საზოგადოება

რა საოცარი მიღწევები აქვს 20 წლის ასაკში გვანცა ბუცხრიკიძეს და როგორ ეხმარება ის ნიჭიერ ახალგაზრდებს

№15

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 15.04

გვანცა ბუცხრიკიძე
დაკოპირებულია

გვანცა ბუცხრიკიძე 20 წლის ასაკში უკვე ძალიან წარმატებული ქართველი მუსიკოსია. ის ამერიკაში მოღვაწეობს და ლონგ-აილენდის კონსერვატორიის სტუდენტია. რა გზა გაიარა მან ამერიკულ წარმატებამდე, ამაზე თავად მოგვიყვება.

გვანცა ბუცხრიკიძე: ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 7 წლის ასაკში შევედი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლაში საორკესტრო განყოფილებაზე, პედაგოგ ეკა გიორგაძის კლასში. 7 წლის ასაკში რომ დავიწყე ვიოლინოზე დაკვრა, დაახლოებით, ექვს თვეში უკვე პირველ კონკურსზე გავიმარჯვე, ეს ეროვნული კონკურსი იყო. ამის შემდეგ ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა საქართველოს ფარგლებში. მაშინ სოლო კონცერტებიც მქონდა. ქუთაისის მერიამ დამაჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო მოსწავლე. შემდეგ სწავლა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში განვაგრძე. ამ პერიოდში უკვე ძალიან ბევრი კონცერტები მქონდა ორკესტრებთან ერთად და ამ დროს დავიწყე საერთაშორისო დონის კონკურსებზე გასვლაც.

– და კიდევ უფრო მასშტაბური გახდა თქვენი წარმატებები...

– გერმანიაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას. ამერიკაზე არც კი მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მას დაფინანსების გარეშე ვერ გავწვდებოდი. ჩემი ბევრი მეგობარი უკვე სწავლობდა გერმანიაში და ამიტომ, მეც იქ ვაპირებდი. ისე მოხდა, რომ 2019 წელს საერთაშორისო კონკურსს American Protege-ზე პირველი ადგილი მოვიპოვე და გალა კონცერტი ამერიკაში, „კარნეგი ჰოლში“ მქონდა. იქ დავუკარი. ეს საოცრება იყო. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა ჩემს თავს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ამერიკულმა ფონდმა მიმიწვია და ქართული ნაწარმოები დავუკარი, რადგან იქ უკვე ეროვნულ ნაწარმოებზე იყო აქცენტი. ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, მაშინვე ვთქვი, რომ ძალიან მინდოდა სწავლის ამერიკაში გაგრძელება.

– რით მოიხიბლეთ განსაკუთრებულად, რამაც ამერიკასა და გერმანიას შორის არჩევანი ამერიკის სასარგებლოდ გაგაკეთებინათ?

– ძალიან თბილი აუდიტორია აღმოჩნდა. მსმენელი ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ხალხი იმდენად თბილად მექცეოდა, მაშინვე თავისიანად მიმიღეს და გადავწყვიტე, რომ სწავლა აუცილებლად ამერიკაში ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში უნდა გამეგრძელებინა.

– თუმცა, აქ იყო ძალიან დიდი მაგრამ – ფინანსური მხარე. როგორ წარიმართა მოვლენები?

– როცა საქართველოში დავბრუნდი, დავიწყე მზადება. ვიცოდი, რომ ინგლისურის ცოდნას ითხოვდნენ ძალიან მაღალ დონეზე. ენის გამოცდას თუ ვერ ჩააბარებ, სულ რომ ძალიან დიდი მუსიკოსი იყო, იქ მაინც ვერ ისწავლი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ინგლისურში დავიწყე მომზადება. ენის გამოცდა ჩავაბარე. პარალელურად, განვაგრძე სწავლა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, პროფესორ მანანა ქანთარიას კლასში. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პერიოდი იყო და ჩანაწერები გავაგზავნე. ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებდა, რადგან ჩანაწერების გაკეთება ორმაგად რთულია. მასში შენი ყველანაირი შესაძლებლობა უნდა აჩვენო. მომწერეს, რომ პირველი ტური გადავლახე და მეორე ტურისთვის კიდევ უნდა გამეგზავნა ჩანაწერები. კონკურენცია ძალიან დიდი იყო, წარმოიდგინეთ, რვაასი ბავშვიდან ოთხასი დარჩა, აქედან ასიც ვერ მოხვდებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აბარებენ უნიკალური და ძალიან გამორჩეული ბავშვები. იქ მოსახვედრად ყველაფერი უნდა გააკეთო. მაგრამ მე მხოლოდ მოხვედრა ვერ დამაკმაყოფილებდა. ვიცოდი, რომ სწავლის გადასახადს ვერ გავწვდებოდი, რადგან წლიური ღირებულება 60 ათასი დოლარს შეადგენდა. ამიტომ დაფინანსებაც უნდა მომეპოვებინა. საბედნიეროდ, 80-პროცენტიანი დაფინანსება მომივიდა, რამაც ძალიან გამაბედნიერა. საოცარი განცდა იყო, თავი სიზმარში მეგონა, ამის აღწერა ძალიან რთულია.

– როგორია სწავლის პროცესი?

– ძალიან დატვირთული. სოლო კონცერტისთვის ვემზადები. გარდა ამისა, ბევრი კონცერტია ნიუ-იორკში, სადაც საპატიო სტუმრად ვარ მიწვეული. პლუს გამოცდები. ყველაფერს ემატება ისიც, რომ მოსწავლეები მყავს. ამერიკულ მუსიკალურ სკოლაში მიმიწვიეს პედაგოგად. ჩემს მოსწავლეებს ცალკე კონცერტები აქვთ და ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. მე ძალიან კარიერსიტი ვარ და ალბათ, ეს მიწყობს ხელს, რომ არ გავჩერდე და კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.

2021 წელს გავიმარჯვე საერთაშორისო კონკურსს Chicago international music competition-ში, სადაც მოვიპოვე პირველი პრემია და სულ რამდენიმე თვის წინ American International music competition-ში ვმონაწილეობდი საქართველო-ამერიკის სახელით, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა. აქ საოცარი მეგობრები შევიძინე და ერთად დავიწყეთ ფონდების შექმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გაჭირვებულ ახალგაზრდებს დავეხმაროთ. ჩემი უდიდესი ოცნებაა, იმდენს მივაღწიო, რომ ჩემი საქმიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, ბევრი ადამიანის დახმარება შევძლო. ქველმოქმედება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და მინდა, მასშტაბები გავზარდო. თან, ჩემი თავიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვისაც სწავლის სურვილი აქვს და გარკვეული დაბრკოლებები ხელს უშლის. ამიტომაც მინდა, ნიჭიერ ადამიანებს დავეხმარო.

– ცოტა პირად ამბებსაც შევეხოთ. დაქორწინებული ხართ...

– დიახ, დაქორწინებული ვარ. ოჯახი ამერიკაში შევქმენი, მაგრამ ჩემი მეუღლე ქართველია, ქუთაისელი. შეიძლება, ქუთაისში ბევრჯერ შეუმჩნევლად აგვივლია გვერდი ერთმანეთისთვის. აქ თვითონ შემამჩნია, ნიუ-იორკში ჩემს კონცერტზე იყო მოსული. ერთმანეთი გავიცანით და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ის მუსიკოსი არ არის, მაგრამ ხელოვნების დიდი გულშემატკივარია და ძალიან მიწყობს ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი