შოუბიზნესი

როგორ დაეხმარა გიორგი გასვიანი მეუღლეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გადალახვაში და რამდენი შვილი უნდა მარიტა მელიქიშვილს

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.06, 2022 წელი

მარიტა მელიქიშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვან გიორგი გასვიანის მეუღლემ – მარიტა მელიქიშვილმა მნიშვნელოვანი გამოწვევა მიიღო და თავი წამყვანის ამპლუაში მოსინჯა. გადაცემაში მან ახალბედა დედებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა და მაყურებელს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

მარიტა მელიქიშვილი: ბევრისგან მსმენია, რომ ქალს დრო სჭირდება დედობის გასაცნობიერებლად და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. მე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობამ მარტივად ჩაიარა, მშობიარობის შემდეგი პერიოდი ძალიან რთული აღმოჩნდა. ბავშვი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, ლაქტაციის დროს კი, როგორც იცით, პირველი პერიოდი, მკერდი გტკივა, რასაც ემატება საშვილოსნოს შეკუმშვით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილებთან გამკლავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მეგონა, ეს არასდროს დამთავრდებოდა, ვფიქრობდი, რომ სულ ამ ტკივილით მომიწევდა ცხოვრება. ამ ტკივილების გამო ერთი თვის განმავლობაში ბავშვის სიყვარულსაც ვერ ვგრძნობდი. ამ მდგომარეობას ისიც ემატება, რომ მანამდე სულ სხვანაირად ცხოვრობ, მერე პატარა ჩნდება, ღამეები აღარ გძინავს, თითქოს საკუთარ თავსაც ვეღარ უვლი და ყველაფერთან ერთად შეგუება ძალიან რთულია. მერე ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი და ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. მე ამისთვის, დაახლოებით, ერთი თვე დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები სამი თვე გაგრძელდა, ერთ თვეში უკვე გავაცნობიერე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გაჩნდა და ეს ნამდვილი სასწაული იყო. ერთი თვის შემდეგ უკვე მინდოდა, ყველაფერს დამოუკიდებლად გავმკლავებოდი. სიმართლე გითხრათ, მინდა გალასთან სულ მე ვიყო. ბავშვთან მიმართებაში მარტო საკუთარ თავსა და გიორგის ვენდობი. დედაჩემს, რუსიკოს ან რაჟიკოს რომ უჭირავთ ხელში, მგონია, რომ ბავშვს ვენატრები და განვიცდი (იცინის).

– მშობიარობის შემდგომ დეპრესიას როგორ გაუმკლავდი?

– ძალიან რთული იყო და ამ პროცესში გიორგი ძალიან მეხმარებოდა. მანამდე ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო, ყველა დეტალი წინასწარ მცოდნოდა, გადაწყვეტილი მქონდა, ყველაფერს ბუნებრივად მივყოლოდი. მაგრამ ორსულობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია მხვდებოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ამ თემამ „ჩამითრია“. ბევრი რამ წავიკითხე, ინფორმაციულად უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მე ახალ რეალობას შევეჯახე და უსუსური აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დეპრესია მქონდა. ღამე ბავშვს რომ ეძინა, გვერდზე მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა. გალას ვუყურებდი და თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა. გაღიზიანებულიც ვიყავი, ხასიათი უცებ მეცვლებოდა, ვწვებოდი, მაგრამ ვერ ვიძინებდი, რადგან სულ ვშფოთავდი. ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მქონდა. გიორგი რომ შემომხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი, ჩამეხუტებოდა, გამამხნევებდა და მერე მასთან ერთად ყველაფერი მიმარტივდებოდა. ეს მსუბუქი ფორმით ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე აღარ მეტირება და რაც მთავარია, ჩემი შვილის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვგრძნობ, რაც მანამდე ძალიან მიჭირდა. დღეს ყველა დედას ვეტყვი, რომ ის ნამდვილად გმირია. ქალები ძალიან ბევრს ვუძლებთ, ყველა წინააღმდეგობის გადასალახად ვპოულობთ ძალას. მე ძალა გიორგიში ვიპოვე, ის ამ პროცესში ძალიან დამეხმარა.

– ახლა რომ უყურებ პატარა გალას, რომელიც ძალიან გგავს, როგორი შეგრძნება გაქვს?

– სასწაული ბავშვია, ვერასდროს ვიოცნებებდი ასეთ შვილზე. ალბათ, თავის შვილზე ყველა დედა ასე იტყვის, მაგრამ გალა მართლა უმშვიდესი, უტკბილესი და უსაყვარლესია. უნდა, რომ 24 საათი ველაპარაკოთ, თვითონაც გველაპარაკება, სულ იცინის, ტირილი ძალიან არ უყვარს და იშვიათად ტირის. უცხო ადამიანები ძალიან მოსწონს, არავისთან უცხოობს, ყველას უცინის. ყველას დადებითი ემოციებით ავსებს და მას რომ ვუყურებ, ვხვდები, რისთვის ღირს ცხოვრება.

– ერთ-ერთ გადაცემაში გიორგის მეორე შვილი უწინასწარმეტყველეს. როგორია თქვენი განწყობა?

– სანამ პირველი შვილი მეყოლებოდა, ვამბობდი, რომ ოთხი მინდოდა. თუმცა, დედობა ძალიან რთული აღმოჩნდა, მშობიარობის შემდეგ თავს ისე გრძნობ, როგორც ნაომარი ქალი, მთლიანად დანგრეული ხარ. როგორც ამიხსნეს, მშობიარობის დროს, ბედნიერების ჰორმონები სრულად გამოიდევნება ქალის ორგანიზმიდან და მათ აღდგენას მაქსიმუმ სამი წელი სჭირდება. გალა ისე სწრაფად იზრდება, უკვე მენატრება ისეთი, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო და სიამოვნებით მივაყოლებდი მეორე შვილს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს ორგანიზმს ბოლომდე არ აქვს ძალები აღდგენილი, ცოტა მოგვიანებით ვაპირებ. ძალიან მინდა, ბევრი შვილი მყავდეს, ვფიქრობ, რომ ოჯახში პატარა სულ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს უდიდესი ბედნიერების წყაროა.

– როგორი მეუღლეა გიორგი და როგორ აფასებ საკუთარ თავს ამ ამპლუაში?

– გიორგი სასწაული მეუღლეა. ყოველდღე უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი. ყველაფერში ძალიან მეხმარება. მე მისთვის მშობიარობაზე დასწრება არ მითხოვია, თვითონ გადაწყვიტა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ეს მამაკაცის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მერე სოციალურ ქსელში ბევრი გოგო მწერდა: მეც ძალიან მინდოდა ჩემი ქმარი სამშობიარო ბლოკში გვერდით მყოლოდა, მაგრამ ვერ გაბედაო. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ. ჩემგან განსხვავებით, ძალიან მობილიზებული იყო და ახლაც გალაზე გიჟდება. მისი ერთი გაღიმება გიორგისთვის მთელი სამყაროს ტოლფასია. სამსახურიდან დასტრესილი რომ მოდის, ერთი სული აქვს, გალას ჩაეხუტოს. მე რაც შემეხება, მგონია, რომ კარგი მეუღლე და დედა ვარ. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ გარშემო მყოფებს თუ დავუჯერებთ, ასეა.

– ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდი სოციალურ ქსელში, „ინფლუენსერობა“ შენს საქმიანობადაც იქცა. როგორ გრძნობ თავს ამ სივრცეში?

– „ინსტაგრამი“ ბუნებრივად იქცა ჩემი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ. როდესაც ჩემი და გიორგის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, შესაბამისად, ჩემ მიმართ ყურადღებაც გაიზარდა და გამომწერების რაოდენობა ძალიან მომემატა. ამის გათვალისწინებით, ბევრი კომპანიისგან მაქვს სარეკლამო შემოთავაზება. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ სივრცეში. ჩემს გამომწერებს არ ვატყუებ, ისეთი ვარ, როგორიც რეალურად და მათ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ვუზიარებ გარკვეულ მონაკვეთებს. ყოველთვის მწერენ, რომ ჩემში უბრალოება და გულწრფელობა მოსწონთ და სიმართლე გითხრათ, მეც მომწონს, რომ მინიინფლუენსერი გავხდი. თუმცა ეს არ არის ჩემი პროფესია, მინდა, პროფესიონალი ჟურნალისტი ვიყო.

– ახლახან გადაცემის წამყვანის ამპლუაში მოსინჯე ძალები, როგორი აღმოჩნდა ეს გამოწვევა?

– მე ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ცოტა ხნის წინ მაკა რაზმაძემ მითხრა, რომ სამშაბათობით გადაცემაში „ჩაი“ ღია კარის დღე ჰქონდა და მოწვეულ წამყვანებს დაუთმობდა ეთერს. შემომთავაზა – ხომ არ გინდა დედობაზე ისაუბრო ამ ფორმატშიო? თავიდან უარი ვთქვი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება შემეძლო. მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მე ეს შანსი გამოცდილებისთვის მჭირდებოდა. ამიტომ დავთანხმდი და გადავწყვიტე, ახალბედა დედებისთვის საინტერესო თემებზე მესაუბრა. სტუმრებიც შესაბამისი შევარჩიე. მერე ბევრმა გოგომ მომწერა, რომ ამ გადაცემიდან საინტერესო დეტალების შესახებ შეიტყო და ამან უზომოდ გამახარა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩანაწერს რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ეს არ მეტყობოდა. მეგონა, რომ არ გამომივიდოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიხარია, რადგან ეს ჩემთვის დიდი პრაქტიკა იყო. გადაცემა რომ დამთავრდა, სახლში უსიცოცხლო და ძალიან დასტრესილი დავბრუნდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველაფერი გადავლახე და ამ პასუხისმგებლობასთან გამკლავება გამომივიდა.

– როგორია შენი სხვა სოციალური აქტივობები?

– ვსწავლობ და რამდენიმე დღეში გამოცდები მეწყება, თან, უკვე – აუდიტორიაში და ძალიან ვნერვიულობ. ეს ყველაფერი დედობასთან ერთად რთულია. ორსულობისასაც მიჭირდა, მაგრამ გადავლახე. ჯერჯერობით ყველაფერს ვუმკლავდები. ყველაზე მეტად არ მინდა, აკადემიური ავიღო და თავს მოდუნების საშუალება მივცე. სწავლის გარდა კიდევ ბევრი ინტერესი მაქვს. სიგიჟემდე მიყვარს ცეკვა. რვა წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი და შემდეგ ჰიპ-ჰოპზე გადავერთე. ვფიქრობ, გალა რომ გაიზრდება, ერთად ვიცეკვებთ. ხატვაც მიყვარს და თითქმის, სპორტის ყველა სახეობა. ახლა ამისთვის დრო ნაკლებად მაქვს, თუმცა გალა რომ წამოიზრდება, მერე ყველაფერი უფრო მარტივად აეწყობა. საერთოდ, ძალიან აქტიური ვარ, მაგრამ ამ მომენტში, მთელ ჩემს ცხოვრებას გალას ვუძღვნი. თუმცა, ეს საკუთარი თავის ბოლომდე გვერდზე გადადებას არ ნიშნავს. სანამ ის დაიბადებოდა, ვფიქრობდი, რომ რაღაც პერიოდით ასეც მომიწევდა და განვიცდიდი, მაგრამ პროცესში მივხვდი, რომ დედობამ არ უნდა მოგადუნოს. სოციალურ ქსელებში ჩემთვის ინსპირაციას წარმოადგენენ გოგოები, ვისაც პატარები ჰყავთ და მუდმივად კარგ ფორმაში არიან. ვხედავ, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ დილით ადრე ვდგები და პირველ რიგში, საკუთარ თავს ვიწესრიგებ, რადგან მგონია, რომ როცა საკუთარ თავზე ზრუნავ, კარგად გამოიყურები, მერე პატარასთანაც უფრო მეტი ხალისით ხარ და ის ამას გრძნობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი არ უნდა დავივიწყოთ და ბავშვთან ერთად უფრო ბედნიერად გავაგრძელოთ ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი