საზოგადოება

ჯანო იზორია: მაკომპლექსებს, როცა ქალი ქალს ეჩხუბება

№53

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 06.01, 2021 წელი

ჯანო იზორია
დაკოპირებულია

სახელი: ჯანო.
გვარი: იზორია.
პროფესია: მსახიობი.

– მოგონება ბავშვობიდან...
– ყველამ იცის, რა რთული პერიოდი იყო 90-იანებში. ბავშვები მატარებლის ლიანდაგებზე დავძვრებოდით ხოლმე და ხორბალს ვიპარავდით. ერთხელ ვიღაც კაცი მოვიდა და გვითხრა: პოლიციას მოველაპარაკე. აი, თქვენ ტომრები, აავსეთ და მერე რამდენიც გინდათ, წაიღეთო. ბოლო ტომარას რომ ვავსებდით, ვეღარ დავინახეთ ეს კაცი. იქვე ყრუ-მუნჯი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ამ ქალის უცნაურმა ხმამ და ხელების ქნევამ გვაიძულა, გვერდზე გაგვეხედა, დავინახეთ პოლიციელები, რომლებიც ჩვენკენ მორბოდნენ. ლიანდაგთან ახლოს მოსახლეობას ღორები ჰყავდათ. მათ ფეკალიებს ერთ ადგილზე ყრიდნენ და ნაკელად იყენებდნენ. ამ ნაკელზე ხორბალი იყო ამოსული. მე და ჩემი ძმაკაცი დიდი სიმაღლიდან გადმოვხტით, გვეგონა, სიმწვანეზე დავეცემოდით, მაგრამ წელამდე ჩავეფალით ჯეჯილში და ნაკელში. კარგად მახსოვს, ასე ამოთხვრილები როგორ გადავრბოდით ცენტრალურ ქუჩაზე. პატარები ვიყავით, პოლიციას, რომ დავეჭირეთ კარგად დაგვჟეჟავდნენ.
– მშობლების როლი...
– მე და ჩემი ძმა მშობლების მხრიდან განებივრებული ბავშვები არ ვყოფილვართ. სოციალურად საშუალო ფენას მივეკუთვნებოდით, მდიდრულად არ ვცხოვრობდით. დედა და მამა არასოდეს გვაქებდა, მაშინ კი გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ჩვენთვის კარგი იყო. წესები, რომლებიც დღეს ძალიან მადგება ცხოვრებაში, მათი ნასწავლია, ზოგი ისეთია, შეიძლება, წიგნშიც კი ვერ ამოიკითხოთ. სწორი მიმართულებები მოგვცეს და სწორად დაგვაკვალიანეს.
– პროფესიული ჩვევა...
– თუ ფოთში მაქვს პრემიერა, აუცილებად დილით ადრე გავდივარ ზღვაზე და შემდეგ, ზღვისპირა სასაფლაოზე, სადაც მსახიობები განისვენებენ. თბილისშიც, ჯერ დიდუბის პანთეონში შევდივარ, ბატონ რეზო ჩხეიძის საფლავთან, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო. ეს რაღაც ჩემებური რიტუალია, რომელიც კონცენტრაციაში და ყველაფერში მეხმარება. ყველაზე კარგად იქ ვგრძნობ თავს.
– ჩემი მეტსახელი...
– გვარიდან გამომდინარე, რადგან იზორია ვიყავი, „იზოს“ მეძახდნენ. მიშა მედნიკოვმა დამარქვა იზო ჯანორია (იცინის). ბატონი რეზო მოუსვანარაძეს მეძახდა. პერიოდულად, ხან რას შემარქმევდნენ, ხან რას. ისე მოწებებული იარლიყი არ მაქვს.
– ადამიანში ვაფასებ...
– ნათქვამია – „რაც უფრო ამაღლდები, მით უფრო დადაბლდებიო“, და აი, ეს მიყვარს ყველაზე მეტად ადამიანში. მინახავს დიდი, ბუმბერაზი ადამიანები, რომლებიც შექების დროს საოცრად პატარავდებოდნენ. ამას ვერ ისწავლი, ეს შენში უნდა იყოს. თავმდაბლობა ყველაზე ღირებულ და ღირსეულ თვისებად მიმაჩნია.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც ყველასთვის მისაწვდომია, რომელსაც ნებისმიერ ადგილზე, ყველა კუნჭულში ცნობენ, უყვართ და პატივს სცემენ.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ვამბობ ხოლმე, დედამიწაზე ფრთიან ანგელოზს ვერ ნახავ-მეთქი და ეს ასეც არის. უფალი ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს გვახვედრებს, რომლებშიც დიდი დოზით არის ღმერთი, ისინი ჩვენი მხსნელები და ცხოვრების დამრიგებლები არიან. დღევანდელ დროში ღმერთთან შუამავალი არ მჭირდება, თავად ვცდილობ მასთან მიახლოებას.
– ვრისკავ...
– ნუ, შამპანური მიყვარს (იცინის), ვრისკავ, მაგრამ მშიშარაც ვარ. ზოგჯერ მიკვირს ხოლმე ადამიანების, რომლებიც უცებ, დაუფიქრებლად რისკავენ, როგორ არ აქვთ დაფიქრების მომენტი. ერთი რამ მახასიათებს, თუ მოვინდომებ, ბოლომდე გავაკეთებ – აქ რისკიც იგულისხმება და ყველაფერი.
– მაკვირვებს...
– დღეს ბევრად გამარტივებულია ადამიანებთან საკომუნიკაციო შესაძლებლობები, მაგრამ უფრო მეტად დაშორებულები ვართ ერთმანეთთან. თითქოს ყველა გაუცხოვდა: ნათესავები, მეზობლები, უბნელები... სადარბაზოში მიცვალებული ყოფილა, მაგრამ რამდენიმე მეზობელს ამის შესახებ არ სცოდნია. ვიღაცას ლხინი ჰქონია და სახლიდან გამოსული ბედნიერი ჰანგების ხმას ადამიანები შეუწუხებია... აი, ეს დამოკიდებულება მაკვირვებს, რადგან ჩემს ბავშვობაში სულ სხვა, საოცარი ურთიერთობები იყო. საერთო შეშას ვაგროვებდით, საერთო საჭმელს ვჭამდით, საერთო თემებზე ვსაუბრობდით... ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
– ვერიდები...
– არ ვარ კონფლიქტური, ყოველთვის ვერიდები კამათს, ჩხუბს, ხმამაღლა ლაპარაკს, დაძაბულობას. არასოდეს მინდა, მსგავს სიტუაციაში მოვხვდე, რადგან მეშინია, საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო.
– ბედისწერა...
– არის ძაფი, რომელზეც აკრობატივით უნდა იარო: არ გაწყვიტო და არ ჩამოვარდე, რადგან ძალიან ფაქიზი და სათუთია.
– სიყვარული არის...
– აქაური ცხოვრება რომ მორჩება და მარადისობაში გაგრძელდება, ეგ. განვლილი ცხოვრება, საკუთარი თავის პატივისცემაა სიყვარული. როცა შენს თავს პატივს სცემ, სხვის მიმართაც იმავეს განიცდი.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– სიყვარულით განებივრებული არ ვყოფილვარ, სკოლაში, ანსამბლში და სადაც ვიყავი, ყოველთვის ცალმხრივად მიყვარდა. სულ მე ვგიჟდებოდი, მე მომწონდა და საპასუხოდ არაფერი ხდებოდა. სამაგიეროდ, სიბერეში გამიმართლა (იცინის), ახლა ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს, მასთან ძალიან ბედნიერი ვარ. ახალ თაობას რომ ვუყურებ, თამამები არიან გრძნობების გამოხატვაში, რაც ძალიან მომწონს. ბავშვობაში ვინც მომწონდა, იმ გოგოსთან ერთად რომ გამევლო, ალბათ, ცხრა ფერი გადამკრავდა სახეზე (იცინის).
– ის, რაც უპატიებელია...
– ვერ ვაპატიებ, როდესაც ჩემს პროფესიაში უსამართლოდ მომექცევიან, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს ან, თუნდაც, უსამართლობის გაკეთებას მაიძულებენ. ამან შეიძლება, ჩემზე იმდენად ცუდად იმოქმედოს, რომ აქამდე ნაშენები ყველაფერი თავზე ჩამომენგრეს.
– ვეჭვიანობ...
– არა... იყო შემთხვევები, როცა რაღაცები ძალიან ჩვეულებრივად „გავატარე“.
– მეშინია...
– საკუთარ ქალაქში რომ არ მოვკვდე. თბილისში ვცხოვრობ, თუმცა ფოთში მყავს მშობლები და იქ მაქვს სახლი. ფოთში მეზღვაური მეზობელი მყავდა, რომელიც დღემდე აფრიკის რომელიღაც კუნძულზეა დაკრძალული და სახელმწიფომ მისი გადმოსვენება ვერ უზრუნველყო. სულ ამის განცდა მაქვს, არ მოვკვდე სხვაგან.
– მაღიზიანებს...
– როცა ჩემს ქვეყანაში მივდივარ შეხვედრაზე და ათი ქართული სიტყვიდან რვას ინგლისურად მეუბნებიან. ის, რომ ქართულ მეტყველებაში ბევრი ბარბარიზმი დამკვიდრდა. ძალიან მაღიზიანებს, როცა საკუთარ ქვეყანაში უცხოელივით ხარ.
– მაკომპლექსებს...
– ქალი ქალს რომ ეჩხუბება. ვკომპლექსდები, ვწითლდები, მრცხვენია და მინდა, იმ ადგილიდან გავქრე. ქალბატონები ზებუნებრივ ადამიანებად მიმაჩნია და ჩემს თავში ამ მომენტს ვერ ვუშვებ.
– ვიტყუები, როცა...
– ტყუილს სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის, როცა მინდა, ვიღაც გავამხნევო და კარგი დავაჯერო. როდესაც კრივზე დავდიოდი, ერთი შეხვედრა ფრე დავამთავრე და თასი მაჩუქეს. თურმე, ეს თასი ჩემს მამიდაშვილს უყიდია და ჩუმად მიუცია ორგანიზატორისთვის. ამ თასმა მომცა დიდი მოტივაცია. ეს ჩემი მოტყუება კი არა, სტიმული იყო. ასეთი ტყუილის მომხრე ვარ.
– ვნანობ...
– არ არსებობს ოჯახი, სადაც კონფლიქტი არ ყოფილა. მეც მიკამათია მშობლებთან და ამას ვნანობ.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– მშვიდად, მშვიადად და მშვიდად, რადგან ემოციური ადამიანი ვარ.
– ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
– პროფესიას დავიტოვებდი, ოღონდ საუკუნეს შევცვლიდი – უკან წავიდოდი, წინ მეშინია არაბუნებრიობის, მფრინავი მანქანების, რობოტების...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი