შოუბიზნესი

როგორ შეცვალა მარიამ შენგელია სიყვარულმა და რა ასწავლა მას რთულმა პერიოდმა

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:24 15.03

მარიამ შენგელია
დაკოპირებულია

მომღერალი მარიამ შენგელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში წლების წინ მუსიკალური კონკურსებიდან მოექცა და მას შემდეგ აქტიური კარიერა აქვს.

მარიამ შენგელია: მთელი ცხოვრებაა, ვმღერი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მომღერალი არავინ მყავს, ჩემმა ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მუსიკალური მონაცემები მქონდა და ხუთი წლის ასაკში სიმღერაზე შემიყვანეს. ბავშვობიდანვე ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა. მშობლების დაჟინებული თხოვნით გამოვედი კონკურსში. პირველი კონკურსი „X ფაქტორი“ იყო. ფილარმონიის სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინაშე პირველად წარვდექი. ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა, იმავდროულად, ძალიან დიდი ბედნიერება. სცენაზე რომ დავდექი და ხმა ამოვიღე, ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა, მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი და ასე გრძელდება დღემდე. ამის შემდეგ იყო პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“. ორივეს ფინალისტი ვარ. დღეს მყავს ბენდი „მიქსტურა“, რომელთან ერთადაც მართლა უამრავი კონცერტი მაქვს.

– პოპულარობა რთული არ აღმოჩნდა?

– ხალხის კრიტიკასთან შეგუება გამიჭირდა. გინდა თუ არა, ყველას ვერ მოეწონები. ვიღაც გამოერევა ისეთიც, ვინც რაღაც არასასიამოვნოს დაწერს. ადრე აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვკითხულობდი და ძალიან ვისტრესებოდი. ალბათ, პატარა რომ ვიყავი, უფრო მიჭირდა იმ ყველაფრის „გადახარშვა“. დღეს აღარ ვკითხულობ ასეთ კომენტარებს. კრიტიკას ვიაზრებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, კრიტიკის ქარცეცხლში არ აღმოვჩნდე. დიდი ხანია, ცუდი კომენტარები არც შემხვედრია და მინდა, ეს მოცემულობა შევინარჩუნო (იცინის).

– რამდენჯერმე გამოიცვალე საცხოვრებელი ადგილი...

– ამაზე მეხუმრებიან ხოლმე, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, საიდან ხარო (იცინის). დავიბადე სამეგრელოში, გავიზარდე თბილისში. 12 წლიდან, ოჯახური პრობლემების გამო, რამდენიმე წლით ისევ სამეგრელოში მომიწია წასვლა. არც იქ გავჩერებულვარ, იქაც ვმღეროდი. 15-16 წლის ვიყავი, როცა ისევ თბილისში წამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.

– არ გიჭირდა ასე ხშირად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა?

– კი, მაგრამ, დღეს რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა, ზუსტად ამის დამსახურებაა. ბევრი ადგილი და სკოლა გამოვიცვალე, სულ ახალ-ახალი გარემო იყო ჩემ გარშემო, მაგრამ დღეს ეს გამოცდილება სასიკეთოდ მადგება. გარდატეხის ასაკში კი ეს არ არის მარტივი. მახსოვს, რომ ვტიროდი ხოლმე ამის გამო, მაგრამ ამის გარეშე, დღეს ასეთი გახსნილი და კომუნიკაბელური ვერ ვიქნებოდი.

– ამაზე ხუმრობენ, მაგრამ თვითონ სადაურად გრძნობ თავს?

– თავიდან ბოლომდე მეგრელი ვარ (იცინის).

– როგორია შენი მეგრული ხასიათი?

– აფერისტი არ ვარ (იცინის). ეს ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულებაა მეგრელების მიმართ. ალბათ, გამტანი ვარ, მეგრელების ეს თვისება და მიზანდასახულობა ნამდვილად მაქვს. რაც მინდა, იმას ყოველთვის ვაკეთებ.

– ძლიერი გოგო ხარ?

– ცოტა ფეთქებადი ხასიათი მაქვს და ჩემი წყობიდან გამოყვანა მარტივია. თუმცა, ალბათ, ძლიერი ვარ. ჩემს გამოცდილებებს რომ ვუყურებ და მერე ჩემს თავს ვაკვირდები, ვხვდები, რომ ბევრი რამ შევძელი. ჯერ 21 წლის ვარ, მაგრამ ამ ასაკისთვის ბევრი რამ გავაკეთე. თუ სუსტი ხარ, პროექტებშიც ძალიან გაგიჭირდება, რადგან ეს ძალიან დიდი სტრესია. უსამართლობასაც ეჯახები და თუ ძალა არ გაქვს, ვერ გაუძლებ ამას, ხელს ჩაიქნევ. არადა, რომ არა პროექტები საერთოდ არაფერი ვიქნებოდი, ყველამ იქიდან გამიცნო.

– მარიამი შეყვარებულია?

– კი, მარიამი შეყვარებულია. ჩემ გვერდით ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც წარმომედგინა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იქნებოდა. აბსოლუტურად არაეჭვიანი – ეს ჩემს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გამგებიანია, ყველაფერს პროფესიონალურად უდგება.

– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?

– ყოველთვის მეცინებოდა, როცა ამბობდნენ, რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყოო (იცინის). როგორც კი საკუთარ თავზე გამოვცადე, აზრი შემეცვალა. მართლა თავიდანვე მივხვდი, რომ ძალიან ჩემი იყო და მერე ყველაფერი უცებ განვითარდა. თუ ნამდვილია, მგონია, რომ გაწელვა არ სჭირდება. საერთოდ, მეც ყველაფერში პირდაპირ საქმეზე გადასვლა მირჩევნია (იცინის).

– როგორი შეყვარებული ხარ?

– ისეთი ბედნიერი, რომ ყველა საქმეს ორმაგად კარგად ვაკეთებ. აქამდე კარიერასა და პირადს ვერ ვუთავსებდი ერთმანეთს, მაგრამ თურმე, როცა გიყვარდება, სულ სხვანაირად ხდება. დღეს კარიერაში ზუსტად იმიტომ ვარ კარგად, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მაძლევს ძალას ყველაფრის საუკეთესოდ გასაკეთებლად. თურმე, კარიერა სიყვარულს არ გამორიცხავს, ამ ადამიანმა დაამსხვრია ჩემი წარმოდგენები (იცინის).

– ისიც მომღერალია?

– არა, არასდროს მინდოდა, რომ ჩემი შეყვარებული მომღერალი ყოფილიყო. სპორტსმენია და ამ პროფესიის ხალხი ძალიან პუნქტუალურები არიან. ეს მეც გადმომედო. აქამდე აბსოლუტურად ყველგან ვაგვიანებდი. არ მინდოდა, მაგრამ ჩემდა უნებურად ასე გამომდიოდა. ბოლო პერიოდში ყველგან პირველი მივდივარ (იცინის). დღის რეჟიმი აბსოლუტურად შემიცვალა, ყველაფერი თავის ადგილას დავალაგე, დილას ადრე ვიწყებ და მთელი დღე პროდუქტიული ვარ.

– როგორია შენი გეგმები?

– დავიწყე საკუთარი მუსიკის შექმნაზე მუშაობა. ჯერ სწავლის პროცესში ვარ. მე მყავს ბენდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ და ქავერებს ვმღერით, კომერციულად ეს კარგია, მაგრამ განვითარებისთვის საკუთარი მუსიკის შექმნა იდეალურია. ამიტომ, ახლა შესაბამისი კურსები უნდა გავიარო და ცოტა ხანში შეიძლება, ჩემი საავტორო სიმღერებით მოგევლინოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი