შოუბიზნესი

როგორ დაკარგა ნინი მასპინძელაშვილმა ქმარი გერმანიაში და რატომ აგიჟებს მას მეუღლე შოპინგის დროს

№10

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 22:00 12.03

ნინი მასპინძელაშვილი
დაკოპირებულია

მოგზაურობა რომ ახალი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების წყაროა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამჯერად მოდელი ნინი მასპინძელაშვილი გაგვიზიარებს შთაბეჭდილებებს თავგადასავლებზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გადახდენია და მოგზაურობისადმი თავის სიყვარულზეც გვესაუბრება.

ნინი მასპინძელაშვილი: მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, შვებულება ამისთვის გამოვიყენო. თუ სხვა ქვეყანაში ვერ ვახერხებ წასვლას, საქართველოს რომელიმე ლამაზ კუთხეში მივდივარ. ძალიან მიყვარს ლაშქრობა მეგობრებთან ან მეუღლესთან ერთად და როცა კარგი ამინდი და შესაბამისი განწყობაა, უარს არასდროს ვამბობ. განსაკუთრებით მიყვარს მაღალმთიანი ადგილები, სადაც ულამაზესი ბუნებაა. ბოლოს მე და გიორგი ბატეთის ტბაზე ვიყავით, ძამას ხეობაში. ვინც ნამყოფია, იცის, რომ ფეხით დიდი და ცუდი გზა არის გასავლელი. რატომღაც საკუთარი მანქანით გადავწყვიტეთ ასვლა, რაც და რა თქმა უნდა, ვერ შევძელით და გზის გაგრძელება ფეხით მოგვიწია. გზაში მართლა ბევრი თავგადასავალი გადაგვხდა. აღმართი, ტალახი, ჭაობი – ყველაფერია ამ გზაზე. სადღაც ჩავვარდი და გიორგიმ ძლივს ამომიყვანა. უკვე ძალიან ზემოთ ვიყავით ასულები, მაგრამ ძალა აღარ მქონდა გზის გასაგრძელებლად. ვერ ვიტყვი, რომ მსგავს სიტუაციებში ნაზი გოგო ვარ, პირიქით, საკმაოდ უშიშარი ვარ და თავგადასავლებიც მიყვარს, მაგრამ იქ უკვე ყველა რესურსი ამოვწურე. თან ისეთი ჭაობი იყო, ალბათ თან ჩამიყოლებდა (იცინის). ამ დროს, ანგელოზივით, უცხო ადამიანი მოგვევლინა. დიდი „ჯიპით“ იყო და აყვანა შემოგვთავაზა. გიორგი უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, დავასწარი, დიდი სიამოვნებით გამოგყვებით-მეთქი (იცინის).

ორივეს ძალიან გვიყვარს ბახმარო და იქ ხშირად დავდივართ. ერთხელ, მზის ამოსავალი გორიდან ჩამოვდიოდით და უცებ თავსხმა წვიმა წამოვიდა. ამ გორიდან ჩამოსვლა ისედაც რთულია და მით უმეტეს, წვიმაში. აქაც ანგელოზის სახით მოგვევლინა უცხო ადამიანი დიდი „პიკაპით“ და ჩამოგვიყვანა. ესეც ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. ჩვენ თან გიტარა გვქონდა, მანქანაში ვუკრავდით და ვმღეროდით. ის ადამიანიც გავართეთ და ჩვენც გადავრჩით წვიმაში ფორთხიალს (იცინის). სხვათა შორის, ამ ამბიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მე და გიო ეგვიპტეში ვიყავით და ადამიანი, რომელმაც ბახმაროში გვიხსნა, იქ გავიცანით, საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს მანამდე ბახმაროში შევხვდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ.

– წლევანდელ ახალ წელს სხვა ქვეყანაში შეხვდით, ასე დაემთხვა თუ გიყვართ დღესასწაულების სხვაგან აღნიშვნა?

– აქამდე ახალ წელს, ტრადიციულად, სულ ოჯახში ვხვდებოდით ხოლმე. შარშან, წლის ბოლოს მეც და გიორგისაც, სამსახურში ძალიან სტრესული პერიოდი გვქონდა. ამიტომ, ძალიან მომინდა, ამ ახალ წელს განსხვავებულად შევხვედროდით, განტვირთვა მოგვეწყო. თან, წინა პერიოდში პარიზში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ წავედით. ხომ იცით, როგორი მომენტია, ძალიან რომ გინდა სადმე წასვლა, სულ ამაზე ფიქრობ, მაგრამ მერე ვეღარ მიდიხარ და მინდოდა, ეს დანაკლისი რამით შემევსო. საერთოდ, ძალიან სპონტანური ვარ, შეიძლება, უცებ დავგეგმო მოგზაურობა, წინა დღით მსგავსი აზრიც რომ არ გამივლია გონებაში. სხვათა შორის, სპონტანურად დაგეგმილი ყოველთვის კარგი გამომდის. ერთი წლით ადრე რომ ვგეგმავ, ბილეთებს ვყიდულობ და ასე შემდეგ, ეს – უფრო ნაკლებად (იცინის). მაგალითად, პარიზის ბილეთები მართლა ერთი წლით ადრე მქონდა ნაყიდი, ვალენტინობას ვაჩუქე გიორგის. მანამდე იტალიის ტური ვაჩუქე დაბადების დღეზე და კოვიდის გამო ჩაგვეშალა. მოკლედ, არ არის საჩემო ეს ერთი და ნახევარი წლით ადრე გეგმების დაწყობა (იცინის). ამიტომ, ამ საახალწლოდ, ერთ საღამოს, უცებ გადავწყვიტე ბილეთების ყიდვა. გერმანიასა და პოლონეთს შორის იყო არჩევანი და ამასთან დაკავშირებით გიორგის ვკითხე აზრი. მითხრა, გერმანია არ მინდაო და ასე გადაწყდა, რომ ახალ წელს პოლონეთში გავატარებდით.

– განსხვავდებოდა ჩვენი ახალი წლისგან?

– ჩვენთან ყველა სახლში აღნიშნავს ახალ წელს, ოჯახთან ერთად შამპანურის ჭიქით ხელში, მეორე დღეს ბედობა, შემდეგ შობა და ასე შემდეგ – დღესასწაულები დიდხანს გრძელდება. იქ ერთდღიანი ახალი წელი იყო. ღამე ყველა ერთად ხვდება გარეთ ულამაზეს ნაძვის ხესთან. ერთმანეთს ულოცავდნენ და მაშხალებს ისროდნენ. ჩვენთან რომ მთელ ცაზე ეფინება ფოიერვერკები და ულამაზესია, იქ ასე არ იყო. ასაფეთქებლები ცოტა სასაცილო ხმებს გამოსცემდა და არც ისეთი ლამაზი იყო. მე და გიო ვხუმრობდით კიდეც, ამის გაშვებას რა აზრი აქვს, ჩვენთან რომ ჩამოვიდნენ, ნახავენ ნამდვილ ახალ წელსო. ღამისთვის რამდენიმე გეგმა გვქონდა, მაგრამ ბოლოს ისეთი დაღლილები და მშივრები ვიყავით, იტალიურ რესტორანში შევედით და ღამის ორ საათზე ძალიან გემრიელად ვივახშმეთ (იცინის). განსხვავებული და ძალიან მაგარი ახალი წელი გამოვიდა.

– დაბადების დღე, ვალენტინობა, სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები თუ აღგინიშნავთ სადმე?

– ორივეს ისეთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ვალენტინობას საქართველოშივე თუ მოვახერხებთ უცებ, სპონტანურად რომელიმე ლამაზ სასტუმროში წასვლას. დაგეგმვით ვგეგმავ, მაგალითად, გიოს დაბადების დღისთვის სადმე წასვლას, მაგრამ ჯერ ვერ განვახორციელეთ (იცინის).

ახლა ჩვენი ქორწინების იუბილეზე ვფიქრობ. აპრილში მე და გიოს შეუღლებიდან ექვსი წელი გვისრულდება და მინდა, სადმე წავიდეთ, მაგრამ ალბათ, უფრო საქართველოს მასშტაბით. ჩვენ შორის დამგეგმავი მე ვარ (იცინის). იქნება ეს რესტორანში წასვლა, კინოში თუ სხვა ქვეყანაში, ყველაფერზე მე ვზრუნავ, მაგრამ რა თქმა უნდა, გიოსთან შეთანხმებით. პირდაპირაც ჩამიგდია მესენჯერში ბილეთის სქრინი და მითქვამს, ხვალ აქ მივდივართ-მეთქი.

– ანუ, შენ ხარ ის, ვინც ყველაფერს წინასწარ გეგმავს...

– კი, გიო ძალიან ამყოლია. მეც ისეთი შეთავაზებები მაქვს, როგორ არ უნდა წამომყვეს?! (იცინის) პრეტენზიული არ არის. მოგზაურობისას რჩევას მაინც ვეკითხები, რომ ორივესთვის სასურველი ქვეყანა ავირჩიო, თუმცა, სასტუმროსა თუ სხვა დეტალების შესახებ, პრეტენზიებს არასდროს გამოთქვამს, მენდობა (იცინის). სხვათა შორის, მე ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. მიყვარს წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა. ზოდიაქოთი ქალწული ვარ. ქალწულები კი ძალიან მეწვრილმანეები ვართ. მერე რამე რომ არ მომეწონოს, განწყობა უნდა გამიფუჭდეს და ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი თვითონ დავგეგმო, რომ კომფორტულად ვიყო. ჩემთვის თუ კომფორტულია, გვერდით ვინც მეყოლება, მეგობარია თუ საყვარელი ადამიანი, მათ აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ.

– სხვა ქვეყანაში შოპინგის დროს ზედმეტი არ მოგსვლია?

– რამდენჯერაც გინდა (იცინის). როგორც იცით, საზღვარგარეთ ბევრგან შეხვდებით აუთლეტმოლებს, სადაც თითქმის ნახევარ ფასად შეგიძლია ბრენდების შეძენა და რატომაც არა?! დაილოცოს „გუგლის“ მომგონი, წინასწარ ჩავუჯდებით ხოლმე და ვიგებთ, სად რა შეგვიძლია, შევიძინოთ (იცინის). ხშირად მომხდარა, იმდენი რამე მომწონებია, სხვა რამისთვის გადადებული თანხა შოპინგისთვის გამომიყენებია (იცინის). მე მარტივად შემიძლია ნივთების არჩევა, მაგრამ ამ მხრივ, გიო არის ძალიან რთული. ბოლოსაც, მთელი მოლი მომატარა, ფეხზე ვეღარ ვიდექი და მხოლოდ ერთი ქუდი იყიდა (იცინის). გაგაგიჟებს არჩევის პროცესში. ჯობს მარტო გაუშვა. ბოლოს მართლა ასე მოვიქეცი: რომ მივხვდი, უკვე ჭკუიდან გადავდიოდი, კაფეში დავჯექი, ყავა და ნამცხვარი ავიღე და გიომ მარტომ გააგრძელა სიარული (იცინის). წავიდა, არჩია, არჩია და ბოლოს ისევ დამირეკა, მოდი, რაღაც ვნახე და შეხედეო (იცინის). მე რამეს რომ დავინახავ და მომეწონება, მოვიზომავ და თუ კარგად მექნება, ბევრს აღარ ვფიქრობ, მაშინვე ვყიდულობ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავართულო.

– სადმე დაკარგულხართ?

– ბერლინის მეტროში დავიკარგეთ. იქ ძალიან ბევრი ხაზია და მოკლედ, ვერ გავერკვიეთ. აღმოჩნდა, რომ ტელეფონიც არ იჭერდა, რომ ინტერნეტი დაგვეხმარებინა. ვერც ზემოთ ავდივართ, არც ის ვიცით სად ვართ და მოკლედ, გაურკვევლობაში აღმოვჩნდით. გიორგიმ მითხრა, შენ აქ დამელოდე, მე იქნებ რამე გავარკვიოო და წავიდა. ცოტა ხანში ვხვდები, რომ გიორგიც დაიკარგა (იცინის). ვზივარ ორი საათი და ვფიქრობ: მორჩა, სახლს ვეღარ მივაგნებ, ყველაფერი დასრულდა, მეტროში ჩავრჩი, ქმარიც დავკარგე (იცინის). მართლა ძალიან ცუდად მახსოვს. ბოლოს, როგორც იქნა, გიორგიც გამოჩნდა და მერე სახლსაც მივაგენით (იცინის).

საერთოდ, ცოტა გულმავიწყი ქმარი მყავს. მაგალითად, ეგვიპტიდან რომ მოვფრინავდით, აეროპორტში აღმოაჩინა, რომ პასპორტი და საფულე, სხვა საბუთებთან ერთად, სასტუმროში დარჩა. პანიკაში ჩავვარდით, მაგრამ საბედნიეროდ, მოვასწარით მოგვარება. დასაწყისში რომ ბახმაროში ანგელოზად მოვლენილი ადამიანი ვახსენე, რომელიც ეგვიპტეშიც შეგვხვდა, ისევ ის დაგვეხმარა. ერთად გვქონდა ფრენა, სასტუმროში დაგვარეკინა და ტაქსით გამოგვიგზავნეს ჩვენი ჩანთა. ასე რომ, ყველაფერი მოგვარდა. ასეთი თავგადასავლები იმ მომენტში კი გძაბავს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგზაურობას უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი