შოუბიზნესი

ზურაბ ცინცქილაძე: ვინც ასეთ ღვარძლს აფრქვევს, მას, ალბათ, ყოველდღე სცემს ქმარი ან ძმა

№17

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 04.05, 2021 წელი

ზურაბ ცინცქილაძე
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის – ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა, რომელსაც, ნინუცა მაყაშვილის თქმით, ადგილი მათი ერთად ყოფნის დროს ჰქონდა. მალე სატელევიზიო ეთერში გავრცელდა მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის კომენტარი მომხდართან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩანდა, რომ თითქოს ის ამართლებდა ძალადობას, სიტყვებით – შეიძლება, კაცი ქალმა მიიყვანოს ამ მდგომარეობამდეო. ეს შეფასება მისგან, რომელსაც საზოგადოება სულ სხვა შეხედულებებით იცნობს, ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.

ზურაბ ცინცქილაძე: ამ ინტერვიუმდე ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის თეატრში გახლდით, ინტენსიური რეპეტიციები გვქონდა, მალე პრემიერა გვექნება და ოზურგეთის ახალი თეატრიც გაიხსნება. ჩავაბარეთ ეს სპექტაკლი და ბათუმში ვაპირებდი წამოსვლას. დარბაზიდან გამოსულს ჟურნალისტი დამხვდა, ახალგაზრდა გოგო, კარგი შესახედაობის. თუმცა ამის თქმაც არ შეიძლება, თურმე, ნუგზარ ერგემლიძეს ვუყვებოდი და მითხრა, შესაძლოა, მაგის გამოც გიჩივლოსო. ხედავთ, რა ფრთხილად უნდა ვიყოთ ადამიანები, ვინც მართლა სწორად ვაფასებთ ღირებულებებს?! ჰოდა, უცებ მომმართავს ეს ჟურნალისტი. ვიფიქრე, სპექტაკლში მთავარ როლს ვთამაშობ, ნოდარ დუმბაძეს ვასახიერებ და კითხვა ამასთან დაკავშირებით ექნება-მეთქი, მაგრამ უცებ მეკითხება: თქვენ ემიჯნებით თუ არა რობერტ სტურუას?! ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა და კითხვითვე ვუპასუხე, – რატომ უნდა გავემიჯნო რობერტ სტურუას-მეთქი? ჩემი საპასუხო შეკითხვა მათთვის სასარგებლო აღმოჩნდა – არ ვემიჯნები რობერტ სტურუას? ესე იგი, არ ვემიჯნები ძალადობას. მერე მეკითხება ქალზე ძალადობაზე და მე გადავწყვიტე, მას ლექცია ჩავუტარო და დავიწყე საუბარი ქალის სილამაზესა და ღირსებაზე. ოცწუთიანი ინტერვიუ მქონდა და მისმენდა. მერე მივხვდი, მისმენდა იმიტომ, რომ მისთვის სასარგებლო და ჩემი ჩასაქოლი ეპოვა რამე. მეც არ დავიზარე და დედა ღვთაება, ქალი ღვთაება და რა ვიცი, რაზე არ ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ქალს შეუძლია, სწორად წარმართოს მამაკაცის ცხოვრება. ქალის ხელთ არის მამაკაცის ავკარგიანობა-მეთქი და „აჰა, ესე იგი, ქალის ბრალია, რომ ის ცუდი ბიჭიაო“ – ჩაავლეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემს უმცროს კოლეგას, ბესო ზანგურს პირადად არ ვიცნობ, თუმცა არასდროს მომწონდა მისი საქციელი. შეიძლება, მანაც მიჩივლოს ახლა, რატომ არ მოგწონდაო? არ მომწონდა, რომ ცოლებს იცვლიდა და საჯაროდ ყვებოდა, როგორ დასცილდა ერთს და დაქორწინდა მეორეზე. ასე პოპულარულად აქცევენ თემას, როგორ უნდა გაეყარო ერთ ცოლს, შეირთო მეორე, მერე იმას გაეყარო და მესამე შეირთო. რაც შეეხება ქალზე ძალადობას, ნათქვამია, „რასაც ებრძვი, იმას რომ დაგაბრალებენ, ადამიანისთვის ეს არის ყველაზე დიდი სასჯელიო“. თუმცა, მე ამ სიტუაციაში თავის მართლება შეურაცხყოფად მიმაჩნია და არც ვაპირებ. ადამიანებო, როგორ შეიძლება, ძალადობის მომხრე ვიყო? ქუჩაში ძაღლს რომ ფეხს აუქნევდნენ, იმაზე ვღიზიანდებოდი და ყმაწვილკაცობაში ამის გამო მიკამათია კიდეც.

– როცა ეს მოხდა, მაშინ გქონდათ ნანახი ნინუცას ინტერვიუ?

– არა, არაფერი ვიცოდი. ნინუცა, დედამისი თამარი და მე ერთად ვმუშაობდით. ისინი ჩემი მეგობრები არიან. თამარმა დამირეკა, რა დღეში ხარო? მე არ ვიცი, რას იტყოდი? ეს როგორ შეატრიალესო?! ფაქტია, რომ ძალიან ნიჭიერები არიან ამ საქმეში, მაგრამ ვერ გამიგია, მე რას მერჩოდნენ?

ზოგიერთმა ისიც თქვა, 11 წლის წინანდელი ამბავია და ახლა არ უნდა ეთქვაო. ამის წინააღმდეგიც ვარ, რამდენი წელიც უნდა იყოს გასული, დანაშაული მხილებული უნდა იქნას. ჩვენი ტრადიციები ძალიან კარგად გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ქალი და როგორ უნდა გვიყვარდეს ის. დღეს უმეცრები მომიბრუნდებიან და მე მასწავლიან, ქალის სიყვარულსა და მისდამი დამოკიდებულებას. დღევანდელი დროის ყველაზე დიდი უკუღმართობა ისაა, რომ მასწავლებლებად უმეცრები დგანან.

იმ კომენტარს, რომელიც ჩემი საუბრიდან შეაკოწიწეს, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, ცოლი და შვილები გამიგიჟდა. მე ვსაყვედურობდი, დაბლოკეთ საერთოდ, მაზოხისტები ხართ, რატომ კითხულობთ-მეთქი?!

კიდევ ვიმეორებ, არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ მე თავს ვიმართლებ. საამისო არაფერი მჭირს. იქაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ქალს შეუძლია, კაცად აქციოს კაცი, ქალს, ასევე, შეუძლია, გაანადგუროს კაცი – ეს ვთქვი და ამათ დაასკვნეს, ესე იგი ამართლებს, რომ გალახაო.

– კომენტარებშიც იმავეს წერდნენ, ესე იგი, თუ ცუდად მოიქცევა, ქალი უნდა ვცემოთო?

– კი, ზუსტად ასე წაიყვანეს მსჯელობა, რაზეც დაბნეულობის გარდა პასუხი არ მაქვს. რას ჰქვია ვცემოთ, ცემა საერთოდ როგორ შეიძლება?! გვსმენია გამონაკლისის სახით ისტორიები, იმის შესახებ, რომ ბავშვობაში მოცარტს სცემდნენ, პასკალს სცემდნენ, მაგრამ ამან უკურეაქცია გამოიწვია და ისინი საუკეთესოები გახდნენ. ეს ღვთის ნებაა და გენზეა დამოკიდებული, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, ეს აღზრდის მეთოდად დავამკვიდროთ. ცემა სისუსტის ნიშანია, როცა მოწინააღმდეგეზე ხელს აღმართავ, ესე იგი, მასზე სუსტი ხარ, სიტყვა არ გაქვს, სიყვარული არ გაქვს. გალახო, თან ცოლი? ლამაზი ქალი? საკუთარი შვილის დედა? ნინუცა ყვება, ოთხი საათი მცემდაო, პათოლოგი ყოფილა, კაცო! 11 კი არა, ასი წელი რომ იყოს გასული, პასუხი უნდა აგოს.

– რობერტ სტურუას პოზიციასთან დაკავშირებითაც ბევრი აზრი მოვისმინეთ. თქვენ, როგორც თეატრალური სამყაროს ნაწილი, რას ფიქრობთ?

– რობიკო სტურუა, თუ ნული მთელი ერთი პროცენტით მაინც ძალადობას უჭერს მხარს, მე მას ვემიჯნები და არაფრად ვთვლი მის შემოქმედებას. მაგრამ თუ რობიკო სტურუას მოუსმენ, ისე კი არა, ფრაზებს რომ ამოგლეჯ მისი საუბრიდან, თავიდან ბოლომდე თუ მოუსმენ, მიხვდები, რომ ის ფილოსოფოსია და როგორ იტყოდა, ძალადობის მომხრე ვარ და ქალი თუ დაგიშავებს, უნდა გალახოო?! მე არსად შემინიშნავს მის სიტყვებში ძალადობის მხარდაჭერა. მე ვერ წარმომიდგენია, რობიკოს ამ ადამიანისთვის ეთქვას, რა კარგი გიქნია, რომ გიცემიაო.

ცოლქმრული კამათი სხვაა და ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს, ამისთვის გონიერებაა საჭირო. მე ბებიამ მასწავლა, ერთდროულად არასდროს უნდა გაბრაზდეთო. გუშინ ერთმა ახალგაზრდამ მითხრა, რა კარგი ფორმულა მასწავლეთ, ბატონო ზურაბ, მეოთხე წელია, მეხმარებაო. ერთდროულად არ გაბრაზდეთ და დამთავრდება ამბავი. მე უთანხმოებასა და ხმის აწევაზე ვსაუბრობ, თორემ ქალზე კი არა შენს სწორზეც არ უნდა აღმართო ხელი. სიტყვა იმისთვის მოგვეცა, რომ ყველაფერი მისი საშუალებით მოვაგვაროთ. რობიკო თავის სპექტაკლებით ებრძვის და ამხელს ძალადობასა და უსამართლობას. ასეა საბჭოთა დროიდან მოყოლებული და ახლა ზანგურს მხარი დაუჭირაო, ჩაუხვევიათ. რაში დაუჭირა მხარი, სადმე თქვა, კარგია, რომ ცოლი გალახაო?! ახლა დაასკვნიან, ესე იგი, ეს არ ემიჯნება რობიკო სტურუას, ესე იგი, ეს ძალადობას მხარს უჭერსო. არა, ბატონებო, მე ძალადობას კი არა, ძალისხმევას ვუჭერ მხარს. არ დავიშუროთ ძალისხმევა ერთმანეთის კეთილდღეობისთვის და არა ერთმანეთის ჩასასაფრებლად. ხომ შეიძლება, მართლა გადამიტრიალდეს სიტყვა, ვერ ვთქვა რაღაც ისე, როგორც საჭიროა და ამის გამო უნდა გადამიაროთ? მთელი ცხოვრებაა, ვცდილობ, პატიოსნად ვიცხოვრო და უცებ ასეთ რამეს ამბობენ ჩემზე. ცოლ-შვილი მეუბნება, რამე უპასუხეო და თქვენ მაპასუხებინეთ ახლა.

ტროლებსა და ბოტებზე რომ საუბრობენ, ახლა დავრწმუნდი მათ არსებობაში. არა მგონია, ამდენი ადამიანი ერთად აღეშფოთებინოს იმ სისულელეს. ისეთი ტექსტებია კომენტარებში, შეიძლება, უცნობი ადამიანისთვის ასე გაისარჯო?! ვინც ასეთ ღვარძლს აფრქვევს, მას, ალბათ, ყოველდღე სცემს ქმარი ან ძმა.

– თქვენს ოჯახში როგორ გვარდება კამათი და ჩხუბი?

– როგორც კი აღელვებას შეამჩნევთ თანამეცხედრეს, გაგიჭირდებათ, მაგრამ შეეცადეთ, ორმაგად მშვიდი გახდეთ და ის თავისთავად დამშვიდდება. ამ გზით შენ ყოველთვის მართალი იქნები. ყველა ადამიანს უნდა კამათში მართალი ის იყოს, მაგრამ ფორმულა არ იციან. ბობოქართან თუ მოძალადესთან მშვიდი უნდა იყო. ახლა შეიძლება, შეატრიალო ეს სიტყვები და მითხრა – ესე იგი, ნინუცა მშვიდი არ იყო და იმიტომ გალახაო? ერთხელ მე და ჩემმა მეუღლემ ვიკამათეთ იმაზე, კომშის მურაბას რამდენი შაქარი სჭირდებოდა. ის ამბობდა, რომ კილო კილოზე უნდოდა, მე ვეუბნებოდი, რაც ცოტას ვუზამთ, უკეთესია, რადგან შაქარი საწამლავია-მეთქი. ეგრე მალე გაფუჭდებაო, მიმტკიცებდა და მე ვუთხარი, საწამლავი რაც მალე გაფუჭდება, მით უკეთესი-მეთქი. ამაზე ვიკამათეთ, მაგრამ შევთანხმდით, რომ ცოტა ნაკლები შაქარი ჩაეყარა. ოცი წლის შემდეგ გაიხსენა ეს ამბავი. ახლა კოვზით ვყრით შაქარს მურაბის მომზადების დროს.

მე ქალიშვილები მყავს და შეიძლება, მოძალადე ვიყო? ანუ ჩემს სიძეებს მოვუწოდო, თუ გაგაბრაზებს ჩემი შვილი, გალახეთ-მეთქი? თქვე დალოცვილებო, როგორ ვიტყოდი ამას? ზოგი წერს, რა სხვანაირად ვიცნობდი და როგორი ყოფილაო?! თუ მიცნობდი, დალოცვილო, ეჭვი არ შეგეპარა, სანამ ამას დაწერდი?! „როგორ გეკადრება“, „ამას როგორ იკადრებდა“, სიტყვა კადრება საერთოდ ამოვარდნილია ჩვენი ლექსიკონიდან. ადამიანს რომ იცნობ, ხომ იცი, რისი გამკეთებელია და რისი – არა. ვერ ვხვდები, ჩემგან რა უნდოდათ? ახლა ესენი არ არიან მოძალადეები ჩემ მიმართ? ძალიან უნდათ, თავი მამართლებინონ, მაგრამ საამისო არაფერი გამიკეთებია და ეს კარგად იცის ნინუცას ოჯახმა. რუსკასთან ერთადაც ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მთელ ოჯახთან ვმეგობრობ და მაინცდამაინც მათთან გადაწყვიტეს ჩემი დაპირისპირება. დედამისს – თამარს რომ ვესაუბრე, მითხრა, სამივე ჩამოვალთ შენთან და ერთად გადავიღოთ ფოტო, მაგრამ ესენი მაინც არ დაწყნარდებიანო. დავწყნარდეთ, ხალხო, ყველა დავწყნარდეთ, ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიფიქროთ და არა, ძირის გამოთხრაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი