საზოგადოება

რა ნიშნით ეხებოდა საბჭოთა ცენზურა ქართულ კინოს ანუ რა აღიზიანებდათ ყველაზე მეტად სინამდვილეში

№11

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 20.03

ფარაჯანოვი
დაკოპირებულია

ფარაჯანოვი, როგორც არასაბჭოთა, არამოსაწყენი ტიპი და მისი გასომხებული შუშანიკი

გოგი გვახარია: ბევრს გაუკვირდება, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ არ ვარ ფარაჯანოვის კინოს დიდი თაყვანისმცემელი. მახსოვს, „სურამის ციხე“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, კინაღამ გაგიჟდა კაცი. „ლიტერატურულ საქართველოში“ მაშინ შეფასების ხუთვარსკვლავიანი სისტემა იყო და ქართველმა კრიტიკოსებმა სამიანები დაუწერეს. მერე სულ ამას მაყვედრიდა, სამიანი როგორ დამიწერეო. ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა ის როგორც ადამიანი და მისი ბიოგრაფია. ასეთი განსხვავებული ხედვის ადამიანი ჩვენს კულტურაში ძალიან ცოტა იყო. პირველად რომ დააპატიმრეს, მგონი, თბილისში ყველა ჩაერია, ყველამ წერილი დაწერა, ვინც ვიცით, ყველა დიდმა რეჟისორმა და, მაშინ ბრეჟნევმა გამოუშვა. ხელმეორედ რომ დააპატიმრეს, დეტალები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი, მისი ციხიდან გამოსვლის მერე აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევ შევარდნაძემ და რეზო ჩხეიძემ ითამაშეს. გამოვიდა ციხიდან ეს კაცი და მას მისცეს უფლება, გადაეღო „სურამის ციხე“. ტიტრებში მეორე რეჟისორად დოდო აბაშიძე წერია, არადა დოდო აბაშიძე არ იყო არანაირი რეჟისორი, მაგრამ ფარაჯანოვს ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ, ამ ფილმზე მარტო არ დატოვეს... ახლახან, ფარაჯანოვის ასი წლისთავთან დაკავშირებით ძალიან კარგი საერთაშორისო კინოკონფერენცია მოაწყვეს „ილიაუნში“ და იქ სრულიად განსხვავებული აზრები მოვისმინე. ასეთი რამ, მგონი, მსოფლიოში არ მომხდარა, რომ სამდღიან კონფერენციაზე დასკვნითი მოხსენება, რომელიც გიგა ზედანიამ წაიკითხა, მხოლოდ ფარაჯანოვის კრიტიკა იყო. ზედანიამ ჭონქაძის ტექსტს შეადარა კინოსცენარი „სურამის ციხე“ და თქვა, რომ ჭონქაძის ტექსტი არის ლიბერალური, ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი ნიმუში საქართველოში განმანათლებლობის მხრივ და ბევრად უფრო გენიალური, ვიდრე ეს ფილმიაო. დაახლოებით ასე შეიძლება გავიგოთ გიგას გამოსვლა, რომ „სურამის ციხე“ კონექტურულია, ანუ ფარაჯანოვი აჰყვა იმ კონექტურას, რომელიც უკვე იყო მაშინ საქართველოში – ნაციონალისტური, რელიგიური. ანუ ის, რაც ჭონქაძეს არ აქვს, გააკეთა ფარაჯანოვმა. აი, ამ „სურამის ციხის“ გამო დაიწყო ძალიან დიდი კამპანია მის წინააღმდეგ. დაიბეჭდა წერილები, გაშუქდა ტელევიზიით. სტატიის ავტორები იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მათ შორის გურამ პეტრიაშვილი. მათ არ მიიღეს ფილმი, გაბრაზდნენ. მეც დამიკვეთეს წერილი, მაგრამ უარი ვთქვი. მაშინ ელიზბარ ჯაველიძე იყო გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“ რედაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს ცხოვრებაში, ჩვენ ვთანამშრომლობდით, მამაჩემის მეგობარიც იყო. სხვათა შორის, მისი ძალიან მადლობელი ვარ. სანამ აფხაზეთში ომი დაიწყებოდა, რაღაც საშინელებებს წერდნენ, თორემ კარგი გაზეთი იყო, სადისკუსიო. სხვადასხვა მოსაზრება იბეჭდებოდა. მოკლედ, მე „სურამის ციხეზე“ რეცენზია არ დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა. მერე იქ საოცარი რამ მოხდა. ერთ-ერთი დისკუსიის დროს მოხსენება მქონდა და გაიპარა ასეთი ფრაზა – ნაცისტური შეფასებები ამ რეჟისორზე, საუბარია პეტრიაშვილის სტატიაზე. საკმაოდ სიმპათიებით ვიყავით განწყობილი ერთმანეთის მიმართ, ყოველთვის მომწონდა ეს ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ამბობს ხოლმე. პეტრიაშვილი დამამახსოვრდა ერთ-ერთი ტელეგადაცემიდან, აი, ტელევიზიაზე რომ ვსაუბრობდი, იქ დამავიწყდა მეთქვა ამაზეც. თემურ ჩხეიძის „ჯაყოს ხიზნების“ გარჩევა იყო საქართველოს ტელევიზიაში და ისევე, როგორც „დიდი მწვანე ველი“, ჩათვალეს, რომ ესეც პორნოგრაფიაა და იწერებოდა და იწერებოდა წერილები. ცუდია, რომ ბატონი თემური ცოცხალი აღარ არის, თორემ ის უფრო კარგად მოგიყვებოდათ. მერე იყო გარჩევა, დისკუსია და მახსოვს, ისე კარგად გამოვიდა პეტრიაშვილი, ისეთი კარგი რაღაც თქვა: არაქართული ის კი არ არის, არაქართული ის მოკლემეტრაჟიანი ფილმებია, დებილი ქართველი კაცები რომ დასდევენ ხან პეპელას, ხან... მაშინ ძალიან მოდაში იყო ეს რომანტიკული ჟანრის ფილმები. ვიფიქრე, რა კარგი კაცია-მეთქი, მაგრამ მერე საშინელი წერილი დაწერა „სურამის ციხეზე“. შესვენება იყო. დარბაზიდან რომ გამოვედით, მოვიდა და მეუბნება: თქვენ ჩემზე თქვით, რომ ნაცისტი ვარო და მხეთქა სახეში. წავიდა, გაიქცა. იქ რაღაცები მოაწყო... ელდარ შენგელაია და პეტრიაშვილი მაშინ გადაეკიდნენ ერთმანეთს და მაშინ გარიცხეს კინოკავშირიდან პეტრიაშვილი. ძალიან სასაცილო იყო ერთი მომენტი: როცა მამაჩემმა ეს გაიგო, ჩქარ-ჩქარა ჩაიცვა თავის დუბლიონკა, მივარდა იქ და გაგრძელდა ეს ისტორია... ასე რომ, მე ფარაჯანოვს არ ვიცნობ, საერთოდ არ მომწონს „სურამის ციხე“, დიდად არც არასდროს დავინეტერესებულვარ ამ ადამიანით. ასევე, არ მომწონს, როცა ელიტა ვიღაცას აღმერთებს და მაშინაც შინაგანი გაღიზიანება მქონდა...

პომპიდუს ცენტრი აწყობდა ქართული ფილმების სამთვიან რეტროსპექტივას. ორგანიზატორი ფრანგი კინორეჟისორი ჟან რენუარი იყო. თბილისში ჩამოვიდა, შემხვდა მე და რამდენიმე ჩემს კოლეგას. რადგან ფრანგული ვიცი, მისთვის უფრო ადვილი იყო ჩემთან ურთიერთობა. მითხრა, ქართულ კინოზე წიგნს გამოვცემთო. სხვათა შორის, რაც კარგი დაბეჭდილა და დაწერილა, ეს არის ის, რაც მაშინ გააკეთა პომპიდუს ცენტრის გამომცემლობამ – ძალიან კარგი წიგნი გამოსცა. მე და მთელი დელეგაცია პარიზში დაგვპატიჟა. წავედით. ამ დელეგაციაში ერთ-ერთი ფარაჯანოვი იყო. ჩემი დისერტაციის ოპონენტმა, რომელიც ფარაჯანოვთან მეგობრობდა (ოსი ქალბატონი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში), უთხრა: შენ გამო ბიჭს, რომელიც შენთან ერთად მოდის, სცემენ და ხმა ამოიღეო. დაუკლიათ ქართველებს ერთმანეთი, არ მაინტერესებსო, – უთქვამს ფარაჯანოვს. ასე შევხვდით ერთმანეთს. ერთად აღმოვჩნდით ჯერ მოსკოვში, მერე პარიზში და იქ, უცებ, ვხედავ, რომ არავის ჩვენ არ ვაინტერესებთ, არ აინტერესებთ ქართველი რეჟისორები. საერთოდ ფარაჯანოვია ყველაფერი (ეს მისი მეორე გასვლა იყო საზღვარგარეთ). სასტუმროსთან ფრანგი ჟურნალისტების რიგი იდგა. გავიხედე და ხან ივ სენ-ლორანი უგზავნიდა რაღაცას, ხან – ვინ და ხან – ვინ... ფარაჯანოვის სახელი მსოფლიოში იყო მოდებული. 70-იან წლებში ფარაჯანოვმა საიათნოვა რომ გადაიღო (აი, იმ კლუბური ჩვენებებისთვის, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი), ჩათვალეს, რომ ეს მთლიანად ახალი ესთეტიკა იყო. მართალია, მის შემოქმედებაში ახალ ესთეტიკას არაფერი ჰგავდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო. აქ ხალხი მის გასაცნობად ჩამოდიოდა. მარჩელო მასტროიანი რომ თბილისში ჩამოვიდა, პირველი მასთან წავიდა სანახავად და გასაცნობად. ფარაჯანოვი არ იყო სტანდარტული, მოსაწყენი საბჭოთა ტიპი. მას არაფრის ეშინოდა. შეეძლო, საბჭოთა ხელისუფლებისთვის ეგინებინა. ერთი პერიოდი მე რამდენიმე ქალაქში ლექციებით ვმოგზაურობდი, მისი ფილმი უნდა მეჩვენებინა. სულ მაგას მეუბნებოდა – ვიცი, არ მოგწონს ჩემი ფილმებიო. გამოვიდა ერთ შეხვედრაზე და თქვა: გაიცანით, ეს ქართველი თავხედია, რომელსაც ჩემი ფილმები არ მოსწონს, მაგრამ ჩემი საღამო მიჰყავსო. ორიგინალური ადამიანი იყო. ბევრი კი მიიჩნევს, რომ გენიოსი იყო. მისი კინო, ქართულ კინოს არ ჰგავდა, მაგრამ თბილისური სტილია, როგორც მრავალეროვნების მქონე ქალაქში. კარგად გამოსდიოდა ეს ჩანახატები, კომპოზიციები. მისი ეს არტისტულობა და გაბედულება ყველას მოსწონდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირება იყო. თავისი ბოლო ფილმი რომ გადაიღო, ნაწილი აზერბაიჯანშია გადაღებული. ვიცი, რომ იქ აზერბაიჯანელებს ეუბნებოდან: ყველაფერში თქვენ ხართ დამანაშავე, საერთოდ ვინ ხართ, რას წარმოადგენთო, მაგრამ სომხეთში რომ მიდიოდა, იმათ იქ ეუბნებოდა – დამპალო ნაციონალისტებო, ეს რა გააკეთეთო... ძალიან მწყდება გული, რომ ეს კაცი ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ. აი, იმ კინემატოგრაფისტთა ყრილობაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე, მახსოვს, სოფიკო ჭიაურელი გამოვიდა. სერგოს უნდა, რომ „შუშანიკის წამება“ გადაიღოს, სცენარი უკვე არსებობს და უნდა, რომ სომეხი შუშანიკი მე ვითამაშოო. სოფიკო მაშინ დარბაზმა ჩამოაგდო ტრიბუნიდან. არ იცით, რა ხდებოდა კინოსახლში. ხალხი ყვიროდა: მან არ უნდა გადაიღოს ეს ფილმი, გაასომხებს, გაასომხებს... არავითარ შემთხვევაშიო... იქ იყო ასეთი რეჟისორი თამრიკო დოლარიძე და თქვა: თუკი ქართველ რეჟისორს შეუძლია გადაიღოს „დონ კიხოტი“ ესპანეთში, მაშინ რატომ არ შეუძლია ფარაჯანოვს გადაიღოს „შუშანიკის წამება“?

რაინერ ვერნერ ფასბინდერისა და გვახარიას „ცხარე ცრემლები“ გარყვნილ საზოგადოებაში

ყველაზე მძიმე პერიოდში მე წელიწად-ნახევარი ვსწავლობდი პარიზში. რომ ჩამოვედი, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, სადაც მე მქონდა გადაცემა „სარკმელი“. ეს გადაცემა დახურეს. მაშინ ტელევიზიამ ღია ეთერში დისკუსია მიუძღვნა ამ გადაცემას – რატომ ხურავდა. ჩვენ უნდა გაგვეშვა რაინერ ვერნერ ფასბინდერის ფილმი – „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“. 9 საათზე უნდა გასულიყო ფილმი. 8 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროტიკული სცენების გამო ამ ფილმს ეთერში არ გავუშვებთო. ეს ის პერიდოია, როცა მე გაბედული გადაწყვეტილება მივიღე წამოვსულიყავი „პირველი არხიდან“. ცოტა ხნით ადრე ჩემთან სახლში მოდიან ეროსი კიწმარიშილი, დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მეუბნებიან, რომ რუსთავში აქვთ ტელევიზია (მერე გადმოვიდნენ თბილისში) და უნდათ, რომ ამ ტელევიზიაში ვიმუშაო. ამ დროს მე, პარალელურად, „რადიო თავისუფლებაში“ ვმუშაობდი, თუმცა ტელევიზიაში გადაცემის გაკეთების უფლება მქონდა. რამდენიმე გადაცემა ჩავწერეთ. მომეწონა, დავინახე, რომ ენთუზიასტი ხალხია, რომლებსაც რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. მაშინ დაიწყო „ფსიქო“. უფრო სწორად, ვიწყებდით, ანონსიც გავიდა. მერე მე წავედი ჩემს ძმასთან, მექსიკაში ზაფხულში და იქ გავიგე, რომ ტელევიზია დახურეს. ერთი თვეც არ იყვნენ. დაიწყო სასამართლოები და ეს ამბები. მერე ისევ გავიდა „რუსთავი 2“ ეთერში. მოთხოვნა იყო, რომ ფილმები არ უნდა იყოს ქართულად... ვინ უყურებს, არავინ ნახავს... ყველას ყური მიჩვეული ჰქონდა რუსულ დუბლირებაზე. „პირველი არხი“ ჯერ კიდევ რუსული დუბლირებით უჩვენებდა ქართულ ფილმებს. მეორე, რაც მე მინდოდა და ვითხოვდი, იყო პირდაპირ ეთერში დარეკვა. ამაზე წამოვიდნენ. პირიქით, ეროსის მოსწონდა, უხაროდა ასეთი რაღაცები. მახსოვს, ესპანეთში ტელევიზორში ვუყურე – ქალი ზის კადრში, მაყურებლები ურეკავენ და ის მარჩიელობს. მომეწონა და დათოს რომ მოვუყევი, იხუმრა: შენი ჭირიმე, ეგ ეროსის არ უთხრა, ეგეთ გადაცემას მოინდომებსო... ასე დაიწყო „ფსიქო“, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და პრობლემისა. მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ მაშინ კარგი საქმე გავაკეთეთ! რაც შეეხება საავტორო უფლებებს, ამას თვით სახელმწიფო ტელევიზიაც არ იცავდა. როგორც კი დაიწყო საავტორო უფლებებზე საუბარი, მე დავამთავრე გადაცემა. ამ გადაცემის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი, ეს იყო. ეროსი კი ამბობდა: ვიყიდით ფილმებსო, თითქოს რაღაც ნიშნები გამოჩნდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან გაჭირდებოდა. მე კომპრომისზე უნდა წავსულიყავი. მაშინ უფრო იაფი ფილმები უნდა ეყიდათ, ეს კი შეუძლებელი იყო. მოგეხსენებათ, მოსკოვი ძალიან იცავდა საავტორო უფლებებს და მახსოვს, ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელმა, რომელიც კინომუზეუმის დირექტორი იყო, მომწერა: ისეთი ცუდი ამბავი გავიგე შენზე, ისე მეწყინა... თურმე, შენ ამით „პირატობო“. მაგათთვის ეს უნცაური რაღაც იყო. მოკლედ, ეს წინააღმდეგობა იყო. მე საჯარო პირი ვარ და კრიტიკის არც მეშინია, ვცდილობ, არც ვუპასუხო. არიან ადამიანები, რომლებიც განციდიან ამას, ასევე, ზოგერთი ჩემი მეგობარი. შეჩვეული ვარ! ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა, ვიცოდი ბევრ რამეს დაგაბრალებენ... ერთხელ, მივდივარ სახლში, ჩავრთე ტელევიზორი და ვხედავ უზარმაზარი მიტინგია, „პლაკატები“ უჭირავთ ჩემი სახელითა და გვარით და გაიძახიან – სკორსეზეს „ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას“ აჩვენებსო!.. წარმოდგენა არ მქონდა, რაში იყო საქმე. გავოგნდი. თურმე, ტელევიზიას აქვს ბადეში ეს ფილმი. ასე რომ, ამას მიჩვეული ვიყავი. აი, ასეთი სახის რაღაცები იყო ხოლმე. ერთხელ, საპატრიარქო ჩაერია. მომიწია იქ მისვლა და ახსნა კიშილოვსკის ფილმზე. მოკლე ფილმია სიყვარულზე. მთავარ გმირს მარია მაგდალინელი ჰქვია. ტელევიზიით გავიდა ასეთი ანონსი, რომ მარია მაგდალინელი ყოველდღე იღებს საყვარლებს... ამაზე ატყდა ამბავი. ნიკა ტაბატაძე იყო მაშინ ტელევიზიის დირექტორი. ქუჩაში თავდასხმები, კვერცხების სროლა, საბურავების დაშვებები, გინებები, რეკვები... საზოგადოებას რყვნიო, – გაიძახოდნენ. ეს აღიაზიანებდა საზოგადოებას.

ჩამოშლილი „ქართული კინო“

90-იანების დასაწყისში ბოლო ფილმი, რომელმაც ბერლინის ფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა, თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“ იყო. იქ ვიყავი მეც. მას მერე ისეთ დიდ გამარჯვებას ვერც ვიხსენებ, როგორიც „უძინართა მზეს“ ჰქონდა. მე ცენზურაზე „ილიაუნში“ ლექციების ციკლი მაქვს და სულ იმით ვიწყებ საუბარს, რომ ცენზურა ბევრს ესმის, როგორც მადლი, ანუ ცენზურა თუ არის; უფრო ეწინააღმდეგები წინააღმდეგობებს! თავად დიდად არ მომწონს ეს მოსაზრება, მაგრამ არის ფაქტები, რომ ცენზურის პირობებში უფრო მნიშვნელოვანს და კარგს აკეთებ, ვიდრე მაშინ, როდესაც თითქოს სრულიად თავისუფალი ხარ!

დასასრული

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი