საზოგადოება

აქვს თუ არა გიორგი ვაშაძეს კომპლექსები მეუღლის შემოსავლის გამო და როგორია მათი ურთიერთობა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.05, 2021 წელი

ქეთი სიჭინავა
დაკოპირებულია

ათწლიანი თანაცხოვრება, სამი შვილი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძვნებული ოჯახი ქეთი სიჭინავასა და პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის სიმდიდრეა. ათწლიან ასაკობრივ სხვაობას, დისტანციურ ურთიერთობასა და რთულ პროფესიებს მათი ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშლია.

ქეთი სიჭინავა: სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ვენაში განვაგრძე და შესაბამისად, ოთხი წელი იქ ვცხოვრობდი. გიორგი სრულიად შემთხვევით გავიცანი, როცა ის ვენაში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. მაშინ მე 18, ის კი 28 წლის იყო. ამის შემდეგ, ყოველი ჩამოსვლისას მეკონტაქტებოდა და ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საგრძნობლად მოუმატა ვიზიტებს (იცინის).

– დიდი დრო დასჭირდა სიყვარულში გამოსატყდომად?

– თავიდან უსიტყვოდ მესმოდა მისი. მერე ნელ-ნელა გამომიტყდა, რომ ჩემით იყო დაინტერესებული... არც მე ვიყავი გულგრილი. ორივე მოხიბლულები ვიყავით ერთმანეთით (იცინის). ერთი წლის შემდეგ ჩემი მშობლების გაცნობის სურვილი გამოთქვა.

– რით მოგხიბლათ?

– მაშინ პატარაც ვიყავი და გამოუცდელიც. ოჯახის შექმნასა და სერიოზულ ურთიერთობაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ დავინახე, რომ ძალიან გონიერი ადამიანი იყო. შეეძლო, ნებისმიერ თემაზე ამომწურავად ესაუბრა. ძალიან კარგი ზოგადი განათლება ჰქონდა, რამაც მომხიბლა. ცოდნასთან ერთად, მაღალი ინტელექტითაც გამოირჩეოდა, ეს ჩემი თაობის ბიჭებში საკმაოდ იშვიათი იყო. ზედაპირული ბიჭები არასდროს მომწონდა და პირველ რიგში, ალბათ, ამან მიიქცია ჩემი ყურადღება.

– თვითონ რას ამბობს? ალბათ, არ უარყოფს, რომ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

– გარეგნობას არ ჰქონია არსებითი მნიშვნელობა. ძალიან პატარა ვიყავი და ბავშვური გარეგნობა მქონდა. როგორც ამბობს, დადებითი შთაბეჭდილება დავუტოვე. ძალიან თბილი და გულღია ადამიანი ვარ, ალბათ, ამან მოხიბლა.

– დისტანციურად როგორ გაგრძელდა ურთიერთობა?

– უნივერსიტეტი უნდა დამესრულებინა და შესაბამისად, მანამდე საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი. ვერც თვითონ მიატოვებდა სამსახურს, რომ ვენაში გადმოსულიყო. როგორღაც შევძელით ონლაინსივრცეში ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო, მერჩივნა, ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ იმ ასაკში, ამასაც ჰქონდა თავის ხიბლი. ორი წლის თავზე ვიქორწინეთ და საქართველოში დავბრუნდი. თუმცა, იქ დარჩენა არც გიორგის გამოჩენამდე მქონდა გეგმაში.

– მის გაცნობამდე, ფიქრობდით, რომ ქართველი ქმარი უნდა გყოლოდათ?

– ამაზე არც მიფიქრია, ქართველებზე არც ისე კარგი წარმოდგენა მქონდა. საკმაოდ გააზრებული ასაკში ვიყავი უცხოეთში და მივხვდი, რომ უცხოელი მამაკაცები უფრო ადვილად უგებენ ქალებს, ეხმარებიან საოჯახო საქმიანობასა და ბავშვის აღზრდაში. ვენაში კაცს უფრო ხშირად ვხედავდი, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, ვიდრე ქალს. მათი ქართველი კაცებისგან განსხვავებულობა ყოველთვის თვალში მხვდებოდა, მაგრამ გიორგი ნამდვილად არ არის სტანდარტული ქართველი კაცი. არ აქვს კომპლექსები, რომელიც ქართველ კაცებს აქვთ და ამან დიდი გავლენა იქონია.

– თუმცა, ალბათ, იმდენი დროც არ აქვს, რომ შვილებთან ერთად ისეირნოს...

– სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიცაა. ურთიერთგაგება და პატივისცემა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ ბავშვებსაც მარტო გავასეირნებ და სხვა ყველაფერსაც ისე გავაკეთებ, რომ არ შევწუხდები.

– გამოდის, რომ გიორგიმ შეგიცვალათ ქართველ მამაკაცებზე წარმოდგენა.

– არა. ქართველ მამაკაცებზე არ შემცვლია წარმოდგენა. ისევ ვფიქრობ, რომ საკმაოდ განსხვავდებიან ევროპელებისგან, უბრალოდ, გიორგიში გამიმართლა (იცინის). ძალიან თანამედროვე მენტალიტეტი აქვს, მისი განვითარების დონე მეხმარება მასთან ურთიერთობაში.

– მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა თქვენი ურთიერთობის შესახებ გაიგეს? საკმაოდ პატარა იყავით და ოჯახის შექმნის შემდეგ იყო რისკი, რომ კარიერისთვის ვეღარ მიგეხედათ.

– ალბათ, ეს შიში ყველა მშობელს აქვს. გიორგი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, არამცთუ ხელი შემიშალა, ქორწინების შემდეგ კიდევ ვიყავი სასწავლებლად წასული. ჩვენი ქორწინებით მას ჩემი განვითარებისთვის დაბრკოლება არასდროს შეუქმნია. თავიდან ჩემი მშობლებისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, მეც პატარა ვიყავი და გიორგისაც არ იცნობდნენ, მაგრამ ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– რა პროფესიას ეუფლებოდით ვენაში და ქორწინების შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება კარიერული თვალსაზრისით?

– ვენაში ბიზნესადმინისტრირებასა და მენეჯმენტს ვსწავლობდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე კომპანიაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით. შემდეგ აქ დავამთავრე იურიდიული, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და დღეს ორ კერძო კომპანიასა და ერთ სამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ.

– თქვენს მეუღლეს უთქვამს: რაღაც მომენტში, ჩემს ცოლს ჩემზე მეტი შემოსავალი ჰქონიაო. ქართულ ოჯახში „კაცია მთავარი შემომტანი“ და ამ ფაქტს მტკივნეულად არ აღიქვამს?

– ნამდვილად ასეა. მე გიორგიზე მაღალი შემოსავალი მაქვს და ყოველთვის ეგრე იყო (იცინის). მე შემიძლია, რამდენიმე სამსახურში ერთად ვიმუშაო, ის კი ბოლომდე პოლიტიკას მიჰყვება. საჯარო მოხელეებს კი არც ისე მაღალი ხელფასი აქვთ. საერთოდ არ მიგრძნია, რომ გიორგი ამის გამო შეწუხებულიყო. კი, ნამდვილად არსებობს კომპლექსი და ქართველი კაცების დიდი ნაწილი ცოლებს მუშაობის ნებასაც არ აძლევს, რომ მათზე მეტად ისინი არ წარმოჩინდნენ. გიორგისთან მსგავსი პრობლემა არ მქონია და ვერც ვიქნები კაცთან, რომელიც ამის გამო დაკომპლექსდებოდა. პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ერთის წარმატება, ჩვენი ოჯახის წარმატებასა და ჩვენი შვილების განვითარებას ნიშნავს. ძალიან განვიცდი, რომ საქართველოში კაცები ქალებს ჩაგრავენ და აქტიურად ვარ ჩართული ნებისმიერ კამპანიაში, რომელიც ქალებს იცავს. მე გამიმართლა, მაგრამ ძალიან ბევრს – არა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

– ლოგიკურად, ოჯახში გენდერულ ბალანსთან დაკავშირებული პრობლემებიც არ უნდა გქონდეთ.

– ასეა. მაგალითად, კარანტინის პერიოდში, ორივე რომ სახლში ვიყავით, გიორგი ჩვეულებრივად აკეთებდა საოჯახო საქმეებს, ისევე, როგორც მე. სამი შვილი გვყავს, იმ პერიოდში არავინ გვეხმარებოდა და შესაბამისად, უსიტყვოდ, ზედმეტი შეკითხვების გარეშე ვინაწილებდით საქმეს. გიორგის ჩემზე კარგად გამოსდის სამზარეულოს საქმეები. ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებს, რომ შეიძლება ითქვას, მე საერთოდ არაფერს ვაკეთებ (იცინის). ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება თუ ბავშვების მიხედვა, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდის და ხანდახან კონკურენციასაც არ ვუწევ (იცინის).

– პოლიტიკაში საკმაოდ ხისტია თქვენი მეუღლე. ოჯახში?

– ხისტი ხასიათი აქვს, მაგრამ მართალი ტიპაჟია. ჩხუბისთვის მიზეზს არ გამოიგონებს. მაგალითად, რატომ არ არის სახლში პური? სადილი რატომ არ დამახვედრე გამზადებული? – ასეთ სისულელეებზე არასდროს მოგვსვლია კონფლიქტი. თუ გამოსავალი არსებობს, დავადგეთ მის გზას – ეს არის მისი პოზიცია. გიორგის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ, რადგან უსაფუძვლოსა და აზრსმოკლებულს არაფერს მეტყვის და მეც სულ ვამბობ, რომ ნერვები არ უნდა მოიშალო იმის გამო, რისი გამოსწორებაც შეიძლება.

– რაზე კამათობთ ხოლმე?

– ოჯახურ თემებზე არა, მაგრამ პოლიტიკაზე ხშირად ვკამათობთ. მეც საკმაოდ ჩართული ვარ პოლიტიკაში, ეს ჩემი ინტერესის სფეროც არის, ერთმანეთის კლონები არ ვართ და ჩვენი აზრი ხშირად განსხვავებულია. ამაზე ბევრს ვმსჯელობთ, თუმცა ისეთი ცხარე კამათი არ გვაქვს, როგორიც პოლიტიკოსებს – ეკრანებზე (იცინის).

– ნათქვამი აქვს, ქეთი საკმაოდ ბუტია არისო...

– კი, ძალიან გულჩვილი ვარ, ყველაფერი მწყინს, მაგრამ იშვიათად თუ გამოეპარება რამე და შემთხვევით მაწყენინებს. თუ ეს მოხდება, ისიც იცის, როგორ უნდა შემომირიგოს. ყოველთვის იმდენად გასაგებად მიხსნის მიზეზებს, სულელი უნდა ვიყო, რომ ისევ გაბუტული დავრჩე (იცინის).

– რა რეაქცია აქვთ, შვილებს მამას რომ ტელევიზორის ეკრანზე ხედავენ და მის სხვა პოლიტიკოსებთან დაპირისპირებებს უყურებენ?

– დიდი დოზით არ ეცნობიან ამ ინფორმაციას, მაგრამ თუ ყურს მოჰკრავენ, რომ მამა გაცხარებული ყვირის, რა თქმა უნდა, რეაქცია აქვთ. ვცდილობ, ცხარე დაპირისპირებებს არ უყურონ, რადგან ჩემი შვილები სხვა პოლიტიკოსების შვილებთან მეგობრობენ და არ მინდა, მამებს შორის არსებული დაპირისპირების გამო მათ უხერხულობა იგრძნონ. სულ ვეუბნები ხოლმე, პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ მის მიღმა ურთიერთობებში ადამიანები სხვანაირები არიან-მეთქი.

– რთულია პოლიტიკოსის ცოლობა?

– მერჩივნა, ისეთი მეუღლე მყოლოდა, რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკაში, არ იქნებოდა ცნობილი, რადგან ასე ბევრად მარტივია ცხოვრება. ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც მარტო გიორგის კი არა, მთელ ჩვენს ოჯახს აკისრია. უნდა ვიფიქრო იმაზე, როგორ გავლენას მოახდენს გიორგის ნაბიჯები ჩემი შვილების მომავალზე. ეს სტრესიც არის, სულ ტონუსში ხარ, რომ შეცდომა არ დაუშვა. შესაბამისად, ნეგატიური მხარეები უფრო აქვს ასეთი ადამიანის მეუღლეობას, ვიდრე დადებითი. თავის დროზე წინააღმდეგიც ვიყავი, მაგრამ გიორგი რომ გავიცანი, ის უკვე აქტიური და წარმატებული საჯარო მოხელე იყო და გაცნობიერებული მქონდა, რომ ასეც გაგრძელდებოდა.

– პოლიტიკის გამო კარგ შემოსავლიან სამსახურზე უთქვამს უარიო. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?

– კი და მე, როგორც მისი მეუღლე, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან კარგი შანსი ჩვენი ცხოვრებისთვის. მშვიდად და უზრუნველად გავაგრძელებდით ცხოვრებას, ვიღაც უაზროდ მაინც არ გამლანძღავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში ყველა ფიქრობს, რომ მისი ადგილი არაა პოლიტიკაში და ჯობს, ეს საქმე სხვამ აკეთოს. აღარ რჩება ის სხვა, ვინც იქნება განათლებული, მართალი და პროფესიონალი. მე საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას და მინდა, ჩემი შვილები აწყობილ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ამიტომ ეს საქმე ვიღაცამ უნდა გააკეთოს. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან ამ საკითხს უფრო მარტივად ვუყურებ.

– ვიღაცას ძალიან მოსწონს თქვენი მეუღლე, ვიღაც კი ლანძღავს – როგორი რეაქცია გაქვთ ამაზე?

– ნამდვილად არანაირი. მე მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ ვიცი და რადგან ვხვდები, რომ მართალია, ვიღაცის არაჯანსაღი კრიტიკა და ლანძღვა-გინება ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. საბოლოო ჯამში, მტყუანსა და მართალს ისტორია შეაფასებს და აქედან გამომდინარე, ძალიან მშვიდად ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი