საზოგადოება

ალისა არსლანის წარმატების გზა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის განსხვავებული სტილი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 15:19 11.04

ალისა არსლანი
დაკოპირებულია

თუ წარმატებული კარიერის შექმნა ძლიერი და გავლენიანი ოჯახის ან დიდი ფინანსური რესურსის გვერდის ავლით გსურთ, მაშინ ისეთი პიროვნული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეთ, როგორიც ჩვენს რესპონდენტს – ალისა არსლანს ახასიათებს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაზე. ის წლებია, ფარმაცევტულ კომპანია „ევროფარმა ჯორჯიას“ დირექტორის პოზიციას იკავებს და კომპანიის წარმატებაში მისი წვლილი განუზომელია.

ალისა არსლანი: მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს სამედიცინო სფეროსთან კავშირი არ ჰქონია, ექიმობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამ პროფესიისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯები მაშინ გადავდგი, როცა საექთნო საქმეზე ჩავაბარე, ამას მოჰყვა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, რის მერეც აღმოვჩნდი ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში, სადაც ჩემი კარიერა ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა – მუშაობის დაწყებიდან 5 თვეში გავხდი მენეჯერი, ამის შემდეგ კიდევ ერთ კომპანიაში მქონდა მარკეტინგისა და პროდუქციის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება. 2011 წელს მივიღე შემოთავაზება „ევროფარმა ჯორჯიადან“, რომელიც იმ პერიოდში დაარსდა და პირდაპირ დირექტორის პოზიციაზე დავინიშნე, რაც ჩემი ასაკისთვის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია იყო. აბსოლუტურად ყველაფერი მომანდეს. ძალიან დიდი შრომა ჩავდე კომპანიის განვითარებაში, შედეგმაც არ დააყოვნა და პირველივე თვეს საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. იმ დღიდან თითქმის 13 წელი გავიდა და განვითარების ტემპი არ დაგვიგდია და ისეთივე წარმატებით ვაგრძელებთ მუშაობას. დაარსების დღიდან ჩემი მიზანი და კომპანიის პრიორიტეტი იყო საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე, მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

– როგორ შეძელით სტაბილური და უწყვეტი განვითარება საკმაოდ კონკურენტულ პირობებში?

– ნებისმიერი კონკურენტული გარემოს გასაძლებად, ვფიქრობ, ადამიანსაც და ორგანიზაციასაც უნდა ჰქონდეს სწორი ღირებულებები და ხასიათის შტრიხები. ჩემთვის ნებისმიერი ურთიერთობები ნდობასა და გულწრფელობაზეა დაფუძნებული, ზოგისთვის არსებობს ბრძოლა წესების გარეშე, რაც ჩემთვის მიუღებელია. საქმის სიყვარული და სისტემატური დისციპლინა წარმატების აუცილებელი პირობაა, შეუპოვრობა და პრინციპულობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია. არ არსებობს დაბრკოლება, რომლის დროსაც პირად და ორგანიზაციის საერთო ღირებულებებს უნდა უღალატო. არც ჩვენი გზა იყო უპრობლემო და მარტივად გასასვლელი. ხშირად ვიყავით დიდი და პატარა გამოწვევების წინაშე, მათ შორის გამოვარჩევ კოვიდპანდემიას. მაქვს უნარი, პრობლემების დროს მყისიერად მოვახდინო მთელი ჩემი ენერგიისა და რესურსების მობილიზება. ჩვენს გუნდს აქვს კრიზისების შესაძლებლობებად გარდაქმნის უნარი.

– რა როლი აქვს გუნდს თქვენი კომპანიის წარმატებულ მუშაობაში?

– კონკურენტულ გარემოში სტაბილური და წარმატებული მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, რომლებსაც მე ოჯახის წევრად მოვიხსენიებ. წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა ძირითადი ბირთვი, ის იქნება კომპანიის ხერხემალი და ასეთი გუნდის შეკრებას მოტივაციის გარეშე ვერ მოახერხებ, არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ მოტივაციას, ეს ხშირად შეიძლება, ერთი სიტყვაც იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მათ იგრძნონ კომპანიისგან ძლიერი ზურგი, რასაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს.

– რა სტანდარტებითაა შექმნილი თქვენი ქარხანა და სად შევხვდებით თქვენ მიერ წარმოებულ მედიკამენტებს?

– ჩვენი ქარხანა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარეობს, თურქეთში ერთ–ერთი უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანაა, მოწინავეა რბილი კაფსულის წარმოებაში და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანტარტს. „ვეფა ილაჯი“ ფლობს GMP, GDP, ISO სტანდარტების დამადასტურებელ როგორც ევროპულ, ასევე, ადგილობრივ სერტიფიკატებს. ამიტომაც მას შემდეგ, რაც საქართველოში ამ სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო გახდა, ჩვენმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ უფრო გაიმყარა ადგილი საქართველოს ფარმაცევტულ და სამედიცინო სფეროში. ჩვენ მიერ წარმოებული მედიკამენტები საქართველოში ყველა ქსელურ აფთიაქშია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წამომადგენლისთვის და როგორც რიგითი პაციენტისთვის, მნიშვნელოვანია, ფარმაცევტული პროდუქტი იყოს ხარისხიანი. ჩვენი პროდუქციის ეფექტურობას განაპირობებს, პირველ რიგში, მაღალი ხარისხი და მინიმალური გვერდითი მოვლენები.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები როგორც კომპანიაში, ისე პირად კარიერაში?

– ბაზრისა და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვაპირებთ ჩვენი პორტფელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, წელს თურქეთში მივიღე დოქტორის ხარისხი და აკადემიურ სფეროშიც ვაპირებ საქმიანობას.

– როგორ ფიქრობთ, რა იყო გადამწყვეტი თქვენი წარმატებული კარიერის შენების პროცესში?

– მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები და მიყვარს საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, რაც მეხმარება ჩემი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებაში. არ ვარ დირექტორი, რომელიც კაბინეტიდან არ გადის და სავარძლიდან არ დგება, მაქსიმალურად ვარ ჩართული კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესში და ეს მეხმარება ეფექტურ მართვაში. კარიერის დასაწყისში რომ დავბრუნდეთ, ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენე.

– რას ურჩევდით ქალებს, ვინც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს წარმატებული კარიერისკენ?

– ყველა გოგონას ვეტყვი, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი, გყავდეს გავლენიანი ოჯახი, გქონდეს ფული და სიმდიდრე. აუცილებელია, გვქონდეს მიზანი და შეუპოვრად ვისწრაფვოდეთ მისკენ, ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ვიხარჯებოდეთ და გვიყვარდეს საქმე, რასაც ვემსახურებით. შემეძლო, ექიმად გადამზადება, სხვათა შორის, თურქეთში ექიმობა ძალიან დაფასებული პროფესიაა, მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ თუ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებთ, აუცილებლად გამოგივათ, გახსოვდეთ, რომ ყველა დაბრკოლება, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ წარმატების საწინდარია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ქმედებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცდებოდეს ჰუმანურობისა და ეთიკის ჩარჩოებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი