როგორ დაუპირისპირდა თათა გიორგობიანი საკუთარ შიშებს და როდის განიცდიდა ბაბი კირკიტაძე ემოციების ტაიფუნს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.11, 2022 წელი
„ღამის შოუს“ ბენდის გოგონები – თათა გიორგობიანი და ბაბი კირკიტაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის ვარსკვლავურ შემადგენლობას წარმოადგენენ. ვნახოთ, გადაიზრდება თუ არა მათი მეგობრობა კონკურენციაში და გავიგოთ ისიც, როგორი განწყობა აქვთ გოგონებს პროექტის დასაწყისში.
თათა გიორგობიანი: ალბათ, ეს ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი იყო. ყოველ წელს უამრავი მეკითხებოდა – წელს იღებ მონაწილეობას „ცეკვავენ ვარსკვლავებში“? ყოველთვის მეგონა, რომ არ მივიღებდი მონაწილეობას. ჩემს თავს ამ პროექტში ვერ ხედავდი. ძალიან მიჭირს ხოლმე საკუთარი თავის კარგი კუთხით შეფასება. თვითშეფასების პრობლემა მაქვს – ეს ვიცი, ვაანალიზებ და ვმუშაობ ამაზე. როდესაც ნოე სულაბერიძემ მე და ბაბის დაგვიძახა, მივხვდით, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მაშინაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მე ამას თავს გავართმევდი, შევძლებდი ცეკვის ისე შესრულებას, რომ ეს სამარცხვინო არ ყოფილიყო. თავიდან უარისკენ წავედი, მაგრამ ნოეს ეხერხება ადამიანების გადარწმუნება. შემდეგ ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე და ყველამ ერთხმად მითხრა, ნამდვილად გაქვს ამის ნიჭი და ხომ არ გაგიჟდი, რატომ უნდა გამოტოვო ასეთი ბრჭყვიალა და გრანდიოზული ამბავიო?! ყველა ერთად დამეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში და ბოლოს, დავთანხმდი. ჩვენი კოლეგა გიორგი გაბუნია, ამ პროექტის წინა სეზონზე მონაწილეობდა და ვიცი, ეს რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ძალიან ტრავმული პროცესია, დიდი ნებისყოფა გჭირდება იმისთვის, რომ ტკივილს გაუძლო და არ დანებდე. ამის მიუხედავად, ნომერი სახეზე ღიმილითა და დიდი შემართებით უნდა გაიტანო სცენაზე. ვიცოდი, რამდენად რთული იყო, მაგრამ პირველი ლაივის შემდეგ იმდენად დადებითი რეაქცია წამოვიდა დარბაზისგან, მივხვდი, რომ ამდენ შრომად ნამდვილად ღირს. ჟიურისგანაც ისეთი კარგი შეფასებები მივიღე, ეთერის შემდეგ კი, მგონი, სრულიად საქართველო მწერდა – ნაცნობი თუ უცნობი და ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი. ეს ტკივილადაც ღირდა, დიდ შრომადაც და უძილობადაც.
ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი შიშებისა და კომპლექსების გადასალახად ვაკეთებ. როგორც ჩემი საყვარელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი იტყოდა, ყველაზე მეტად რისიც გეშინია, სწორედ, მას უნდა შეეჭიდო იმისთვის, რომ ეს შიში დაამარცხო. მეც ავდექი და პირდაპირ შუბლით შევასკდი ჩემს შიშებს. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან განმავითარებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. ძალიან დიდი სტრესია პირდაპირ ეთერში ცეკვა. ერთი პატარა წაბორძიკება, ერთი არასწორი მოძრაობაც კი აისახება შენს შეფასებაზე. ახალი ზედმეტსახელიც მაქვს „საღი ვაშლი“ – ასე მიწოდა გოჩა ჩერტკოევმა (იცინის). გვითხრეს ისიც, რომ ძალიან ძლიერი წყვილი ვართ, ისე გამახარა ამ სიტყვებმა, ორმაგი ენთუზიაზმით ვაგრძელებ შრომას.
– გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად ეს შიში უკან მოიტოვე თუ აგრძელებ ბრძოლას საკუთარ თავთან?
– შიშები გრძელდება. ილეთს რომ ვამუშავებთ, პირველ რიგში, ფიზიკური ტკივილის და ტრავმის მიღების შიში გაქვს, ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა, გინდა, ილეთი ლამაზად შეასრულო და გრცხვენია, რამე უღირსად არ გააკეთო, რომ მერე ხალხმა არ თქვას, ამას საერთოდ რა უნდოდა ამ პროექტშიო. ესთეტიკური მხარის გარდა, კამერებთან და პუბლიკასთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, საბედნიეროდ, ამდენხნიანი გამოცდილების შემდეგ, ეს არ მიჭირს. ვიღაც ყოველთვის გამოჩნდება უკმაყოფილო და იტყვის რამე არასასიამოვნოს, მაგრამ მთავარია, საზოგადოების უმრავლესობამ არ თქვას, რომ არ ვიმსახურებდი ამ ქულას ან ჩემი ცეკვა ესთეტიკურად არ გამოიყურება. ამიტომ, ეს შიში ისევ მაქვს, მაგრამ იმედია, შემცირდება და პარალელურად, თავდაჯერებულობაც მომემატება.
– ალბათ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს.
– ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი და ნებისმიერ საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. სხვა შემთხვევაში, ხელს საერთოდ არ მოვკიდებ. როცა რამეს ვაკეთებ, ხელით, ფეხით, თავით თუ გულით – მართლა თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მე მიმაჩნია, რომ სანამ ცოცხლები ვართ, ადამიანმა უნდა სცადოს საკუთარი შესაძლებლობების ყველა იმ სფეროში მოსინჯვა, რაც თავად აინტერესებს და მაქსიმალურად შეიგრძნოს სიცოცხლე. იმის შიში, რომ შეიძლება, საზოგადოებამ არ მიგიღოს, გაგაკრიტიკონ, რა თქმა უნდა, არსებობს და ამის გამო ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუმცა, როდესაც საქმეს სიყვარულით აკეთებ, ეს ყველაფერს გადაწონის. ყოველთვის ვცდილობ, ჩემ უკან ლამაზი კვალი დავტოვო. არ მინდა, ამპარტავნულად და მხატვრულად გამომივიდეს, მაგრამ როცა რამეს ვაკეთებ, ვცდილობ, ჩემს თავსაც ვარგო და სხვებსაც. იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ლამაზ მოგონებად დარჩეს.
– მგონია, რომ მაყურებელს ძალიან გაუხარდა თათას და ბაბის ერთად ხილვა ამ პროექტში, მაგრამ მეგობრები რომ კონკურენტებად იქეცით, რთული არ არის?
– ერთმანეთს კონკურენტებად არ მივიჩნევთ. პირიქით, ერთმანეთს ვამხნევებთ და ვგულშემატკივრობთ, ალალად ვეუბნებით, რა გვაქვს გამოსასწორებელი და რა გამოგვივიდა კარგად. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა ის, რომ პროექტში ბაბი მყავს და ბაბისაც უთქვამს ჩემთვის. „ლაივზე“ გამოჩნდა კიდეც, როგორ ვტიროდი მე მისი ცეკვის დროს და როგორ „უსტვენდა“ ბაბი, როცა მე ვცეკვავდი (იცინის). გარდა იმისა, რომ სამსახურში ვატარებთ ერთად დიდ დროს, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ერთმანეთის წარმატება ძალიან გვიხარია. ბუნებრივია, ყველას საკუთარი წარმატება უფრო უხარია, ვიდრე სხვისი. თუ ვინმემ სხვანაირად თქვას, არ დაიჯეროთ, მაგრამ ძალიან გამიხარდება ბაბის გამარჯვება და ზუსტად ვიცი, რომ ისიც ასე ფიქრობს ჩემზე. ჩვენ განუყოფლები ვართ. ბავშვები ორივეს ბაბი-თათის გვეძახიან (იცინის). ძალიან კარგი შოუ იქნება, თუ ფინალში მე და ბაბი დავრჩებით (იცინის).
– გელა როგორ შეეგუა ამ ამბავს?
– გელა „ლაივის“ დღეს, ხან „კაპლს“ სვამდა ხან ვისკის (იცინის). მამასავით გვიდგას გვერდით. ეს პერიოდი ბენდს უწევს, აქტიურობის თვალსაზრისით, ცოტა უკან დაიხიოს. აქამდე ძალიან აქტიური რეჟიმი გვქონდა, მაგრამ ცეკვების გამო რამდენიმე კონცერტის გაუქმება მოგვიწია. თუმცა, 19 ნოემბერს იქნება „ღამის შოუს“ ისეთი კონცერტი, როგორიც აქამდე არ გვქონია.
ბაბი კირკიტაძე: ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვით, პასუხისმგებლობით, მონდომებითა და შემართებით დაიწყო „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ეს პროცესი იმაზე მეტად სანერვიულო აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. აბსოლუტურად ყველა სეზონი ნანახი მაქვს, მაგრამ ერთია, უყურებდე და მეორეა – მონაწილეობდე. ძალიან რთულია და ეკრანზე ამ სირთულის ათი პროცენტიც კი არ ჩანს. დარბაზში ასი პროცენტით თუ დაიხარჯები, სცენაზე 50 პროცენტს გამოიტან. ამიტომ მართლა თავები უნდა დავაკლათ თითოეულ ცეკვას. გამოცდილი მონაწილეები გვაფრთხილებენ: რაც უფრო წინ წახვალთ, კიდევ უფრო რთული იქნებაო. თუმცა, რაც უფრო მეტს იშრომებ, მეტად დაგიფასდება. როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყო საკუთარ თავში, გინდა, არ გინდა, ამ პროცესს მაინც ძალიან დიდი ნერვიულობა ახლავს. მაგრამ სცენაზე რამდენიმე წამში ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ ცეკვის შესრულებაზე ფიქრობ.
– როგორი მოლოდინი გაქვს საკუთარი თავისგან?
– თავიდან გაცილებით მარტივი მეგონა და პროგნოზსაც უფრო მარტივად ვაკეთებდი. ახლა ვიცი, რომ აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული. შრომა და იღბალია საჭირო. ყველა მონაწილეს აქვს წარმატების სურვილი, მათ შორის, მეც, მაგრამ ვნახოთ, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, საკუთარი თავის იმედი მაქვს. ცეკვა საოცრად მიყვარს და მგონია, რომ სიყვარული, შრომა და ჩემი არაჩვეულებრივი მეწყვილე – ერთად, კარგ შედეგს გამოიღებს. ცეკვა ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. შეიძლება, სიმღერაზე მეტადაც, მაგრამ შეხება, მით უმეტეს, ლათინურ ცეკვებთან, აქამდე არასდროს მქონია. ქართულ ცეკვებზე, როგორც ყველა ქართველი ბავშვი, მეც დავდიოდი, მაგრამ 13 წლიდან თავი დავანებე.
– კონკურსანტებიდან ვის იცნობდი, ვისთან მეგობრობდი და ვინ აღმოაჩინე ამ პროექტში?
– ჩემი და თათას მეგობრობა გასაგებია, ჩემი და ნიკოსიც. თავიდანვე ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემი თათას იმედი სულ მაქვს. გულწრფელად ვგულშემატკივრობ და გამოჩნდა კიდეც, რა ისტერიკაში ვიყავი მისი ცეკვის დროს (იცინის). მასზე უფრო ვინერვიულე. როცა მე ვცეკვავდი, მაშინ ნერვიულობის დრო არ იყო, მაგრამ თათას რომ ვუყურებდი, ემოციების ტაიფუნი მქონდა – თან ვნერვიულობდი, თან მეტირებოდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ნიკო გაწკიპინებული მოცეკვავეა და მისი იმედიც, რა თქმა უნდა, მქონდა. დანარჩენებთან, აქამდე ისეთი ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ახლა ყველა მეგობრები ვართ, ასაკობრივი სხვაობისა და ენის ბარიერის მიუხედავად.
– მეგობრების დაპირისპირება გამორიცხულია?
– როცა მონაწილეობა ორივეს შემოგვთავაზეს, ძალიან გამიხარდა. მე და თათა „ღამის შოუში“ იმდენად ერთი ორგანიზმი, ერთი გუნდი ვართ, რომ აქაც ერთად ყოფნა უფრო გამართლებული მგონია, ვიდრე ცალ-ცალკე და გულწრფელად ვამბობ, თათასთან კონკურენციის განცდა საერთოდ არ მაქვს.
– გულშემატკივრები როგორ გამოეხმაურნენ ამ ამბავს?
– ზუსტად ისე, როგორც ჩვენ. ერთ-ერთი ჩვენგანი რომ გასულიყო, მგონია, ჩვენი გულშემატკივრების გულისწყვეტას გამოიწვევდა. ასე რომ, ჩვენი ამ პროექტში ერთად ყოფნა სწორი გათვლაა.
მსგავსი სიახლეები
22:00 14.11, 2022 წელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან