საზოგადოება

ქეთევან კანტიძე: როცა ადამიანი შინაგან თავისუფლებას გრძნობს, სწორედ, მაშინაა თავისუფალი

ავტორი: ეთო ხურციძე 12:30 17.11, 2020 წელი

ქეთი კანტიძე მსახიობი
დაკოპირებულია

სახელი: ქეთევანი.
გვარი: კანტიძე.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი ვიყავი. არდადეგებეზე დედას სოფელში მივყავდი ხოლმე და იქ ვდგამდი კონცერტებს, ვყიდდი ბილეთებს და მოკლედ, მსახიობობისკენ მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა. ის სილაღე და თავისუფლება, რაც ბავშვობაში მქონდა, ძალიან მენატრება.
– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...
– მსახიობი, თუმცა მუსიკას გავყევი. თავიდან კონსერვატორიაში ვაბარებდი, მაგრამ მერე თეატრალურში ჩავირიცხე ხმის სარეჟისოროზე. არ ვამხელდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, მაშინაც კი, როცა მუსიკაზე გავაკეთე არჩევანი. საბოლოოდ მსახიობი გამოვედი და არა მუსიკოსი, თუმცა კარგი მსმენელი ვარ.
– ადამიანში ვაფასებ...
– პატიოსნებას, სიკეთესა და წესიერებას. უღალატო, უბოროტო ადამიანები მიყვარს, რომლებსაც თავადაც შეუძლიათ სიყვარული.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვისაც შეუძლია, საკუთარი წარმატების გაცემა, მარტო თავად რომ არ არის აღფრთოვანებული საკუთარი მიღწევებით და სხვასაც უზიარებს მათ, ესაა წარმატება.
– მწამს...
– ადამიანების, ღმერთის, სიყვარულის... ადამიანების მჯერა და მართლა მწამს მათი. ზოგადად, რასაც მოსთხოვ ადამიანს, იმავეს მიიღებ თავად. ამიტომ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა არ უნდა გვქონდეს. რა განწყობაც შენ გექნება სხვის მიმართ, ზუსტად ანალოგიური დაგიბრუნდება.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– სიყვარულისა და სიკეთის ძალაა ღმერთი: არ გაუკეთო ცუდი სხვას. ღმერთი როცა გიყვარს და არ ჩადიხარ ბოროტებას.
– ცოდვა არის...
– როცა ადამიანს სიცოცხლეს ართმევ – კლავ. არავის აქვს უფლება, ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფოს.
– ვრისკავ...
– იშვიათად. უფრო „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ ამ კატეგორიას ვეკუთვნი. სიმართლე გითხრათ, ჯობს, რისკიანი ვიყო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვფრთხილობ.
– მაკვირვებს...
– ადამიანები, რომლებსაც დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. ზოგი ისე გადმოგხედავს ხოლმე ზემოდან, მისი, ვითომ, სიდიადიდან გამომდინარე, მართლა გაკვირვებული ვრჩები.
– ვერიდები...
– კამათს. უკონფლიქტო ადამაინი ვარ. კამათის დროს, როცა ვიცი, ჩემი აზრი სწორია, თუ გამოუვალი სიტუაცია არაა, ყოველთვის თავს ვიკავებ რამეს თქმისგან. ეს ბევრჯერ გამიკეთებია, უფრო რომ არ გამემძაფრებინა სიტუაცია. არასოდეს მიჩხუბია ვინმესთან, ყოველთვის მშვიდად ვარ და მოთმინების დიდი უნარი მაქვს.
– ბედისწერა...
– არსებობს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩემი ცხოვრება თეატრსა და კინოს თუ დაუკავშირდებოდა. ბედისწერაა, კინოში რომ მოვხვდი, თან ჩემზე ბევრად ნიჭიერ, ლამაზ და ჭკვიან მსახიობებს არ ექნებათ იმდენ ფილმში ნათამაშები, რამდენიც მე. ბედისწერა და იღბალია ეს, აბა, რა არის.
– სიყვარული...
– ბედნიერებაა, ყველაფერია და ყველაფერშია. ეს არის გრძნობა, რომელიც არანაირ ჩარჩოში არაა მოქცეული.
– დრო და სიყვარული...
– ქრება რაღაც პერიოდის მერე, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია. ახლა საერთოდ გამარტივდა სიყვარული, ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. რატომღაც, ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა, ყველაფერი გაუბრალოვდა, მათ შორის, ეს გრძნობაც.
– პირველად შემიყვარდა...
– სკოლაში... ყოველთვის ჩუმი ბავშვი ვიყავი და მიყვარდა ჩემთვის. არავინ იცოდა და არც არავის გაუგია მის შესახებ, მგონი, დღემდე არავინ იცის...
– ვეჭვიანობ...
– არასდროს...
– ვემტერები...
– ცუდ ყოფას და ყველაფერ ცუდს, რაც კარგია, მიყვარს. ბევრი რამეა მიუღებელი და ამ მიუღებელ საკითხებს ვემტერები.
– ბოდიშის მოხდა...
– არ მიჭირს. ბევრჯერ მომიხდია კიდეც.
– ვიტყუები, როცა...
– არ მიყვარს ტყუილი და მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვთქვა. შესაბამისად, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, არ ვიტყუები.
– შემშურებია...
– სიგამხდრის, მეტი არაფერი, პირიქით, მიხარია სხვისი წარმატება და კარგად ყოფნა.
სამაგიეროს გადახდა...
– არასოდეს მიცდია, ღმერთმა დამიფაროს.
– ვნანობ.
– შვილები რომ არ მყავს.
– მაბედნიერებს...
– ჩემ გარშემო მყოფების ჯანმრთელობა. გამაბედნიერებს, გაჭირვებული ადამიანი თუ აღარ გვეყოლება და თითოეული ჩვენგანი კარგად ვიგრძნობთ თავს.
– როცა მაქებენ...
– ძალიან არ მიყვარს, უხერხულად ვგრძნობ თავს. ყველაზე კარგად მე ვიცი, როგორი ვარ, ამიტომ პირფერობა მგონია ხოლმე.
– თავისუფალი ადამიანი არის...
– რომელსაც შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე, გააკეთოს, რაც სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და სხვისი აზრის, გავლენის ქვეშ არ მოექცეს. როცა ადამიანი შინაგან თავისუფლებას გრძნობს, სწორედ მაშინაა თავისუფალი.
– არასოდეს დამავიწყდება...
– სულ მემახსოვრება საღამოს ექვსი საათი, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდის გარშემო ვსხდებოდით და ვსადილობდით. ეს მომენტი ყოველთვის თვალწინ მიდგას და რაც ასაკში შევდივარ, უფრო მძაფრ ემოციებს იწვევს ჩემში...
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– ერთხელ მეგობარმა მაწყენინა და მამას ვუთხარი: ვიტირე, გული მეტკინა-მეთქი. მიპასუხა: ნუ გეშინია, შვილოო და დამანახვა წარწერა „ვეფხისტყაოსნიდან – „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“, შენ არაფერი გააკეთო, შენ სიკეთით უნდა იაროო... პატარა ვიყავი, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რისი თქმა სურდა. ძალიან მინდა, დარჩენილი ცხოვრებაც ასე ვიცხოვრო.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– თავიდან არ მინდა არაფრის დაწყება, ძლივს გავედი ბოლოში. აღარ მინდა... კმაყოფილი ვარ განვლილი გზით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი