საზოგადოება

ანნა ბაკურაძე: შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ ტაქსიში, რადიოთი გავიგე

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 19.07, 2022 წელი

ანა ბაკურაძე
დაკოპირებულია

„მე რასაც ვფიქრობ ჩემს სიყვარულზე, მარტო ჩვენ ვიცით, არვინ ჩვენ გარდა, რაც გადავწყვიტეთ მე და შენ მაშინ, მე ასე ვგრძნობდი, ღმერთი გვფარავდა. და ასეც მოხდა, უფლის წყალობა არ მოგვკლებია მე და შენ, ნათი, ამაზე მეტი, აბა, რა გვინდა? ჩვენ შვილები გვყავს, ანი და დათი“ – ეს ლექსი ერთი წლის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ, ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელ მომღერალ ზურა ბაკურაძეს ეკუთვნის. მასზე დათო არჩვაძემ მელოდია დაწერა და მალე ამ სიმღერას ზურას შვილი – ანნა ბაკურაძე შეასრულებს.

ანნა ბაკურაძე: მამა ახალი გარდაცვლილი იყო, როცა დედამ „ფეისბუქზე“ მისი დაწერილი ლექსი ნახა. ძალიან მოუნდა, მასზე სიმღერა შექმნილიყო და ასეც მოხდა. ყველას უნდოდა, ეს სიმღერა მე შემესრულებინა და მერე უკვე მეც მომინდა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ცოტა რთული იყო ამის გაკეთება. საერთოდ, სიმღერის დროს ძალიან ვნერვიულობ და ახლა, მით უმეტეს, ძალიან მიჭირდა. ამიტომ, ვეცადეთ, მამას გარდაცვალებიდან რაღაც დრო გასულიყო. ახლა კი ამ სიმღერას უკვე მალე ჩავწერთ.

– ალბათ, ძალიან ემოციურია მამის ტექსტზე მუშაობა.

– თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. საერთოდ, არ მიყვარს, როცა საჯაროდ ვმღერი. მარტო ბავშვობაში ვმღეროდი სიხარულით და ემოციებით. ცოტა რომ გავიზარდე, მეგონა, თუ შეცდომას დავუშვებდი, ეს ძალიან ცუდი იქნებოდა და რადგან ზურას შვილი ვიყავი, არ მეპატიებოდა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ვნერვიულობდი, მამას რომ არ მოეწონოს-მეთქი. ახლა, როცა მამაზეა სიმღერა და ის მე უნდა შევასრულო, უფრო მეტად ვნერვიულობ. საერთოდ, ყველაფერი, რაც მამას ეხება, ჩემთვის ძალიან ემოციურია. ვნერვიულობ, მაგრამ თან ძალიან მიხარია. ამ სიმღერას მთლიანად მას ვუძღვნი, ამიტომ მინდა, საუკეთესო იყოს. მინდა, გავახარო და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.

– როგორი რეაქცია ჰქონდა მამას, როცა მღეროდი?

– ისე უხაროდა, სულ მეხვეწებოდა, რომ მემღერა. ამბობდა, რომ ჩვენი ხმები ძალიან უხდებოდა ერთმანეთს. ერთი პერიოდი, გადაწყვეტილი მქონდა, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. ეს რომ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა. ერთადერთი, რის გამოც ეს გადავწყვიტე, მამა იყო, მინდოდა, ძალიან გამეხარებინა. თან, ნიჭიც არ დამეკარგა. მამას ძალიან მოსწონდა ჩემი ნამღერი. რა შეცდომაც არ უნდა დამეშვა, დიდ მოტივაციას მაძლევდა. კარგია, ყოჩაღ, ანაო, – სულ მაქებდა, რომ გავემხნევებინე და მემღერა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემთვის სიმღერა მხოლოდ მოსმენით შემოიფარგლება. ახლა უფრო მიჭირს, მამას გარეშე ვერ წარმომიდგენია. თუ ვმღეროდი, აუცილებლად მამასთან ერთად. მარტო არასდროს მიმღერია.

– დედა და უმცროსი ძმა?

– მამა რომ გარდაიცვალა, ჩემი ძმა ძალიან პატარა იყო. ახლა უკვე დადის სიმღერაზე და ვაპირებთ, რომ სერიოზულად შევახედოთ ამ საქმეს, რადგან ის ჩემზე ბევრად ნიჭიერია. იმედია, ზურაზე ნიჭიერიც იქნება და სიმღერა ძალიან ეყვარება. ძალიან მონდომებულია, გამორჩეული ხმა აქვს და მინდა, რომ მამის გზა გააგრძელოს. დედა არ მღერის, მაგრამ ყოველთვის მთელი გულით გვისმენდა.

– შენ რამხელა იყავი, როცა სიმღერა დაიწყე?

– მე დაბადებიდან მასმენინებდნენ ქართულ სიმღერებს და მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მქონდა. ორი წლისასაც მამღერებდნენ, იმდენად პატარა ვიყავი, ჯერ სიტყვების წარმოთქმაც მიჭირდა. ბავშვობაში, სიმღერის დროს დაძაბულობის მომენტი არ მქონია, მაგრამ რომ გავიზარდე და ვხვდებოდი, რომ მამას ჩემი იმედი ჰქონდა, ცოტა შიშები დამეწყო, თუმცა ხელი არ ამიღია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც სულ ვმღეროდი.

– ზურა გამორჩეული ადამიანი იყო. ეს ტრაგედია ყველამ ძალიან განიცადა და გამოჩნდა, რამდენს ჰყვარებია...

– არ მეგონა, თუ მის მიმართ ამხელა სიყვარული ჰქონდათ. ვერ წარმოვიდგენდი ამხელა თანადგომას. როდესაც გავიგე, რა მოხდა, იმხელა შოკი მქონდა, იმ პერიოდში საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ ვხედავდი, რამდენი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან, ახლაც, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ზურას სახელი მხვდება. ეს ჩემთვის ძალიან რთულია და იმავდროულად, დიდი ძალის მომცემი და გამამხნევებელი. ვხედავ, რამდენად ძვირფასი იყო მამა უამრავი ადამიანისთვის და ძალიან მეამაყება.

– როგორი იყო მამის ამპლუაში?

– ხომ ყველა შვილს თავის მშობელი საუკეთესო ჰგონია, მაგრამ მე მართლა დარწმუნებული ვარ, რომ მამაჩემი განსაკუთრებული იყო. ჩემთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. არასდროს დამიმალავს მისთვის რამე, არასდროს მომიტყუებია. დედასთან არ ვიყავი ისეთი გახსნილი, როგორც მამასთან. ჩემი საუკეთესო მეგობარი მამაჩემია, ეს დღემდე ასეა და ასე იქნება მთელი ჩემი ცხოვრება. ჩემი მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, მგონი, საკუთარ მამებზე მეტად ზურა გვიყვარსო. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ჩემთან – განსაკუთრებით. არასდროს მიგრძნია, რომ მე პატარა ვიყავი და ჩემს აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირიქით, ყველაზე გამგები მამა იყო. არც კი ვიცი, ჩვენი ურთიერთობა სიტყვებით როგორ აღვწერო.

– გარდაცვალება არ ნიშნავს დასასრულს. დღეს როგორ გრძელდება თქვენი ურთიერთობა.

– როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემთვის იმდენად რთული იყო გასააზრებლად, თან იმდენად ცუდად გავიგე მომხდარის შესახებ, ძალიან დიდი სტრესი მქონდა. ვერ ვიჯერებდი, ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებული ვიყავი ყველაფერზე. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მომხდარიყო ეს. მართლა ძალიან გაუგებარი იყო – რატომ? ასეთი რამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ ხდება. ადამიანს წინა დღეს ნახულობ და მერე უცებ ქრება. იმ მომენტში არ მეგონა, თუ შეიძლებოდა მასთან რამე კავშირი მეგრძნო. ვფიქრობდი, რომ გაქრა და დამთავრდა. თუმცა, ახლა მის მხარდაჭერას და ძალას კარგად ვგრძნობ. მისი ჩემდამი დამოკიდებულება, ჩემი მომავლის, წარმატებისადმი დიდი გულშემატკივრობა – ეს არსად გამქრალა, ისევ ჩემთან არის, თითქოს არაფერი შეცვლილა. ყველა ჩემს წარმატებას მამაჩემს ვუძღვნი. მისგან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მაქვს და მჯერა, რომ ასე გაგრძელდება. ყოველთვის, როცა დახმარება მჭირდება, მესიზმრება, მანიშნებს, რომ ჩემ გვერდით არის. ეს ჩემთვის დიდი შვებაა. სიზმრები და ძალა, რომელსაც მისგან ვგრძნობ, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ჩემი მიზნების მისაღწევად სწორედ ამის დამსახურებით ვაკეთებ მაქსიმუმს.

– როგორ გაიგე, შენამდე როგორ მოვიდა ამ ტრაგედიის შესახებ?

– ძალიან ცუდად. სახლიდან ბაღში მივდიოდი ჩემი ძმის გამოსაყვანად. ტაქსიში ჩავჯექი და რადიოში გამოაცხადეს ინფორმაცია. სრულიად მარტო ვიყავი, ვერც გავიგე რა ხდებოდა. გავაჩერე ტაქსი, ვერ ვიჯერებდი, ვერ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ეს სიმართლე ყოფილიყო. მერე ახლობლებს დავურეკე, რა ხდება-მეთქი. თავიდან მომატყუეს, არ არის სიმართლე, უბრალოდ, ავარიაში მოყვაო თუ რაღაც მსგავსი მითხრეს, ზუსტად არც მახსოვს. ის შეგრძნება ცუდად ჩამრჩა გულში. მთელი ის პერიოდი ძალიან მიჭირდა დაძინება. რამდენჯერაც თვალს მოვხუჭავდი, სულ ის ხმა ჩამესმოდა. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ იმ ქალის ხმა დამევიწყებინა, ვისგანაც რადიოში ეს ინფორმაცია მოვისმინე.

– ანუ, ჯერ ოჯახამდე არ მოსულა ინფორმაცია, პირდაპირ საინფორმაციოებიდან გაიგეთ...

– სამწუხაროდ, ასე მოხდა. ყველა ცდილობდა, პირველს ეთქვა. მათიც მესმის, რეიტინგის თუ ინფორმაციის გავრცელების გამო ხდება ხოლმე ასე, მაგრამ მაინც მგონია, რომ როცა ასეთი ამბავია, ოჯახს უნდა მისცე საშუალება გაიგოს, გაიაზროს და ერთი საათის მომხდარი ამბავი საჯაროდ არ უნდა გამოცხადდეს. არავინ ვიყავით დაზღვეულები, რომ ეს ამ ფორმით გაგვეგო და ასეც მოხდა. შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ ტაქსიში, რადიოთი გავიგე.

– დედამ იცოდა?

– როგორც ვიცი, დედას დაურეკეს და ჰკითხეს, რა ხდებაო? დედამაც არაფერი იცოდა, მერე „ფეისბუქზე“ შევიდა და იქ უკვე ყველაფერი აჭრელებული იყო ამ ამბით. მანამდე საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, მაგრამ დედაჩემის სახე რომ დავინახე, იმ დროიდან დავიწყე ფიქრი. მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება და მისთვის და ჩემი ძმისთვის ღირდა არსებობა.

– ერთი წელი გავიდა, როგორ შეიცვალა ცხოვრება მამის გარეშე?

– მე მქონდა ყველაზე კარგი საშუალება ამ ამბიდან ყურადღების გადასატანად, თუ შეიძლება, ამას ასე ვუწოდოთ – ეს იყო აბიტურიენტობა. მთელი ჩემი ფიქრები სწავლისკენ მივმართე. თავს საშუალება არ მივეცი, დეტალებს ჩავღრმავებოდი. მარტივი არ იყო. აბიტურიენტობა ხომ ცალკე სტრესია და ეს ამბავიც სულ შენთან არის, არასდროს ნელდება. რთული იყო ადაპტირება, მაგრამ როგორღაც მოვახერხე. ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მგონია, რომ მეც, ჩემი ძმაც, რომელიც პატარაა და შეიძლება, მამა საერთოდ არ ახსოვდეს და დედაჩემიც, ახლა ძალიან სხვანაირები ვართ. მე ამ ყველაფერმა მასწავლა, რომ კიდევ უფრო ძლიერი უნდა ვიყო. რამდენადაც გული მატკინა, იმდენად გამაძლიერა. არ მქონია დანებების მომენტი. თავიდან ვფიქრობდი, საერთოდ რაღა აზრი აქვს ცხოვრებას-მეთქი, მაგრამ ადამიანი ხარ, ნელ-ნელა ეგუები და ფიქრობ, მარტო იმიტომ ღირს გაგრძელება, რომ შენი საყვარელი ადამიანი ამაყობდეს იქ, სადაც არის.

– ახლახან, ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას ზურაბ ბაკურაძის სახელი მიანიჭეს, ეს ალბათ, ძალიან საამაყოა.

– დიახ, ჩემთვის ეს ძალიან საამაყოა. ამ სკოლაში გაიზრდება მომავალი თაობა, რომელსაც ეცოდინება ვისი სახელობისაა ის. ძალიან მიხარია, ეს რომ მოხდა და ყოველდღე ვრწმუნდები, რომ საამაყო მამა მყავდა. ყოველთვის ვეცდები, რომ საქართველოში მამაჩემის სახელი არავინ დაივიწყოს. ხალხის მისდამი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ჩვენთვის ძალიან დიდი ნუგეში იყო, ამის დანახვა გვაძლიერებდა. ადვილი არ არის, ამდენ ადამიანს შეაყვარო თავი. მამა ძალიან გულწრფელი, რეალურადაც ისეთი თბილი და უშუალო იყო, როგორიც ჩანდა და მგონია, რომ ამიტომაც მიიღო ამხელა სითბო ყველასგან. ძალიან დიდი მოტივაციაა იმის დანახვა, როგორ უყვართ შენი ოჯახის წევრი. შენც გინდება, ასეთი იყო – მამა ჩვენთვის მისაბაძი ადამიანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი