შოუბიზნესი

როდის არღვევს ქეთი ხატიაშვილი ყველა წესს და რა დროს აჯილდოებს ის საკუთარ თავს

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 03.01, 2022 წელი

ქეთი ხატიაშვილი
დაკოპირებულია

როგორია ქეთი ხატიაშვილის საახალწლო განწყობა, რა საჩუქარი გაუკეთა მან საკუთარ თავს დატვირთული დეკემბრის შემდეგ და როგორ ცდილობს საოჯახო დღესასწაულის განსაკუთრებულად ქცევას – ამ ყველაფერს მისგან შევიტყობთ.

ქეთი ხატიაშვილი: ახალ წელს კარგი განწყობით ველოდებით. ანასტასიამ კოვიდი გადაიტანა და მიხარია, რომ იზოლაციის პერიოდი იქამდე დასრულდა, სანამ საახალწლო სამზადისი დაიწყებოდა. ჩვენ გვიყვარს საახალწლო ბაზრობებზე, ლამაზად მორთულ ქუჩებში და კონცერტებზე სიარული. საწყენი იქნებოდა, ეს პერიოდი რომ იზოლაციაში გაეტარებინა. ნაძვისხე დავდგით, სახლი ლამაზად მოვრთეთ. ყველა ოთახში იგრძნობა ახალი წელი და ეს ყველაფერი ძალიან კარგ განწყობას გვიქმნის. ანასტასიას განსაკუთრებით უხარია, იმიტომ, რომ საჩუქრების მოლოდინშია. თან ერთს კი არა, რამდენიმე საჩუქარს ელოდება: ბებიისგან, ჩემგან და მამისგან. თუმცა, იცის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქრებში თანხა ჩვენი ბიუჯეტიდან გადის. შეძლებისდაგვარად ცდილობს, ეკონომიური საჩუქრები აირჩიოს, მაგრამ რადგან ახალი წელია, თავის სურვილებსაც აჟღერებს. უკვე დიდი გოგოა – ათი წლის არის.

– პატარა გოგონებს უყვართ დედის სამოსის მორგება. ამ მხრივ, ალბათ, ანასტასიაც არ არის გამონაკლისი.

– კი, ასეა (იცინის). მეუბნება, დე, რომ გავიზრდები, ამ მაისურს ხომ მაჩუქებ? რამდენიმე მაისური გადაჭრა კიდეც. ქუსლიან ფეხსაცმელს უყურებს და მეკითხება, დე, მე რომ გავიზრდები, ეს ხომ კიდევ გვექნება? (იცინის)

– მოსწონს დედის აქტიურობა და ცნობადობა?

– ნორმალურად უყურებს ამ ყველაფერს. თვითონ ზოგჯერ კოსმონავტობა უნდა. ზოგჯერ შრომა ეზარება, ზოგჯერ, პირიქით, რაღაც ძალიან მოსწონს და მასწავლებელი მეუბნება, რომ კარგად გამოსდის, თუმცა, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. როგორც ყველა ბავშვს, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

– ქეთისთან სწორი კვება ასოცირდება, არც ახალ წელს აძლევთ თავს გემრიელობების ჭამის უფლებას?

– ყველა მაგას მეკითხება (იცინის). მაგრამ ახალ წელს ყველა წესს ვარღვევ. შეიძლება, ბევრი არ ვჭამო, მაგრამ ძალიან მიყვარს, როცა ახალ წელს სახლში ვხვდებით, ოჯახურ-ტრადიციულ გარემოში. გოჭიც შეკვეთილი მაქვს, მართალია ნახევარი, მთლიანს ვინ შეჭამს, მაგრამ მაინც. მინდა, რომ საცივიც გვქონდეს. ძალიან ბევრ კერძს არ ვაკეთებთ, მაგრამ ძირითადი მაინც მინდა, რომ სუფრაზე იყოს. დედა აუცილებლად აკეთებს ოლივიეს, ძალიან გემრიელი გამოსდის და ესეც, წლებია, წესად გვაქვს. ახალი წელი ჩემთვის ძალიან ოჯახური დღესასწაულია და ამიტომ ყოველ წელს ვცდილობთ, ისე შევხვდეთ, როგორც ოჯახს შეეფერება.

– ანუ, ამ დროს სტანდარტული რაციონიდან გადახვევა ქეთისთვისაც შეიძლება...

– კი (იცინის). მეც ვარღვევ წესებს, მაგრამ იმდენად მიუჩვეველი ვარ ბევრ ჭამას, განსაკუთრებით ცხიმიანი და ძალიან ტკბილი საკვების მიღებას, რომ ბევრს ვერც ამ დღეებში ვჭამ. საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე, 31-იდან 3 იანვრამდე გავანებივრებ თავს, მერე აღარ-მეთქი, მაგრამ ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე ხდება – 31-ში, ღამე შევჭამ გემრიელად და მერე ვეღარ ვჭამ, აღარ მინდება. ცხიმები იმდენად აღარ მსიამოვნებს, რომ ისევ ჩემი ჯანსაღი კვება მენატრება. ასე რომ, პირველში ისევ ცოტა წიწიბურას ვჭამ. ორგანიზმი უკვე ძალიან მიეჩვია ამ წესს.

– ამას ყველა ნამდვილად ვერ ახერხებს, ამიტომ, რა რჩევები შეიძლება, მივცეთ მათ, ვისაც უჭირს ამ დღეებში ზომიერების დაცვა?

– კი, ჩვენთან ყველა ზაფხულში – ზღვის სეზონამდე და დეკემბერში – ახალი წლის დადგომამდე იწყებს სავარჯიშოდ სპორტდარბაზში სიარულს. ახალ წელს ლამაზად შეხვდება და ვსიო, მორჩა დიეტა ზღვის სეზონამდე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. საჭიროა, მუდმივად სწორად ვიკვებებოდეთ და ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ. ეს პირდაპირკავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, მარტო ლამაზ სხეულთან და ფორმებთან არა. ჯანმრთელობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განსაკუთრებულად კარგად დაგვანახვა პანდემიამ. რაც შეეხება ვარჯიშს, ბევრს ეზარება, ამიტომ იდეალური ვარიანტი, უკეთესი რომ არ შეიძლება, ფეხით სიარულია ლამაზად განათებულ ქალაქში. ძალიან ბევრი ლამაზი ქუჩა გვაქვს, საახალწლო პერიოდში – მით უმეტეს, რა სჯობს გარეთ სეირნობას. ამიტომ დღეში 6-7 კილომეტრი ფეხით სიარული საუკეთესო დატვირთვაა. ჩემთვის ამაზე უკეთესი მართლა არაფერია. 31-შიც, ახალი წლის დადგომამდეც მინდა, გავიდეთ და ვისეირნოთ, მერეც და საერთოდ ამ დღეებს აუცილებლად გამოვიყენებ და ფეხით ძალიან ბევრს ვისეირნებ.

– რით განსხვავდებოდა უკრაინული ახალი წლები ქართულისგან?

– იქ რომ ვხვდებოდით, მაშინ უფრო პატარა ვიყავი, თუმცა, მაინც ბევრი სასიამოვნო მომენტი მახსოვს. იქ ახალი წლის დადგომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ გამოდის. ეს ტრადიცია ძალიან მომწონდა და აქ მაკლია. ერთმანეთს კანფეტებს უცვლიან, გუნდაობენ, მეგობრებთან შეირბენენ, გარეთ მღერიან, ცეკვავენ. ძირითადად, უფრო გარეთ არიან. სახლში სუფრები და სტუმრიანობა კი იციან, მაგრამ მაინც ნაკლებად.

– ამ დღესთან სურვილების ჩაფიქრებაც ასოცირდება...

– რამდენიმე წლის წინ ჩვენი ხელით გავაკეთეთ სათამაშოები, ფურცელზე სურვილები დავწერე და ნაძვისხეზე დავკიდე. ამას ყოველ წელს ვაკეთებთ. მათი ნაწილი ამიხდა, ნაწილისთვის ერთი წელი არ არის საკმარისი (იცინის). თუმცა, მთავარი უფლის წყალობაა. მთავარია, მისი ნებით, ჯანმრთელები ვიყოთ და მერე უკვე შრომა არ დავიზაროთ. შრომით ყველაფერი გამოდის.

– როდის ანებივრებს ქეთი საკუთარ თავს საჩუქრებით?

– ადამიანები ზოგჯერ იმდენს ვშრომობთ და ისე ვცდილობთ ფულის დაზოგვას, რომ საკუთარი თავის განებივრება გვავიწყდება. ვცდილობ, როცა რამე კარგი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მერე გავანებივრო თავი. როცა რთულ მიზანს მივაღწევ, მერე საკუთარ თავს ვაჯილდოებ. ეს დიდი სტიმულია და იმავდროულად, საკუთარი თავის დაფასებაც. ფული მაინც გვეხარჯება და მირჩევნია, ისე დავხარჯო, რომ სიამოვნება დამრჩეს. კონკრეტული მიზნების მიღწევის შემდეგ ჩემს თავს ძირითადად, მოგზაურობით ვანებივრებ ხოლმე, ეს ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა. პანდემიის პერიოდში ეს არც ისე მარტივი და ხშირია, მაგრამ არსებობს შოპინგი, მეგობრებთან ერთად კარგ გარემოში შეკრება და ახალი კერძების, უცხო სამზარეულოების დაგემოვნება. შეიძლება, სადღაც მოვწრუპოთ, გემრიელად ვისაუბროთ, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი ხანია, არსად ვყოფილვარ და დატვირთული პერიოდის შემდეგ, ახლახან მადრიდში ვიყავი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასე კარგად არასდროს დამისვენია. თვითმფრინავში ასვლიდან დაწყებული, ყველა დეტალში, ისეთი სიამოვნება იყო, ვერ აღგიწერთ. ერთადერთი, იქ ყოფნის ბოლო დღეს გავიგე, რომ ანასტასიას კოვიდი დაუდასტურდა და ამან ამანერვიულა. ნემსებზე ვიჯექი, ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი და ვნახავდი.

– როგორია 12 საათი თქვენს ოჯახში?

– ადრე 12 საათს ძალიან გაპრანჭული ვხვდებოდი, მაგრამ ახლა – აღარ. ასე განსაკუთრებული მოლოდინი მიჩნდებოდა, მაგრამ, რა უნდა მოხდეს განსაკუთრებული გარდა ახალი წლის დადგომისა, ამიტომ ახლა ძალიან ჩვეულებრივად ვხვდები, ყოველდღიური სამოსით და თუ მეძინება, ვიძინებ კიდეც. მთავარი განწყობაა და სადღესასწაულო განწყობისთვის კი ჩემთვის მთავარია ჩემს ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნა და ჰარმონიული შეგრძნებები. როცა შინაგანად შფოთავ, მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ ან ვისთან ერთად, ვერაფერს ირგებ. ამიტომ იდილიას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი