შოუბიზნესი

როგორია ლალო ნებიერიძის ამერიკული სიურპრიზებით სავსე ცხოვრება და როგორ განაგებს ის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავების ოჯახების ქონებას

№12

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 11:00 26.03

ლალო ნებიერიძე
დაკოპირებულია

ლალო ნებიერიძის ამერიკული ცხოვრება სიურპრიზებითა და სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე. ლალო ამჟამად American Idol-ის ქართველი მონაწილის თანმხლები პირი გახლავთ, თუმცა მისი ცხოვრება სხვა ბევრი მიზეზის გამოც ძალიან საინტერესოა.

ლალო ნებიერიძე: 13 წლის ვიყავი, როდესაც დედამ სამოდელო სკოლაში მიმიყვანა და 14 წლის ასაკში პირველად გამოვედი ქართულ პოდიუმზე. სხვადასხვა სააგენტოსთან ვთანამშრომლობდი და ჩემი კარიერა „მის საქართველოში“ მონაწილეობით გაგრძელდა. ფინალში გავედი და „მის ტელეგენურობა“ გავხდი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

სკოლაშიც ძალიან კარგად ვსწავლობდი და შეძლებისდაგვარად უნივერსიტეტშიც თავს ვიჩენდი. ორი უნივერსიტეტი დავამთავრე და სამოდელო განხრით ვმუშაობდი. 15 წლიდან საკუთარი შემოსავალი მქონდა და ამ მხრივ, დამოუკიდებელი ვიყავი.

შემდეგ კი ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. „რუსთავი 2-ის“ ადმინისტრაციაში ვიყავი, უშუალოდ გენერალურ დირექტორთან ვმუშაობდი და გარდა ამისა, მქონდა ჩემი გადაცემა. სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში ჩავერთე და ჩემი სამოდელო კარიერა ნელ-ნელა სატელევიზიომ ჩაანაცვლა.

ამასობაში, 19 წლიდან, მოგზაურობა დავიწყე და უამრავი ქვეყანა მოვინახულე. 2010 და 2011 წელს ამერიკასაც ვეწვიე. მთელი აღმოსავლეთ სანაპირო დავათვალიერე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია ამერიკული ოცნება ამ ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით. არც კი მჯეროდა, რომ ამერიკაში წარმატების მიღწევის შანსი მქონდა. ამიტომ ვინმეს დარჩენა რომც შემოეთავაზებინა, უარს ვიტყოდი.

2014 წელს მესამედ წავედი ამერიკაში სამოგზაუროდ. ამჯერად დასავლეთი სანაპირო ვნახე, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სახლში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ გარემო ჩემთვის სრულიად უცხო იყო. ძალიან მოვიხიბლე, ყველაფერი მიზიდავდა. უცებ ინსპირაციით ავივსე, ვიფიქრე, აქ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება-მეთქი. თავს უფლება მივეცი, ერთი თვე დავრჩენილიყავი და მაქსიმალურად შემეცნო აქაურობა. ბევრი მიმართულებით დავიწყე ფიქრი. მაგალითად, თუ სწავლას მოვინდომებდი, სად შეიძლებოდა ჩამებარებინა. ვერასდროს ვიფიქრებდი და არც მქონდა ამბიცია, რომ სამოდელო სფეროში მოვხვდებოდი. აქ იმდენად დიდი ბაზარია, სასწაულად ლამაზი და წარმატებული ხალხით სავსე, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ შემეძლო, მეც მისი ნაწილი გამხდარიყავი, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

– ეს როგორ მოხდა?

– ერთი დიზაინერი გავიცანი, ძალიან თბილი და საყვარელი ქალბატონი, რომელსაც კოლექციაში ულამაზესი კლასიკური სტილის კაბები აქვს და მოსასინჯად თავის სახელოსნოში დამპატიჟა. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ვარ, და პოდიუმზე სიარულის კარგი გამოცდილებაც მქონდა, ძალიან მოეწონა თავის კოლექცია ჩემს სხეულზე და მითხრა, მინდა, ჩემს ჩვენებაზე მოდელად გამოხვიდეო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება მქონდა და სახალისოდ მეჩვენებოდა ამერიკაში ჩვენებაზე გამოსვლა. თუმცა, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ამერიკულ ბაზარზე გამოსვლის წინ ვღელავდი, ვფიქრობდი, რამე არ შემეშალოს... უკვე წლებია, ტელევიზიაში გადავედი და ნეტავ, ახლა როგორ გამომივა-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. გავიცანი მოდელები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები. ამერიკაში, საქმიან ურთიერთობებში კომუნიკაციას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ვინმე თუ მოსწონთ, მიდიან, ესაუბრებიან, ეცნობიან. ბევრი მეც ასე გამეცნო. მე კი ამ დროს იმდენად ვმორცხვობდი, ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი, სასაუბროდ ვერავისთან მივიდოდი. თუმცა, თავად მოვიდა რამდენიმე ადამიანი და მაშინვე დამპატიჟეს რამდენიმე საინტერესო ივენთზე. მალე ლოს-ანჯელესის მოდის კვირეული იწყებოდა და ქასთინგზეც მიმიწვიეს. ქასთინგზე რამდენიმე დიზაინერმა მაშინვე ამიყვანა თავის კოლექციის წარსადგენად. ეს იყო ჩემთვის მეორე წარმოუდგენელი წარმატება. რა თქმა უნდა, „დიორსა“ და „შანელზე“ არ მაქვს საუბარი, შედარებით ახალ ბრენდებს ვგულისხმობ, მაგრამ მათთან თანამშრომლობა ჩემთვის ნამდვილად წარმატება იყო.

აქ ძალიან ინტენსიურად ტარდება მოდის კვირეულები და უცებ გავიცანი ორგანიზატორები, დიზაინერები. მეგობრული ადამიანი ვარ და ამანაც ბევრი რამ განაპირობა. უკვე ხანგრძლივი თანამშრომლობები მქონდა. ამასობაში მივიღე ექსტრაორდინარული ტალანტის სტატუსი. ესეც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ეს სტატუსი მაძლევდა ამერიკაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. უამრავი ემიგრანტისთვის ამ მდგომარეობამდე მისვლა ძალიან რთულია, მე კი არც ვიცოდი ასეთი რამის არსებობის შესახებ, მაგრამ რადგან სამოდელო სფეროში ამოვყავი თავი, ეს სტატუსი ძალიან მარტივად მივიღე.

– და ამ ყველაფერს კინოინდუსტრიაც დაემატა.

– კი, ასე მოხდა. კინო, სარეკლამო რგოლები. აქ უზარმაზარი სარეკლამო ფროდაქშენია. მით უმეტეს, მე ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, „ჰოლივუდთან“ ახლოს, ბევერლი ჰილზთან. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უზარმაზარი კომპანიებია, სადაც ჩვენთვის ნაცნობ ფილმებს იღებენ. მეც მოვხვდი გადაღებებზე, ასევე, ტელევიზიაში, სხვადასხვა შოუში. ერთდროულად ბევრი რამ მოხდა და ეს გარემო ძალიან მომწონდა. შემდეგ დავოჯახდი და შვილი – გიორგი შემეძინა. იქიდან გამომდინარე, რომ შვილი და ოჯახი ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვდა, სამოდელო სფეროსა და ჰოლივუდურ-გლამურულ ცხოვრებას ნელ-ნელა ჩამოვშორდი და ოჯახურ პასუხისმგებლობებზე გადავერთე.

– მალე ახალი ინტერესი გაჩნდა, საბანკო სექტორი...

– ბავშვი რომ გავაჩინე, საქართველოში ჩამოვედით და ერთი წელი აქ ვცხოვრობდით. მერე ისევ დავბრუნდით. მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ძველებური რეჟიმით ცხოვრება და გადავწყვიტე, სტაბილური სამსახურისკენ გადამენაცვლა. რეზიუმეები სხვადასხვა ბანკში დავტოვე და ერთდროულად ორი შემოთავაზება მივიღე. მე Bank OF America ავირჩიე. ძალიან საინტერესო გარემოში, ბევერლი ჰილზის სათავო საბანკო ოფისში მიწევდა მუშაობა. ასე დაიწყო ჩემი საბანკო კარიერა. კარდინალურად სხვა სფეროში აღმოვჩნდი და ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი.

იქ მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან მხიბლავდა ინვესტიციების განხრა. Bank OF America-ს ეკუთვნის საინვესტიციო კომპანია მერილენდში და უკვე იქ მოხვედრა მომინდა ძალიან. მერე უკვე ამაზე ვოცნებობდი და ეს ოცნებაც ამიხდა. ძალიან საინტერესო გუნდთან ერთად დავიწყე მუშაობა. ჩვენი მოვალეობა სხვადასხვა ოჯახის ქონების განკარგვა იყო.

– ეს ოჯახები კი არც მეტი და არც ნაკლები, „ჰოლივუდის“ წარმომადგენლები არიან...

– სწორედ რომ (იცინის). თავიდან არ ვიცოდი, ვისთან მექნებოდა შეხება. როცა მითხრეს, ექსკლუზიურად „ჰოლივუდის“ სელებრითებთან, მათ მენეჯერებთან და იურისტებთან ვმუშაობთო, ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი?!

შემდეგ ჩვენი გუნდი დაწინაურდა. კიდევ სხვა საფეხურზე გადავედით. ეს უფრო სპეციფიკური სექტორია, რამდენიმე ექსკლუზიურ ინდივიდს ემსახურება. გუნდში ოთხი ვართ და „ჰოლივუდში“ მოღვაწე 150 ოჯახის ფინანსებს განვაგებთ.

– ამ ყველაფერს კიდევ ერთი კარგი ამბავი დაემატა – American Idol-ის ქართველი მონაწილის თანმხლები პირი ხარ. როგორ მოხდა ეს ამბავი?

– ესეც წარმოუდგენელი ისტორიაა, როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, ნუცა ბუზალაძემ ამ პროექტში ძალიან კარგი სახელი დატოვა. ყველას შეაყვარა თავი და ყველა დააინტერესა საქართველოსა და ქართველების შესახებ. როდესაც ქართველი – ნარს ტეილორი (დიმიტრი ნარსია) გახდა კონკურსის მონაწილე, მცირედი დახმარება დასჭირდა ინგლისურად კომუნიკაციაში. მე ნუცასთან ვმეგობრობ და აქედან გამომდინარე მოხვდი ამ პროექტში. მომწერეს, თუ შეგიძლიათ ქართველ მონაწილეს დაეხმაროთ კომუნიკაციაშიო, მოხარული ვიქნები-მეთქი, ვუპასუხე. ამის შემდეგ დამიკავშირდნენ პროდიუსერები და დიდხანს მიხსნიდნენ პროექტისა და მასში ჩემი როლის შესახებ. მე ვფიქრობდი, რომ უბრალოდ, ერთი-ორჯერ კომუნიკაციაში დავეხმარებოდი, თუმცა, რეალურად, ნარსთან ერთად პროექტში მოვხვდი. ყველაფერს მასთან ერთად გავდივარ, მე ვარ პროექტის მონაწილე სიმღერის გარეშე, საუბრით. ხანდახან ვხუმრობ კიდეც ამაზე, ვამბობ: სამყარომ გადაწყვიტა, ლალი სიმღერის კონკურსში ჩასვას. მერე რა, რომ ის არ მღერის, დაე, ლალიმ ილაპარაკოს (იცინის). ახლა სულმოუთქმელად ველით ნარსის ეთერში გამოჩენას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი