საზოგადოება

მერაბ კოკოჩაშვილი: ისეთი დრო დადგა, ადამიანები ერთმანეთისთვის საშიში გახდნენ

№37

ავტორი: ანკა რობაქიძე 22:00 21.09, 2021 წელი

მერაბ კოკოჩაშვილი
დაკოპირებულია

„დაინგრა ყველაფერი და თუ კაცობრიობა მალე ვერ შეძლებს ამ ყველაფრის შეცვლას, აუცილებლად დავიღუპებით! ვიქცევით ერთეულებად, რომლებსაც საზოგადოებრივი საქმიანობის ქმედების უნარი აღარ ექნება, საზოგადოებრივ კულტურას დავკარგავთ!“ – ამბობს მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებლად სოფლად გადავიდა...

დღევანდელობაზე, ასევე, მის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზაზე შექმნილ პრობლემებზე რეჟისორი თავად გვესაუბრა:

მერაბ კოკოჩაშვილი: ჩემი გეგმები პანდემიამ რადიკალურად შეცვალა. მხატვრული ფილმი, რომლის გადაღებებიც წელიწად-ნახევრის წინ მქონდა დაწყებული, ამჟამად შეჩერებულია. ფილმი თანამედროვე პრობლემაზეა, სცენარი აკა მორჩილაძის მოთხრობის საფუძველზე შეიქმნა. კულტურის მიმართულებით უზარმაზარი დარტყმა მიიღო საქართველომ და მთლიანად მსოფლიომ. ყველაზე მეტად კინო დაზარალდა, რადგან კინო სერიოზულ თანხებს მოითხოვს და მოგეხსენებათ, თანხები რთულად მოიპოვება. ჯერჯერობით გაჩერებული ვარ და იმედი მაქვს, როდესაც ეს ტალღა ჩაივლის, რაღაც მცირედით მაინც შეიცვლება სასიკეთოდ და იქნებ როგორმე ჩვენი სამუშაო გაგრძელდეს. მსახიობებთან ხელშეკრულება გარკვეული დროით გვაქვს დადებული, დრო იწელება და შემდეგ უკვე ცხადია, თავისუფლებას ითხოვენ.

ეს – შემოქმედებითი თვალსაზრისით შექმნილი პრობლემები და რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, ამ მხრივ, კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობაა. ისეთი დრო დადგა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისთვის საშიში გახდნენ. ვეღარ ვბედავთ ახლოს ყოფნას. არადა, ჩვენი ურთიერთობით სულ ვეხმარებოდით ერთმანეთს – ჭირში, ლხინში და დღეს ყველაფერი დარღვეულია.

– როგორც ვიცი, თბილისში არ იმყოფებით...

– დიახ, დუშეთის რაიონში, ულამაზეს სოფელ ახატანში ვართ. ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. ერთი საათის სავალია თბილისიდან და შემიძლია, ლექციებზეც, გადაღებებზეც კი აქედან ვიარო. აქ, ფაქტობრივად ჩაკეტილი ვარ. ჩემი შვილები ურთიერთობებს კატეგორიულად მიკრძალავენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ჩემი ასაკისთვის ძალიან სახიფათოა.

– სოფელში როგორი ვითარებაა?

– გაცილებით უკეთესი. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი კოვიდით დაავადდა, მაგრამ ისინიც მალე გამოჯანმრთელდნენ. არავითარი კრიზისული სიტუაცია არ ყოფილა. ძალიან ბევრს მუშაობენ და როგორც ვხედავ, საკმაოდ უკეთეს პირობებში ცხოვრობენ. ვხედავ, ეზოებში ტრაქტორები დგას, სათბურებია, სათბურების ახლოს ხილის ჩასაბარებელი პუნქტებია, დოვლათი იქმნება...

– თქვენ გაქვთ მეურნეობა?

– სამწუხაროდ, არა. მეურნეობას დრო და შრომა სჭირდება. თუმცა ძალიან კარგი ეზო გვაქვს, ბევრი ხეხილით. ჩვენი ეზო სულ მწვანეა, მშვენიერი ბალახით, მწვანე მდელოთი. გვაქვს ტერასა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი მოსჩანს. თითქოს ტყეში ხარ, იმდენად მდიდარი ბუნებაა ირგვლივ. 15 წელია, ეს აგარაკი შევიძინეთ და როდესაც მძიმე პერიოდი იყო, ბოსტანიც გვქონდა. თუმცა ახლა ბოსტანი არ გვჭირდება და ვერც მოვუვლიდით. ულამაზესი ადგილია, ჩვენს მოპირდაპირედ უზარმაზარი მდელოა და ვხედავ როგორ იწყებენ ბიზნესმენები ათვისებას. პროექტი შედგენილია, გამოკრულია და რაღაც სახელწოდებაც აწერია, რატომღაც ინგლისურად. როგორც ვიცი, აქ ძალიან ბევრი სააგარაკე სახლები უნდა ააშენონ. ეტყობა, აქაურობა მალე გამორჩეული ადგილი გახდება.

– ბევრი ამბობს, რომ დაკარგულ ტერიტორიებს მხოლოდ ამ გზით დავიბრუნებთ.

– რასაკვირველია! თუ ჩვენ გავაგრძელებთ შიდა დაპირისპირებებს, ისე, როგორც დღეს ხდება, მაშინ ტერიტორიებს დავიბრუნებთ კი არა, წინ გაცილებით უარესი გველოდება. რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, იმის შემდეგ 30 წელი წინ ვერ წავიდა. ვერაფრით ვერ ვხვდებით, რომ ერთიანობისკენ სვლა არის საჭირო.

მე, მაგალითად, აფხაზეთში ფილმი არ გადამიღია, მაგრამ აფხაზებთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს. ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი ახლაც აფხაზეთშია. იგი გალის რაიონში ცხოვრობს და ჩემთან სწავლობს. სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან მისი ყოველი შესვლა და გამოსვლა საშინელ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ის იქ მასალებსაც იღებს, რისთვისაც აქედან ხშირად ვაძლევ რჩევა-დარიგებებს. ასე რომ, აფხაზეთთან დღესაც კონტაქტი მაქვს, ქართული კულტურისა და კინოსასწავლებლის გარეშე არ ხდება ურთიერთობა.

– როგორ დასახლდით ამ აგარაკზე?

– ჩემს წინაპრებს ყოველთვის ჰქონდათ სოფლად საცხოვრებელი. თუმცა წინანდალში შამილის რაზმების შემოსევისა და განადგურების შემდეგ საცხოვრებელი დაკარგეს. დღეს წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ჩემი შვილი გახლავთ, მაგრამ წინანდალში აღარ გვაქვს მიწა და სახლი. ამიტომაც მთელ ოჯახს ისეთი პერიოდი დაგვიდგა, როდესაც მივხვდით, რომ სოფელი აუცილებლად გვჭირდებოდა. ეს მეგობრებს გავანდეთ და მათ სახლის აქ შეძენა გვირჩიეს. ყველა ძალიან ბედნიერი ვართ ამ გადაწყვეტილებით. წელიწადში ერთი თვე მაინც ყველა ვიკრიბებით და ვტკბებით აქ ყოფნით. არნახული ჰაერია, საოცარი სილამაზე და სიმშვიდე. სულ ათი კილომეტრია საგურამოდან ჩვენ სოფელ ახატანამდე.

– იმედია, პანდემია მალე დასრულდება. რამდენად მოახდენს გავლენას თქვენს შემოქმედებაზე ის ურთულესი პერიოდი, რაც გამოვიარეთ?

– ძალიან რთულია, ასე მალე ეს ყველაფერი გაიაზრო და გადაიღო. ალბათ, ბევრი დრო დამჭირდება, თუმცა, ის ფილმი, რომელსაც ახლა ვიღებ, თანამედროვე პრობლემებზეა – ძალადობაზე, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე და გაუგებრობაზე... არ ვიცი, როდის შევძლებ გადაღებები გავაგრძელო. სამწუხაროდ, ყველა ფილმზე დამებედა შეფერხებებით გადამეღო. „ნუცას სკოლის“ გადაღება ოთხი წელი გაგრძელდა, რადგან თანხა არ გვქონდა. შემდეგ უცხოელები დაგვეხმარნენ, გადაგვეღო... იმედი მაქვს, ამ ფილმის გადაღებას დავასრულებ, უნდა გვახსოვდეს ჩემი ასაკიც, უკვე 86 წლის გახლავართ.

ერთი სასიამოვნო ამბავი მაქვს: რამდენიმე წელია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, უნივერსიტეტმა დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. ფილმი ჩვენი უნივერსიტეტის შემქმნელების შესახებაა, რომლის გადაღებაშიც უკვე „საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიაც“ ჩაერთო. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო და სასარგებლო ნამუშევარი იქნება. ჯერ ის არის სასიამოვნო, რომ ეს ყველაფერი სტუდენტების ინიციატივით მოხდა, რომლებსაც სურდათ პატივი მიეგოთ იმ ბუმბერაზი ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი შექმნეს. მოგეხსენებათ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი რეგიონში პირველი იყო. ეს დიდებული საქმეა და ვფიქრობ, ფილმების ციკლი უნივერსიტეტის ყველა დამაარსებლის შესახებ ორ წელიწადში დასრულდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი