდს გამიკეთებ, გადაგიყვარებ. უპირობო სიყვარულის განცდა თავისთავად კურნავს, მაგრამ, ეს უპირობო სიყვარული თუ საკუთარი თავიდან არ იწყება, შორს ვერ წავალთ. ცხადია, ეს არ ნიშნავს ნარცისიზმსა და ეგოიზმს. ეს არის აზრები, თუ როგორ გავუფრთხილდე იმ სხეულს, რომელიც ღმერთმა ჩამაბარა, სანამ ვცოცხლობ; როგორ გავუფრთხილდე იმ ფსიქიკას, რომელიც, ასევე, ჩაბარებული მაქვს და ჯობია, რომ ჰარმონიული იყოს, ასევე, როგორ გავუფრთხილდე სულს, რომელიც მომაქვს მარადიულობაში. თუ ეს აზრები არ გვიჩნდება, მაშინ საკუთარი სიყვარულიც არ ჩნდება და ვიმეორებ, საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმს არ ნიშნავს, პირიქით, აქედან იწყება მთელი სამყაროს სიყვარული.

– შეიყვარე მტერი შენი, როგორც თავი შენი.

– დიახ, ამაზეა ლაპარაკი, ჯერ თავი შენი უნდა შეიყვარო, რომ მერე იმეცადინო, როგორ შეიყვარო მტერი.

– გადამეტებული სიყვარულის ცნება თუ არსებობს?

– დედის ჩვილისადმი სიყვარული ზედმეტი როგორ შეიძლება, იყოს?! გინდაც, საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვისადმი?! ზედმეტი სიყვარულის ცნება არ არსებობს, როდესაც ვლაპარაკობთ უპირობო სიყვარულზე. ის ჩნდება მაშინ, როდესაც პირობებს ვაყენებთ. უპირობო სიყვარულს არ ახასიათებს ზედმეტობა. ბავშვი სიყვარულით არ ფუჭდება, ბავშვი ფუჭდება უხეირო სურათ-ხატებით, რასაც ხედავს თავისი მშობლებიდან და საზოგადოებიდან.

– ბავშვის უპირობო სიყვარულად მიიჩნევა მისთვის ხელის დაფარება?

– ყველა ბავშვი ძალიან ინდივიდუალურია. ლევ ტოლსტოის აქვს ასეთი მაგალითი: მის შვილიშვილს სკოლაში ამხანაგმა მტკივნეულდ ჩაარტყა და ბავშვი ატირდა. ლევ ტოლსტოიმ მოიხმო შვილიშვილი, დაამშვიდა, მოეფერა და შემდეგ შესთავაზა, მურაბა შესთავაზე ამ ბიჭს, ეტყობა, უჭირს, სითბო და სიყვარული აკლია, თორემ ხომ არ ჩაგარტყამდაო. ეს რომ ბიჰევიორისტული კუთხით განვიხილოთ, ცუდი ქცევის წახალისებაა; ანუ კიდევ ჩაარტყამს, რომ მურაბა მისცენ?! არა, სწორედ ასეთ დროს იღვიძებს სინდისი და იმისთვის, რომ სინდისმა გაიღვიძოს, ბავშვს სჭირდება ბრძენი აღმზრდელი და არა დამსჯელი. თუ შეცდომებს არ უშვებ, სინდისი როგორ გაიღვიძებს, მით უმეტეს, ბავშვობაში?! ბავშვები ეგოისტები არიან თავიანთი ბუნებით და ამის გამო შეიძლება, ბევრი ცუდი რამ ჩაიდინონ, მაგრამ სწორედ აქაა საჭირო ბრძენი აღმზრდელი და არა აგრესიული დამსჯელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი