შოუბიზნესი

რა გამარჯვება მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა პირველად საქართველოს ძიუდოს ისტორიაში

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 22.04

ეთერ ლიპარტელიანი
დაკოპირებულია

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ, მას ეს წარმატება რჩეულმა, ასევე ძიუდოისტმა, თემურ ნოზაძემ ტატამზე მიულოცა და მოულოდნელად ხელი სთხოვა.

ეთერ ლიპარტელიანი: დაუჯერებელი ემოციებია. ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა ჩემს თავს – ჯერ ის, რომ ჩემპიონი გავხდი და ისტორიაში პირველმა ქართველმა ოქროს მედალი მოვიპოვე, რამდენიმე წამში კი საყვარელმა ადამიანმა ხელი მთხოვა. ჩემთვის მართლა დაუჯერებელი ემოციები იყო. შოკში ვიყავი (იცინის). მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. შეიძლებოდა, ის შეჯიბრება წამეგო და დაღონებული შევხვედროდი ხელის თხოვნას, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემპიონი გავხდი და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით.

– „გრანდ სლემი“ და ისტორიული გამარჯვება – აქედან დავიწყოთ...

– ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რადგან მანამდე იყო რამდენიმე შეხვედრა, ფინალში გავსულვარ, მაგრამ დავმარცხებულვარ. ძალიან ახლოს ვიყავი ისტორიულ მედალთან, მაგრამ სულ ერთი ნაბიჯი მაკლდებოდა. მეათე მცდელობაზე მოვახერხე, დამემარცხებინა მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი ჯესიკა კლიმკაიტე და ოქროს მედალი მოვიპოვე. ასეთი რამ საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველად მოხდა. აქამდე ქალ სპორტსმენებს არ ჰქონიათ ოქროს მედალი „გრანდ სლემზე“ და მიხარია, რომ პირველი ისტორიული მედალი მე მოვიპოვე.

– გულწრფელად ვთქვათ, რომელი ოქრო უფრო სასიხარულო აღმოჩნდა?

– რა თქმა უნდა, ხელის თხოვნის (იცინის). ჩემპიონობას კიდევ ბევრჯერ მოვიპოვებ, მაგრამ ხელის თხოვნა ერთხელ ხდება ცხოვრებაში და ეს განსაკუთრებით ემოციურია.

– არ ელოდით? არ დაეჭვებულხართ?

– ნამდვილად არ ველოდი. ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თურმე, ყველას სცოდნია, მაგრამ არცერთმა არაფერი არ შეიმჩნია. შეჯიბრების დღეს გეგმავდნენ ყველაფერს, აქეთ-იქით დადიოდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მიფიქრია. ჩვენ დიდი ხანია, შეყვარებულები ვართ, ათი წელია, ერთად ვართ. ოლიმპიადის შემდეგ ვფიქრობდით, რომ აუცილებლად უნდა დავოჯახებულიყავით. ეს გეგმაში გვქონდა, მაგრამ კონკრეტულ პერიოდზე არ ვიყავით შეთანხმებული. მართლა ძალიან ორიგინალურად გამოუვიდა, ყველაფერი კარგად დაგეგმა.

– მთელმა ქართველმა საზოგადოებამ გაიზიარა თქვენი სიხარული, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

– კი, ნამდვილად ასეა. მხოლოდ საქართველოდან კი არა, მსოფლიო ფედერაციებიდან დაიწყო ვიდეოების გაზიარება, ყველა აღფრთოვანებული იყო. ახლაც უცხოეთში ვიმყოფები ვარჯიშებზე და ყველა მილოცავს, ყველა ძალიან გახარებულია ამ ამბით.

– თქვენ თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ საყვარელი ადამიანი ხელს ტატამზე გთხოვდათ?

– კი, მთელი ცხოვრება მართლა ტატამზე გავატარე, ერთმანეთიც ტატამზე გავიცანით და აქედან გამომდინარე, ამაზე მიფიქრია. უფრო სწორად, ვფიქრობდი, რომ ხელს ტატამზე ან დარბაზში მთხოვდა. წარმოვიდგენდი, რომ პარიზის ოლიმპიადაზე უნდა ეთხოვა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ საქართველოში, ქართველი გულშემატკივრის თანდასწრებით რომ მთხოვა, ამ ემოციებს ვერაფერი შეედრება. ეს ძალიან ორიგინალური იყო. ასეთი სხვაგან ვერ გამოვიდოდა. საკუთარ ბედნიერებას რომ შენს ხალხთან ერთად აღნიშნავ, ამაზე კარგი არაფერია.

– თვითონ რას ჰყვება, რამდენად ნერვიულობდა ამ ნაბიჯის გადადგმამდე?

– ძალიან ნერვიულობდა. თურმე, ორი თვით ადრე დაუგეგმავს ეს ყველაფერი. შეჯიბრების დღეს დარბაზში თვითონ წამიყვანა. შიგნით არ შემოდიოდა და ეჭვებში ვიყავი, ხომ მშვიდობაა, რატომ არ შემოდის-მეთქი, ვფიქრობდი. მერე ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ძალიან ნერვიულობდა, ეშინოდა, რომ უარი არ გეთქვაო. დაულევია, რომ ცოტა თავისუფლად ყოფილიყო. ფინალში რომ გავედი, მაშინ ვნახე და რომ მელაპარაკებოდა, შევატყვე, რომ ძალიან ნერვიულობდა. მე მეგონა, ჩემ გამო განიცდიდა, ფიქრობდა, რომ არ წამეგო და დავამშვიდე, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, მოვიგებ-მეთქი. თურმე, რა ჰქონია გეგმაში (იცინის).

– ნათქვამი გაქვს, ქალი სპორტსმენის ცხოვრებაში, როცა ოჯახია და შვილი ჩნდება, პაუზა დგება და შეიძლება, მერე ჩამოვშორდე კიდეც სპორტსო. ახლა რას ფიქრობ ამაზე?

– რა თქმა უნდა, ეს ეტაპი ყველას ცხოვრებაში დადგება, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ადრეა ჩემი სპორტიდან წასვლა. გარკვეული მიზნები მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი რეალობად ვაქციო. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანი შემახვედრა. თემო თვითონაც სპორტსმენია, ერთად ვჭიდაობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და მომავალში დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

– ორივე წარმატებული სპორტსმენი ხართ, ერთმანეთის მიმართ რამდენად გაქვთ კონკურენციის მომენტი?

– (იცინის) კონკურენცია არა, მაგრამ ხშირად ვჭიდაობთ ხოლმე ვარჯიშზე და ძალიან მაბრაზებს. არაფერს არ მითმობს (იცინის). სინამდვილეში ძალიან კარგია, რომ ჩემი პროფესიის არის, თავის გამოცდილებას მიზიარებს, ძალიან ბევრ ილეთს მასწავლის და მეც მალე ვითვისებ. რა თქმა უნდა, მეც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ერთად განვიხილავთ ხოლმე ჩვენს კონკურენტებს და მართლა ძალიან მაგარია, რომ გვერდით სპორტსმენი მყავს.

– ეს – პლუსები, მაგრამ რა მინუსები აქვს წყვილის ერთ საქმეში ყოფნას?

– დიახ, პლუსებთან ერთად, ძალიან დიდი მინუსებიც არის. ხშირად შეკრებებზე გვიწევს წასვლა. ახლაც ორი კვირით ვარ წამოსული და ძალიან მოწყენილია. ასე ვიქნები მეც, როცა მას მოუწევს წასვლა. მზადებას რომ ვიწყებთ, ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობთ. განშორებები ხშირად გვიწევს. ამას ახლავს მონატრება და ძალიან რთული პერიოდები გვაქვს ხოლმე. სპორტსმენს ძალიან დიდი გვერდში დგომა და განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრება სჭირდება, ეს ყველაფერი ცოტა რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს გავუმკლავდებით.

– ახლაც, ხელის თხოვნიდან ძალიან მალე მოგიწიათ განშორება.

– კი, რამდენიმე დღეში წამოვედი შეკრებაზე. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც უკვე მალე აიღებს სტარტს, შემდეგ იქნება მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა. სამი დიდი შეჯიბრება მაქვს წელს და ძალიან რთულია სამზადისი, მაგრამ ერთად გავუმკლავდებით. ეს მხოლოდ პერსონალურად არ გვეხება, ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს ღირსება საზღვრებს გარეთ, ჩვენი საქართველო ბევრჯერ უნდა ვასახელოთ და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

– ასეთი დატვირთული წლის განმავლობაში ქორწილის დროც თუ გაქვთ?

– უფრო ოლიმპიადის შემდეგ. ოლიმპიადა აგვისტოში დასრულდება. მერე ნელ-ნელა დავგეგმავთ და მოვემზადებით. მანამდე ამის დრო მართლა არ გვაქვს. სულ უცხოეთში მიწევს ყოფნა.

– ტატამზე ნაკლებად თმობთ და ურთიერთობაში რომელია დამთმობი?

– ურთიერთობაში ორივე ძალიან დამთმობი ვართ. თუ ეს არ იქნება, ვფიქრობ, ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვართ, 14 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებულები გავხდით. იყო ბევრი ჩხუბიც, კამათიც, მაგრამ მერე ორივე ვთმობდით და ვრიგდებოდით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელია დამნაშავე, ურთიერთობაში ორივე ვთმობთ. თუმცა, საბედნიეროდ, ხშირად არ ვჩხუბობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, რომ ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი