შოუბიზნესი

თამო ვაშალომიძე: იმ რთული გზის გავლა ამ ბედნიერებისთვის ნამდვილად ღირდა

№24

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 23.06, 2021 წელი

თამო ვაშალომიძე
დაკოპირებულია

ფოტომოდელ თამო ვაშალომიძის ახალმა, ემოციურმა, ტრაგიკულმა და საკმაოდ შთამბეჭდავმა ფოტოებმა, რომლის თემაა „არა ძალადობას“, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც თავად ამბობს, ამ ფოტოსესიის მთავარი იდეა ძალადობის მიმართ ქალების დუმილისა და ჩაგვრის გამოხატვაა და პროტესტი – ყოველივე ამასთან დაკავშირებით. ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოიარა, თუმცა, იბრძოლა და დღეს ბედნიერია.

თამო ვაშალომიძე: ძალიან ბუნჩულა, გულუბრყვილო ვიყავი. სკოლაშიც ხშირად მჩაგრავდნენ. შემდეგ, თბილისში ჩამოსულს, კილოს გამო მაბულინგებდნენ. მერე ბევრი ვიმუშავე საკუთრ თავზე და ყველაფერი გავაკეთე, თავიდან დავბადებულიყავი ახალ ადამიანად. ჩემი თავი დავაჯერე, რომ ყველაფერი გამომივიდოდა, თუ უფრო ძლიერი გავხდებოდი და ამის მერე აღარავინ დამჩაგრავდა, წარმატებასაც მივაღწევდი და ჩემს ადგილსაც ვიპოვიდი ამ სამყაროში. თუ ამას საკუთარ თავს დააჯერებ, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა და ვერც ვერავინ დაგჩაგრავს.

– დააჯერო საკუთარ თავს, რომ ძლიერი ხარ, ძალიან რთულია, როცა შენ გარშემო არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაბულინგებენ, თუნდაც წონის, გარეგნობის და კუთხური კილოს გამო...

– მე ეს ყველაფერი გადავლახე, ვიბრძოლე და არ დავნებდი. ბავშვობიდან გამიჩნდა იმის კომპლექსი, რომ მქონდა პუტკუნა ლოყები.. ყველა ამას უსვამდა ხაზს – მეგობრებიდან და კლასელებიდან დაწყებული, ოჯახის წევრებით დამთავრებული. ყველა აღნიშნავდა: რა პუტკუნა ლოყები გაქვს, რა მსუქანი ხარ... თავს ვაჯერებდი, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პლუსი, ანუ, ვცდილობდი კომპლექსები კი არა, დადებითები დამეჭირა საკუთარ თავში. წლების მერე, დავიკელი წონაში, საკმაოდ გავხდი, მაგრამ დღემდე მომყვება იმ პუტკუნა ლოყების კომპლექსი, ბოლომდე ვერ გადავლახე. მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრებამ და ცნობადობამ, დიდი გამოცდილება შემძინა. პრინციპში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახალ ადამიანად დავიბადე. დროთა განმავლობაში, როცა დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება, მარტოს მომიწია ყველაფერთან ბრძოლა. მე, საკუთარი თავისა და ბებიის გარდა, არავინ მყოლია. როცა გაჭირვებაში სრულიად მარტო რჩები, ძალიან რთულია. გინდა თუ არა, ავტომატურად ირთვება და იღვიძებს თვითგადარჩენისა და ბრძოლის ინსტინქტი.

– ეს ინსტინქტი შენს შემთხვევაში რა ასაკში ჩაირთო და გაძლიერდა?

– 17-18 წლის ასაკში, როცა პირადობა ავიღე და სახლიდან წამოვედი. სახლიდან მხოლოდ იმის გამო არ წამოვსულვარ, რომ მეუბნებოდნენ, მსუქანა და პუტკუნა ხარო, ბევრი სხვა მიზეზი იყო. უბრალოდ, მე შევეგუე იმას, რომ ვიღაცისთვის შეიძლება, პუტკუნა და მსუქანა ვიყო და აღარ ვაქცევ ყურადღებას. თუმცა, იმას რომ – შენ, თამო, ვერაფერს შეძლებ დამოუკიდებლად – ვერ შევეგუე და ეს იყო ერთ-ერთი ბიძგი. პირველ ეტაპზე სახლიდან წამოსვლითა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებით დავამტკიცე, რომ მე ძლიერი ვარ და უკან არ დავბრუნდებოდი, სულ რომ გარეთ მძინებოდა. უმაღლესშიც ვერ ჩავაბარე და ვერ მივიღე განათლება იმის გამო, რომ სახლიდან წამოვედი, თუმცა შევძელი, დამოუკიდებლად ბევრს მივაღწიე და ეს დავამტკიცე.

– სად გინდოდა ჩაბარება, რა გინდოდა გამოსულიყავი?

– ოჯახში რომ პრობლემები მქონდა, ბავშვობიდან მინდოდა, ფსიქოლოგი ვყოფილიყავი. ასევე, მინდოდა ჟურნალისტობაც. შეიძლება, რასაც ახლა ვიტყვი, ბევრმა დამცინოს, მაგრამ შემიძლია, ახლაც ჩავაბარო და 30 წლის ასაკში ავიხდინო ოცნება. ვფიქრობ, გვიანი არასოდეს არის. ასე რომ, ოჯახიდან რომ არ წამოვსულიყავი, აუცილებლად ჩავაბარებდი უმაღლესში. ვფიქრობ, ყველაფერი ოჯახიდან მოდის – განათლებაც, სიყვარულიც, ურთიერთობებიც. სოფია – ჩემი შვილი, სამი წლისაა და ხშირად ვუკითხავ ზღაპრებს, ვაყვარებ წიგნებს. შეიძლება, ბევრმა თქვას: არ წამოსულიყავი სახლიდანო. არც ვამტყუნებ მათ, მაგრამ ჩემს არჩევანს და ზოგადად, რაც დღემდე გამიკეთებია, არ ვნანობ. ასე იყო საჭირო.

– სოციალურ ქსელში ყოველთვის ფრიალა, ხალისიან და ფერად ფოტოებს დებ. ახლახან კი გავრცელდა ფოტოები, სადაც ქალების მიმართ მამაკაცების მხრიდან ძალადობას აპროტესტებ. საიდან გაგიჩნდა იდეა, საკმაოდ ტრაგიკული, ემოციური და ტკივილით სავსე ფოტოსესია მოგეწყო და ვინ არის ის მამაკაცი, ვისი ხელიც ყელზე გიჭერს, გგუდავს და უხეშად გეხება?

– ჩვენ გარშემო არიან ქალები, ჩვენი მეგობრები, მეზობლები, უბრალოდ, ნაცნობები, ვინც ღიმილის უკან ბევრ

ტკივილს მალავენ, არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ ჰგონიათ, რომ მათ არავინ დაუდგებათ გვერდში. დიდი ხანია, ასეთი ფოტოსესიის გაკეთება მინდოდა, უბრალოდ, ვერ მოვიცალე. მინდოდა, ზოგადად, ძალადობის მიმართ გამომეხატა პროტესტი და ამ ფოტოსესიაში, რაც შემეძლო, მაქსიმუმი ჩავდე. უამრავი მკვლელობა ხდება, საყვარელი ადამიანები ერთმანეთს სწირავენ... ამას ძალიან განვიცდი. შეიძლება, ისე გაბოროტდე ადამიანი, საკუთარი შვილის დედა, რომელიც გიყვარდა, გაიმეტო, ყელი გამოსჭრა და მოკლა?! ამას გარდა, ხდება დამცირება, ბულინგი, ცემა, ყვირილი... მე ბავშვობაში, გარდა ფსიქოლოგიურისა, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც ვიყავი, მათ შორის გაუპატიურების. ყველაფერმა ერთობლივად მოიყარა თავი, პლუს ამას, რაც ხდება ჩვენ გაშემო და ამ ფოტოებით გამოვხატე პროტესტი. რაც შეეხება მამაკაცს, ვისი ხელებიც ჩანს ფოტოებზე, არის ჩემი ბავშვობის მეგობარი გუგა. ისეთი საყვარელი და დადებითი ადამიანია, გადაღების დროს მეუბნებოდა: არ შემიძლია, ვერ მოგიჭერ ხელს ყელზე, ვერ გატკენო (იცინის). მე ვაძალებდი: მიდი, ემოცია ჩადე, ისე არაფერი გამოვა-მეთქი (იცინის). ხშირად ქალებს ჩივილისაც ეშინიათ, უჭირთ მოძალადის ხმამაღლა მხილება, რომ ამას არ მოჰყვეს მუქარა და შანტაჟი. ჩემს შემთხვევაშიც, 20 წლის ასაკში, ადამიანი, რომელმაც გამაუპატიურა, ციხეში არ ჩასვეს და სასჯელი არ მოუხდია.

– ანუ, შენ ამ ფოტოსესიით უსიტყვოდ გამოხატე პროტესტი ძალადობის მიმართ.

– დიახ, ასეა. ჩემი, როგორც მსხვერპლი ქალის, ემოცია ფოტოებში ჩანს. ფაქტობრივად, ფოტოსესიის დროს ყველა იმ ადამიანის ტყავში „შევძვერი“, ვინც ძალადობა თავის თავზე გამოსცადა. მიხარია, რომ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და არცერთი ნეგატივი.

– ხშირად, როცა ადამიანი თავს დააღწევს რთულ ცხოვრებას, შექმნის ოჯახს, წარმატებული და ბედნიერია, აღარ სურს წარსულზე საუბარი. თუმცა, შენ ყოველთვის იხსენებ და არც საუბრისას არიდებ თავს. როცა, მარტო რჩები, წარსულიდან რა ემოცია და განცდა იღვიძებს შენში?

– წარსულს ვერც შევცვლი და ვერც დავივიწყებ, ის ჩემი განვლილი გზაა. თუმცა, მე ამ ფოტოსესიით ჩემი წარსული კი არ გავიხსენე და გამოვიგლოვე, არამედ ყველა იმ ადამიანის ტკივილი გავითავისე, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა. როცა მარტო ვრჩები, ვფიქრობ: საიდან სად? თუმცა არა ისე, რომ, თავი ცუდად ვიგრძნო. უფრო სამომავლო გეგმებზე ვფიქრობ და არა წარსულზე.

– ქმარი, არაჩვეულებრივი ორი შვილი, კარიერა, ცნობადობა. ანუ, ახლა რა ცხოვრებაც გაქვს, ამაზე წლების წინ, დედაქალაქში ახალი ჩამოსული, იოცნებებდი? ეს ბედისწერაა თუ უბრალოდ გამართლება?

– ბედისწერის არ მჯერა, თუმცა, ასე თუ წავიდოდა ჩემი ცხოვრება და ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი, ამაზე არც ვფიქრობდი. ეს, რაც დღეს ჩემს თავს ხდება, ჩემი წვალებისა და ბრძოლის შედეგია. ალბათ, რა რთული გზაც გამოვიარე, იმით დავიმსახურე ეს ბედნიერება. იმ რთული გზის გავლა კი ამ ყველაფრისთვის ნამდვილად ღირდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი