შოუბიზნესი

რისთვის ყიდის ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ტანსაცმელს და როდის ვერ იკავებდა მარიამ გეგუჩაძე დედის გამო ცრემლებს

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 24.01, 2022 წელი

ნანუკა ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ქველმოქმედების ფაქტზე ინფორმაციის გაჟღერებას, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ინსტაგრამზე“ პერიოდულად ჩემი გამომწერების კითხვებს ვპასუხობ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ, მკითხეს, რას უშვები ტანსაცმელს, რომელსაც აღარ იყენებო? დაახლოებით ხუთი წელია, მე ამ ტანსაცმელს ვყიდი და მიღებული თანხით სტუდენტებს ვაფინანსებ. ამის შესახებ მოვყევი და ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაანიუსა. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის გამო სითბოსა და სიყვარულს მიგზავნიდა, მაგრამ უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა კომენტარებში – თურმე ვის რად უნდა ჩემი მეორადი ტანსაცმელი, საოცრებებს წერდნენ ამასთან დაკავშირებით. ამ წლების განმავლობაში ამ გზით 27 სტუდენტია დაფინანსებული და ვერ წარმოვიდგენდი, თუ მოვიდოდა დრო, როცა ამისთვის მაგრად გამლანძღავდნენ.

– ამ შემთხვევაში რა არის კრიტიკის მიზეზი?

– მეორადების მიუღებლობა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ასე ცხოვრობს. პარიზში ამის განსაკუთრებული კულტურა არსებობს. მარიამი როცა იქ სწავლობდა და მასთან რომ ჩავდიოდი, ჩვენი წერტილები გვქონდა, სადაც ისეთი პალტოები მაქვს ნაყიდი, რომლებიც ძალიან მომწონს. თბილისშიც დაიწყეს არაჩვეულებრივი ვინტაჟური სამოსის ჩამოტანა და აქაც არაჩვეულებრივი, ულამაზესი პიჯაკები მაქვს ნაყიდი, ერთ-ერთი მაცვია ამ ფოტოზე. ვგიჟდები ამ პიჯაკებზე, ერთ-ერთ განსაკუთრებულ და ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მეცვა, მაშინ, როდესაც რუსთაველზე სიტყვით გამოვდიოდი, როცა ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის საკითხი განიხილებოდა. წერდნენ – „ფუ, ვის უნდა მეორადი“, „ეს ახლა ქველმოქმედებაა?“. ვინც წერდა, ამას ყვირილი არ სჭირდებაო, იმისი გარკვეულწილად გავიგე, ეს ის ხალხია, ვინც სტატიის სათაურს კითხულობს, მაგრამ არ ხსნის და არ ნახულობს შიგნით რა წერია, თორემ იქ წერია, რომ პასუხი გავეცი შეკითხვას და არსად მითქვამს: გამარჯობა, ხალხო, მე ამას ვაკეთებ.

– თუნდაც ინფორმაციის გაზიარება ყოფილიყო, ეს ხომ მეტი სტუდენტის დაფინანსებას შეუწყობს ხელს?!

– ზუსტად და პერიოდულად, მე სულ ვაზიარებ „ფეისბუკგვერდს“ „ნანუკას Second Hand“, სადაც ეს ტანსაცმელი იყიდება, იმიტომ, რომ მეტი მომხმარებელი გვჭირდება. ძალიან ძვირფას ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება, ერთხელ ან ორჯერ მეცვა, 15 ლარად ვყიდი, მართლა სიმბოლურ ფასად. რა გაბღენძილობაა, საიდან აღმოცენდა ეს ხალხი. რატომ ფიქრობენ, რომ მეორადი „ტეხავს“, მართლა არ ვიცი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა. ამის გარდა ყველაფერს ველოდი.

ეს ის მომენტია, როცა ჩვენ პოლიტიკური სიმპათია, ადამიანის სიყვარული ან არ სიყვარული გვაბრმავებს. იმ ადამიანების 80 პროცენტს, დარწმუნებული ვარ, ჩემდამი პოლიტიკური მიუღებლობა აქვთ და წერდნენ კიდეც ამის შესახებ, მაგისი არაფერი არ გინდოდეთო. კახა კალაძე რომ საკუთარ ხელფასს არ იღებს და ამ თანხას კონკრეტულ ოჯახს უგზავნის ყოველთვიურად, რანაირად შეიძლება, გააკრიტიკო, როგორ შეიძლება ამაზე თქვა ცუდი?! ბუბა კიკაბიძემ რომ მთელი თავისი ხელფასი ბავშვებს გადაურიცხა, როგორ შეიძლება, ეს გააკრიტიკო, მაგრამ მოვისმინე კრიტიკაც. რას მიკეთებდა ბუბა კიკაბიძე პარლამენტში, საერთოდ არ უნდა აეღო ეგ ხელფასიო – წერს ქოცი. ან ნაცი წერს, კახა კალაძის ამ ინიციატივაზე, მაგას რა ენაღვლება, არც იცის ეგ რამდენია, მეტი უნდა გადაურიცხოსო. მართლა საგიჟეთია. ამ პოლიტიკურ ორომტრიალში ადამიანური რეფლექსები გვიბლაგვდება. მახსოვს, კახას გამოჯანმრთელება ვუსურვე და ვიღაცამ მომაწყევლა, ისე იხარე შენ, როგორი გულითაც ეგ უსურვეო და ამინ-მეთქი, ვუპასუხე. სალომე ზურაბიშვილს უნდა დავეთანხმო ერთ რამეში, ხშირ შემთხვევაში მტერიც არ გვჭირდება ხელის საკვრელად, მართლა ერთმანეთს ვჭამთ მარტო პოლიტიკის გამო.

ერთხელ თანხის მოძიება რომ დავიწყეთ, ვიფიქრე, მოდი გავყიდი ჩემს ტანსაცმელს-მეთქი. გადავწყვიტე, გამეყიდა სიმბოლურ ფასად და სტუდენტებისთვის სწავლა დამეფინანსებინა. იმდენი სიხარული მიმიღია ამის გამო, ვერც აღვწერ. ერთხელ მე და მარიამი კაფეში ვიყავით, უცებ მიმტანები შეჯგუფთდნენ და ტაში დაუკრეს. ვერ მივხვდი მიზეზს და აღმოჩნდა, რომ თურმე ის ბიჭი გვემსახურებოდა, ვისაც სწავლა დავუფინანსე და მისმა კოლეგებმა მადლობის ნიშნად ტაში დაგვიკრეს. არასდროს დამავიწყდება მარიამის მაშინდელი ემოციები და ცრემლიანი თვალები, როცა ამ ბიჭმა უთხრა, დედაშენმა მე სწავლა დამიფინანსაო. ჩემი პრიორიტეტი სწავლასთან მიმართებაში უალტერნატივოა. მე მახსოვს, მარიამის სწავლის გადასახდთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო, პრობლემა შეიქმნა. ფინანსური პრობლემები იყო არხზე და ბინა გავყიდეთ იმისთვის, რომ მარიამის სწავლის ფული გადაგვეხადა.

– როგორ ხდება ამ სტუდენტების შერჩევა?

– გვწერენ და მერე ვარჩევთ. ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს გამორჩეული და სწავლისთვის მოტივირებული. ვამოწმებთ, სტუდენტის სტატუსის შეჩერებამდე როგორი შეფასებები ჰქონდა. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც დავაფინანსეთ, ჩვენი ნინია, მიმტანად მუშაობდა და შემდეგ ამ ობიექტზე მენეჯერი გახდა. მისი ოცნება ჟურნალისტობა იყო, უმაღლესი ქულებით ჩააბარა და სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდა. მაგრამ რადგან ოჯახი ჰყავდა სარჩენი, მუშაობა სჭირდებოდა და უნივერსიტეტში ვერ იარა, დაფინანსება დაკარგა, შემდეგ კი სტატუსი შეუჩერეს. ჩვენთან გასაუბრებაზე მოვიდა და სამსახურში ავიყვანეთ. მას დაფინანსება აღარ აღუდგა, ეს უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ სტუდენტის სტატუსი აღვუდგინეთ. ახლა ტელევიზიაშიც მუშაობს და პროფესიასაც ეუფლება. ასეთი ისტორიები არაერთია.

– ნანუკას არ დასჭირვებია დახმარება?

– ბებია-ბაბუებისგან მამას ჰქონდა ის მდგომარეობა, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება მქონოდა, მაგრამ მითხარით, 90-იანი წლები რომელ ოჯახს არ შეეხო. ძალიან დიდ კრიზისში გვიწევდა ცხოვრება. მუხიანის სახლში ვცხოვრობდით გარკვეული პერიოდი, სადაც კედელი მონგრეული იყო, შეშის ფეჩი გვქონდა და ჩემი ქმრიდან ჩემს მშობლებთან რომ გავდიოდი, „მარშრუტკის“ ფულს ზემოდან მიგდებდნენ. ჩემთვის ეს ეტაპები უცხო არ არის. ქველმოქმედებით ჩვენს თავს უფრო ვეხმარებით, მე ამით იმხელა ენერგიას ვიღებ, ვერ აღგიწერთ. შეიძლება, საკუთარი თავისთვისაც კი ვაკეთებ ამას, იმედია, ახლა ამის გამოც არ გამლანძღავენ.

სტუდენტის დაფინანსება ხელის გაწოდებაა, გადაცემის მეშვეობით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლი ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც მე გამიკეთებია და რის გამოც საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ძალიან კარგი გოგოა, არის ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ მე პანიკური შეტევები მაქვს, ათასობით მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებთან საკუთარი გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა სახის დახმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი