საზოგადოება

ნინო წილოსანი: პოლიტიკოსის რანგშიც პირველ კომპლიმენტს გარეგნობის გამო ვიღებ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.06, 2021 წელი

ნინო წილოსანი
დაკოპირებულია

ქალის კარიერული წინსვლისადმი საზოგადოების ნაკლებმა ყურადღებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში შეაწუხა და გადაწყვიტა, საკუთარი მაგალითით დაემტკიცებინა, რომ კარიერული წარმატება მხოლოდ მამაკაცთა ხვედრი არ იყო. დღეს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია და ცდილობს, ქალთა უფლებებსა და შესაძლებლობებზე ყველას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილებინოს.

ნინო წილოსანი: ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა, წარმატებული ქალი ვყოფილიყავი. მაშინ ქალების წარმატებაზე განსაკუთრებული აქცენტი არ კეთდებოდა, რაც ძალიან მაბრაზებდა და მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ ქალებსაც შეგვეძლო ბევრისთვის მიგვეღწია. მხოლოდ ბიჭებზე კეთდებოდა აქცენტი – ჩემი მშობლებიც ჩემს ძმაზე ამყარებდნენ განსაკუთრებულ იმედებს. გოგონებისგან მხოლოდ კარგი ოჯახის შექმნა იყო სასურველი. დღესაც და მაშინაც ძალიან უხაროდათ, თუ გოგონა კარგად სწავლობდა, მაგრამ მიღებულ განათლებას სათანადო განვითარება არ ეძლეოდა.

– ამის გამო მშობლებთან პროტესტს გამოხატავდით?

– დემოკრატიულ გარემოში ვიზრდებოდი, თუმცა ჩემი მშობლები კონკრეტულ საკითხებში სიმკაცრეს იჩენდნენ. როცა განათლებას ეხებოდა საქმე, მათგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი, მაგრამ როცა საზღვარგარეთ მოვინდომე სწავლის გაგრძელება, უარი მითხრეს და სასურველი ცოდნა მოგვიანებით, დისტანციურ რეჟიმში მივიღე. მოვახერხე ისიც, რომ ჩემი ცოდნის პრაქტიკული რეალიზება მომეხდინა, თუმცა მშობლები ჩემზე განსაკუთრებულ იმედებს არ ამყარებდნენ. ისინი არ ფიქრობდნენ, რომ მე წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა წინსვლისთვის.

– სხვა მხრივ როგორი იყავით?

– ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი და ვარ. თუმცა ის, რომ პროტესტს ხშირად არ გამოვხატავდი, ხელს არაფერში მიშლიდა. ყოველთვის ვიცოდი, რისი მიღწევაც მინდოდა და მიზნისკენ მივდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში დავოჯახდი და შვილი გავაჩინე, ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი მივიღე და საოჯახო ბიზნესში დავიწყე მუშაობა. ჩემი ოჯახი მძიმე ინდუსტრიაშია ჩართული და საწარმოში, რომლის ხელმძღვანელიც მამა იყო, მუშაობა ჩვეულებრივ ბუღალტრად დავიწყე. მამა სამსახურში მე გაცილებით მკაცრად მექცეოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამშრომელს.

– გაუჭირდა მამას ქალიშვილის აღიარება?

– ბარიერებს არ მიქმნიდა, მაგრამ ყველაზე ბოლოს მამამ მაღიარა. ჩემი მიზანი იყო, მამის აღიარება მომეპოვებინა და როცა ეს მოხდა, განსაკუთრებულად გამიხარდა. მამაჩემი ჩემთვის წარმატების მოდელია და მისი შეფასება, ამ

მხრივაც, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის დედაქალაქში გურიიდან ჩამოვიდა, სრულიად არაფრის მქონე. მიიღო ტექნიკური განათლება და ძალიან ბევრს მიაღწია ვაგონთმშენებლობაში. როდესაც მეც ამ საქმეში ჩავერთე, არაერთხელ აღმოვჩნდი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე, ზუსტად იმ მიზეზით, რომ ქალი ვარ. როდესაც ამ ინდუსტრიაზე, მეტალზე ან ვაგონზე ვსაუბრობდი, მამაკაცები ირონიულად მიყურებდნენ. არც არის გასაკვირი, რადგან ნაკლები დოზით, მაგრამ დღემდე გვაქვს სტერეოტიპული დამოკიდებულება პროფესიებისა და სქესის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. თუ ქალი ვიზუალურად კარგად გამოიყურება ან მოვლილია, ეს სტერეოტიპები კიდევ უფრო მძაფრდება. შეიძლება ითქვას, აგდებით უდგებიან ქალის ცხოვრების კარიერულ ნაწილს. პოლიტიკოსის რანგშიც პირველ კომპლიმენტს გარეგნობის გამო ვიღებ და სულ ვამბობ, მირჩევნია, პროფესიულ ჭრილში შემაფასოთ-მეთქი, რადგან საქმიან ჭრილში გარეგნობა ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობს. ნებისმიერი კომპლიმენტი სასიამოვნოა და ამის წინააღმდეგიც არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ვიბრძვი ამ სტერეოტიპის დასანგრევად.

– მეუღლეს როგორი მიდგომები აღმოაჩნდა?

– ჩემს მეორე ნახევარს ძალიან პოზიტიური როლი ეკავა ჩემს განვითარებაში. რაღაც სიტუაციებში, უფრო შორეულ წარსულში, სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ყოველთვის აღიარებდა ჩემს მიღწევებს. განსაკუთრებით დამიდგა გვერდით, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. გააქტიურდა მისი, როგორც მამის როლი. ვხუმრობდი, აქამდე შვილების გაზრდაში მე მქონდა განსაკუთებული როლი და ამ ხუთი წლის განმავლობაში სრულად აანაზღაურა დანაკლისი-მეთქი. რადგან მანამდე, როგორც ხდება ხოლმე, უფრო მეტად საქმეზე იყო ორიენტირებული. მგონია, რომ როდესაც საყვარელი ადამიანი შენს პირად განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იქ სიყვარულზე საუბარი ზედმეტია. ეს ეგოიზმია და თუ ქალი ან კაცი, პარტნიორს ამგვარი არჩევნის წინაშე აყენებს, ესე იგი, მას საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე საყვარელი ადამიანი. ამ შემთხვევაში, მე აუცილებლად ვიბრძოლებდი იმისთვის, რომ ჩემი პირადი განვითარება ოჯახზე წინ დამეყენებინა.

– როგორც თქვით, ოჯახი საკმაოდ ადრე – 19 წლის ასაკში შექმენით.

– ახლა ვფიქრობ, რომ 19 წელი ძალიან ადრეა ოჯახის შესაქმნელად და ჩემს შვილებსაც შესაბამის აგიტაციას ვუწევ. ჯერ პიროვნულად უნდა განვითარდნენ, პრიორიტეტები ჩამოიყალიბონ და შემდეგ იფიქრონ ოჯახზე. გული მწყდება, რომ მე ვერ მოვახერხე ამ გზის გავლა. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს, როცა ბედისწერა გახვედრებს ადამიანს, რომელთან ერთადაც ფიქრობ ცხოვრების გაგრძელებას, ცოტა რთულია გადავადებაზე ფიქრი. ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა.

– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– რადგან უკვე ერთად აღარ ვცხოვრობთ, ჯობს, ამაზე ნაკლები ვისაუბროთ.

– განქორწინდით?

– დიახ.

– სამი შვილი გყავთ. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ნამდვილად დაგჭირდებოდათ ძალის მოკრება.

– ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ.

– ამ ურთიერთობის დასრულების მიზეზი თქვენი აქტიური ცხოვრება, თუნდაც, პოლიტიკური აქტივობა გახდა? შეუძლებელი აღმოჩნდა პირადის და პროფესიული წარმატების შეთავსება?

– არანაირად. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია იყო წარმატებული შენს კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი. დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება. თუმცა, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია.

– შვილები უკვე დიდები არიან, როგორ მიიღეს მშობლების ეს გადაწყვეტილება?

– უფროსი 18 წლის არის, შუათანა – 15-ის და უმცროსი – 9-ის. ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მყავს და ძალიან კარგად მესმის ის პრობლემური საკითხები, რაც შეიძლება, ჩვენი შვილების თაობას აწუხებდეს. დავიბრალებ, რომ ეს ჩემი აღზრდის შედეგია, მაგრამ ჩვენი შვილები ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას ძალიან კარგად და ადეკვატურად იღებენ. ასე იყო მაშინაც, როცა პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე. დედასთან ურთიერთობის სიხშირის თვალსაზრისით რადიკალური ცვლილება ჰქონდათ, მაგრამ ხვდებოდნენ, ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამონაკლისი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილებისგან მაქსიმალურ მხარდაჭრას მივიღებდი, რადგან მათ იციან, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება არის ჩვენი პირადი და მათთვის ამით არაფერი იცვლება – სრულფასოვანი დედა და მამა ეყოლებათ. ამიტომ მეც უფრო თამამად მივიღე გადაწყვეტილება.

– თქვენი ოჯახის ფინანსები ხშირად არის ხოლმე გარჩევის საგანი და ნეგატიური კომენტარების მიზეზი. ითვლიან რამდენი ბინა გაქვთ, რამდენი სახლი, რამდენგან მიწა... ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მილიონერ წარმომადგენლად მოიაზრებით, ხშირია კითხვები ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

– მიმაჩნია, რომ რიგი საინფორმაციო საშუალებები ძალიან არასწორ და უსამართლო კრიტიკის ქვეშ მაქცევენ. მე არ გადამიწყვეტია ჩემი ბედი, რომ დავბადებულიყავი ფინანსურად შეძლებულ ოჯახში. არც ჩემს ოჯახს დაუშავებია რამე იმისთვის, რომ ფინანსური უზრუნველყოფა მოეპოვებინა. ვამაყობ მამაჩემით, რომელიც ძალიან მშრომელი ადამიანია. პატიმრობა და კიდევ არაერთი წინააღმდეგობა გამოიარა ვაგონთმშენებლობის შესანარჩუნებლად. ჩემი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობა არ უკავშირდება ჩემს პოლიტიკაში მოსვლას. პირიქით, მე მნიშვნელოვნად შემიმცირდა შემოსავლები მას შემდეგ, რაც საოჯახო ბიზნესს ჩამოვშორდი. ის, რომ ჩემი მშობლები აფინანსებენ ჩემი შვილების განათლების მიღების პროცესს, ვფიქრობ, არ უნდა იყოს განსაკუთრებული კრიტიკის ან აგრესიის მიზეზი. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ბევრ ახალგაზრდას არ აქვს საშუალება ისეთი განათლება მიიღონ, როგორსაც მე ჩემს შვილებს ვაძლევ, მაგრამ ამისთვის მე და ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული. როგორც მმართველ გუნდში მყოფი ადამიანი, არ ვიშურებ ძალას ისეთი გარემოსა და მომავლის შესაქმნელად, რომელშიც ყველას შვილს თანაბარი წვდომა ექნება კარგ განათლებაზე. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი, თუ პოლიტიკაში შემოსვლისას ამდენი უარყოფითი ემოცია, სირთულე და პრობლემა შემხვდებოდა. თუმცა გეტყვით იმასაც, რომ დღეს რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, იმავე არჩევანს გავაკეთებდი.

– სამი შვილის დედა საოცარ ფორმაში ხართ. გენეტიკის გარდა, ეს რისი დამსახურებაა?

– გენეტიკასთან ერთად, ცხოვრების წესსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი ცხოვრება, სწორი კვება, „არა თამბაქოს“ და სპორტული აქტივობა. მე არ ვჭამ ხორცს, რაც გარკვეული ასაკის შემდეგ განსაკუთრებით კარგია და სხვა ქალებსაც ვურჩევდი იგივეს. გარდა ამისა, სისტემატურად ვვარჯიშობ. როგორც ქალბატონების უმრავლესობა, არც მე ვამბობ უარს თანამედროვეობის შესაძლებლობებზე. რაც ძალიან მეხმარება, რომ კარგად ვმართო ჩემი დროის რესურსი, რისი დამსახურებითაც, ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარი თავისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი