თიკო ნატროშვილი: დღესაც ხშირად ვეკამათები ჩემს მეუღლეს, როცა ის რამეზე ამბობს, „აზრი არ აქვს, არ გამოვა“
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 23.04
თიკო ნატროშილის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის თიკო ნატროშვილი?
– თინათინ ნატროშვილი არის სამი შვილის დედა, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარ თავს მთლიანად ამ ამპლუაში ხედავს. მთელ ჩემს დროს და ენერგიას შვილებს ვუთმობ. ახლა ასეა საჭირო. სხვა მხრივ, ვარ ერთი ჩვეულებრივი პერსონა, რომელიც სამომავლოდ თავისი მიზნებისთვისაც დაიწყებს ბრძოლას.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ძალიან რეალისტი ვარ. ოცნებები ყველას გვაქვს, მაგრამ ოცნებებიც კი ჩემს შესაძლებლობებთან ახლოს უნდა იყოს. ამწუთას ჩემი ოცნებები უკავშირდება ჩემს შვილებს, ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობას, რომლისთვისაც ნიადაგს უკვე ვამზადებ, რადგან შევიცვალე საცხოვრებელი გარემო და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, ჩემი საქმიანობა დავაპაუზე და მთელი ყურადღება ოჯახს დავუთმე. ახლა, როცა მე და ჩემმა მეუღლემ, ცხოვრება თავიდან შევაყენეთ რელსებზე და სრულიად უცხო ქვეყანაში გარკვეული ტიპის სტაბილურობას მივაღწიეთ, შემიძლია, პერსონალურად ჩემს თავზე ვიზრუნო კარიერული კუთხით. თუმცა, ეს არ არის ოცნება, ეს არის ნაბიჯები, რომელსაც მივყვები. მე ვფიქრობ, თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ამისთვის გარკვეული ნაბიჯები ეტაპობრივად უნდა გადადგა.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ გულჩვილი – არა. ძალიან კარგად შემიძლია ჩემი ემოციების მართვა. რომ ვამბობ, ემოციური ვარ-მეთქი, შეიძლება ჩემს ბევრ ნაცნობს გაუკვირდეს კიდეც, რადგან ჩემს სამეგობროში პრობლემებზე არასდროს ვწუწუნებ. პირიქით, ჩემგან ძალიან ხშირად მოისმენთ – „ესეც გაივლის“. შეიძლება, შინაგანად ვნერვიულობდე და დაძაბულიც ვიყო, მაგრამ ძალიან კარგად ვმართავ ჩემს ემოციებს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს თავს ვნიღბავ, უბრალოდ, არ მახასიათებს პრობლემებზე ჩაციკვლა. არა მხოლოდ ნეგატიურზე, პოზიტიურ ცვლილებებზეც კი საკმაოდ ემოციურად ვრეაგირებ, მაგრამ იმავდროულად, კარგად შემიძლია თავის მართვა. შემწევს იმის ძალა, რომ სირთულეებმა არ გამტეხოს და არ დამცეს. თუ დავეცემი, აუცილებლად უნდა წამოვდგე. „ამაზე ხვალ ვიფიქრებ“ – ეს ფრაზა „ქარწაღებულნიდან“, კარგად შეესაბამება ჩემს ხასიათს (იცინის).
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– რა თქმა უნდა, ნაწილს პირად ინტერესებს მოვახმარდი. თუმცა, ეს ისეთი თანხაა, რომელიც საშუალებას მომცემდა, ჩემი წვლილი შემეტანა სოციალურ თემებში, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჯობს, ჯერ გადახტე და ჰოპლა მერე დაიძახო, მაგრამ თუ ასეთ მოცემულობას განვიხილავთ, საქართველოში იმდენად მძიმე სოციალური პრობლემებია, რომ მენდომებოდა, მათ მოგვარებაში მეც მიმეღო მონაწილეობა.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი იყოთ?
– ვინ არ დაფიქრებულა ამაზე?! მით უმეტეს, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო გარკვეული ტიპის პოპულარობა. მასშტაბური ცნობადობა წარმატების ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა, გააჩნია, ამას რა კუთხით შევხედავთ. ფანტაზიებისკენ მიდრეკილი არ ვარ, როგორც ვთქვი, ყველაფერს ძალიან რეალურად ვუყურებ, თუმცა, თუ დავუშვებ, რომ შეიძლება, ხვალ ასეთი რამ მოხდეს, თავისუფლად მივიღებ ამ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი სირთულეც ახლავს, მგონია, რომ ეს ჩემთვის რთულად გასამკლავებელი არ იქნებოდა. რთულია, წარმოდგენების დონეზე ისაუბრო, მაგრამ მჯერა, რომ პოპულარობასა და მსოფლიო ცნობადობას ბედნიერება არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს საოცნებო ნამდვილად არ არის.
თუმცა, ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოჯახურ პაუზას ავიღებდი. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, ვაქტიურობ, ერთი შვილით თუ ორით, მაგრამ შემექმნა გარემოება, რომ „სახლში ჯდომა“ მიწევს. ბრჭყალებში იმიტომ, რომ სახლში ნამდვილად არ ვზივარ, დღის განმავლობაში უამრავი საქმის მოგვარება მიწევს, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ მე – თიკო ნატროშვილი, არ ვიმუშავებდი, მაგრამ ასე მოხდა. ამიტომ, თავისუფლად შესაძლებელია, ხვალ რადიკალურად შეიცვალოს მდგომარეობა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე არასწორ საქციელად?
– ალბათ, ასეთი ყველას გვაქვს. სამოდელო სფეროში აქტიურობის დროს, როდესაც პარიზში მიწევდა ჩასვლა, იყო განწყობა, რომ იქ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. მეუბნებოდნენ, შენი გარეგნობა აქ სჭირდებათ, შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდეო. მართალია, მაშინ საქართველოშიც არ იყო შესაბამისი ხელშეწყობა, მაგრამ მე თვითონაც არაფერი გავაკეთე იქ დასაბრუნებლად. არავინ იცის, რა შანსი გავუშვი ხელიდან და ეს აზრი დღემდე მაწუხებს. იმ მომენტში ამ ნაბიჯის გადასადგმელად საკმარისად თამამი არ აღმოვჩნდი. აუცილებლად უნდა მეცადა და არ გავაკეთე. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო. ბევრჯერ მიფიქრია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს რომ გამეკეთებინა და ყველაზე ცუდია, როცა ეს კითხვა გრჩება. დღესაც ხშირად ვეკამათები ჩემს მეუღლეს, როცა ის რამეზე ამბობს, „აზრი არ აქვს, არ გამოვა“. მე სულ ვამბობ, „მოდი, ვცადოთ“. სჯობს სცადო და მიხვდე, რომ ნამდვილად არ გამოდის, ვიდრე არ სცადო და მერე სულ გქონდეს ფიქრი, რომ შეიძლებოდა, გამოსულიყო. ბევრჯერ ისეთი რამ გამოგვსვლია, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– მძულს. მე ამ გრძნობისგან ძალიან დისტანციურად ვარ. ვცდილობ, ამქვეყნად არავინ და არაფერი არ მძულდეს, მაგრამ ტყუილი ძალიან ცუდი რამ არის. მეც ამ აზრით ვცხოვრობ და ვცდილობ, არც ჩემი შვილები შევაჩვიო ტყუილის თქმას. ადამიანი ვარ და შეიძლება, რაღაც მომენტში უნებურად მითქვამს ტყუილი, მაგრამ თუნდაც უწყინარი ტყუილი უთხრას მშობელმა შვილს, მაინც არასასიამოვნოა. ყოველთვის ვცდილობ, შვილებს სიმართლე ვუთხრა, თუნდაც ვიცოდე, რომ ამას ბავშვებისგან არასასიამოვნო რეაგირება მოჰყვება. მე თვითონ ყოველთვის ვხვდები, როცა ადამიანი იტყუება. ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც გარკვეული აუცილებლობის გამო ურთიერთობა გაქვს და გიწევს მათი ტყუილებიც აიტანო და თან, არ შეიმჩნიო, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე არასასიამოვნოა. მე თვითონ მართლა ვერ ვიტყუები, შუბლზე მაწერია ყველაფერი, თუ შევეცადე, აუცილებლად გამეცინება, რადგან გონებაში ჩაბეჭდილი მაქვს, რომ ტყუილი არ უნდა ვთქვა. მგონია, რომ ეს ადამიანებს ძალიან უშლის ხელს ცხოვრებაში. მწარე სიმართლე და მწარე რეალობა მირჩევნია ტყუილში ცხოვრებას.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად?
– ჩემი შვილის, კახისთან მიმართებაში მიღწეული გამარჯვება. კახი ეტლით მოსარგებლეა, მე ამაზე ბევრი მისაუბრია. ამის გაცნობიერება ურთულესი იყო, ეს ყველა მშობლისთვის ასეა, მაგრამ იმის გამო, რომ კახისთვის ბევრი რამ შევცვალეთ, მიმაჩნია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ემოციურად, იმიტომ, რომ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ. კახიც ძალიან ბედნიერი ბიჭი იზრდება. მას შევუქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ მომავალშიც ძალიან ბედნიერი იყოს. თუ შეძლებ, შვილს ბედნიერება აჩუქო, მიუხედავად მის ცხოვრებაში არსებული საკვანძო პრობლემისა, რომელიც პრობლემა აღარ არის და მდგომარეობად იქცა, ვფიქრობ, ეს გამარჯვებას ნიშნავს. კახის შშმ პირის ოფიციალური სტატუსი აქვს, მაგრამ ეს ჩვენს სახლში არ იგრძნობა. ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში მუდმივ პრობლემად არ დაგვეტოვებინა. კახი ახლა მეოთხე კლასშია, მეხუთიდან გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. უჭკვიანესი ბავშვია, სკოლაში დირექცია აღნიშნავს, კახის სახით, როგორც მოსწავლის, ერთი დიდი საჩუქარი გვყავსო და ვფიქრობ, რომ მომავალიც პერსპექტიული აქვს. ალბათ, მშობლებმა და გარშემო მყოფმა ადამიანებმა ერთად გავაკეთეთ ეს მისთვის. კახი რომ აქამდე არ მოგვეყვანა, შეიძლებოდა, მის სიცოცხლესაც კი საფრთხე დამუქრებოდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ მისთვის სტაბილური გარემოს შექმნით.
– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?
– ზუსტად მაშინ, როდესაც კახი დაიბადა. კარგად მახსოვს მაშინდელი ძალიან დიდი გაურკვევლობა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ეს შიში დავძლიე, პრობლემა გადავლახეთ და დავდექი ისევ იმ ადგილას, სადაც ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო. საერთოდ, შიში სულ არის, ის, ძირითადად, შენს საყვარელ ადამიანებს ეხება. სულ ცდილობ, სიფრთხილე გამოიჩინო, ყურადღებით იყო, რომ ირგვლივ ყველა კარგად გყავდეს. ჩემში შიშს გაურკვევლობა იწვევს. ნებისმიერი პრობლემას მოაგვარებ თუ მის არსს გაარკვევ, მე ასე მგონია.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– შეიძლება, ერთობლიობაში ბევრი წვრილმანი მიქმნიდეს სიამაყის განცდას. თუნდაც, ჩემი განვლილი ცხოვრება. ვამაყობ, რომ გარკვეული რეგალიები მივიღე. თუმცა, 41 წლის ვხდები და ვამბობ, რომ მე ახლა ვიწყებ ცხოვრებას. ჩემს პირად სივრცეს უნდა მივხედო, მაგრამ, რაც გამოვიარე და გავაკეთე, იმასაც სიამაყით ვიხსენებ. ამაყი ვარ ჩემი ოჯახით. ცოტა ხნის წინ ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღე ჩემს შვილთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის, როგორც დედისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო. სასიამოვნოა და საამაყოა ჩემთვის კომპლიმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებული გარეგნობის მოდელი ვიყავი. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემში რჩება, შინაგანად მავსებს და საზოგადოდ თავის გამოჩენა იმით, რაც საამაყო მგონია, არ მახასიათებს, არ მინდა, ეს ყველაფერი სხვას მოვახვიო თავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან