საზოგადოება

აკაკი გოგიჩაიშვილი: უყოყმანოდ გადავუსვი ხაზი ნახევარ ცხოვრებას

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 16.05, 2022 წელი

აკაკი გოგიჩაიშვილი
დაკოპირებულია

აკაკი გოგიჩაიშვილის ჟურნალისტური გამოცდილება საკმაოდ შთამბეჭდავია. მისი პირველადი პროფესია სულ სხვაა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ არჩევანი უნდა შეეცვალა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ მისი გადაწყვეტილების მართებულობა დაამტკიცა.

აკაკი გოგიჩაიშვილი: ვსწავლობდი პრესტიჟულ 55-ე სკოლაში, კომუნისტური იდეოლოგიით და მისი დამთავრების შემდეგ გეოლოგიურზე ჩავაბარე. მამა გეოლოგი იყო და ამ პროფესიაზე იდეალიზებული წარმოდგენა მქონდა. პირველი საფეხურიც და ასპირანტურაც წითელ დიპლომზე დავამთავრე. მეორე კურსიდან პროფესორის ასისტენტად ვმუშაობდი, სხვა სამსახურიც მქონდა და სახელობითი სტიპენდიაც, მაგრამ მოვხდი, რომ ეს არ იყო ჩემი სფერო. ამიტომ ბედი ჟურნალისტიკაში მოვსინჯე.

– ალბათ, ოჯახში დიდ იმედებს ამყარებდნენ თქვენს პირველად პროფესიაზე და როგორ მიიღეს ეს ცვლილება?

– არა მხოლოდ ოჯახში. კათედრაზეც მიაჩნდათ, რომ ამომავალი ვარსკვლავი და საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. ეს დაემთხვა 90-იან წლებს, როცა მთელი უსამართლობა, რომელსაც კომუნიზმის პერიოდში ვიღებდით, როგორც მოცემულობას, სრულად გამოჩნდა და ჩავთვალე, რომ ჟურნალისტიკა იყო ის სფერო, რომლითაც სიმართლისთვის ბრძოლა შეიძლებოდა. ამიტომ 27 წლის ასაკში უყოყმანოდ გადავუსვი ხაზი ნახევარ ცხოვრებას, მივატოვე ყველაფერი და კარიერა ნულიდან დავიწყე. ოჯახს გაუკვირდა, გამაკრიტიკეს, მაგრამ მეტს რას იზამდნენ?

– როგორ გახსენდებათ ბავშვური სიყვარულები იმ პერიოდიდან?

– პირველი სიყვარული ადრეულ ასაკში, მეორე კლასში ვიგრძენი და ეს დიდხანს გაგრძელდა. მერე სკოლა ძალიან მახინჯი ფორმით ჩაერია ჩვენს ურთიერთობაში. ცნობილი გახდა, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონდა. დამრიგებელმა დაიბარა მისი მშობლები და უარჩია, „სანამ ცუდი რამე მოხდებოდა“, სხვა სკოლაში გადაეყვანათ. მე-8 კლასში ვიყავი, როცა პედსაბჭომ დააყენა საკითხი ჩვენ შესახებ სარისკო სიტუაციის გამო (იცინის). მოკლედ, დაგვაშორეს.

– და შემდეგი სიყვარული გახდა მთელი ცხოვრების მეგზური...

– კი. ეს უკვე ჟურნალისტიკას უკავშირდება. ჩემი „რუსთავი 2-ში“ მოღვაწეობის პირველ წლებში „ნატოს“ სამიტზე ვაშინგტონში გახლდით. ერთ-ერთი ოპერატორის ახლობლები იქ სწავლობდნენ. მათ შორის იყო ნინოც. როცა გავიცანი და მითხრა, რომ ჟურნალისტიკაზე სწავლობდა, ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, რადგან აქ საინტერესო ცვლილებები ხდებოდა. რამდენიმე თვეში მომადგა სამსახურში, აი, რომ მითხარი, მოვედიო (იცინის). მაშინ იყო გარკვეული სიმპათია, მაგრამ ეს ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. ურთიერთმიზიდულობა და ურთიერთგაგება მუშაობის პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც ნელ-ნელა ჩვენს თანაცხოვრებაში გადაიზარდა.

– ორივე ერთ პროფესიაში და ძალიან ბევრი სირთულე, საფრთხე, რისკები – ეს ოჯახისთვის რას ნიშნავს?

– ორივე ერთ აზრზე ვიყავით – სწორ საქმეს ვაკეთებდით და რისკებისა და მუქარების მიუხედავად, აზრს არ ვიცვლიდით. ოჯახების მხრიდანაც სრული გაგება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნინოს ძმა დაიჭირეს, ვიღაც სამსახურიდან გამოაგდეს, არავის წამოუყვედრებია, ეს თქვენ გამო ხდებაო. კვირა არ გავიდოდა, სახლი გატეხილი არ დაგვხვედროდა. საშინელი ზეწოლა იყო ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური თვალსაზრისით. მოკვლის მუქარებს ვისმენდით, სასამართლოები გვქონდა ყოველ მეორე კვირას, გაზეთები გამოდიოდა სახელწოდებით „ანტი 60 წუთი“.

– ალბათ, დიდი ადრენალინი იყო.

– კი, გვქონდა განცდა, რომ ქვეყანას ვცვლიდით. მართლა ვიწვევდით ცვლილებებს. ჩვენი გადაცემების შემდეგ, ვიღაცას სამსახურიდან უშვებდნენ, ვიღაცას იჭერდნენ, საზოგადოებრივი აზრი იცვლებოდა. ამიტომ ვფიქრობდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდით.

– ამ პროცესს ტრაგიზმი არ ახლდა?

– არა, მე, ნინოც და ყველა, ვინც „60 წუთში“ მუშაობდა, თავზეხელაღებულები და გიჟები ვიყავით. ვინც ასეთი არ იყო, ჩამოგვშორდა.

– მერე, როცა შვილები გაჩნდნენ?

– მანამდე იყო ვარდების რევოლუცია, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გვეგონა, მაგრამ პირიქით მოხდა. ყველა თოქ-შოუ დაიხურა, ჩვენი გადაცემა გააჩერეს და ეს იყო სრული ფრუსტრაცია. კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ორწლიანი სასწავლო გრანტი მოვიპოვე და ამერიკაში წავედით. თან ნინო მაშინ ფეხმძიმედ იყო და გავერიდეთ აქაურობას. ორი წლის შემდეგ სერიოზულად ვფიქრობდით ამერიკაში დარჩენაზე, რადგან იქ ყველანაირი პირობა გვქონდა ცხოვრებისა და კარიერის გასაგრძელებლად, მაგრამ ვერ შევძელით დარჩენა და დავბრუნდით. აქ ყველა არხზე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე და მერე თვითონ მივედი „რუსთავი 2-ზე“. ვუთხარი, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ პოლიტიკას ვერ გავეკარებოდი და ბიზნესზე გავაკეთებდი გადაცემას. დამთანხმდნენ. „ბიზნესკურიერი“ იყო პირველი ბიზნესგადაცემა. კი, ეს იყო კომპრომისი – მედიაში დარჩენის საშუალება.

– როგორია ახლანდელი მოცემულობა და ეკრანს მიღმა მდგომარეობა?

– ისეთი სახე მიიღო პროპაგანდისტულმა მცდელობებმა, შეუძლებელი იყო „რუსთავი 2-ზე“ დარჩენა. წამოვედი და მერე ერთი წელი „იბერიაში“ დავყავი, რომელიც დაიხურა. ქუჩაში აღმოვჩნდი. პიარში მოვსინჯე გადასვლა. ცუდი არ იყო, მაგრამ როგორც კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რედაქტორობა შემომთავაზეს, სხვათა შორის, იმ დროისთვის ნახევარ ხელფასზე, ყველაფერი დავყარე და ამ საქმის კეთება დავიწყე. უკვე რამდენი წელია, ეკრანზე აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ეკრანზე ყოფნის ნოსტალგია არ მაქვს.

– თქვენი „თავზეხელაღებული“ ოჯახის ერთობა რაზე დგას?

– ურთიერთგაგებასა და ნდობაზე. ნინომ უღრუბლო ცაზე მეხივით გადაწყვიტა გავარდნა (იცინის). თქვა, რომ კრედიტი უნდა აეღო და სამთო კურორტზე სახლი ჩაედგა. არ მითქვამს: რას ამბობ, გამორიცხულია-მეთქი. კარგად ვიცით, რომ კრედიტის აღება მთელი ცხოვრების სასწორზე შეგდებას ნიშნავს, მერე ნინოს მთაში წავლა დასჭირდა, ბავშვები ჩემს ამარა რჩებოდნენ. მერე, როცა მე ბათუმში წამოვედი, მას დასჭირდა დამატებით რაღაცები. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ერთმანეთის ხელშეწყობა, ნდობა და პარტნიორობაა მთავარი. მარადიული სიყვარული, რომელიც უქრობია, არ არსებობს, მაგრამ ეს სიყვარული თუ გადაიზარდა ცოლქმრობაში, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და გაგებას ემყარება, ის გაუძლებს გამოწვევებს, პრობლემებსა და დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი